reportiori.ge - ნინო ბურჯანაძე: ძალიან მინდა, რომ ეს ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილმა წაიკითხოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:23
ინტერვიუ
ნინო ბურჯანაძე: ძალიან მინდა, რომ ეს ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილმა წაიკითხოს!
ავტორი:
03 თებერვალი, 2015. 17:23



ექსპერტები „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისა“ და პარტია „ქართული ოცნების“ გაერთიანებას აანონსებენ. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტზე ირაკლი კობახიძე დაინიშნა, რომელიც ნინო ბურჯანაძის პარტიის უკვე ყოფილი წევრის გიორგი კობახიძის შვილია. სხვათა შორის, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილთან თავის   დროზე ვასილ მაღლაფერიძეს წარუდგენია, მამა-შვილს შორის აცდენილ პოლიტიკურ ხედვებზე დეტალები ივანიშვილისთვის არავის გაუმხელია. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მამა-შვილი კობახიძეები სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებში იყვნენ, ივანიშვილს უმრავლესობის წევრებისთვის უკითხავს, საინტერესოა, რა პასუხს გასცემთ ოპონენტებს, როცა მამა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრია, მისი შვილი კი – ჩვენი პარტიის აღმასრულებელი მდივანიო... გიორგი კობახიძემ მისი შვილის წარდგენის დღესვე დატოვა ბურჯანაძის პარტია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო. გიორგი კობახიძე პოლიტიკური კორექტულობით ყოველთვის გამოირჩეოდა, მაგრამ ამ ფაქტმა გააჩინა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ნინო ბურჯანაძისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გზები გადაიკვეთოს, რაზეც ლაშა ამირეჯიბი, „სახალხო კრების“ სახელით „ალიასთან“ ინტერვიუში საუბრობდა. „ალიასთან“ ინტერვიუში პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ეს ინტერვიუ წაიკითხოს:

 

– ლაშა ამირეჯიბი თავის დროზე ნამდვილად აქტიურად იყო ჩართული  „სახალხო კრების“ აქტიურობაში, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, მისი აქტიურობა არ დაფიქსირებულა, ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ „სახალხო კრების“ სახელით განცხადების გაკეთება შეუძლია მხოლოდ „სახალხო კრების“ აღმასრულებელ საბჭოს და სხვას არავის. ასე რომ, „სახალხო კრების“ სახელით ნურავინ ილაპარაკებს, მით უმეტეს, როცა „სახალხო კრებაში“ ასეთი საუბარი არ ყოფილა, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს, ჩვენსა და პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის არანაირი გაერთიანება არ იგეგმება.

 

– თქვენს შორის პარტიული გაერთიანების ეჭვს ისიც იწვევს, რომ ბევრი თქვენი თანაპარტიელი „ოცნების“ ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე დაინიშნა, ამას რით ხსნით?

 

– ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩემი პარტიიდან წავიდა „ქართულ ოცნებაში“, მათი წევრია და არა ჩემი პარტიის. ჩემი პარტიის ყოფილი წევრების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა სულაც არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი მე მაბარებს ხელისუფლებას...

 

– კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშლის პირასაა. „რესპუბლიკელები“, დიდი ალბათობით, ოპოზიციაში გადავლენ, ისინი გულშემატკივრობენ ირაკლი ალასანიას  პარტიას და არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ერთად ვიხილოთ „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა. გაურკვეველია „ეროვნული ფორმის“ პოზიცია... ბიძინა  ივანიშვილი თავის ინტერვიუში ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვადამდელი არჩევნების წინ პარტიებს შორის პოლიტიკური კონფიგურაცია შეიცვალოს და თქვენი გზები გადაიკვეთოს?

