ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილია. მიმდინარე კვირას შესაძლოა, იური ვაზაგაშვილის საქმეზე შუალედური დასკვნა გახდეს ცნობილი. პროკურატურას ახალი ოპერატიული ინფორმაცია აქვს, რომლითაც ამ საქმის დეტალები გახდება ცნობილი. ადვოკატი ირმა ჭკადუა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქმეში გარკვეული სიახლეები არის, გამოძიებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ოპერატიული ინფორმაცია და ამ ოპერატიული ინფორმაციის დამუშავება მიმდინარეობს.
არის თუ არა ეს ის მასალაა, რომლის შემდეგად გარკვეულ კონკრეტიზაციამდე მივა გამოძიება, რას პასუხობს ფირცხალავას მეუღლეს, რა სიახლეებია აფრასიძეების საქმეში და რამდენად შთამბეჭდავი იქნება დაკავების ახალი სერია - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატს, ირმა ჭკადუას ესაუბრა.
როგორც გაირკვა, მიმდინარე კვირას, შესაძლოა, იური ვაზაგაშვილის საქმეზე შუალედური დასკვნა გახდეს ცნობილი. პროკურატურას ახალი ოპერატიული ინფორმაცია აქვს, რომლითაც ამ საქმის დეტალები გახდება ცნობილი. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რა არის ეს ოპერატიული მასალა?
- არის ძალიან ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი, უბრალოდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე ვერ ვსაუბრობ.
რამდენად ელოდებით ამ საქმის გახსნას? ძნელია, ალბათ, წინასწარ ვადებზე საუბარი, მაგრამ პროკურატურა ამბობს, რომ იმაზე მეტი მტკიცებულება აქვთ, ვირდე მკვლელობიდან მე-3 თუ მე-4 დღეს...
- ეს არის უთულესი საქმე. სიჩქარე ამ საქმისთვის არ არის კარგი, სიჩქარეში შეიძლება მნიშვნელოვანი დეტალი გაეპაროთ, ან არ იქნას სრულყოფილად გამოძიებული. საგამოძიებო ორგანოებს იმდენი ვადა და შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, სანამ არ გახსნიან საქმეს. საქმეს გახსნა არ შეიძლება ზერელე იყოს. ყველა მათი განცხადება არგუმენტებით უნდა იქნას გაჯერებული. გეტყვით, რომ საქმეში არის სიახლეები, ამასთანავე, არის ნათელი წერტილები. იმედს ვიტოვებ, რომ ამ საქმეს გახსნიან. თუმცა, სამწუხაროა, რომ ის, რაც დღეს გააჟღერა მთავრმა პროკურატურამ ამის შესახებ 2006 წლიდან საუბრობდა ბატონი იური ვაზაგაშვილი.
კორტების სპეცოპერაციის რეალურ მიზეზებზე, დანაშაულზე, დანაშაულის მოტივზე და დამნაშავეების შესახებ, მტკიცებულება მოიპოვა იური ვაზაგაშვილმა, ეს დასკვნა ერთი ერთზე ემთხვევა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებას. თქვენთვის სიახლე იყო ის, რაც პროკურატურისგან მოიპოვეთ?
- რასაკვირველია არა. ამ საქმეში, რომ გამოსაძიებელი არაფერი იყო, ამას ბატონი იურიც ამბობდა. ამ ადამიანმა დეტალურად გამოიძია მისი შვილის მკვლელობის საქმე. იგივეს ვამბობდით ადვოკატები 2006 წლიდან, რომ ხელის გულზე იდო ყველაფერი. შსს-ს მიერვე გავრცელებულ კადრებში ძალიან კარგად ჩანდა, რომ მიზანმიმართული სროლები ხორციელდებოდა ავტომანქანის შეჯახების შემდგომ. ბატონ იურის სერიოზული ნამუშევარი აქვს. პრაქტიკულად, კერძო დეტექტივად იქცა ამ წლების განმავლობაში. ყველაფერი იცოდა და მიტომაც უსკდებოდა გული, რომ რეალაურად გამოსაძიებელი არაფერი იყო, ხელისგუზე იდო ყველაფერი, უბრალოდ ნებას ვერ ხედავდა.
2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნება, რომ არ იყო ამაში გასაკვირი არაფერი იყო, მაგრამ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ბატონი იური მოწიწებით ელოდა მისი შვილის საქმის გამოძიებას. როდესაც შეხედა, რომ არაფერი ხდებოდა, მან დაიწყო აქტიურობა. ძალიან სამწუხაროა, რომ პირველი წლები ფუჭად იყო პროკურატურა, ახლა ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან აქტიურად იმუშავეს. სწორედ, ეს გააქტიურება გახდა ალბათ ცნობილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც საფრთხე დაემუქრებოდათ ამ საქმის გახსნით. ერთადერთ ვერსიას, რომელსაც მე ჩემთვის განვიხილავ, გახლავთ ის, რომ ბატონი იური ვაზაგაშვილი მოკლეს იმ ადამიანებმა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციაში.
