გასულ კვირას ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას მორიგი პროცესი გაიმართა. დაცვის მხარემ მოწმეებად მოიწვია პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი, პატიმრობაში მყოფი კობა ხარშილაძე, დაცვის წევრები დავით დაღელაშვილი და ალექსანდრე გოგოხია. პროცესი კობა ხარშილაძის ჩვენებით დაიწყო.
კობა ხარშილაძემ სასამრთლოს წინაშე დაადასტურა პროკურორ რეზო ნადოის მიერ ჩვენს გაზეთში ორი თვის წინათ გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2005 წლის 3 თებერვლის ღამეს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან ერთად გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი რაულ უსუპოვის გვამი დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ და დაცვის წევრმა მიხეილ ძაძამიამ ბინიდან გაიტანეს, მანქანაში ჩადეს, შემდეგ კი უკან დააბრუნეს. რეზო ნადოიმ ისიც აღნიშნა, რომ არაერთი დაკითხვის მიუხედავად, მიხეილ ძაძამიას ეს ფაქტი არსად აღუნიშნავს. კობა ხარშილაძემ სასამართლოს წინაშე გამოსვლა მიმართვით დაიწყო:
– ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ჩვენება ორჯერ მაქვს მიცემული, დარწმუნებული ვარ, არ მომიხდება „დელიკატურ საკითხებზე“ განმარტებების მიცმა, კიდევ გასამართია პროცესი და იქ ვისაუბრებ. ამ საქმეში არცერთი კითხვა არ არსებობს.
არადა, კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს და საინტერესოა „დელიკატური საკითხებისთვის“ ნათელის მოფენაც! მით უმეტეს, უკვე დელიკატურად არის გაჟღერებული შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ჩანთაში პარიკის არსებობა. გამოდის, რომ გამოძიებამ და საზოგადოებამ ყურადღება არ უნდა მიაქციონ პათოლოგ-ანატომების მიერ მიცემულ ჩვენებებს ზურაბ ჟვანიას სხეულზე არსებული სისხლჩაქცევების შესახებ, არც იმ დადასტურებულ ფაქტს, რომ ჟვანიას თავის არეში შემაგრებული ადგილი ჰქონდა, ხოლო მაგარ გარსში – სისხლჩაქცევები; უფრო მეტიც, ტუჩზე ნაჭდევი ხელოვნური სუნთქვის კვალად უნდა მივიჩნიოთ და უსუპოვის სხეულზე ნაჩხვლეტები – არგაკეთებული ბალზამირების კვალად.
დავუშვათ, რომ ბინაში, სადაც ზურა ჟვანია და რაულ უსუპოვი იყვნენ, მართლაც „დელიკატურ სიტუაციას“ ჰქონდა ადგილი, მაგრამ ჟვანიას გვამს რა მიზეზით უნდა ჰქონოდა ის საეჭვო უბნები, რომელთა არსებობაშიც გამოძიებას ეჭვი არ ეპარება?! საყურადღებოა თვითონ ტერმინის – „დელიკატური საკითხების“ ხშირი გამეორებაც, რატომღაც ხმამაღლა არ ამბობენ სიტყვა „ჰომოსექსუალიზმს“, რასაც „დელიკატური საკითხების“ უკან მოიაზრებენ – ჰგონიათ, რომ პრემიერის იმიჯს ამ ტერმინით დააზარალებენ, თუ, გარკვეულწილად, მისი „ფანტომის“ შიში აქვთ – სიტყვა „ფანტომი“ ხარშილაძემ სასამართლოზე გააჟღერა. ამაზე ქვემოთ.
კობა ხარშილაძე: სახლში ვიყავი, როდესაც მიხეილ ძაძამიამ დამირეკა, მითხრა, რომ ზურა უგონო მდგომარეობაში იყო. წავედი შემთხვევის ადგილზე კორპუსი ზუსტად არ ვიცოდი (დაახლოებით ვიცოდი), კორპუსთან მოშორებით ჩამიქრა მანქანა. მიშა მოვიდა და მისი მანქანით მივედით ბინამდე. მიშამ მითხრა, რომ ზურა უგონო მდგომარეობაში იყო, მაგრამ ჩემთვის ეს მაინც შოკისმომგვრელი და დაუჯერებელი იყო, სანამ ჩემი თვალით არ დავინახე (ეზოს მხრიდან, ფანჯრიდან), რომ ზურა სავარძელში იჯდა. გისოსებზე ავედი, რამდენჯერმე დავუძახე, ხმა არ გამცა. სიმწრისგან გისოსს დავეჭიდე (მარცხენა მხარეს). შევატყვე, რომ გისოსი კედლიდან დაიძრა, დავიწყე მისი გამოღება (თუ სწორად მახსოვს, მიშამ საბურავის „კლუჩის“ მაგვარი მომაწოდა, მაგრამ არაფერში გამოგვადგა). მიშა მეხმარებოდა, რომ გისოსი გამომენგრია და შიგნით შევსულიყავი.
