ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიურ მოვლენებს საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, გენერალი კახა თარგამაძე ეხმაურება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და მოსახლეობის კონკრეტული წინადადებით მიმართავს.
– ბატონო კახა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გადადგა. რას იტყვით?
– ბატონი ჭიკაიძე ახალგაზრდა კაცია, არ ვიცნობ და, სამწუხაროდ, მის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ცხონებული მამამისი ჩემი თანამშრომელიი იყო, ძალიან კარგად ვიცნობდი და დიდ პატივს ვცემდი. ეს იქნება ჩემი კომენტარი.
– საქართველოში ცნობილი კაცი ხართ და ამ სიტუაციაში, როცა ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, თქვენი აზრი, ვფიქრობ, საინტერესო და გასათვალისწინებელი უნდა იყოს. რას ფიქრობთ შექმნილ სიტუაციაზე?
– ბრძენი კაცის ნათქვამია – „საცა არა ჯობს, გაცლა სჯობსო!..“ რაც შემეძლო, შევაკალი თავი საქართველოს და რა მივიღე?! საქართველოს მოქალაქეობაზეც კი უარი მითხრეს და მარტო მე ვილაპარაკო და ვიომო? წამოსული ვარ ქვეყნიდან, არც პოპულარობა მინდა, ჩემი ინტერვიუებით დასავლეთშიც უამრავი მტერი შევიძინე და რისი გულისათვის? ახლობლებმა გამაფრთხილეს კიდეც – გაანებე თავი ამ ინტერვიუებსო!
– ვინ გირჩიათ, საქართველოს შესახებ ნუ ილაპარაკებო?
– მეგობრებმა პირდაპირ მითხრეს – ხომ ხედავ, ქართველებს, საქართველოს ხელისუფლებას, შენი აზრი არ აინტერესებს, მაინც თავისას მიერეკებიან და გაჩერდიო! გეფიცები კაცობას, ჩემს დას ველაპარაკე ტელეფონით და იმან მითხრა ცხონებული იური ვაზაგაშვილის ამბავი, თორემ ტელევიზორიც კი არ ჩამირთავს. შექმნილი მდგომარეობის გამო, კრიზისული გეგმების შედგენით ვარ დაკავებული... აგერ, ახლაც დელეგაცია მყავდა სტუმრად, რათა ბიზნესი გადავარჩინო. ძალიან მძიმე ვითარებაა... თავის მოფხანის საშუალება არა მაქვს და ე, ბიჭო, გამანებე თავი... (იცინის).
– ბატონო კახა, სპეციალისტის გარდა, შეეძლო ვინმეს იური ვაზაგაშვილის აფეთქება?
– როგორც პროფესიონალი, გეტყვით, რომ, თუ არა სპეციალისტი, უბრალო ადამიანი ამ აფეთქებას ვერ განახორციელებდა.
– ვის შეიძლება მოეწყო ეს აფეთქება? ანუ ვინ მოკლა იური ვაზაგაშვილი?
– ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო... როგორც პროფესიონალი, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ და ხელს ვერავის დავადებ, სანამ გამოძიება არ იტყვის თავის სათქმელს. ეს აფეთქება, ალბათ, მაინც იმ ძალამ მოაწყო, ვისაც ქვეყანაში სიტუაციის არევა უნდა.
– მაშინ ის მითხარით, ვის უნდა დღეს საქართველოში სიტუაციის არევა?
– სიტუაციის არევა დღეს საქართველოში უნდათ სააკაშვილსა და მის გუნდს!
– აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ იური ვაზაგაშვილი სააკაშვილის ბრძანებით ააფეთქეს?
– თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ დანაშაული ასე არ იხსნება! ნათქვამია – „მქმნელმა ერთი ცოდვა ჰქნა და დამბრალებელმა – ათასიო!“ იმას კი გიდასტურებთ, რომ ქვეყანაში სიტუაციის აჭრა და არევა სააკაშვილსა და მის ბანდას უნდათ!
– ბატონო კახა, რატომ ვერ „გაქაჩა“ დღევანდელმა ხელისუფლებამ?