 

– ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ნათლად გამოჩნდა, რომ, სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ კრიზისს ყველა გრძნობს, ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის გარდა. რაც შეეხება კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგა ხანია დამოუკიდებელი თამაში აქვთ დაწყებული, ისინი შეეცდებიან, რომ ამ არჩევნებზე „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში გამოვიდნენ. „რესპუბლიკელებს“ არჩევნებში მარტო გამოსვლის შემთხვევაში არავითარი შანსი არ  აქვთ, არც ალასანიასთან ალიანსი უშველის მათ და პირიქით, „რესპუბლიკელებისა“ და ალასანიას ალიანსი „თავისუფალ დემოკრატებს“ მეტად დაასუსტებს. ასე რომ, იქნება მცდელობა, კვლავ ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეინარჩუნონ ადგილი კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა. რაც შეეხება ჩვენს პარტიას, იმდენად დიდია ჩვენსა და „ოცნების“ ხედვებში წინააღმდეგობები, რომ შეუძლებელია ჩვენი გაერთიანება. როცა მე ვლაპარაკობდი, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია დამანგრეველია, თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, ნოტაციებს მიკითხავდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ბევრი სხვა, თურმე უნდა მოვითმინოთ, მოვიცადოთ და ეს პათოსი კვლავ გაიმეორა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში... იცი, რა? ძალიან ადვილია, მოშიებულ საზოგადოებას მოთმინებისკენ მოუწოდო, როცა შენ 5 მილიარდი გაქვს, როცა შენს  ირგვლივ არავინ დაუპატიმრებიათ, არავინ დაუწიოკებიათ, არავინ უცემიათ, არავინ მოუკლავთ... ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, რაც მოგაყენეს, შეიძლება ის არის, რომ ოლიგარქი გიწოდეს. კოჰაბიტაციის შედეგია, იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობა. მსგავსი საშინელი ამბავი, ფილმშიც არ მინახავს, მამა შვილის საფლავზე მოეკლათ?! ეს არის საოცარი ცინიზმი, რომელიც ძალიან ცოტა ადამიანის ტვინში შეიძლება მოიხარშოს, ეს იყო თითოეული ადამიანისთვის გაწნილი სილა. რა თქმა უნდა, ეს არის კოჰაბიტაციის შედეგი და, რა თქმა უნდა, ეს არის „ქართული ოცნების“ ბრალი. ისინი რომ „ნაციონალებთან“ კოჰაბიტაციაში არ შესულიყვნენ და დასავლეთთან კეკლუცობა არ დაეწყოთ, ასეთ საშინელ მკვლელობას ვერავინ გაბედავდა! გახსოვთ, ამაზრზენი ტექსტები, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან მოდიოდა, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, რომ ჩვენი ამოცანაა, გადავარჩინოთ „ნაციონალური მოძრაობა“, ვაპატიოთ დანაშაული და ა.შ. ბიძინა ივანიშვილმა ერთი წამით წარმოიდგინოს, მისი შვილი რომ ეცემათ, უფრო მეტს არ ვამბობ, ღმერთმა დაიფაროს, ისე, როგორც სცემეს ჩვენი პარტიის წევრები და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, აპატიებდა „ნაციონალურ მოძრაობას“?!. მეზობელმა ერთი გოჯი მიწა რომ ჩამოაჭრას ბიძინა ივანიშვილს, იმას არ აპატიებს. სხვათა შორის, ჩვენ ამის მაგალითებიც ვიცით, ქონებრივ დავებს ვგულისხმობ. საქართველოს ტერიტორიის 25%-ის ჩამოჭრა რანაირად აპატია მიხეილ სააკაშვილს?!. მე არ მინდა მკითხველს აბსოლუტურად შავ-თეთრში ვაჩვენო ყველაფერი, მე ვუფასებ ბიძინა ივანიშვილს იმ წვლილს, რომელიც მან სააკაშვილის დროზე მოშორებაში შეიტანა და მართალი მინდა გითხრათ, რომ დღეს ადამიანურად თავს კომფორტულად ვგრძნობ. მაგრამ ფაქტია, რომ ამ კოჰაბიტაციით „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა, გაირეცხა, გაძლიერდა და თანდათანობით ძალას იკრებს, „ქართული ოცნების“ დაძაბუნების ხარჯზე.

 

– აცხადებთ, რომ თქვენი ხედვები არ ემთხვევა, საგარეო კურსს გულისხმობთ?