კითხვაზე – იმ ბინაში შეიძლებოდა თუ არა სხვაგვარად შეღწევა, ხარშილაძემ უპასუხა:
გამორიცხულია, რომ იქ უცხო პირი მოხვედრილიყო, კარი შიგნიდან ურდულით იყო ჩაკეტილი. ბინის ფანჯრებს გარედან – საბურთალოს ქუჩისა და ეზოს მხრიდან გისოსები აქვს, „ფანტომი“ (მოჩვენება) თუ არ იქნებოდა, ჭერიდან და იატაკიდან ბინაში ვერავინ მიხვდებოდა. მე ფანჯრიდან შევედი, ზურა სავარძელში იყო, ხმაზე არ რეაგირებდა. გონებაზე რომ მომეყვანა, თავი გავაქნევინე, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, გავუსინჯე პულსი, არც კისერზე, არც არტერიაზე არ ესინჯებოდა, დავაწვინე იატაკზე, დავიწყე ხელოვნური სუნთქვის ჩატარება. რეაქცია არ ჰქონდა, დავუძახე მიშას, რომ ზურა გარდაცვლილი იყო, კარი შიგნიდან გავუღე. მიშას შემოსვლამდე (თუ მისი შემოსვლის შემდეგ), რაულიც დავინახე, ისიც გარდაცვლილი, სამზარეულოს ნიჟარაში პირნაღები მასა, ზუსტად ვიცი, რომ მისი იყო. რაულისთვის ხელოვნური სუნთქვა არ ჩამიტარებია.
გარდაცვლილი პრემიერი რომ სავარძელში იჯდა, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2005 წლის 3 თებერვლის დილას მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 8:39 წუთზე ტელევიზიით გვამცნო, ამას ადასტურებდნენ ექსპერტებიც, თუმცა, მოგვიანებით, „ჰაკიმ ფაშას“ მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, გარდაცვლილი პრემიერი იატაზე წევს. როგორც ხარშილაძემ განაცხადა, პრემიერი სავარძლიდან იატაკზე მან დააწყინა, სხვა არავინ შესულა. ჩნდება კითხვა – ვინ გადაიღო სავარძელში მჯდარი, გარდაცვლილი პრემიერის კადრები? ხარშილაძეს არ გადაუღია, გადაღება მოხდა მოგვიანებით, როდესაც კრიმინალური სამსახურიდან ოპერატორები მივიდნენ. ამას გარდა, აქამდე რამდენჯერმე ვესაუბრე საბურთალოს ქუჩის 53ა კორპუსის მობინადრეებს, მათ შორის, შემთხვევის ადგილის მოპირდაპირედ მცხოვრებ კარის მეზობელ ნანა ახვლედიანს, რომელსაც 2005 წლის 3 თებერვლის ღამეს ეზოს მხრიდან – უფრო კონკრეტულად, მეზობლის ეკა კიკიანის ფანჯრის გისოსების სიახლოვიდან ხმაური არ გაუგონია, არც მამაკაცის ხმა, რომელიც ვიღაცას ეძახდა და არც გისოსების გამონგრევის ხმა. არადა, ხარშილაძის ჩვენების მიხედვით, ზურაბ ჟვანიას მან ფანჯრებიდან რამდენჯერმე დაუძახა.
კობა ხარშილაძეს შეკითხვები დაუსვეს იმ ექსპერიმენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ის გისოსებიან ფანჯარაში გამეორებით უნდა შესულიყო. ხარშილაძემ განაცხადა, რომ ექსპერიმენტის დროს ფანჯრიდან ბინაში შეაღწია და ტანსაცმელიც კი ის ეცვა, რაც 2005 წლის 3 თებერვალს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ექსპერიმენტის დროს ხარშილაძემ ბინაში შეაღწია, მაგრამ შეაღწია უკვე გამონგრეული გისოსიდან და არა კედელში ჩასმულ-ჩაბეტონებულ და თავიდან დასანგრევი გისოსიდან. ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები სწორედ ამაზე მიუთითებდნენ. ბრალდებულმა ეს ეპიზოდი ასე ახსნა:
ექსპერიმენტის დროს ოჯახის წევრების მხრიდან ჩემს მიმართ იყო ცინიკური დამოკიდებულება. ტვინი წაიღეს, იმ ადგილიდან შევსულიყავი (ფანჯრის მარჯვენა მხრიდან, ხარშილაძემ ბინაში შეაღწია მარცხენა მხარეს არსებული გისოსიდან – ქ.ხ.), საიდანაც არ შევსულვარ. იმ მხრიდან ადამიანი ისე ვერ შევა, თუკი არ ამოიღებს ამ გისოსებს. ვერ შევედი იმიტომ, რომ თავიდანვე არ შევსულვარ.