– ერთი რამ დავიმახსოვროთ – საქართველოში სულ შევარდნაძის დრო იყო, სხვა დრო არყოფილა! ცხონებულ ზვიადს 9 თვე არ აცალეს, მერეც და მანამდეც სულ შევარდნაძე იყო. მიშას დროს რაც ხდებოდა, კი ნახეთ – სამართალდამცავ სტრუქტურებში ცოცხისა და უბედურების გამოყენების გარდა, სხვა არაფერი უკეთებიათ! ფულის „შეწერება“, ადამიანების ტანჯვა-წამება, გაუპატიურებები... აი, ამით იყვნენ დაკავებული მიშას ძალოვნები. ამდენად, რჩება შევარდნაძის პერიოდი, მაგრამ შევარდნაძის დროინდელი პროფესიონალები არ გინდათ! აი, ესაა უბედურება... 1917 წელს ბოლშევიკებმა გადატრიალება რომ მოახდინეს, მეფის „ოხრანკის“ კადრები გამოიყენეს, რადგან არ ჰყავდათ თავიანთი კადრები... ჩვენებს ეს არ ესმით და გაიძახიან – „შევარდნაძის კადრები, შევარდნაძის კადრებიო!“ თქვე ოჯახაშენებულებო, სხვა კადრები არ გყავთ, ხოლო მიშას კადრები ვინც არიან და როგორებიც არიან, გითხარით და მეტი რაღა ვქნა?!
– უკრაინაში სააკაშვილის ხელისბიჭებს ვინ ნიშნავს მინისტრებად, მინისტრების მოადგილეებად და დეპარტამენტის თავმჯდომარეებად?
– ვერ ხვდებით, რაც ხდება? ნაციონალები და მათი პატრონები უკრაინაში ამზადებენ პლაცდარმს საქართველოში სიტუაციის ასარევად!
– საქართველომ ასეთ შემთხვევაში უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა ხომ არ უნდა გაწყვიტოს?
– არა, ეს არ არის გამოსავალი. საქართველოს ხელისუფლება შიგნით უნდა გაძლიერდეს...
– დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს იცნობთ...
(იცინის)
– ასეთ სიტუაციაში ივანიშვილს რას ურჩევთ?
– ბიძინას ვერაფერს ვურჩევ, ხოლო პრემიერ-მინისტრს ვურჩევ, სასწრაფოდ მოახდინოს იმ ოპერატიული ძალების მობილიზება, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩენილია საქართველოში! რამდენიმე კაცი ვიცი, ვისაც შეუძლია, შექმნას ოპერატიული სისტემის ჩონჩხი... პიროვნებებს არ დავასახელებ, რადგან მათზე დაიწყებენ ნადირობას, მაგრამ თუ ვინმეს აინტერესებს, დამიკავშირდნენ და მივაწოდებ გვარებს, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ოპერატიულ სისტემას ააწყობს.
– ბატონო კახა, ჩვენმა გაზეთმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ბატონი გია მეფარიშვილის კანდიდატურა შესთავაზა ხელისუფლებას. რას იტყვით მეფარიშვილის შესახებ?
– შესანიშნავი კანდიდატურაა!
– მაგრამ რატომ გადადგა მაშინ გია მეფარიშვილი გენპროკურორის პოსტიდან? „რუსთავი 2“ ყურებით ჰყავდათ მაშინ დაჭერილი და რატომ ბოლომდე არ მიიყვანეს საქმე?
– იმიტომ, რომ შევარდნაძის უკან იდგა ძალა, რომელსაც ამის გაკეთება არ აწყობდა! გია მეფარიშვილზე ადრე მე გადავდექი და ჩემი გადადგომით დავიცავი შევარდნაძე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შევარდნაძე უნდა გადამდგარიყო. დიახ, სწორედ ჩემი გადადგომით გადავარჩინე შევარდნაძე და ქვეყანას ჩამოვაცილე ჟვანიას მმართველობა. გადადგომის წინ ყველა, და მათ შორის შევარდნაძეც, გავაფრთხილე, რომ სააკაშვილს ამზადებდნენ ხელისუფლებაში მოსაყვანად. ყველაფერი ვიცოდი, რაც ხდებოდა და რაც უნდა მომხდარიყო... ჩემს შემდეგ არავინ გადადგა ნაბიჯი სააკაშვილის ასალაგმად. კაცმა რომ თქვას, კი ვიცი, რატომაც მოიქცნენ მასე, მაგრამ არ მინდა ახლა მაგაზე ლაპარაკი...