 

– მე არ მივაყენებ თქვენს მკითხველს შეურაცხყოფას და არ დავიწყებ იმის ახსნას, რომ ვითომ პრორუსულობა და ვითომ პროდასავლურობა ხელისშემშლელი  ფაქტორია, ეს არაფერ შუაშია, ყველა გონიერმა ადამიანმა კარგად იცის, რომ  ჩვენ არ ვართ პრორუსული ძალა, მაგრამ ჩვენ ვართ ძალა, რომელიც მომხრეა, საქართველომ აწარმოოს დამოუკიდებელი სახელმწიფო პოლიტიკა. ამ დროს, ჩვენ ვხედავთ  ხელისუფლებას, რომელსაც ელემენტარული უნარი არ აქვს იმისა, რომ საშინაო ან საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს უცხოური საელჩოს გარეშე. სიმართლე გითხრათ, არ მინდა, რომ ჩვენს მომხრეებს ჰქონდეთ გაერთიანების ილუზია, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჩვენ ძალიან დაგვაზარალა ამ ილუზიამ, როცა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს სურვილი ჰქონდა, ბიძინა  ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურისთვის დაეჭირა მხარი, ბევრი ადამიანი ამით იყო მოტივირებული, რომ ასეთი ერთობა შედგებოდა. ამიტომ დღეს არ მინდა, ჩვენი მომხრეები ილუზიაში და იმის მოლოდინში იყვნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ ვიქნებით „ქართულ ოცნებასთან“. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამ არჩევნებით ხელისუფლებაში მოვიდეთ. არ მაინტერესებს პარლამენტში 10-15 კაცით მოსვლა!

 

– ქალბატონო ნინო, ამბობთ, რომ ივანიშვილს არ შეხებია სააკაშვილის რეჟიმი, შეგახსენებთ, მისი ლიკვიდაციაც იგეგმებოდა... აღარაფერს ვამბობ, ივანიშვილის ქონების დაყადაღებაზე და ა.შ.

 

– არ ვიცი, ვერ გეტყვით, შეიძლება ასეც იყო... „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე მიდიოდა, ვუფასებ ამას ბიძინა ივანიშვილს, რომ სააკაშვილის რეჟიმი  მოგვაშორა, ადამიანურად თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე ვგრძნობდი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს... ჩემი მეუღლე დაბრუნდა, ჩემი თანაპარტიელები ციხეებში არ სხედან და ოჯახებს დაუბრუნდნენ, არ გეშინია ადამიანს, რომ პოლიტიკური ნიშნით შეგავიწროებენ.

 

– ბიძინა ივანიშვილსაც ჰქონდა თქვენ მიმართ არაერთი პრეტენზია, მათ შორის ის, რომ „ნაციონალებმა“ გააპარეს ბურჯანაძის ქმარიო...

 

– იყო ასეთი უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო განცხადებები, მაშინ ბოდიშიც  მოიხადეს ამ განცხადების გამო, პიროვნულ წყენაზე არაფერს ვამბობ, ნამდვილად არ ვუსურვებ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ის გადაიტანოს, რაც მე გადავიარე, თუნდაც 26 მაისის ღამეს, ან მერე, როცა სამი დღე-ღამის განმავლობაში არ ვიცოდი,  ჩემი ქმარი ცოცხალი იყო თუ არა... ქალბატონი ეკა ნამდვილად დადებითი პიროვნებაა და არც მას და არც სხვებს არ ვუსურვებ მსგავსი რამის გადატანას. ამას თავი დავანებოთ და ვიტყვი, რომ გაცილებით მშვიდად ვცხოვრობ, ვიდრე ვცხოვრობდი „ნაცმოძრაობის“ დროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურად მოვუწონებ იმას, რომ ქვეყანას მოუყვანა აბსოლუტურად უუნარო მთავრობა, მოუყვანა პარლამენტი, რომელსაც საქართველოს  მოსახლეობა პატივს არ სცემს და ნამდვილად ვერ მოვუწონებ ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ კულუარებიდან დაიწყო ქვეყნის მართვა, დღეს ქვეყანაში არის რეალობა, როდესაც არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა გამართულად არ მუშაობს. არ მომწონს, როცა ბატონი ივანიშვილი კულუარებიდან მართავს ხელისუფლებას და პაიკებივით ალაგებს იმ ადამიანებს, რომელთა მთავარი ღირსება ბიძინა ივანიშვილის ერთგულებაა. ეს დამღუპველი იქნება თავად ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი პარტიისთვის, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ეს უკვე დამღუპველია. როგორც წვეთი წყლით შეგიძლია გააკეთო ერთი კასრი წყლის ქიმიური ანალიზი, თითოეული ფაქტიც ასე ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ხელისუფლება გვეუბნება, რომ თურმე ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ ისევ გვისმენს, მაგრამ ის, რომ პატრულისა და მოქალაქის საუბრის ჩანაწერი ხვდება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში და ამას „ნაცმოძრაობა“ აპიარებს, ეს რას ნიშნავს? პატრულის თანამშრომელი არის სახელმწიფოს ოფიციალური თანამშრომელი, მას ეს ჩანაწერი აქვს, როგორც სახელმწიფო კუთვნილება, როცა ეს ჩანაწერი ხვდება „ნაცების“ ხელში, ეს მიუთითებს იმას, რომ საქართველოში პოლიცია თავის სიმაღლეზე არ დგას. ასეთი ფაქტი თქვენ გახსენდებათ „ნაცმოძრაობის“ დროს, როცა ჩანაწერი ხდებოდა ოპოზიციის ხელში? როცა „ნაცმოძრაობა“ ბედავს და დღეს პატრულზე ლაპარაკობს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გარყვნა, როგორ შეიძლება ეს ვაპატიო „ქართულ ოცნებას“, როგორც მოქალაქემ, როცა ჩემი პარტიის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა დაპატიმრებული იყო პატრულის ტყუილი ჩვენების საფუძველზე. ისევ ის ხალხია შემორჩენილი, ამის გამო ერთი კაცი დაისაჯა?!

 

ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, – ჭიკაიძის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ გომელაურმა დაალაგა შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუ ასე ყველაფერი გააწიკწიკა, მაშინ მინისტრი რატომ გახდა იძულებული, გადამდგარიყო და რატომ გაჰყვა მას ნახევარი სამინისტრო?.. ჩამოვიდეს ბატონი ივანიშვილი დედამიწაზე, ძალიან დაგვავალებს... მე მესმის, როცა 5 მილიარდი დოლარი გაქვს, ილუზორულ სამყაროში ცხოვრობ, ძნელია ასეთ სიტუაციაში ობიექტურ რეალობაში აღმოჩნდე. ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, ეს ხელისუფლებაში მოსულ ადამიანებსაც ემართებათ. იმედია, შემდეგ ხელისუფლებას ეს აღარ დაემართება... ძნელია, ამ ცდუნებას გაუძლო, როცა ყველა გეუბნება, ყველაფერში მართალი ხარო, მაგრამ ჩამოვიდეს ბიძინა ივანიშვილი დედამიწაზე და მიხვდება, რომ ლარის კურსი არ არის გადასარევ მდგომარეობაში.

 

ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული, უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყანა, კარგ მდგომარეობაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან, რომლებსაც არც კი დაესიზმრებოდათ, თუ ოდესმე თავს ასე კარგად იგრძნობდნენ. 100-ათასლარიანი პრემიებიდან ქვემოთ ჩამოვიდნენ, დაუახლოვდნენ საზოგადოებას, გავიდნენ ხალხთან და ნახონ, რა მდგომარეობაში არიან ადამიანები.

 

– რა განცდა დაგრჩათ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან? ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილი მისი ფავორიტი აღარ არის? ვაფრთხილებდი, ნათესავები შენი პრობლემა გახდება-თქო... უნდა ველოდოთ მთავრობის ცვლას?

 