პროკურატურა ადასტურებს, რომ დაკავებული სპეცრაზმელები დღესაც მუშაობდნენ შსს-ში. რაც შეეხება მირზოევსა და დალაქიშვილს, რომელთა ბრალეულობაზე საუბროდა ვაზაგაშვილი, გამოძიება არაფერს ამბობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მირზოევმა დატოვა საქართველო...
- თუკი, მან საქართველო დატოვა, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა და იყო დამნაშავე. თუ ის არ იყო დამნაშავე, ბუნებრივია, არ გაიქცეოდა. ფაქტია, რომ ეს ადამიანები გაურბიან გამოძიებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩართული არიან 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციაში. იცით, რომ გრძელდება გამოძება და გამოძიების ფარგლებში შესაძლებელია სხვა გვარებიც გახმოვანდეს.
გიორგი ცააძე, რომელმაც გამოძიების მტკიცებით, საკონტროლო გასოროლა განახორციელა ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის წინააღმდეგ, უარყოფს ამ ფაქტს და აცხადებს, რომ კრიმინალებმა გვესროლეს და თავის დაცვის მიზნით ვესროლეთო....
- ცააძემ რა კომენტარი გააკეთა ეს ნამდვილად არ მაინტერესებს. მის კომენტარზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ბოლო 9 წლის განმავლობაში, არაერთხელ გაუკეთებია ამის შესახებ განცხადება ბატონ იურის, თუკი მათ არ ჰქონდათ შეხება ამ სპეცოპერაციასთან, მაშინ შეეძლოთ გაეკეთებინათ განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მათგანი დააკავეს სასამართლოს განჩინებით. თუკი არ იქნებოდა საკმარისი მტკიცებულებები, თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ განჩინებები მათი დაკავების თაობაზე არ იქნებოდა გაცემული. ე.ი. საკმაოდ მყარი მტკიცებულება წარადგინა პროკურატურამ, რაც დაადასტურა სასამართლომ.
სპეცოპერაციის გეგმა შეადგინა ირაკლი ფირცხალავამ, მაგრამ მას ხელი მოაწერა შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსმა ირაკლი ქადაგიძემ, რომელიც არაა დაკავებული და მათ შორის არც შს მინისტრის მოადგილე ლევან გვაზავა, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას და იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. დაკავებულია მხოლოდ 11 პირი, ეს არის სრული სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ამ სპეცოპერაციასთან?
- ვერ გეტყვით გამოძიების მიმდინარეობისას ვისი ბრალეულობა გამოიკევთა, იმიტომ, რომ სია გაცილებით მარავლკაციანი იყო. იმ სიაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად იყვნენ ჩართულები სპეცოპერაციაში, ან შემდეგ საქმის გამოძიებაში. მართალია ჩვენ ჩართული ვიყავით გამოძიებაში, მაგრამ დეტალურად არ არის ჩვენთვის ცნობილი კიდევ დამატებით რამდენი პირის ბრალეულობა გამოიკვეთება. რამდენადაც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს. 2012 წლის შემდგომ, დროულად რომ დაწყებულიყო გამოძიება, არ იქნებოდა იური ვაზაგაშვილის მსხვერპლიც. კარგია, რომ გამოძიება დაიწყო და იმედეს ვიტოვებ, რომ დაკავებულთა წინააღმდეგ მტკიცებულება საკმარისი იქნება იმისათვის, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.
სპეცოპერაცია დათარიღებულია 1 მაისით, პატაკი კი შედგენილია 2 მაისით, ამ პატაკს ხელს აწერს ირაკლი ქადაგიძე და საქმეში ასევე ფიგურირებს ლევან გვაზავა. იური ვაზაგაშვილი მათ კონკრეტულ ბრალდებებს უყენებდა. მათი ბრალეულბა რატომ ვერ გამოკვეთა გამოძიებამ?
- ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ დაკითხულიყვნენ ეს ადამიანები და იმ შემთხვევაში, თუ მათი ბრალეულობა გამოიკვეთებოდა, დაკავებულიყვნენ არა ერთი ან ორი ადამიანი, არამედ ყველა ის ადამიანი, ვის გვარებსაც იური ვაზაგაშვილი ასახელებდა. ვნახოთ, რა განვითარება მოჰყვება ამ საქმეს. რაც შეეხება გვაზავას და ქადაგიძეს შესაძლებელია, ამ ადამიანებმა ითანამშრომლეს კიდევაც გამოძიებასთან და ამიტომ მათზე გავრცელდა კანონით გათვალისწინებული შეღავათები. გამოძიება მიმდინარეობს, იმედს ვიტოვებ, რომ ამ ადამიანების დაკითხვისა და ჩვენების მიცემის შემდგომ, სხვა მტკიცებულების შეჯერების შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას იქნებიან თუ არა დასაკავებელი.
ინფორმაცია რაც გავრცელდა, შეგიძლიათ თქვა, რომ ეს საქმე ბოლომდე გახსნილია?
- 2006 წლის 2 მაისის შემდეგ ოჯახის ადვოკატები ვამბობდით, რომ ეს არ იყო სპეცოპერაცია, ეს იყო მიზანმიმართული მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას. ყველამ ვიცით, რომ საფრთხე შეექმნათ არა მარტო ე.წ. ეჭვმიტანილებს, რომლებიც დამნაშავეებად გამოაცხადეს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც. მე ვერ გეტყვით გამოძიებას რა მტკიცებულელები აქვს, შეიძლება სხვა პირებიც არიან დასაკავებელი, მაგრამ გამოძიებამ ვერ მოიპოვა მტკიცებულება ამ მიმართულებით. შესაძლებელია აწი მოიპოვონ მტკიცებულება. გაცხადდა, რომ გამოძიება მიმდინარებს, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია სხვადასხვა ადამიანები იქნენ დაკავებულები.
პროკურატურასთან იმყოფებოდა ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, რომლის განცხადებით, სახელმწიფო დღეს დგას მკვლელების, ყაჩაღების, გამტაცებლების და ნარკოტიკებით მოვაჭრეების ოფიციალურ ადვოკატად. ამბობს, რომ მისი მეუღლე უდანაშაულოა და თვლის, რომ მასაც განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება, რადგან ირაკლი ფირცხალავას მეუღლეა...
- ნადვილად არანაირი სურვილი არ მაქვს ფირცხალავას მეუღლის განცხადებას გამოვეხმაურო. წლების განმავლობაში იური ვაზაგაშვილი და მისი მეუღლე ციალა შანავა აკეთებდნენ განცხადებას, მაგრამ არაფრად არ აგდებდნენ. ამ ქალბატონს თუ საფრთხე ემუქრება, დაემუქრება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში ბიზნესებს ართმევდნენ და მათ სახელზე იფორმებდნენ. ამასთან დაკავშირებით არსებობენ ცოცხალი ადამიანები, რომლებიც ადასტურებენ და დიახ, ამ ქალბატონს ადებენ ხელს, რომ მან მილიონიანი მშნებარე კორპუსები გადაიფორმა საკუთარ თავზე. ჯობია, რომ ამ საქმეებთან დაკავშირებით გასცეს პასუხები დაზარალებულებს. სხვა შემთხვევაში, არ ვიცი ვისგან უნდა დაემუქროს საფრთხე. თუკი ადამიანს ეშინია, ეშინია იმის, რომ მას დანაშაუალი აქვს ჩადენილი. ჯობია კოკაიას გასცეს პასუხი.
შპს „მაღლივმშენის“ დამფუძნებლის კოტე კოკაიას განცხადებას გულისხმობთ? რომლის მტკიცებით, ფირცხალავა დაემუქრა, რომ თუ არ გადააფორმებდა ბიზნესს მისი მეუღლის სახელზე, მოკლავდა.
- დიახ. ქალბატონმა რომელმაც იცის, რომ მისი მეუღლე ასეთ ინტონაციაში ესაუბრება ნებისმიერ ადამიანს, ვფიქრობ, რომ მას საფრთხე ალბათ, მეუღლიდანაც უნდა ემუქრებოდეს. რა მნიშვნელობა აქვს ვის მოკლავს ადამიანი.
საქმის პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობაც“...
- პოლიტიკური პარტიაა და მათ აქვთ უფლება გააკეთონ განცხადება. რაც შეეხება საქმის პოლიტიკურად ანგაჟირებას, ძალიან უხერხულია ამაზე საუბარი. მეტიც, ვფიქრობ, რომ ეს სხვა დანაშაულის გადაფარვას უფრო ემსახურება, ვინაიდან მათ არ აქვთ არგუმენტები და ურჩევნიათ, რომ პოლიტიკური შეფასებები გააკეთონ. ნადვილად ამ საქმეს პოლიტიკასთან შეხება არ აქვს. ჯობია სწორი აქცენტები გააკეთონ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მალე გაიხსნება სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეც. ვგულისხმობ აფრასიძეების საქმეს. სათანადოდ დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელიც მძინარე ოჯახს დაესხა თავს.
ქალბატონი დოდო აფრასიძე ხელს ადებს მაშინდელ შს მინისტრს გიორგი ბარამიძეს, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას, რომელიც ჯერჯერობით არაა დაკითხული. რამდენად სკანდალური იქნება სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც აფრასიძეების საქმეზე ბრალს წაუყენებენ?
- მე გვარებს წინასწარ ვერ დავასახელებ, მაგრამ როგორც გითხარით, ძალიან მალე აფრასიძეების მკვლელობის საქმე გახსნილად გამოცხადდება. არავის არ ეგონის, რომ შერჩება დანაშაული. არ არსებობს დანაშაული, რომელიც კვალს არ ტოვებს. რაც შეეხება სიას, გეტყვით, რომ საკამოდ შთამბეჭდავი იქნება ეს სია. არ მინდა მოვლენებს გავასწრო, ამაზე განცხადებას პროკურატურა გააკეთებს, ეს მათი პრეროგატოვაა.
(წყარო: for.ge, თამარ ქარჩავა)