იური ვაზაგაშვილის აფეთქებამდე დაახლოებით ერთი კვირის წინ საზოგადოებამ შეიტყო სკანდალური საექსპერტო დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც დასტურდებოდა, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი ახლო მანძილიდან სროლით გარდაიცვალა. ამ დასკვნით, პრაქტიკულად, ბეჭედი ესმებოდა იმ მოწმეების ნაამბობს, რომლებიც იმავეს ამტკიცებდნენ საკუთარ ჩვენებებში. 20 იანვრის შემთხვევის შემდეგ კი გამოჩნდა ახალი დეტალი, მოწმე უკრაინიდან, რომელიც ალაპარაკებას აპირებდა... სწორედ ამ ორი სკანდალური შემთხვევის კვალაკვალ ააფეთქეს მამა, რომელსაც საკუთარი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიება სწორედ ამ კვალიფიკაციით მიჰყავდა მიწურულამდე.
ვთვლით, რომ ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მოსაზრება ამ შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით. ერთად ვნახოთ, ხედავს თუ არა ექსპერტი ამ ორ საქმეს შორის პირდაპრ კავშირს:.
- იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებამდე თქვენ მასთან ინტენსიურად გქონდათ ურთიერთობა, ვინაიდან „კორტების საქმის" ექსპერტიზაზე იმუშავეთ, ხომ არ უთქვამს რამე საფრთხის ან ვინმეს მუქარის შესახებ?
- მასთან ინტენსიური ურთიერთობა არ მქონია. გვქონდა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია. ისიც მაშინ, როდესაც გადაწყდა, ექსპერტიზის დასკვნა პრესკონფერენციაზე გატანილიყო. მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბარი არ გვქონია.
- ჩვენი ინფორმაციით, როდესაც იური ვაზაგაშვილმა ნახა ფოტოები, რომლებიც მოგვიანებით პრესკონფერენციაზე გამოქვეყნდა, ორი დღის განმავლობაში, ისე იყო შეძრული, რომ მასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა... რამ შეძრა ის? ეს ფოტოები საქმის მასალებში მანამდე ნანახი არ ჰქონდა?
- აღმოჩნდა, რომ იური ვაზაგაშვილს მისი შვილის ლიკვიდაციის ამსახველი ფოტოები შეგნებულად არ ჰქონია ნანახი და მათმა ნახვამ ის ძალიან შეძრა.
- იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდა დასკვნის შინაარსი, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ 19 იანვარს სკანდალურმა მოწმემ უკრაინიდან ალაპარაკება გადაწყვიტა... თქვენი აზრით, ამ ფაქტებს შეიძლება უკავშირდებოდეს ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის აფეთქება?
- ჩემი ღრმა რწმენით, ამას უკავშირდებოდა, ვინაიდან სწორედ ამით იური ვაზაგაშვილი ხდებოდა სამართლიანობისთვის მებრძოლ სიმბოლოდ. სწორედ ეს სიმბოლო ააფეთქეს. შესაძლოა, ეს სულაც არ შედიოდა იმ ადამიანთა გეგმებში, ვის გვარებსაც ღიად აცხადებდა აწ უკვე გარდაცვლილი, თუმცა, მეორე მხრივ, ზურა ვაზაგაშვილის საქმის გახსნას შესაძლოა, ისეთი ჯაჭვური რეაქცია მოჰყოლია, რომ ეს ჯაჭვი ძალიან შორს და ზევითაც ასულიყო...
- იქნებ უფრო მეტად დაგვიკონტრეტოთ, ვის შეიწირავს კორტების საქმის გახსნა, რომლის უმოკლეს ვადებში გამოცხადებასაც პროკურატურა აანონსებს?
- სახელებსა და გვარებს ვერ დაგისახელებთ, ვინაიდან ამ ინფორმაციას არ ვფლობ და არც მინდა ვფლობდე. თუმცა ფაქტია, რომ საქმის მასალებით გამოძიება წელშია გამართული იმისთვის, რომ სისტემური დანაშაული გამოიკვეთოს. ძალიან შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა უშუალოდ ვანო მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალება იყო. მინისტრები ასეთ დავალებებს არ იძლევიან. თუმცა თვითონ სპეცოპერაციის ჩატარების ასეთი წესი, რომელიც ძალიან ჰგავდა სხვებისთვისაც გასათვალისწინებელ სადამსჯელო ოპერაციას, მით უმეტეს, რომ მოხდა ახლო მანძილიდან პირის ლიკვიდაცია,იძლევა იმის პერსპექტივას, რომ სახეზე მივიღოთ სისტემური დანაშაულის სრული სურათი.
- სისტემური დანაშაული დადასტურდა განაჩენებით გირგვლიანის მკვლელობის ფაქტზეც, მაგრამ ვინმესთვის ამ საფრთხის არსებობას რომელიმე მისი ოჯახის წევრის აფეთქება არ გამოუწვევია...
- გირგვლიანის საქმეში ისეთი დეტალები დაიკარგა, რომელიც ვერასოდეს აღდგება. ამიტომაც გამოძიება ამ საქმეში ძლიერად ვერ დადგება ფეხზე. ამისგან განსხვავებით, კორტების საქმეზე გაცილებით მყარად არის პროკურატურა. თანაც საქმეს იძიებენ ისეთი გამომძიებლები, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ ძველ გამოძიებასთან...