– ყველაფერს ირაკლი ღარიბაშვილსნუ დავაბრალებთ და ვთქვათ ერთი რამ, – ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს იყო ფაქტი, როდესაც ბატონი თამაზ თამაზაშვილი, რომელიც უკანონოდ იყო დაპატიმრებული, ნამდვილად იმსახურებდა ციხიდან განთავისუფლებას, მაგრამ ის გათავისუფლდა გამონაკლისის წესით მაშინ, როდესაც ყველა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი დარჩა ციხეში. რატომ დაუშვა ბიძინა ივანიშვილმა ეს ფაქტი? არ უნდა იფიქროს, რომ ცუდი მაგალითი მისცა იგივე თამაზაშვილს, ღარიბაშვილს და ბევრ სხვა ადამიანს... თამაზაშვილის განთავისუფლების შემდეგ ეს უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები 6 თვის განმავლობაში ელოდებოდნენ ციხეებიდან გამოსვლას. ერთადერთმა ადამიანმა, და ეს ბიძინა ივანიშვილი იყო, აღიდგინა სამართლიანობა და ჩამორთმეული ქონება დაიბრუნა, დანარჩენებმა „ბუტკაც“ ვერ დაიბრუნეს. ეს არ იყო უსამართლობა?!. ივანიშვილმა ჯერ აგვარჩევინა თავის ფავორიტი პრეზიდენტად, მერე სამ თვეში გაუბრაზდა. საზოგადოება აღფრთოვანებულია იმით, რომ დღეს ივანიშვილი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, ვინც თვითონ მოიყვანა ხელისუფლებაში და თავად დაგვასვა თავზე. დღეს არის დისკუსია იმაზე, რომ ბიძინა შეცვლის მთავრობას, ან „ქართულ ოცნებას“ ჩაუდგება სათავეში და ისევ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. სანამ საზოგადოებას ასეთი განწყობები ექნება, არაფერი გვეშველება. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, პარლამენტი რომ ვერ იქნებოდა ფუნქციონალური ორგანო, ეს იყო სრულიად ნათელი, როდესაც პარლამენტში მოვიდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა „ნაციონალებთან“ ფლირტით იყო დაკავებული და ჩვენ თავ-პირს გვამტვრევდნენ 26 მაისს, სრულიად გასაგები იყო, რომ ეს ტკბილი საუბარი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ქართული ოცნების“ აბსოლუტურ უმრავლესობას შორის იქნებოდა... წარმოიდგინეთ, დღეს პარლამენტში რომ იყოს „დემოკრატიული მოძრაობის“ თუნდაც 15 კაცი, „ნაცმოძრაობა“ და კაკო ბობოხიძე ამდენს გაბედავდნენ?! ჯერ ერთი, ვერ გაბედავდნენ და თუ ამას გაბედავდნენ, ის კი არ იქნებოდა, ოთხი მსოფლიო ჩემპიონი რომ ურტყამდა და ერთი „სინიაკი“ ვერ დაადეს სახეზე, თავ-პირი აღარ ექნებოდა... ამდენს იმიტომ ბედავს „ნაცმოძრაობა“, რომ იქ ორი-სამი კაცის გარდა, რეალურად არც ერთს არა აქვს ნაბრძოლი... მინდა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გითხრათ: როცა საუბრობენ, რომ დასავლეთის მოთხოვნა იყო „ნაციონალებთან“ კოჰაბიტაცია, დასავლეთის მოთხოვნა ისიც იყო, რომ შევარდნაძის მთავრობის წევრები არ დაეჭირა მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ სააკაშვილს მათთვის არ დაუჯერებია. ჩვენს ხელისუფლებას თავისი ჩრდილის ეშინია, ასეთზე კი ზეწოლის განხორციელება ადვილია. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, სააკაშვილს რომ დადასტურებოდა ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი აქვს, რომელი დასავლელი პოლიტიკოსი გაბედავდა მის დაცვას?!. ბიძინა ივანიშვილს იმიტომ კი არ ვაკრიტიკებ, რომ მისი მტერი ვარ, ვაკრიტიკებ იმიტომ, რომ ძალიან მაწუხებს ის, რაც ხდება. ძალიან მინდა, რომ ეს ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილმა წაიკითხოს, ეგებ უფრო ადეკვატურად შეხედოს არსებულ სიტუაციას. კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში, სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ, ქვეყანას პატრონი არ ჰყავს!

 

– კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებთ, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას? და ვისგან მოდის ეს საფრთხე?

 

