სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული ბიჭების საფლავებზე მოსულო ხელისუფლებავ, რატომ ვერ გადაარჩინე სიმართლე? გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის, რობაქიძის და კიდევ უამრავი ახალგაზრდა ბიჭის ზვარაკად შეწირულმა სიცოცხლემ თავის დროზე იხსნა ჩვენი სიცოცხლე და ჩვენ რა გავაკეთეთ მათი სიცოცხლის უკვდავსაყოფად? ჩვენ დავუშვით, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს შეწირული ბიჭების მებრძოლი მამა, საკუთარი შვილის საფლავზე აეფეთქებინათ, ჩვენ დავუშვით, რომ ქართველი დედის ეტალონი ირინე ენუქიძე საკუთარი შვილის საფლავის ქვით მოეწამლათ, ჩვენ ვუშვებდით მკვლელების ხელისუფლებაში ყოფნას და ჩვენ კვლავ ვეგუებით სიკვდილის ესკადრონებს, ჩვენ გვტკივა სხვა ქვეყნის ტრაგედია და ვამბობთ – „ჟე სუის შარლი“ (მე შარლი ვარ), ხოლო ჩვენს ქვეყანაში, გაუგონარი სისასტიკით, შვილის საფლავზე ტერორისტულ აქტს უწყობენ ჩვენი სიცოცხლის გადამრჩენელს და ერთი ოჯახის ტრაგედიად ვაფასებთ ამას. ნეტავ მართლა, ჩვენისთანა არის კიდევ სადმე ერი?! იური ვაზაგაშვილის აფეთქებით, საქართველოს სილა გააწნეს, ვიღაც ჩვენს ქვეყანას სასტიკ სცენარს უმზადებს, ვის აწყობდა ამ უმძიმესი სურათის შექმნა? ვერსია ბევრია, რეალობა ერთი – სააკაშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ ქართველი დაეჩმორებინა, დაედუმებინა, დაეჩოქებინა, ცოცხის ტარზე წამოცმული ჰყოლოდა და თავის ჭკუაზე ებზრიალებინა, ქვეყნის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო მოწოდება – „ყველანი ციხეში“! „ნულოვანი ტოლერანტობა!“ „ადგილზე მოკალით!“ და... მართლაც ბოროტების მანქანამ უდანაშაულო ბიჭების სიცოცხლე შეიწირა! მიშას შს მინისტრს ორი კაცის გვამი დასჭირდა და ლანგარზე მიართვეს დიდი პრემიის სანაცვლოდ... ამას შეკვეთილი მკვლელობები ჰქვია, დღეს ჩვენ ვუშვებთ, რომ ამ მკვლელობების ავტორებს მივუტევოთ, მკვლელების ცოლების, ფულზე გაყიდული არარაობების და მათი ფანატიკოსი მხარდამჭერების პოზიციები ვისმინოთ, თავზე დავისვათ და სული ვუბეროთ, მაგრამ ჩვენ ხომ ილია ჭავჭავაძის მკვლელი ერი ვართ, ჩვენ ხომ საუკეთესოდ გამოგვდის ფარისევლობა, მედროვეობა, თეატრალური ნიღბების მორგება და ზურგში დანის ჩარტყმა. ჰოდა, დღეს, როცა ხელისუფლებამ დაუშვა პარტიის სახელს ამოფარებული ტერორისტული ორგანიზაციის გაცოცხლება, „ნაცისტებთან“ კოჰაბიტაცია და მათი ავადმყოფური აზრების ტირაჟირება, ხელისუფლებაში მკვლელებისა და სააკაშვილის რეჟიმის მონების დაწინაურება, ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ეგუებოდა ქვეყანაში საზარელი მკვლელობის ალბათობას და ეს შემზარავი შედეგიც დადგა.
ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაინტერესებული იყო ქაოსით, ძალოვანი სტრუქტურების ჩამოშლით და აანონსებდა აპოკალიფსს, ამ თემას ხელისუფლება მხოლოდ დებატებისას აძახებდა „ნაცმოძრაობას“, პრევენციისთვის კი ნაბიჯიც არ გადადგმულა. როგორც კი ამის მხილება დაიწყო იური ვაზაგაშვილმა და მისი შვილის მკვლელებების კონკრეტული გვარები დაასახელა, რომლებიც დესანტებად იყვნენ გადასხმულები ძალოვან სტრუქტურებში, ეს ადამიანი ჰაერში ასწიეს და რა ხდება? განა საკმარიია, შს მინისტრის გადადგომა ან სისტემიდან დასახელებული ადამიანების წასვლა? ცხადია, არა, ბიძინა ივანიშვილის თვალზე ცრემლი რადიკალური და მყისიერი ცვლილებების მანიშნებელია. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ყარაფილაში მომხდარ ფაქტს საერთშაორისო დონის ტრაგედიას უწოდებს – „მას უდიდესი ღვაწლი აქვს, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ძალადობის წინააღმდეგ გავიმარჯვეთ, თუმცა მსხვერპლს ვერ ავცდით და ეს შედეგია იმ ძალადობის. ყველა ის პირი, ვისაც იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საქმეში ხელს ადებდა, თანამდებობებს დაკარგავს, არათუ თანამდებობებს, არამედ თავისუფლებასაც დაკარგავენ“. ახლა ჯერი ბიძინა ივანიშვილზეა, ის ან რადიკალური ცვლილებების გზით წავა, ან არადა... სროლა დასწრებაზეაო და ბოროტი ძალა საკუთარი მიზნის მიღწევისთვის ბრძოლას დაიწყებს, მიზანი კი გაცხადებულია – ქაოსი, სამოქალაქო დაპირისპირების კერების შექმნა, მკვლელობები და ხელისუფლების სამხედრო გზით გადატრიალება, რა გამოსავალს შემოგვთავაზებს ივანიშვილი, ეს ძალიან მალე გაირკვევა, შესაძლოა, სულ რამდენიმე