- თუ ამით გინდათ თქვათ, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქება რომ ადამიანთა წრის ინტერესში იყო, ვისაც ამ საქმის გახსნით სასჯელი ემუქრება, ფაქტია, რომ პროკურატურა ამ საქმის გახსნას მაინც აანონსებს უახლოეს მომავალში...
- მე თქვენ გითხარით, რომ ვაზაგაშვილი გახდა სიმბოლო, ადამიანი, რომელიც მივიდა ბოლომდე, მივიდა ბიძინა ივანიშვილამდეც და მას ყველაფერი უთხრა. სწორედ მან შეძლო და მრავალწლიანი ბრძოლის ფასად შედეგს მიაღწია. განსხვავებით ირინა ენუქიძისგან, რომელიც ასევე იყო სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო, მაგრამ სიცოცხლეში შედეგს ვერ მიაღწია. ვაზაგაშვილმა საოცრებები შეძლო; საქმეში არის მოწმეების საოცარი ჩვენებები. დიდი სამუშაოა ჩატარებული. ადვოკატებმა ძალიან ბევრი იმუშავეს. რეზიუმე მინდა გავაკეთო - იური ვაზაგაშვილი გახდა სისტემური დანაშაულის დამმარცხებლის სიმბოლო, რომელსაც სიტყვა ეთქმოდა და ძალიან დიდი ძალა ჰქონდა. ეს ძალა ააფეთქეს. ამ აქტით კი მოხერხდა 2 წლის წინათ არსებული შიშის გაღვიძება. ეს იყო ერთგვარი მესიჯი - თუ მოინდომებ სამართლიანობის აღდგენას, იგივე მოგელის...
- ისრებს ნაციონალებისკენ ისვრით?
- ჩემი სუბიექტური აზრით, იური ვაზაგაშვილის აფეთქების დამკვეთი საქართველოს გარეთაა. ის არის იმ ცხელი თავების წარმომადგენელი, რომელიც გამუდმებით იმის ფიქრშია, როგორ დაღუპოს ქვეყანა. ბასტილიის აღებამ გამოიწვია რევოლუცია. ეს აფეთქებაც გათვლილი იყო საზოგადოების დაშინებასა და გარკვეული პროცესების დაწყებაზე.
- დავკონკრეტდეთ, დამკვეთებს ხედავთ რუსეთის სპეცსამსახურებში თუ უკრაინაში, სადაცაა მობილიზებული ძველი ხელისუფლება?
- მოდით, ვთქვათ პირდაპირ, ადამიანს, რომელიც ტელეეთერებით ბოლო ხანს პოლიციის მუნდირით გვევლინებოდა, დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი თავის გასაძლიერებლად სჭირდებოდა, ვინაიდან ჩვენთვისაც ცხადია, რომ ის იური ვაზაგაშვილის აფეთქებით ბოლომდე გაიწირა და მანაც კარგად იცის ეს.
- ვის ობიექტივში მოხვდა იური ვაზაგაშვილი? ფაქტია, რომ მან სახიფათო ცნობადობის ზღვარს მიაღწია. ასეთი ადამიანის ლიკვიდაციის შემდეგად, როგორც წესი, დამგეგმავები ქუჩის გამოსვლებზე აკეთებენ ხოლმე გათვლას...
- ფაქტია, რომ ის ძალიან ცნობილი გახდა. საზოგადოების ყველაზე დიდი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა დღეს. სწორედ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა იური ვაზაგაშვილმა და ეს მის ბოლო პრესკონფერენციაზე უკვე ცალსახად გამოჩნდა. სწორედ ამ გამარჯვების წერტილში მოცელეს ის. ამიტომაც არის ეს დამაშინებელი აქტი გაფრთხილებით - გამარჯვებამდე შეიძლება მიხვიდე, მაგრამ...
- ამ ტერორის ფარგლებში ხომ არ მოიაზრებთ თქვენც ერთგვარ ანონსებს მორიგი მსგავსი აფეთქების შესახებ?
- ასეთი ანონსები არის ერთგვარი მაზოხიზმი. კარგად ვიცით, რომ ხელისუფლებას, რომელსაც წლების განმავლობაში ჰყავდა ხალხი ტერორში, ისევ უნდა დაბრუნება. ეს ანონსები, მოსალოდნელი მორიგი აფეთქების შესახებ, სწორედ იმ შიშის გამოძახილია, რომელმაც საზოგადოებაში გაიღვიძა. იმ ტოტალური შიშის, რომელიც ხალხში ორი წლის წინათ არსებობდა და მათ შორის მეც მქონდა.
- მოდი, ერთგვარი რეზიუმე გავაკეთოთ: თუ აფეთქებას შიში უნდა გამოეწვია, დავაკონკრეტოთ, ვის ინტერესებში შედის ეს? მეორე მხრივ კი, თუ ფიქრობთ, რომ დამკვეთები რუსულ სპეცსამსახურებში უნდა ვეძებოთ, მაშინ ჩნდება კითხვა - ეს ორი მოსაზრება ერთმანეთთან შეიძლება რამე კავშირში იყოს?
- ეს ორივე პოსტულატი ერთმანეთისგან გამომდინარეობს და ერთმანეთის გაგრძელებაა.
მარიამ ნადირაძე
გაზეთი „პრაიმტაიმი"