reportiori.ge - რუსუდან შარაძე: ვხედავ საშიშროებას - არ გამოჩნდეს მიშა-2!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:02
ინტერვიუ
რუსუდან შარაძე: ვხედავ საშიშროებას - არ გამოჩნდეს მიშა-2!
ავტორი: ანა ნოდია
31 იანვარი, 2015. 13:46



გურამ შარაძის შვილის რუსუდან შარაძის ინტერვიუ „რეპორტიორთან":


- იური ვაზაგაშვილი მოკლეს პოლიტიკური ნიშნით, მოკლეს სამართლიანობის აღდგენის ბრძოლაში. მოკლა იმ ხალხმა, ვინც დგას მისი შვილის მკვლელობის უკან. არ ვიცი, ამით რამდენი კურდღელი დაიჭირეს, თუმცა, პირველ რიგში, ანგარიშსწორება მოახდინეს პიროვნებაზე, რომელიც მათ 9 წელი ებძოდა. იურის მკვლელობით გაუბედურებულ ოჯახებს დასაყრდენი გამოგვაცალეს. ამ ბრძოლაში დაგვტოვეს ფრთებმოტეხილი! მცდელობა იყო, რომ ყველა მებრძოლი გავჩუმებულიყავით. ეს იყო შიშისა და ტერორის დაგეგმვის მცდელობა, მაგრამ, ჩვენ არ შევშინდებით!


ამას გარდა, მოხდა მოწმეების დაშინება, რადგან ყველა გახმაურებული მკვლელობა დასრულების ფაზაშია.



- რომელ გახმაურებულ მკვლელობაზე საუბრობთ, რომელიც დასრულებულ ფაზაშია?



- თუნდაც ზურა ვაზაგაშვილის, რობაქიძის, გირგვლიანის, ჟვანიას საქმეები. ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, ოდესმე გამომზეურდება. საქმეები მეტ-ნაკლებად დასრულებულია, უბრალოდ, არცერთი მათგანი არ არის მზის შუქზე გამოტანილი. ალბათ, ერთიანად მოხდება ამ საქმეების გასაჯაროვება.



- ვაზაგაშვილის მკვლელობამ თქვენშიც გამოიწვია შიში, რომ შესაძლოა, რაიმე დაგემუქროთ? 



- ვერ გეტყვით, რომ ამქვეყნად არაფრის მეშინია. მაგრამ შიშით ვერ ვიცხოვრებ! წლების განმავლობაში, სახლიდან რომ გავდიოდი, არ მეგონა, ცოცხალი თუ დავბრუნდებოდი. ახლაც ამ განცდით ვცხოვრობ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა დაგეგმონ, მაინც ვერ მიაღწევენ საწადელს! ღმერთი მიმაყვანინებს მამაჩემის მკვლელობის საქმეს ბოლომდე!


სამართლიანობა აღდგა იმ ნაწილში, რომ მკვლელები ხელისუფლებას მოშორდნენ. ეს არის დაუჯერებელი წარმატება. მაგრამ ორი და სამი კაცის ციხეში ჩაგდება სამართლიანობის აღდგენას არ ნიშნავს. ჩემთვის მთავარია, ყველა მკვლელობას დაერქვას სახელი. გასაჯაროვდნენ, ვინ არიან მკვლელები, გამომზეურდეს მათი სახელები.



- რატომ ჭიანურდება გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიება, ვინმეს ადანაშაულებთ?



- წელიწადნახევარი კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი, მან ხელი არ გაანძრია ამ საქმისთვის. არათუ რამე გააკეთეს, კაცმა არ იცის, რა გააფუჭეს. შემდეგ იყო ფარცხალაძის პერიპეტიები და შემდეგ დაინიშნა ბადაშვილი. დღეს, 31 იანვარს, პრეტენზია არ მაქვს პროკურატურის მიმართ. ისინი ცდას და მონდომებას არ აკლებენ. საქმეში მახედებენ, ვთანამშრომლობ მათთან. ყველანაირად მიწყობენ ხელს, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო. მთავარი პრობლემა იყო, რომ ხელახალი ძიება დაწყებულიყო ამ საქმეზე. კბილაშვილი იგნორირებას გვიკეთებდა. ივლისში განახლდა გამოძიება. ვერ გეტყვით რომ ჭიანურდება გამოძიება, ეს არ არის შეგნებულად. ისინი ცდას არ აკლებენ. ვნახოთ, რამდენად პროფესიონალურად გამოიძიებენ.



-„მაიდანი" საქართველოში - შეუძლია სააკაშვილს ძალისმიერი მეთოდებით პოლიტიკაში დაბრუნება?



- სააკაშვილის ისე მობრუნდება, როგორც ბაბუაჩემი წამოდგება საფლავიდან. მოსახლეობის უმრავლესობას სააკაშვილის გაგონება არ უნდა. შიში და ზიზღი ერთდროულად აქვს. თუ იარაღით აგვიღებს - არ ვიცი. თუმცა, მე ვხედავ სხვა საშიშროებას - არ გამოჩნდეს მიშა-2, ე.წ. ავანტიურისტი ადამიანი, როგორც 2003 წელს - სააკაშვილი ავანტიურისტულად მოვიდა, გამოაჩერჩეტა ქართველი ხალხი და „მიშა-მიშა" აძახებინა.



-ვინმეს მოიაზრებთ ავანტიურისტ მიშა-2-ში?



- კონკრეტულად არავის. მაგრამ ამის საშიშროება არსებობს. ეს ხელისუფლება რაც არ უნდა უნიათო იყოს, მკვლელები მაინც არ არიან. სააკაშვილს ეს ქვეყანა ტერორით და ძალადობით ეჭირა. ესენი არ არიან მოძალადეები, ამიტომ ძალიან იოლია, ვინმე ავანტიურისტმა წამოყაროს  ხალხი და დაამხოს ხელისუფლება.



- მოქალაქე რუსუდან შარაძეს გაქვთ ხელისუფლების იმედი?



- მაქვს, თუმცა, უნდა დაიწმინდოს ხელისუფლებაც. იმ კრიტიკულ მომენტში, როდესაც სააკაშვილი უნდა დაგვემარცხებინა, სხვა გზა არ იყო და შეირჩა ის ხალხი, ვინც იყო პოლიტიკაში. ივანიშვილი ახალ სახეებს ვერ გამოძერწავდა. ათასპარტიაგამოვლილი და ათასბატონნამსახურები პოლიტიკოსებისგან უნდა გაიწმინდოს ხელისუფლება.



- დაიჭერენ სააკაშვილს?



- ამდენი უბედურება ჩაიდინა! ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე! მისი ადგილი ციხეშია, მაგრამ მთელი მსოფლიო მაფია სააკაშვილს იცავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ დღესაც არ ჩამოიყვანენ ყურით და არ ჩასვამენ. სააკაშვილი ვერ გადარჩება!



- ხედავთ საჭიროებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მობრუნდეს?



- კარგი იქნება, თუმცა, თუკი ასე არ გადაწყვეტს, შესაძლებელია, სხვანაირად მოხდეს ხელისუფლების გაწმენდა. აუცილებელია ვადამდელი არჩევნები. ბარამიძეები და მისნაირი მკვლელები პარლამენტში არ უნდა ისხდნენ. საბოლოოდ უნდა ამოიძირკვოს მათი სახელები! ორი წელი არაფერია, უბრალოდ, ჩვენ გვეჩქარება სამართლიანობის აღდგენა.


 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016