მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი იური ვაზაგაშვილის მკვლელების დასჯას და საქმის სწრაფ გამოძიებას ითხოვს.
„ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა ქვეყანაში. ეს მარტო ბატონი იურის უბედურება არ არის. ეს მთელი ერის, ქვეყნის უბედურებაა. ვერ გავიგე სიციალიაში ვართ თუ რა ხდება?! ვისაც უნდა მოკლავენ, ვისაც უნდა აფეთქებენ. ის რაც ხდება ყოვლად დაუშვებელია.
დროულად უნდა გაეცეს ამ ყველაფერს პასუხი. ვინ, რატომ, როგორ და რა ხდებოდა საერთოდ თორემ, ხალხში ნადვილად ძალიან დიდი უკმაყოფილება, დაძაბულობა და დაუცველობის შეგრძნებაა. ხალხი ნიჰილიზმშია გადავარდნილი და თუ ხელისუფლებას უნდა ნდობა დაიბრუნოს, საზოგადოება დაამშვიდოს, ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს, დროულად უნდა დაიწყოს მოქმედებები."- განაცხადა „აიპრესთან" საუბრისას ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.
-მთავარმა პროკურუტურამ, რამდენიმე პროკურორი გაათავისუფლა. საკმარისია ამ პროკურორების გათავისუფლება საქმის ობიექტურად გამოსაძიებლად?
-არანაირად! საკმარისი კი არა სისტემასთან გვაქვს საქმე. სისტემა უნდა დაიშალოს და ყველანი, ის ძველი პროკურორები, და ყველა იმ დროინდელი თანამდებობის პირი ყველანი გასაშვებია. იმიტომ, რომ ყველანი იყვნენ ჩართული ამ საშინელებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა. სისტემური დანაშაული ხდებოდა. ბოროტი სისტემა შექმნა სააკაშვილმა. გააუბედურა საქართველო. ზოგი ნებით, ზოგი უნებლიედ აღმოჩნდა ამ სისტემაში ჩართული და იმ საშინელებაში გახვეული, რასაც სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა.
ჩემთვის ძალიან გასაკვირია, ვინმე ამიხსნის, ფირცხალავა, ამ ყველაფრის შემდეგ, რატომ არ არის აყვანილი და დაკავებული. ეს გაუგებარია ჩემთვის. როგორც მითხრეს, დღეს აღძრეს საქმე.
-მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ სახალხო დამცველი აპარატიდან შემოსული წერილის საფუძველზე აღძრეს საქმე და იწყებს გამოძიებას, თქვენს მიმართ დაგეგმილ კრიმინალურ მოქმედებასთან დაკავშირებით.
-მარტო მაგაზე არ უნდა იყოს აღძრული. ის ჩვენს საქმეში - ბუტას საქმეში ბრალდებულია. პარალელურად კიდევ ბატონ იურას პირველ ადგილზე დასახელებული ჰყავდა ფირცხლავა. თვითონაც ადასტურებს, რომ ამ საშინელი სპეცოპერაცის დამგეგმავი იყო.
- დღეს, სახალხო დამცველი ითხოვდა მსჯავრებული ლ.შ.-ს უსაფრთხოების დაცვას. თქვენ გემუქრებიან მოკვლით, თქვენ თუ გამოგიყვეს პირადი დაცვა?
-ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ. მაგრამ, არც ვაპირებ პირადი დაცვით ვიარო. რაც მოსახდენია იმას ვერ აცდები.
მე შვილი მომიკლეს და ჩემს უსაფრთხოებაზე ნამდილად არ ვზრუნავ. სახელმწიფოს ინტერესში უნდა იყოს, მის ქვეყანაში ასეთი რამე არ ხდებოდეს, არ კლავდნენ მშობელს და არ აფეთქებდნენ შვილის სასაფლაოზე.
http://ipress.ge/new/1420-ia-metreveli-vinme-amikhsnis-aqamde-ratom-ar-daakaves-irakli-firckhalava
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)