– მთავარი მითხარით – შევარდნაძე სააკაშვილთან გარიგებული იყო?
– არ ყოფილა გარიგებული! მაგრამ შევარდნაძეს უღალატა თავისმა გარემოცვამ და შევარდნაძე დარჩა მარტო.
– გია მეფარიშვილი რატომ გადადგა?
– მე თუ არ გადავდგებოდი, ჟვანიას დაგეგმილი ჰქონდა ის, რაც მოაწყვეს უკრაინაში, „მაიდანზე“. სისხლი უნდა დაღვრილიყო... გაიხსენეთ ჩემი გამოსვლა, რა ვთქვი – მზადდება სისხლისღვრა, არ მინდა, ჩემს გამო დაიღვაროს სისხლი და მივდივარ-მეთქი! ჟვანია არ ელოდა ჩემს გადადგომას და ეს იყო მაგათთვის მოულოდნელობა, სიურპრიზი. ესენი ახლაც სისხლისღვრისთვის და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადებიან.
– ბატონო კახა, უკრაინაში რომ ქართველი ბიჭები იღუპებიან, ესენი ვინ არიან?
– ღმერთმა ყველა აცხონოს, მაგრამ ესენი არიან ნაციონალები, რომლებიც იქ ფულის გულისთვის, სააკაშვილის დაძახილზე მიდიან... როგორც მითხრეს, მათ 5 ათას დოლარს უხდიან თვეში, რაც ძალიან მეეჭვება.
– სააკაშვილი საქართველოში გადატრიალების მოსაწყობად რომ ემზადება, ეს გასაგებია, მაგრამ რა რესურსით მოაწყობს გადატრიალებას,როცა ქუჩაში 5 ათას კაცზე მეტს ვერ კრებს?
– თქვენ გგონიათ, თავის დროზე იმ „მაიდანზე“ 5 ათას კაცზე მეტი იყო მიტინგზე?! ესენი ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, არეულობას, სისხლისღვრას, რათა მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ. თუ საქართველოს მოსახლეობამ კიდევ სააკაშვილს დაუჭირა მხარი, მაშინ ჩვენ მართლაც ყველაფრის ღირსები ვიქნებით. სააკაშვილს უფრო პოლიტიკური ძალების გადაბირების იმედი აქვს!
– რას გულისხმობთ?
– დღეს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ძალიან ადვილია პარლამენტის მეშვეობით და ეს ყველამ კარგად გაითვალისწინოს! პრეზიდენტი რომ შეცვალო, ძალიან ძნელია, მაგრამ პარლამენტში თუ დასავლეთმა უმრავლესობა შეაკოწიწა, ძალიან ადვილი იქნება პრემიერ-მინისტრის გადაყენება და ახალი პრემიერის დანიშვნა. სავალდებულო არ არის, ახალი პრემიერი სააკაშვილი იყოს, მთავარია, ის იყოს სააკაშვილის ტიპის მმართველი. აი, ამ გზით გაცილებით ადვილი იქნება ხელისუფლების შეცვლა, ვიდრე გადატრიალებით, სისხლისღვრით, უბედურებით და ა.შ.
– ხალხი აპირებს ქუჩაში გამოსვლას, იური ვაზაგაშვილის საშინელმა აღსასრულმა საზოგადოება შოკში ჩააგდო!
– ხალხის ქუჩაში გამოსვლას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს „ნაცმოძრაობა“, რომელმაც მოკლა ზურაბ ვაზაგაშვილი... ახლა მამის სიკვდილს გამოიყენებენ პროვოცირებისა და არეულობისთვის. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ შესაძლოა, მოაწყონ აფეთქება, დახოცონ ხალხი, მოახდინონ კიდევ უარესი უბედურება, რაც დღევანდელ ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრს მიწაზე დაანარცხებს! ახლა ქუჩაში გამოსვლა კი არ არის საჭირო, არამედ ხალხის მობილიზება, რათა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს პროვოკატორების ბანდა, თავისი გივი თარგამაძეებითა და ბოკერიებით, მოაცილონ საქართველოს და კამერაში შეყარონ! აი, ამის გაკეთებაა საჭირო, მაგრამ ამის გამკეთებელი რომ არავინ ჩანს!