დღეშიც კი, ჩვენ სხვა საქართველოში გავიღვიძოთ! საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საინტერესო განცხადება გააკეთა, როცა მან შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის თხოვნა დააკმაყოფილა. „რა თქმა უნდა, აბსურდია ის, რომ თითქოს ლექსო ვიღაცას ლობირებდა. გასაგებია, რომ ვიღაცამ ეს ცრუ ინფორმაცია შეგნებულად გაავრცელა და ბატონ იურისაც მიაწოდა. მე დაახლოებით ვიცი ის ადამიანები, ვინც ეს შეგნებულად გააკეთა, მაგრამ სიმართლე გაირკვევა და გამოძიება დაადგენს ყველაფერს, და ვინც ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა, ის სასტიკად დაისჯება“... ვინ იგულისხმა პრემიერმა იმ ადამიანში, ვინც ცრუ ინფორმაცია მიაწოდა იური ვაზაგაშვილს, ვისი ხელით დაიგეგმა და განხორციელდა ეს სცენარი? „ქრონიკასთან“ საუბარში სანდო წყარო დეტალებს ჰყვება და გივი თარგამაძეს ადანაშაულებს, რომელმაც გამოძებნა ადამიანი, ვისაც იური ვაზაგაშვილთან წვდომა ჰქონდა და სწორედ მისი საშუალებით გადასცა სია. რეალურად ეს ადამიანები 2006 წელს შს სტრუქტურებში მუშაობდნენ, თუმცა ამ სიაში იყვნენ ისეთებიც, ვისაც იური ვაზაგაშვილის შვილის მკვლელობასთან უშუალო კაშვირი არ ჰქონია.
2006 წლის 2 მაისის „კორტებისსპეცოპერაცია“ კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა და სპეციალური დანიშნულების რაზმმა განახორციელა. „რა თქმა უნდა,“ „კორტების სპეცოპერაციის“ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ამაში დასამალი არაფერი არ არის“; – ეს განცხადება „მაესტროს“ ეთერში სტუმრობისას ირაკლი ფირცხალავამ გააკეთა, – „იმ სიაში, რაც იქნა წარმოდგენილი თავის დროზე ვაზაგაშვილის მიერ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, 98% პიროვნებებისა არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, ისინი იმყოფებოდნენ სულ სხვა ადგილას, სადაც უნდა ჩატარებულიყო სპეცოპერაცია“... ფაქტი ერთია, იური ვაზაგაშვილის მიერ დასახელებული პიროვნებები, რომლებიც ინარჩუნებდნენ პოსტებს შსს-ში, პოტენციური დამნაშავეები არიან, რადგან სპეცოპერაციის სახელით ბიჭების დახვრეტას ისინიც ხელს აწერდნენ, მაგრამ ეს საქმე სპეცრაზმმა განახორციელა. როცა შს მინისტრთან, ალექსანდრე ჭიკაიძესთან ამ სიით შევიდა იური ვაზარაშვილი, რეაგირებაც მყისიერი უნდა ყოფილიყო და თანამდებობებიდან გადაეყენებინათ ის პირები, ვისაც ის ასახელებდა, ვინც მართლაც მონაწილეობდა იმ სპეცოპერაციაში, მაგრამ ასე არ მოხდა და გადადგა მინისტრი. ჭიკაიძის მხრიდან ეს იყო სწორი ნაბიჯი. დიახ, მან შექმნა უბოროტო პოლიციელის სახე, მაგრამ თავის დროზე ვინც მისი კანდიდატურა წარადგინა ამ პოსტზე, უნდა ეფიქრა, რომ 28 წლის ბიჭი შს მინისტრს პოსტის სიმძიმეს ამ პირობებში ვერ ზიდავდა, ვერც საკადრო წმენდას ჩაატარებდა და ვერც ბოროტებას დაუპირისპირდებოდა თეთრი ხელთათმანებით, ამიტომაც მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, ხელისუფლების მუხრუჭი აფეთქებული და მისი დაღმასვლა უკუქცევადია... როცა ადამიანი აცხადებს, რომ „ჩემს შვილს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ ესროლა“ და შენ, ხელისუფლება, მას არ აკავებ, მეტიც, აძლევ ტრიბუნას და შესაძლებლობას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ გმოძღვროს, დაუსჯელობის სინდრომმა და ბოროტმა ფანტაზიებმა შესაძლოა, შენ თვითონ აგწიოს ჰაერში!
ის, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ ოთარ მირზოევმა თანამდებობა დატოვა, იური ვაზაგაშვილს ამით ვერ გააცოცხლებ. არც პროკურორების წასვლით შეიცვლება ეს მძიმე სურათი. ვისაც ვაზაგაშვილი თავისი შვილის მკვლელობის არასწორ გამოძიებაში ადანაშაულებდა, დღემდე იკავებენ პროკურატურაში თანამდებობას. პროკურატურა დატოვა პროკურორა შაქრო ზაალიშვილმა და თენგიზ ხარებავამ. დიდი წმენდა ჯერ მხოლოდ იწყება, არ არის გამორიცხული, რომ პროკურატურის პირველი პირებიც შეეწირონ ვაზაგაშვილის საქმეს, მაგრამ არის მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილს უფრო შორსმიმვალი გეგმები აქვს და ამიტომაც, დღეს არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიკავებს შს მინისტრის ჭიკაიძის ადგილს – გომელაური, დანელია, მღებრიშვილი თუ ნებისმიერი სხვა, მთავარია ის, რომ სისტემა და პოლიტიკური გარემოა შესაცვლელი.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა“