reportiori.ge - მატყუარა სესილია, ზარმაცი დოდო აბაშიძე და მოქილიკე ნოდარ დუმბაძე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:29
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მატყუარა სესილია, ზარმაცი დოდო აბაშიძე და მოქილიკე ნოდარ დუმბაძე...
ავტორი:
31 იანვარი, 2015. 10:43



Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემების არქივებიდან. ამჯერად წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2002 წლის პუბლიკაციას


***


ამ რუბრიკით, რომელშიც ცნობილ ხელოვანთა ცხოვრების ამსახველ, ხალისიან მოგონებებს გთავაზობთ, ამჯერად, ბატონი გიგა ლორთქიფანიძის ნაამბობს წარმოგიდგენთ. ბატონი გიგას "პერსონაჟთაგან", ბევრი დღეს ცოცხალი აღარ არის და ამდენად, მათი გახსენება ჩვენს გულებში განსაკუთრებულ გრძნობას აღძრავს...



სესილია და შალვა ღამბაშიძე


მე რომ ჩაძინებული გამაღვიძოს ვინმემ და უცბად მკითხოს: ვინ არის შენთვის ყველაზე საყვარელი მსახიობიო? - დაუფიქრებლად ვუპასუხებ: სესილია-მეთქი. ის არის ჩემთვის კარგი ქალის, კარგი მსახიობის და კარგი ადამიანის განუმეორებელი სინთეზი. მე მას, როგორც ქალს, გმირობად ვუთვლი თუნდაც იმ ფაქტს, რომ მან ბებიის როლის განსახიერებისას (ამჯერად სასცენო როლზეა საუბარი. - ავტ.) კბილები ამოიღო და ჩავარდნილი ზედა ტუჩის გამო, საუბრის დროს ისე ჩლიფინებდა, რომ მართლაც 80 წლის ბებია ეგონებოდა კაცს. ეს ამბავი ხშირად მაქვს მოყოლილი, მაგრამ მოკლედ, კიდევ ერთხელ გავიხსენებ: იქნებ, თქვენს ახალგაზრდა მკითხველს მაინც არ ჰქონდეს გაგონილი. თბილისში ჩამოსული ფრანგი რეჟისორი ჟან დონმარტი, რომელიც ერთ დროს პარიზის თეატრების გაერთიანებული დირექტორიც იყო, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" ნახვის შემდეგ, ატირებული და აღტაცებული მოვიდა ჩემთან და მთხოვა - ის ბებია გამაცანითო. დავუძახეთ სესილიას. მაშინ ის 53 წლის იყო. მხნე, ენერგიული, სწრაფი სიარული იცოდა. თავისი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით გააღო კარი და შემოვიდა. გრიმი უკვე მოცილებული ჰქონდა. ისე გამოიყურებოდა, მართლაც არ ჰგავდა ბებიას. ჟანმა იფიქრა, რომ ჩვენ სწორად ვერ გავიგეთ, თუ რა ითხოვა და გაიმეორა: არა, არა, მე ბებიის გაცნობა მინდოდაო. როდესაც მიხვდა, რომ მის წინ სწორედ ის ქალი იდგა, ვისი ნახვაც სურდა, მუხლი მოიყარა და სესილიას ეამბორა. მაშინ წარმოთქვა ის სიტყვებიც, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემთან: ეს არავითარი თქვენი ბებია არ არის. ეს ბებიაჩემია, რომელიც პროვანსში ცხოვრობსო... ბებიის როლი იყო ერთადერთი, რომელიც სესილიამ თავიდანვე მიიღო და შეიყვარა. ნებისმიერი სხვა როლის შეთავაზების დროს, ბუზღუნს იწყებდა, უარს ამბობდა და დათანხმების შემდეგაც კი, სულ როლის, პიესისა და მისი დამდგმელის ლანძღვა-გინებაში იყო. ასე იყო ერთი ტიპური საბჭოთა პიესის - "ალანის ოჯახის" დადგმის პროცესშიც. ამ პიესაში, სესილია და შალვა ღამბაშიძე, რომელთაც ახალგაზრდობიდანვე ხნიერი ადამიანების როლის თამაში დაებედათ, მოხუც ცოლ-ქმარს ასახიერებდა. როგორც წესი, სესილიამ თავიდანვე აითვალწუნა პიესა. დაიწყო როლის დამუშავება, აიყოლია შალვა ღამბაშიძეც და, სცენაზე თუ კულისებში, მხოლოდ ერთი შეფასება ისმოდა: რა საზიზღრობაა, რა საძაგლობაა!.. მოვიდა პრემიერის დღე. სესილიამ ბრწყინვალედ ითამაშა. ბატონი შალვა კი მოგვიანებით გამოგვიტყდა: თურმე "ეს ოხერი" სესილია რეპეტიციებზე ილანძღებოდა, სახლში კი, როლზე მუშაობდა; გამაბრიყვა, პრემიერის დღეს თვითონ შესანიშნავი სახე შექმნა, მე კი რას ვბურტყუნებდი სცენაზე, თვითონვე არ მესმოდაო... ამის შემდეგ, მათ კიდევ ერთ პიესაში ითამაშეს ერთად. ეს იყო შესანიშნავი სპექტაკლი "უფსკრულთან", რომელსაც ძალიან რთული ბედი ხვდა წილად: ხშირად ხსნიდნენ რეპერტუარიდან, რადგან სცენარის მიხედვით,






წამლის არქონის გამო, ბავშვი იღუპებოდა, ცენზურა კი მოქმედებდა: როგორ შეიძლება, საბჭოთა კაშვირში უწამლობით ბავშვი დაიღუპოსო?!. სესილია და შალვა, კვლავ მოხუცებს თამაშობდნენ. როდესაც სესილიას ვუთხარით, რომ მისი გმირი ერთი აფერისტი და სპეკულანტი გლეხის ქალი იქნებოდა, ბოლომდე არც კი მოგვისმინა - უკვე როლისა და პიესის ლანძღვა-გინება დაიწყო. უსმინა შალვამ, უსმინა და ბოლოს, თვალმოწკურულმა უთხრა: აბა, სესილ, მაგას ვინ ჭამსო?!. მართლაც, ორივე მსახიობმა განუმეორებელი სახეები შექმნა და ერთმანეთს ტოლი არ დაუდო.


პრემიერის მეორე დღე


ბედნიერი კაცი ვარ, ჯერ იმით, რომ ნოდარ დუმბაძეს ბავშვობიდანვე ვიცნობდი და მერე იმით, რომ ყოველი მისი ნაწარმოები პირველმა, მე გავაცოცხლე სცენაზე. "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ჯერ დაბეჭდილიც არ იყო, ხელნაწერშივე წავიკითხე და გადავირიე კაცი. იმ დროს შექმნილი ნაწარმოებებიდან, ეს ერთადერთია, სადაც მთავარი გმირი "ოროსანი", უფრო მეტიც - კომკაშვირელი არ არის. არც რაიკომი იყო ნახსენები, არც აღმასკომი, კოლმეურნეობა და მოწინავე მუშაკებიც არსად ჩანდნენ. მოკლედ, დავდგი სპექტაკლი, ჩაიარა პრემიერამ და მეორე დღეს, მე და ნოდარი, დავსხედით ჩემთან სახლში და მამაპაპურად "შევუბერეთ". ორივენი გალეწილი მთვრალები ვართ. ამ დროს რეკავენ თეატრიდან და მეუბნებიან, რომ მთელი ცეკას ბიურო და მჟავანაძე (ვასილ მჟავანაძე - საქართველოს კომპარტიის ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი - ავტ.) მოვიდნენ, სპექტაკლს ესწრებიან და კითხულობენ - სად არიან ავტორი და რეჟისორიო? რას ვიზამდით? - დატრიალდა ჩემი მეუღლე, ცივი წყლით დაგვაბანინა პირი, გვასუნთქა ნიშადური, მოგვიწესრიგა ტანსაცმელი და გაგვიშვა თეატრში, ორივე ვცდილობთ, ბიუროს წევრებისგან შორს დავდგეთ, რომ ჩვენმა "არომატმა" მათი "პატიოსანი ცხვირები" არ შეაწუხოს. როგორც იქნა, დამთავრდა სპექტაკლი. არის მქუხარე ტაში და მადლობები. მჟავანაძე პალტოს საკიდრისკენ გაემართა. ტანდაბალი კაცი იყო, პალტო კი საკმოად მაღლა ეკიდა. ვხედავ - ასწია ხელი, მაგრამ ვერ შესწვდა. მივედი, ჩამოვხსენი პალტო და რას ვიზამდი? - მამაჩემის ხნის კაცი იყო და ჩაცმაშიც მივეხმარე. მოკლედ, მჟავანაძეს პალტო ჩავაცვი და ვხედავ, ნოდარის გაღიმებულ სახეს და აციმციმებულ თვალებს. ჩამოვდივარ კიბეზე, ნოდარს ირონიით აღსავსე ღიმილი არ სცილდება საულვაშიდან. ვეჩურჩულები: "ახლა რას იღიმები? მომჭრი, ხომ, მთელი საქართველოს მასშტაბით თავს?! - გიგამ მჟავანაძეს პალტო ჩააცვაო"... ნოდარიც მეჩურჩულება: "ბიჭო, თავს მოგჭრი კი არა, გულზე ვარ გამსკდარი, იმ კოჭლმა კაცმა, რაფრა მიმასწარი?!" მართლაც, საოცარი იუმორის და შინაგანი სისუფთავის კაცი იყო. ძალიან, ძალიან საყვარელი კაცი...



ისევ მე და ნოდარი


ჩემი ფეხი, ნოდარის საყვარელ სახუმარო თემას წარმოადგენდა. მიტრიალებდა, მიტრიალებდა, ბოლოს, ისევ ჩემს ფეხთან მივიდოდა და ისეთ მოსწრებულ რამეს იტყოდა, ყველაზე ხმამაღლა მე ვიცინოდი. მახსოვს, ერთხელ, "კომკავშირის ხეივანში" ვიქეიფეთ. მოგეხსენებათ, მთვრალ კაცს სხეულის შეგრძნობა არ აქვს და პირველმა მე ავიტეხე - აქედან შინ დაბრუნებისას მოკლეზე ჩავიდეთ-მეთქი. ავიშალეთ და პირველი მე დავადექი ამ მოკლე გზას, უფრო სწორად - დამრეც დაღმართს. მივდივარ ამ ვიწრო ბილიკზე, მაგრად მივდივარ; მომყვება უკან რამდენიმე კაცი, მათ შორის ნოდარიც. უფრო სწორად, ვერ მომყვებიან - უჭირთ სიარული და მესმის უკნიდან ნოდარის ხმა: შენ რა გენაღვლება, ძამა, საცალფეხო ბილიკია და... ჩვენ რა ვქნათ, ორფეხიანებმაო?!. ჩემს ფეხთან დაკავშირებით ნოდარის სახუმარო გამონათქვამების მთელი სერიალი არსებობს. ბოლოს, ვეუბნებოდი: ჩემო ნოდარ, შენს იუმორში ახალი ეტაპი დაიწყო, "პროთეზნი იუმორის" ეტაპი-მეთქი.


"პროშჩაი, ნემიტაია როსია..."


მე და ნოდარი ლენინგრადში ვართ. ვესწრებით პრემიერას, რომელიც ძალიან არ მოსწონს ნოდარს. იმდენად არ მოსწონს, რომ გაღიზიანებულიც კია. დამთავრდა სპექტაკლი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო გიორგი ტოვსტონოგოვი, რეჟისორი კი - აგამირზიანი. მიდის კორესპონდენტი ნოდართან და სპექტაკლის შესახებ აზრს ეკითხება. ნოდარი მოკლედ პასუხობს: "აგამირზიტელნაია ტოვსტონოვკაო" - და თეატრის შენობას ტოვებს... იყო კიდევ ასეთი შემთხვევა: ნოდარმა კომკავშირის პრემია მიიღო. ჰოდა, თავისი დაჯილდოების აღსანიშნავად, მოსკოვის ცნობილ რესტორანში - "ლიტერატორების სახლში" ნოდარი მართავს ბანკეტს. ჩვეულებრივი რუსული სუფრაა. ერთ საათში ყველაფერი ერთმანეთში აირ-დაირია. ვიღაც ცალკე ზის, ვიღაც ცალკე სვამს... ასე, შვიდი კაცი ვართ ქართველები. ნოდარმა გადახედა სუფრას და გვითხრა: აქ მორჩა ქეიფი, ამის მეტი აღარაფერი იქნება, გავიდეთ და სადმე ერთად დავსხდეთო. ის იყო, უნდა გავსულიყვით, ნოდარს უკვე კარის სახელურზე ჰქონდა ხელი შევლებული, რომ ზურგს უკან გვესმის, მართლაც ბრწყინვალე რუსი პოეტის სოლოუხინის სიტყვები, უფრო სწორად - სოლოუხინის წარმოთქმული ლერმონტოვის სიტყვები: Бежали робкие грузины... ნოდარი, არც დაფიქრებულა, შემოტრიალდა და იმავე მწერლის იმავე ნაწარმოებიდან შეაგება სიტყვა: Прошай немытая Россия... დარბაზი ჯერ გაოგნდა, მერე კი - ტაში დასცხო.


ბევრჯერ მომიყოლია ის ამბავიც, თუ როგორ აღელვებდა ნოდარს კრემლის ბედი. მოსკოვში, ჩვენი სასტუმროს ფანჯრები კრემლს გადაჰყურებდა. აღარ მახსოვს, მაშინ ვის ასაფლავებდნენ. ვიღაც "დიდი კაცი" იყო გარდაცვლილი. დგას ნოდარი დაღვრემილი ფანჯარასთან. უცებ მეუბნება: გიგა, აი კრემლი დაინგრევა. - რატო, ბიჯო-მეთქი? - ვეკითხები. - აგური გამოაქვთ, ფერფლი შეაქვთ და კედელს რა გააჩერებსო?!. რას იტყვით ახლა თქვენ, არ იყო ამაში ლოგიკა?!


"თეთრი ბაირაღები"

"ზონაში"


"საბრალდებო დასკვნას" ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა. ეს სპექტაკლი რუსთავში დავდგი და თავის დროზე, საკმაოდ პოპულარულიც იყო. ერთხელ, მოვიდა ჩემთან კოლონიის უფროსი და მითხრა: პატიმრები მეუბნებიან, ოღონდ ეგ სპექტაკლი გვიჩვენეთ და მთელ წელიწადს კოლონიაში დისციპლინას არავინ დაარღვევსო. - კი, მაგრამ, სად ვითამაშოთ, პატიმრებს თეატრში წამოიყვანთ-მეთქი? - ვკითხე. - ერთი პატარა ოთახი გვაქვს, იქ შეიძლება სახელდახელო სცენის მოწყობა და უარს ნუ გვეტყვითო, - მთხოვა კოლონიის უფროსმა და სხვა რა გზა იყო? - დავთანხმდი. მართლაც, ძალიან პატარა სცენაზე მოუწიათ მსახიობებს თამაში. სპექტაკლს დიდი დეკორაციაც არ სჭირდებოდა. საკნებიდან გამოიტანეს "ნარები", წამოწვნენ ზედ მსახიობები და დაიწყო სპექტაკლი. უცნაური რამ მოხდა. თუკი თეატრში, სპექტაკლის მსვლელობისას, გაუთავებელი სიცილ-ხარხარი იყო, აქ ერთხელაც კი არავის გაუცინია - მთელი სპექტაკლის განმავლობაში, გაუნძრევლად ისხდნენ პატიმრები, სცენას მისჩერებოდნენ და ღვარღვარად ჩამოსდიოდათ ცრემლები: მათთვის არ იყო ეს მხიარული ამბავი, მათთვის ეს იყო ტრაგიკული ავტობიოგრაფია რომელსაც შორიდან უყურებდნენ... ჩემთვის ეს კიდევ ერთი გაკვეთილი აღმოჩნდა - გაკვეთილი იმისა, რომ მთავარი, ის კი არ არის, რას თამაშობ ან რას დგამ, - მთავარია, ვისთვის თამაშობ ან ვინ უნდა ნახოს ის სპექტაკლი, რომელსაც რეჟისორი დგამს.


შეთავსებით სუფლიორი


გული მწყდება, რომ დოდო აბაშიძესთან, ამ შესანიშნავ მსახიობთან და მართლაც სამაგალითო ქართველ ვაჟკაცთან, მხოლოდ ერთხელ მომიხდა მუშაობა. ეს იყო ფილმში "დათა თუთაშხია", სადაც დოდომ სეთურის როლი ითამაშა. დოდო ტიპური კინოარტისტი იყო. არ უყვარდა ტექსტის სწავლა, თავს კი იმით იმართლებდა, მეხსიერების ამბავი არ მაქვს მთლად კარგადო... სიზარმაცეს ვერც სეთურის ხათრით მოერია. რა უნდა მექნა? - დოდო ამ როლში მართლაც შეუცვლელი იყო და... მე თვითონ ვიკისრე სუფლიორის მოვალეობა. ამ სცენის გადაღების დროს, თქვენი მონა-მორჩილი იდგა კადრს მიღმა და დოდოს ტექსტს ჰკარნახობდა. ერთხელაც დოდომ ვერ გაიგონა, რა ვუკარნახე, კისერი დაიგრძელა, ცალი თვალი მოჭუტა და ჩამეკითხა: "ჰა?" - ეს იმდენად სახასიათო სცენა გამოვიდა, რომ კადრიდან ამოსაჭრელად ვერ გავიმეტე და დავტოვე. ეს ეპიზოდი, შეიძლება ვინმეს უადგილოდაც კი მოეჩვენოს, მაგრამ ეს დოდოსეული "ჰა?!" ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი კადრია... ერთი-ორჯერ ვნახე დოდო ჩხუბის დროს და იცით, რა დამემართა? - იმ წუთებში ჩემ თვალწინ "ვეფხისტყაოსანი" გაცოცხლდა და: თვალნათლივ დავინახე, რას ნიშნავდა "კაცი კაცსა შემოსტყორცნა"... დოდო აბაშიძე ჩემთვის იყო ტარიელიც, ავთანდილიც და ფრიდონიც, ის იყო ჩემთვის ქართველი გმირის განსახიერება - ფიზიკურად უძლიერესი კაცი, ბავშვური სილაღით. ვერც ერთი "ოსკაროსანი", რომელსაც ეს ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მიუღია, ვერ მივა დოდო აბაშიძის სოსანასთან, რომელიც მან ფილმში "დიდი მწვანე ველი" განასახიერა. გარდაცვალებამდე, ერთი კვირით ადრე ვნახე დოდო. ეს უზარმაზარი ვაჟკაცი, თოჯინასავით დაპატარავებული იწვა სასთუმალზე, თუმცა, სენიც და სიკვდილიც მხოლოდ ხორცზე ზეობს. ლეგენდები, არც ავად ხდებიან და არც კვდებიან.


აფიშა


ოტია იოსელიანის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში - "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" - განსახიერებული როლი გივი ბერიკაშვილს მართლაც ძალიან მოუხდა. სპექტაკლი კახეთშიც ჩავიტანეთ და გივის სოფელშიც ვაჩვენეთ. იმ სოფელში, საიდანაც ბატონი გივი ბრძანდება, სულ ბერიკაშვილები ცხოვრობენ და მათ შორის, გივიც ბევრს ჰქვია. ამიტომ, მთავარ როლში მონაწილე გივი ბერიკაშვილს დაბნეულობა რომ არ გამოეწვია, აფიშაზე მისი სახელისა და გვარის გასწვრივ, ფრჩხილებში იყო მიწერილი: პანწკალაანთი.


სამშობიაროს რიგში...


ოთარ მეღვინეთუხუცესს და გურანდას, დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. გურანდა გათხოვებიდან 7-8 წლის შემდეგ დაფეხმძიმდა და მშვენიერი გოგონაც გვაჩუქა. მაგრამ მის მშობიარობასთან დაკავშირებით, ისეთ კურიოზის მოწმე გავხდი, რომ დღემდე მეცინება. ყველას კარგად მოეხსენება ჩვენი ოთარი რაოდენ ემოციური და ფეთქებადი ხასიათის კაცია. დადგა ნანატრი დღე და როგორც იქნა, გურანდას მუცელი ასტკივდა. გააქანეს თურმე საავადმყოფოში და დაასხა ოთარს ჭირის ოფლმა. ნერვიულობს, ღელავს, მხარდაჭერა სჭირდება და დამირეკა: გიგა, მიშველე, გურანდა წაიყვანესო. რა თქმა უნდა, წავედი.


ვდგავართ მე და ოთარი სამშობიაროს ფანჯრების ქვეშ, ვცემთ ბოლთას, ვიყურებით საათზე, მაგრამ რად გინდა? - ნანატრი ბავშვი არა და არ ჩნდება. უკვე ღამდება. ისევ გვესმის გურანდას ყვირილი. მე და ოთარი დაღლილობისა და ნერვიულობისგან ფეხზე ძლივსღა ვდგავართ. აცივდა კიდეც და გადავწყვიტეთ, მოსაცდელში დავმსხდარიყავით. ხუთი წუთის შესულებიც არ ვიყავით, რომ შემოვიდა ერთი ბიჭი, დაჯდა სკამზე და მშვიდი სახით იღიმება. სამიოდე წუთის შემდეგ, შემოდის მედდა. მე და ოთარს უკვე ერთმანეთის გულისცემაც კი გვესმის. მედდა ჩვენ თვალს გვარიდებს და იმ სამი წუთის წინ მოსულ ბიჭს ეუბნება: გილოცავთ, ბიჭი გყავთო! და უცებ იფეთქა ოთარმა: ქალბატონო, ბოლოს და ბოლოს, ვინ გგონივართ? მე დილიდან რიგში ვარ, ჯერ მე მოვედიო!.. ქალი გაოგნდა, ოთარი კი განაგრძობს: დილის აქეთ, აქ ვდგავარ, ჯერ ჩემი რიგია, ეს ჩემს შემდეგ არ მოვიდაო?! თან მე მიყურებს, უნდა დავუდასტურო, რომ ის ბიჭი ურიგოდ წავიდა... ძალიან სასაცილო იყო. ამაოდ ვცდილობდი, დამეშოშმინებინა - ჩემს მეგობარს არაფრის გაგონება არ უნდოდა, ოთარ მეღვინეთუხუცესი მთელი გულით ბრაზობდა...




წყარო: ambebi.ge


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016