საოცარია, ხარშილაძეს რატომ ვერ უნდა გამოენგრია მარჯვენა მხარეს არსებული გისოსი, 2005 წლის 3 თებერვალს მარცხენა მხარეს ხომ შეძლო? ნუთუ, გისოსიც წინასწარ გამონგრეული იყო? კიდევ ერთი დეტალი: ხარშილაძემ განაცხადა, რომ ზუსტად არ იცოდა, პრემიერი რომელ კორპუსში იმყოფებოდა – არადა, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყველანაირი წესდებითა და ბრძანებულებით, დაცვის უფროსი ვალდებულია, იცოდეს დასაცავი ობიექტის ადგილსამყოფელის შესახებ. ხარშილაძისვე თქმით, მანქანა კორპუსთან მოშორებით გააჩერა – უფრო სწორად, ჩაუქრა და ადგილამდე მიხეილ ძაძამიას მანქანით მიაღწია.
ცოტა რა იყოს, ღიმილისმომგვრელია, როდესაც დაცვის უფროსმა არ იცის დასაცავი ობიექტის – პრემიერ-მინისტრის ზუსტი კოორდინატი, არ იცის, ვინ ახლავს მას ბინაში შესვლის დროს, არც ამ ბინის სათადარიგო გასაღები აქვს და დაზუსტებით არც ის იცის, კარის შიგნიდან დაკეტვის შემთხვევაში, გარედან გაიღება თუ არა. მეტიც, ჰყავს მანქანა, რომელიც გუბეებში უქრება, დახმარებას სთხოვს თავის ხელქვეითს და მხოლოდ მისი გამოჩენის შემდეგ ახერხებს გზის გაგრძელებას. საბოლოოდ კი დასაცავი ობიექტი – პრემიერ-მინისტრი ერთი ჩვეულებრივი კორპუსის პირველ სართულზე კვდება ირანული „ნიკალას“ მხუთავი გაზით.
მათ, ვინც ჟვანიას პრემიერ-მინისტრობა ახსოვს, ახსოვს მისი კორტეჟის ავტომანქანებიც – ეს იყო ძვირადღირებული სერვისი და ზურაბ ჟვანია, ქვეყნის მეორე პირი, ამერიკისა და ევროპის მაღალ წრეებში მიღებული, სააკაშვილის შემდეგ მომავალ პრეზიდენტად მოაზრებული, საკუთარ თავს იმდენად მაინც სცემდა პატივს, რომ მისივე დაცვის უფროსს ისეთი მანქანით არ ევლო, გუბეებში რომ ჩაქრობოდა.
ჟვანია, ქართველ მეფეთა მსგავსად, პერიოდულად, გლახაკად გადაცემული და კორპუსებში მოსიარულე არავის ახსოვს. ჩვენი აზრით, ხარშილაძემ ავტომანქანა კორპუსიდან მოშორებით გააჩერა და დანაშაულების ადგილამდე ძაძამიას მანქანით მივიდა – ძაძამიას „გოლფს“ იქ ყურადღებას არავინ მიაქცევდა. და კიდევ ერთი – პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გაურკვეველ ვითარებაში მოუკვდა, წესით, კარიერა უნდა დაესრულებინა, მაგრამ მომავალში ის სერიოზულ ბიზნესმენად მოგვევლინა, ძველი თბილისის გამგებელ ლაშა ფურცხვანიძესთან ერთად კომპანია „გრინსერვისს“ მართავდა და თბილისის მერიას ნარგავებს ასტრონომიულ ფასად ასყიდებდა.
