კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ მირზოევმა თანამდებობა დატოვა. მისი გადაწყვეტილება ვაზაგაშვილების საქმეს უკავშირდება. 20 იანვარს სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე მოკლული იური ვაზაგაშვილი ოთარ მირზოევსა და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებს შვილის - 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა და მათ დასჯას მოითხოვდა.""
„კვირის პალიტრა" ოთარ მირზოევთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:
- თქვენ გარდა, ბევრმა დაწერა პატაკი სამსახურიდან წასვლის თაობაზე?
- ვიღაც-ვიღაცებმა დაწერეს, კონკრეტულ გვარებს ვერ დაგისახელებთ.
- იური ვაზაგაშვილი ამბობდა, რომ კორტების საქმის გამოძიებას თქვენ და სპეცოპერაციის სხვა მონაწილე თანამდებობის პირები უშლიდით ხელს.
- ჩვენ გამოძიებასთან არანაირი შეხება არ გვქონია. პირიქით, რაც საჭირო იქნებოდა, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ ეს საქმე გახსნილიყო და სიმართლე დადგენილიყო.
- იური ვაზაგაშვილი შვილის მკვლელობაში გადანაშაულებდათ და თქვენს დასჯას ითხოვდა...
- ეჭვი არ არის საკმარისი იმისათვის, ვერდიქტი გამოუტანო ადამიანს. იური ვაზაგაშვილი თავიდან ამბობდა ჩემზე, მკვლელიაო, მერე თქვა, მკვლელობის მონაწილეა და ჩემს შვილს დალაქიშვილმა ესროლაო. რამდენიმე დღის წინ კი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ვაზაგაშვილი ამბობს, პირველად მირზოევმა გაისროლაო, რაც აბსურდია.
- მაშინ როგორია თქვენი სიმართლე? რა წვლილი მიგიძღვით კორტების ოპერაციაში?
- წინადღეს ხელმძღვანელმა დამირეკა, დილით ადრე უნდა მოხვიდე სამსახურში, ვინაიდან დამნაშავეთა ასაყვანი ღონისძიების ჩატარებას ვაპირებთო. როდესაც ობიექტზე მივედი, შევიტყვე, რომ ეს ჯგუფი ერთ-ერთ მისამართზე საყაჩაღოდ უნდა მისულიყო. ამ ღონისძიებას სხვა განყოფილება ატარებდა და ვინაიდან დამხმარე განყოფილება ვიყავით, ზუსტად არც ვიცოდით, ვისთან და რასთან გვქონდა საქმე. იმხანად ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცებასთან ბრძოლის განყოფილების ინსპექტორად ვმუშაობდი. სპეცოპერაციაში დაახლოებით 150 პოლიციელი მონაწილეობდა. თრილერებში რომ გინახავთ სროლა, ისეთი სიტუაცია იყო კორტებთან. წამებში ხდებოდა ყველაფერი. ერთადერთი, რაც შევნიშნე, ის იყო, რომ პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ბიჭების დასაკავებლად მიდიოდა, მათმა მანქანამ დაარტყა და წაიქცა. გაელვებასავით დავინახე, მანქანის მინა რომ გაიბზარა. ამ დროს რაციაზე ფირცხალავას ხმა გაისმა: „გვესროლეს, დააცადეთ სპეცრაზმს!" - და დაიწყო საშინელი სროლა ორივე მხრიდან.
- ანუ პირველმა ვინ ისროლა და საიდან?
- არ დამინახავს. მხოლოდ ის დავინახე, რომ ვაზაგაშვილის მანქანის მინა გაიბზარა. წამებში მოხდა ყველაფერი.
- რომელი მინა გაიბზარა, წინა საქარე?
- არა, გვერდითა მინა. ჩვენ მარჯვენა მხარეს ვიყავით და იქიდან მიდიოდა სროლა.
- გამოდის, მინა აწეული იყო, მას ტყვია მოხვდა და გაბზარა. ანუ, პირველად სპეცრაზმელებმა გაისროლეს?
- გითხარით, რაც დავინახე. ყველაფერი წამებში დამთავრდა.
- იური ვაზაგაშვილი წერდა, რომ მის შვილს თქვენ დაახალეთ პირველი ტყვია.
- ერთი ტყვიაც არ მისვრია, შვილების სიცოცხლეს ვფიცავ. ვაზაგაშვილების გულისთვის შვილებს არ დავიფიცებ...
- აბა, იქ რისთვის იყავით, რა გევალებოდათ?
- მე ჩემი ხელმძღვანელების ბრძანებას ვასრულებდი - შემთხვევის ადგილს ვიცავდი.
- იური ვაზაგაშვილის მკვლელობის რა ვერსია გაქვთ?
- შეფასებისგან თავს შევიკავებ. როცა ეს მოხდა, იმ დღეს სამსახურიდან, შენობიდან არ გავსულვარ. ისიც კი არ ვიცოდი, რომ ზურა ვაზაგაშვილი კასპში იყო დასაფლავებული. ვნანობ, სანამ იური ვაზაგაშვილი დაიღუპებოდა, მანამდე რატომ არ წავედი თანამდებობიდან. სალაპარაკო არ გახდებოდა, რომ მაღალ თანამდებობაზე ვიყავი.
- თქვენს დაკავებას გამორიცხავთ?
- არსად მივდივარ. თუ საჭიროდ ჩათვლიან და დანაშაულს დამიმტკიცებენ, დამაკავონ. მე ის ვიცი, რომ არაფერი დამიშავებია.
- მას შემდეგ, რაც იური ვაზაგაშვილი კორტების საქმეზე ალექსანდრე ჭიკაიძეს შეხვდა, თუ გქონდათ მინისტრთან საუბარი?
- დამიბარა და მკითხა, რა ხდება, არ მომატყუოო. მეც ვუთხარი ყველაფერი. მინისტრს სამსახურიდან წასვლაც შევთავაზე, ტვირთად არ დაგაწვებით, ვინმემ რომ არ გისაყვედუროთ, წავალ-მეთქი. მითხრა, თუ ისეა, როგორც ამბობ, მაშინ გამოძიებას დაველოდოთო.
ჭიკაიძე თავმოყვარე კაცია და თანამდებობიდან წასვლით სწორი ნაბიჯი გადადგა. ნეტავ მაგისთანა წესიერი ადამიანი ბევრი იყოს. ხუხაშვილზე ცოტა მაღალი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ მას მერე, რაც თქვა, თურმე მირზოევი იყო მინისტრი და ის მართავდა შსს-ს და არა ჭიკაიძეო, რაღა უნდა ველაპარაკო? იმედი მაქვს, რომ მამა-შვილის საქმე გაიხსნება. ბევრჯერ მიფიქრია ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე, რომ სიმართლე მეთქვა, მაგრამ კოლეგები იკავებდნენ თავს, მეუბნებოდნენ, არ შეიძლება, ჩვენგან არ გამოვაო.
მანანა ვაზაგაშვილი, იური ვაზაგაშვილის და: - მირზოევის სახელს ჩემი ძმა 9 წელი იმეორებდა და არის თუ არა დამნაშავე, გამოძიება გაარკვევს. ჩემი ძმა ტყუილს არ იტყოდა. იმედია, საქმე გაიხსნება.
ნანა ფიცხელაური
გაზეთი „კვირის პალიტრა"