– „ნაცმოძრაობა“ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით გადაიქცა საფრთხედ, არამედ ქვეყნის გარეთაც საფრთხეა. უკრაინელების არჩევანია „ნაციონალების“ დანიშვნები თანამდებობებზე, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, როცა საქართველოს დამაქცევარი ხელისუფლების წარმომადგენლებს თავის ქვეყანაში პირველ პირებად ნიშნავენ, კარგ დღეში არ ჩააგდებენ. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყანაში არ დაინახოს საფრთხე, რომ „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი თავის „ზონდერბრიგადებს“ ამზადებს უკრაინაში იმისთვის, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოაწყოს. რამდენადაც მახსოვს, ივანიშვილი თავის ინტერვიუში ამბობდა, „ნაციონალებს“ არაფრის თავი და ძალა აღარ აქვთო. „ნაციონალებს“ ასჯერ მეტი ძალა და თავი აქვთ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას, ეს ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ. მიაქციეთ ყურადღება, სააკაშვილის განცხადებას, რამდენიმე თვეში საქართველოში დავბრუნდები და ამისთვის არჩევნები სულაც არ მჭირდებაო. უკრაინაში არიან ისეთი ქართველი მებრძოლები, ვინც გულწრფელად იბრძვის, მაგრამ ასეთები თითზე ჩამოსათვლელია, დანარჩენები იბრძვიან სწორედაც, რომ ფულისთვის და სწორედაც რომ არიან სააკაშვილის „ზონდერები“! მთლად გვარების ჩამოთვლას ნუ მომთხოვთ, მაგრამ მოიკითხეთ ის ადამიანები, რომლებიც 26 მაისის აქციებს არბევდნენ, სააკაშვილის „ზონდერბრიგადის“ წარმომადგენლები არიან, სააკაშვილი უკრაინაში ქმნის თავის დასაყრდენ შეიარაღებულ გვარდიას, რომელიც შეიძლება, ძალიან დიდი ალბათობით, ჩვენს სახელმწიფოს შემოუტრიალოს. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველო არის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე.

 

– „ნაციონალების“ დაბრუნებისა და ხელისუფლების დამხობის სცენარის განხორციელება, როგორ წარმოგიდგენიათ?

 

– თუ ხელისუფლებამ თავი ვერ დაიცვა, რატომ გგონიათ, რომ ვერ მოახერხებენ ხელისუფლების გადატრიალებას? რა, სააკაშვილმა ომი არ დაიწყო? სააკაშვილი გახდება ისტორიული ფიგურა, თუკი ის საქართველოში მოახერხებს ვითარების არევას და საქართველოდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას. დღეს სააკაშვილი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ეჭვი გეპარებათ, რომ საქართველო ომში იქნებოდა ჩათრეული?! როგორ გგონიათ, რატომ გამოუშვა სააკაშვილის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის ამაზრზენი ვიდეო, იმიტომ, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობა გადაიფაროს და კიდევ ბევრი სხვა რაღაც ჩამოერეცხოს „ნაცმოძრაობას“ და სხვა რამეზე იყოს აქცენტი გადატანილი. ამაში „ნაციონალებს“ „ხუთიანი“ კი არა, „ასიანი“ უწერიათ... თუ ეს ხელისუფლება გონს არ მოეგო, ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდება. არ გამოვრიცხავ, რომ სერიოზული ტერაქტები მოხდეს საქართველოში კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ, ერთადერთი გზა სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნებისა არის სამოქალაქო დაპირისპირების შექმნა და ქვეყანაში დაძაბულობა, რადგან მან კარგად იცის, რომ ხელისუფლებაში არჩევნებით ვერ მოვა, სააკაშვილს კი შეუძლია, ნებისმიერ სცენარს მოაწეროს ხელი, უზარმაზარი ფული აქვთ, ამ უნიათო ხელისუფლებამ ისიც ვერ მოახერხა, რომ ფინანსური ნაკადები გადაეკეტათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათ მილიონები  შესდით ყოველთვიურად, აქვთ მედიარესურსები, ახლად შექმნილი ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციები. ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში თქვა, ლომჯარიაზე, გიგაურზე, კოჟორიძეზე ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ, ძალიან ბევრი კითხვა გვაქვსო. „ქართული ოცნება“ თუ ასეთი მაგარია, დაინტერესდეს, „ნაციონალების“ გუშინდელმა მინისტრებმა, მათმა მოადგილეებმა, დეპარტამენტის უფროსებმა თვალსა და ხელს შუა არასამთავრობო ორგანიზაციები რომ შექმნეს, ასეულობით ათასი დაფინანსება მიიღეს, „პირიმზის“ შენობაში გაწკრიალებული ოფისები რომ აქვთ, ბოლო ტექნიკით აღჭურვილი, შეისწავლონ, განახორციელონ რევიზია, გაარკვიონ, რა ხდება იქ? ეს არის სააკაშვილის თანაგუნდელების მიერ შენიღბული ორგანიზაციები. ასე რომ, საფრთხეები სერიოზულია და ამის თქმის საფუძველს კონკრეტული ინფორმაციები მაძლევს!

 

ნინო სამხარაძე

 

გაზეთი „ალია“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016