reportiori.ge - ინფორმაციები „ოცნების“ პოლიტსაბჭოს დახურული სხდომიდან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:39
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ინფორმაციები „ოცნების“ პოლიტსაბჭოს დახურული სხდომიდან
ავტორი:
30 იანვარი, 2015. 15:40


28 იანვარს „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. როგორც დავით საგანელიძე ამბობს ერთერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში,  თურმე პოლიტსაბჭოს წევრებმა შეხვედრის დასასრულს „ფიცი" დადეს, რა საკითხებზეც დღეს აქ ვისაუბრეთ, ჟურნალისტებთან არ გავამხილოთო. ალბათ, არა მხოლოდ ჟურნალისტებთან, იმ კოლეგებთანაც, რომლებსაც ცოტა „გრძელი" ენები აქვთ. ეტყობა, მაგათ არ იციან, რომ არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდება, მით უმეტეს, საქართველოში და მით უმეტეს, თბილისში. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ასევე, საბჭოს წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააცნო პარლამენტის მუშაობის უახლოესი, ანუ საგაზაფხულო გეგმები და პრიორიტეტები. შეხვედრაზე შეაჯამეს ბოლო პერიოდში განხორციელებული სამთავრობო ვიზიტები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. საუბარი იყო იური ვაზაგაშვილის მკვლელობასა და საქმის გამოძიებაზე. სხდომას ესწრებოდნენ არმაზ ახვლედიანი, მანანა კობახიძე, თამაზ ავდალიანი, კახი კალაძე, ირაკლი ტრიპოლსკი, ზურაბ ტყემალაძე, სოსო ვახტანგაშვილი და დავით საგანელიძე.


მეორე საკითხი, რაც პოლიტსაბჭოს წევრებს აინტერესებდათ, ეს იყო საპარლამენტო გეგმები და დავით უსუფაშვილის მოსაზრებები. სხდომაზე ითქვა, რომ საგაზაფხულო სესიები მეტად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებების მხრივ და, ფაქტობრივად, გადამწყვეტიც. ამ პარლამენტს ორი სამუშაო სეზონი დარჩა - გაზაფხული და შემოდგომა, 2016 წელი უკვე საარჩევნოა და როგორც წესი, ყველა  აკუთარ პიარზე გადავა.


ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, დავით უსუფაშვილმა პოლიტსაბჭოს წევრებს გააცნო იმ ცვლილებების შესახებ, რაც უახლოეს ხანში შევა სისხლის სამართლის კოდექსში. აქ წყარო არ აკონკრეტებს, რა ცვლილებებზეა საუბარი, განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ამ ეტაპზე პარლამენტისთვის დიდი თავის ტკივილია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის გაცილება და ახალი თავმჯდომარის დანიშვნა. მოგეხსენებათ, ეს საკითხი საბოლოოდ მაინც პარლამენტის გადასაწყვეტია. სხვათა შორის, კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ", არსებობს ერთი ჩანაწერი, რომელსაც რატომღაც არ ახსენებენ. კერძოდ, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში წერია: „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევი კანდიდატურა".


ესე იგი, კოტე კუბლაშვილს აქვს უფლება, სანამ წავა, მარგველაშვილს წარუდგინოს მემკვიდრის კანდიდატურა. შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზეც, რომ თებერვალში ამ მხრივ დიდი დაძაბულობაა მოსალოდნელი - კუბლაშვილი და „ნაციონალები" შეეცდებიან, მარგველაშვილს თავიანთი კანდიდატურა შესთავაზონ, საპარლამენტო უმრავლესობა შეეცდება, ვიღაც თავისიანი მოძებნოს და ბუნებრივია,  აქ გამოიკვეთება სამთავრობო პოზიციებიც. წყაროს თქმით, ამ მხრივ, ჯერჯერობით მაინც სიფრთხილეს იჩენს ირაკლი ღარიბაშვილი, ის ღიად არ საუბრობს რომელიმე კანდიდატზე და ისეთი სურათი იხატება, თითქოს მთავრობას ეს საკითხი დიდად არ აინტერესებს, მაგრამ, თუ დავუკვირდებით, კუბლაშვილის გაცილება და ახალი თავმჯდომარის არჩევა-დანიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მთავრობისთვის, მთელი ქვეყნისთვისაც. ვნახოთ, თებერვალში უკვე აშკარად გამოჩნდება, ხელისუფლების რომელი შტო რომელი კანდიდატის გასაყვანად იბრძოლებს.


შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის საქმიანობაზე. პოლიტსაბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ კობახიძე თავს გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას, თუკი თვითონაც მიეხმარებიან. ეს უკვე ტრაფარეტული მიდგომაა, მაგრამ ასეა. არ დაგავიწყდეთ, იგივე ადამიანები იგივეს ლაპარაკობდნენ ზვიად ჯანყარაშვილზეც. როგორც ჩანს, წესია ასეთი, ვისაც მოიყვანენ, საქმის კეთებამდე უნდა აქონ და ადიდონ. ამიტომაც ვარდებიან ხოლმე რამდენიმე თვის შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში.


შეხვედრაზე ითქვა, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება რეგიონებიდან მობრუნებული ჯგუფების მოსმენები. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა ე.წ. მობილური ჯგუფები, სადაც შედიან პარტიის წევრები, ანალიტიკოსები და „ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც რეგიონებში პერიოდულად უნდა შეისწავლონ პარტიის რაიონული ორგანიზაციების მდგომარეობა და პრობლემები. პირველი გასვლა რეგიონებში იანვრის დასაწყისში უკვე იყო, ახლა ამ ჯგუფებს ანგარიშები აქვთ ჩასაბარებელი. ჩვენც ვგრძნობთ და „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრებმაც კარგად იციან, რომ 2015 წელი გადამწყვეტია მათთვის, როგორც პოლიტიკური ძალის არსებობისთვის, ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ უახლოეს ხანში.


გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016