ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კომენტარს არ გააკეთებს იმ ადამიანების გამონათქვამებზე, რომლებიც მუდმივად შეთქმულების თეორიებზე აპელირებენ.
„არ მინდა, გავაკეთო კომენტარები იმ ადამიანების გამონათქვამებზე, რომლებსაც ექსპერტებს ვუწოდებთ, რომლებიც შეთქმულების თეორიებზე აპელირებენ მუდმივად, ეს სასაცილოა. რეფინანსირების განაკვეთი, ისევე როგორ მსოფლიოში, საქართველოშიც არის მოკლევადიანი მართვის ინსტრუმენტი და რეფინანსირების განაკვეთის ზრდა იანვრის დასაწყისში 500 მილიონიდან 700 მილიონამდეა“, - აღნიშნა ქადაგიძემ.
ქადაგიძის თქმით, საქართველოში მოკლევადიანი მართვის ინსტრუმენტების არსებობა და რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ბანკები ამას იყენებენ მოკლევადიანი ლიკვიდობის სამართავად.
„ამის მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნე, გახლდათ ის, რომ წლის ბოლოს მოხდა საბიუჯეტო ნაშთების ხაზინაში გადატანა, მოგეხსენებათ, ამიტომ 350 მილიონი გადავიდა ხაზინაში, 150 მილიონი უკან დაბრუნდა, შესაბამისად, ის 200-მილიონიანი დანაკლისი, რომელიც გაუჩნდათ ბანკებს და მეორე მხრივ, ჰქონდათ დასაცავი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, დაკომპენსირდა რეფინანსირების სესხების ზრდით. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვეძახით მოკლევადიან ლიკვიდობის მართვას და ეს არის ზუსტად რეფინანსირების ინსტრუმენტის დანიშნულება, არანაირი განსაკუთრებული ამ მიმართულებით არ ხდება და ეს თანხები ხშირ შემთხვევაში ღია ბაზრის ოპერაციებზე გავლენას არ ახდენს“, - განაცხადა ქადაგიძემ.