კობა ხარშილაძემ სასამართლოს განუმარტა ზურაბ ჟვანიას გვამზე არსებული დაზიანების შესახებ – კერძოდ, ტუჩის არეში არსებულ დაზიანებაზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჟვანიას ტუჩი კბილით დაუზიანა ხელოვნური სუნთქვის ჩატარების დროს. პროკურორის შეკითხვაზე – უკბინეთ? – ხარშილაძე გაღიზიანდა და განმარტა, რომ ჟვანიას ხელოვნური სუნთქვა იმ მეთოდით ჩაუტარა, რა მეთოდიც კატასტროფის ცენტრში შეისწავლეს ინსტრუქტაჟის დროს. პროკურორმა რეზო ნადოიმ ისევ კითხვა დაუსვა – ტუჩზე შიდა მხრიდან ნახეთქია, გადაუწიეთ?! შეიძლება, რომ ნახეთქი ორივე მხრიდან ჰქონდეს? ხარშილაძემ დააკონკრეტა: ადამიანს უნდა დაუჭირო ნიკაპი, ტუჩი როგორ გადმოიწევა, ვერ განსაზღვრავ. საოცარია, ნუთუ, კატასტროფის ცენტრში, ხარშილაძეს არ ასწავლეს, რომ თუ ადამიანს (ამ შემთხვევაში, ზურაბ ჟვანია), არც მაჯაზე ესინჯებოდა პულსი და არც კისერზე, ის უკვე გარდაცვლილი იყო და გარდაცვლილს ხელოვნურ სუნთქვას არ უტარებენ?! ხარშილაძის თქმით, ზურაბ ჟვანიას სხვა დაზიანებები არ ჰქონდა, არც სისხლის ლაქები შეუნიშნავს. შემთხვევის ადგილიდან ხარშილაძემ პირველი ზარი გიორგი ბარამიძესთან განახორციელა, შემდეგ – პრეზიდენტთან, ამის შემდეგ მივიდნენ სამართალდამცავები.
ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილზე მუშაობდა ექსპერტი კახა ერისთავიც, რომელმაც ჟვანიას ტუჩზე ნაჭდევიც შეამჩნია და თავზე – სიმაგრეც, მაგრამ ხმამაღლა არ განუცხადებია, 9 წელი დუმდა და სასამართლოს მხოლოდ ახლაღა განუცხადა ამის შესახებ, თან დააკონკრეტა – ხელოვნური სუნთქვის ჩატარებისას ტუჩზე ნაჭდევი არ ჩნდებაო.
საოცარია, ხარშილაძემ, რომელიც ასე ცდილობდა პრემიერ-მინისტრისთის „სულის ჩადგმას“, რატომღაც შემთხვევის ადგილზე არ შეუშვა ზურაბ ჟვანიას ძირითადი ექიმი ზურაბ ფაღავა. აღარაფერს ვამბობ იმავე ღამესვე ხარშილაძისგან ძალის მოკრებისა და ჟვანიას სეიფებიდან დოკუმენტაციის აღებაზე, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს – მიიღო თუ არა ხარშილაძემ ზურაბ ჟვანიას გვამზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა – კობა ხარშილაძეს ექსპერტიზაში მონაწილეობა არ მიუღია. კობა ხარშილაძემ ჩვენება მისცა რაულ უსუპოვის გვამთან დაკავშირებითაც, რითაც დადასტურდა პროკურორის ბრალდება გვამის გადაადგილებასთან დაკავშირებით. ნათელი მოეფინა საიდუმლოს – სად დაიკარგა უსუპოვის ფეხსაცმელი, სად დაისვარა მისი ტანსაცმელი. ფაქტები შემზარავია – ზამთრის შუაღამე, ორი მამაკაცის გვამი, ერთს ბინაში ტოვებენ, მეორე გააქვთ, ბნელ სადარბაზოში ჩააქვთ კიბეებზე, დებენ მანქანაში, კარგავენ გვამის ფეხსაცმელს, ტალახში სვრიან ტანსაცმელს... შემდეგ გვამს უკან აბრუნებენ, ადიან ისევ ბნელ სადარბაზოში, შეჰყავთ ბინაში, სადაც ერთი გვამი უკვე გდია იატაკზე და ამ მეორეს მის გვერდით აგდებენ. 9 წელი დუმან. რატომ?
კობა ხარშილაძე: – გადავწყვიტე, რომ არაორდინარული სიტუაცია იყო. ამ სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებად მივიჩნიე, რომ უსუპოვის ცხედარი შემთხვევის ადგილზე არ უნდა დაგვეტოვებინა. გავიყვანეთ, ჩავდეთ მანქანაში. მივხვდით რა შინაარსის აბსურდულობას, ცხედარი ისევ დავაბრუნეთ აღნიშნულ ბინაში და დაახლოებით იმავე ადგილზე დავაწვინეთ, როგორც თავდაპირველად ვნახეთ.
პროკურორი: – ფეხსაცმელი? ტანსაცმელი დაისვარა?
კობა ხარშილაძე: თავის მხრიდან რაულის ცხედარი მე მეჭირა, მიშას – ფეხების მხრიდან. როცა გავიყვანეთ, მანქანაში ჩასმის დროს, ფეხების მხრიდან უნდა შეგვეყვანა, სავარაუდოდ, მაშინ გასძვრა ეს ფეხსაცმელი. ცხედრის შემოტანისას სადარბაზოშიც გაეშვა მიშას რაულის ფეხები, გაუვარდა... ტანსაცმელი, ალბათ, გატანის და შემოტანის დროს დაისვარა.
სიტუაცია მართლაც არაორდინარულია – პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსს წინ უდევს ორი გვამი, ერთს ხელოვნურ სუნთქვას უტარებს, ტუჩს უზიანებს, მეორეს, საკუთარი გადაწყვეტილებით, ადგილს უნაცვლებს, გარეთ გაჰყავს, შემდეგ უკან აბრუნებს, შემთხვევის ადგილს აყალბებს. ნუთუ, ასეთი განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდათ დაცვის სამსახურში და ასე თვითნებურად მოქმედებდნენ?! ცხადია, არა, და ამის უკან იდგნენ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. 9 წელია, დუმან ხარშილაძე და ძაძამია, მათ ხელი არ ახლეს, ხოლო საზოგადოებას თვალში ნაცარი იყარეს – ის ორი გაზით გაიგუდა არაორდინარულ, „დელიკატურ სიტუაციაში“. იაშარ უსუპოვის ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკაში ექსპერტიზისთვის მისი შვილის ერთი ფეხსაცმელი გაიგზავნა, ხოლო იქიდან ორი დაბრუნდა – თანაც დანომრილი, ეს ფაქტიც იმაზე მეტყველებს, რომ გაყალბების მცდელობა ოკეანის გაღმიდანაც იყო. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მთელ ამ პროცესებს თვალს ადევნებდა ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს უფროსი ლევან სამხარაული, რომელიც ასევე უცნაურ ვითარებაში 2005 წლის მაისში მოკლეს. პროცესზე ჩვენება მისცეს ზურაბ ჟვანიას დაცვის სხვა წევრებმა – დავით დაღელაშვილმა და ალექსანდრე გოგოხიამ. 2005 წლის 2 თებერვალს პრემიერთან დავით დაღელაშვილი მორიგეობდა. იმ პერიოდში, სანამ პრემიერ-მინისტრი დედასთან (შარტავას ქუჩაზე) იმყოფებოდა, ეს უკანასკნელი გარეთ ელოდა. სახლიდან გამოსული პრემიერ-მინისტრი ჩაჯდა არა ესკორტის მანქანაში, არამედ იმ მანქანაში, რომელსაც ალექანდრე გოგოხია მართავდა (ზურაბ ჟვანიას „ლენდკრუიზერი“). დავით დაღელაშვილმა ცრუ მანევრი გააკეთა და, როგორც განაცხადა, წყნეთისკენ წავიდა, ალექსანდრე გოგოხიამ კი ზურაბ ჟვანია გოთუას ქუჩაზე მიხეილ ძაძამიას მანქანაში გადასვა. ეს იყო პრემიერ-მინისტრის ბოლო ოდისეა – გოთუას ბნელი ქუჩიდან საბურთალოს ქუჩის ერთი კორპუსის ბნელ კუთხემდე. გამოძიება გრძელდება, პროცესები ამ საქმეზე დასასრულს უახლოვდება. შემდეგი სხდომა 2 თებერვალს, 17 საათზე გაიმართება.
P. S. როდესაც ისტორიაში რევოლუციების მიზეზებსა და შედეგებზე მსჯელობენ, დასკვნების გამოტანას რევოლუციის წინარე მდგომარეობიდან იწყებენ და თუ უახლოესი „ვარდების რევოლუციის“ წინარე სიტუაციას გავიხსენებთ, უნებლიეთ, წინა პლანზე წამოიწევს ესოდენ გახმაურებული „დელიკატური საკითხები“ – 2001 წელს „დელიკატურ სიტუაციაში“ მოკლული ცნობილი ჟურნალისტი გიორგი სანაია და 2002 წელს „დელიკატური საკითხების“ გახმაურების მიზეზით თვითმკლელობის ჩამდენი უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია. რევოლუციის შემდეგაც ასეთივე „დალიკატური საკითხებით“ შენიღბეს 2005 წლის 3 თებერვალს განხორციელებული ზურაბ ჟვანიას მკვლელობაც, ჩნდება კითხვა – ვის გაუხსნა გზა ამ მკვლელობებმა მაღალი საზოგადოებისკენ? სახელისა და გვარის გამოცნობა არ გაგიჭირდებათ!
მოამზადა ქეთევან ხამიცაშვილმა
გაზეთი „ასავალ-დასავალი“