– ჰოდა, ვინ გააკეთებს ამას, ვინ არის ამის მქმნელი?
– რა ვქნა, თარგამაძე ვარ, სამჭკუაშვილი ხომ არა ვარ?! თავის დროზე მე გავაკეთე, რაც გასაკეთებელი იყო და დავამთავრე ისტორია, რაც ძალიან „კარგად“ დამიფასეს.
– ხალხს ძალიან აღიზიანებს დღევანდელი ხელისუფლების სისუსტე და უმოქმედობა... კრიმინალები, მკვლელები, მძარცველები ტელევიზიით გამოდიან და ხალხს ჭკუას არიგებენ, რაც აუტანელია...
– ჰოდა, დავეხმაროთ და გავაძლიეროთ ხელისუფლება! სხვა ხელისუფლება ამ ეტაპზე არ არსებობს და სხვა გამოსავალსაც ვერ ვხედავ, თუ არა ამ ხელისუფლების გაძლიერებას!
– ბატონო კახა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალი თანამდებობა რომ შემოგთავაზონ, რას იზამთ?
– დამცინით?! მინისტრობა კი არა, პრემიერ-მინისტრობაც რომ შემომთავაზონ, მაშინვე უარს ვიტყვი! არცერთი თანამდებობა მე არ მჭირდება, 16 წლის ბიჭი აღარ ვარ, 59 წლისა შევსრულდი უკვე... რაღა დროს ჩემი თანამდებობაა, თუ ძმა ხარ?! მე ბიზნესში ვარ და საქართველოში დაბრუნებასაც არ ვფიქრობდი... ეს მაგათ დაესიზმრათ, მაგ უბედურებს, წივილ-კივილი რომ ატეხეს, რომელ თანამდებობაზე მელაპარაკებით, ერთ წყალში ჭკვიანი კაცი ორჯერ არ შედის!
– თქვენი აზრით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გაიხსნება თუ არა?
– ღმერთმა აცხონოს... უნდა გაიხსნას, სხვანაირად არ შეიძლება, მაგრამ სიმართლე თუ გაინტერესებთ, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გახსნა ამ ხელისუფლებას გაუჭირდება!
– ხალხი ძალიან აღრენილია...
– იქნება, აბა, არ იქნება?! მთავარი რა არის, იცით? ის ნაძირლები და ის მკვლელები, რომლებმაც სისხლის ტბები დააყენეს, ამდენი საჯიშე ბიჭები ჩახოცეს და ხალხი გაატყავეს, დასჯილნი არ არიან! აი, ამიტომ არის აღრენილი ხალხი. თუ სამართლიანობა არ აღდგება, საქართველოში უბედურება მოხდება! მე არ ვიცი, ვინ აფერხებს სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებას! არც ის ვიცი, ეს დასავლეთის ზეწოლით ხდება, ამათი უცოდინრობითა და გაუბედაობით, თუ რაშია საქმე?!
– სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?
– სააკაშვილი მთელი ცხოვრება ციხეში უნდა ამოლპეს! იმდენი სიბინძურე და იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ერისა და მომავალი თაობების წინაშე, სხვა სასჯელს ეგ არ იმსახურებს! 300 ათასი საჯიშე ბიჭი ციხეში გამოამწყვდია ამ დამპალმა, დავკარგეთ უამრავი პატარა ბავშვი, მომავალი თაობა, რომელიც უნდა გამრავლებულიყო... ამ ნაძირალამ ქვეყანა დაღუპა და რა უფლება აქვს, საქართველოში დაბრუნდეს ან სიტყვა „საქართველო“ ახსენოს?! სააკაშვილი არის საქართველოს მოსისხლე მტერი!
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი“