reportiori.ge - რაულ ჩილაჩავა: შეიარაღებული დაპირისპირება, ომი და სისხლისღვრა უკრაინელი ერის არჩევანი არ ყოფილა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:38
ინტერვიუ
რაულ ჩილაჩავა: შეიარაღებული დაპირისპირება, ომი და სისხლისღვრა უკრაინელი ერის არჩევანი არ ყოფილა
ავტორი:
04 თებერვალი, 2015. 17:19


 

 

უკრაინის კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დღეს დონბასში გადის გეოპოლიტიკური რღვევის ის ხაზი, სადაც დასავლურ დემოკრატიულ ცივილიზაციას რუსული იმპერიული ამბიციები ემუქრება. „ცხელი" ომის პარალელურად ჩვენ ყოველდღიური საინფორმაციო ომის ბატალიების მოწმენი ვხდებით - მასმედია უხვად ავრცელებს უამრავ წინააღმდეგობრივ ინფორმაციას, რომელშიც გარკვევა ერთობ რთულია...



საქართველო, ნებსით თუ უნებლიეთ, უკრაინის კრიზისში მეტ-ნაკლებად ჩართული აღმოჩნდა: ერთი მხრივ, ქართველები უკრაინის ახალ მთავრობაში იწყებენ სამსახურს, მეორე მხრივ - ქართველები ფრონტის ორივე მხარეს იბრძვიან. ქართველ საზოგადოებაში ეს ფაქტები არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს: რამდენად სწორია მათი მოქმედება? სადაა სიმართლე და სადაა სიცრუე?



„რეპორტიორს" ესაუბრება კიევში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ცნობილი მეცნიერი, პოეტი და მთარგმნელი, დიპლომატი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რაულ ჩილაჩავა:



- ბატონო რაულ, თქვენი აზრით, ელოდა თუ არა უკრაინული საზოგადოება მოვლენების ასეთ განვითარებას 2014 წლისევრომაიდნის" შემდეგ? ადამიანთა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი, კატასტროფული ეკონომიკური ზარალი, ტერიტორიული დანაკარგები... ღირდა კი ასეთ ფასად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება? განა არ შეიძლებოდა მოვლენათა განვითარების ზომიერ ეტაპზე გონიერების მოხმობა? ალბათ, უკრაინელებს უნდა გაეთვალისწინებინათ საქართველოს მწარე გამოცდილება...

 


- გარკვეული სირთულეების მოლოდინი, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ იმ სცენარის სრულად წარმოდგენა, რომელიც ჯერ „მაიდანს" და მერე პოსტმაიდანს მოჰყვა, თვით ამ სცენარის ავტორთა გარდა არავის შეეძლო.



ამჟამად ცნობილია, რომ რუსეთი საქართველოსთან ომს 2006 წლიდან გეგმავდა, უკრაინასთან ომი კი მას ჯერ კიდევ ე.წ. ნარინჯოვან რევოლუციამდე ჰქონია ჩაფიქრებული. როგორც ჩანს, კრემლისთვის კიევთან ომი იყო ვარიანტი „ბ", რადგან ვარიანტი „ა" უკრაინის  უსისხლო დხელში ჩაგდებას გულისხმობდა.



ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი ყბადაღებული რეგიონების პარტია წარმატებით უთხრიდნენ ძირს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ანგრევდნენ არმიას, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, სახალხო მეურნეობას, ეკონომიკას, მართვის სისტემას. სახელმწიფო საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში მოქმედებდნენ რუსული სპეცსამსახურების წინასწარ ჩანერგილი აგენტები, ხოლო თავდაცვისა და უშიშროების უწყებებს ღიად ედგნენ სათავეში რუსეთის მოქალაქეები. ბოლო ათი წლის მანძილზე ქვეყანაში დაუფარავად ხდებოდა დამოუკიდებლობის დისკრეტიზაცია, ებრძოდნენ ეროვნულ თვითშეგნებას, სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო გამოკვლევებში აყალბებდნენ ისტორიულ წარსულს, ჩირქს სცხებდნენ სუვერენიტეტისთვის მებრძოლ პატრიოტებს.



ყოველივე ეს ერთ რამეს ისახავდა მიზნად: დაეთრგუნათ უკრაინა ეკონომიკურად და ზნეობრივად, ჩაენერგათ მოსახლეობისთვის უსასოობის განცდა და მის თვალში ერთადერთ მხსნელად წარმოეჩინათ რუსეთი თავისი აკვიატებული ევრაზიული კავშირით. თუ ლეონიდ კუჩმამ თავისი საგარეო საქმიანობა ე.წ. მრავალვექტორიანობაზე ააგო და თავის ურთიერთობებს დასავლეთსა და რუსეთს შორის ერთგვარად აბალანსებდა, მისმა მემკვიდრე ვიქტორ იუშჩენკომ რუსეთს პირდაპირ შეაქცია ზურგი და დასავლური ორიენტაცია ქვეყნის სრულ პრიორიტეტად გამოაცხადა (რამაც უკრაინის ანექსიის რუსული გეგმა შვა), იანუკოვიჩმა კი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააუქმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციას ემსახურებოდნენ.



ამავე დროს იგი ერთგვარად ცდილობდა კუჩმას მრავალვექტორული დოქტრინის რეანიმაციას. მართალია, მან შეცვალა კანონმდებლობა და უკრაინა ბლოკგარეშე ქვეყნად გამოაცხადა, მაგრამ ოფიციალურად არასოდეს უთქვამს უარი ევროინტეგრაციაზე. პირიქით, თავისი პრეზიდენტობის მანძილზე, ვიდრე 2013 წლის ნოემბერი დადგებოდა, იგი თანამემამულეებს ენერგიულად უნერგავდა აზრს ევროკავშირთან ასოციაციის, ხოლო პერსპექტივაში - წევრობის უალტერნატივობაზე. ის კი არა და, ერთ დროს გამოცდილმა პოლიტიკოსებმაც კი ირწმუნეს მისი გულწრფელი სურვილი - გაეყვანა უკრაინა ევროპულ ორბიტაზე, ექცია იგი ცივილიზებულ ერთა ოჯახის წევრად.



ამიტომაც გაისმა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით ევროპასთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უარი. საზოგადოებამ, უპირველესად კი სტუდენტობამ და მთლიანად ახალგაზრდობამ ეს აღიქვა ეროვნული იდეალების ღალატად და საკუთარი წრფელი პროტესტი ამ ნაბიჯის წინააღმდეგ მშვიდობიანი, ცივილიზებული მიტინგით გამოხატა. ხელისუფლების მხრიდან სრულმა იგნორირებამ საპროტესტო მოძრაობის ესკალაცია გამოიწვია, რასაც მოჰყვა ცნობილი მოვლენები - უირაღო სტუდენტების დარბევა, მკვლელობები, ტერორი. აქ უკვე ძნელი იყო როგორც გონიერების მოხმობა, ასევე საქართველოს გამოცდილების გათვალისწინება. მით უმეტეს, რომ „მაიდანს" ქართულ სცენართან საერთო თითქმის არაფერი ჰქონდა. უკრაინის დემოკრატიული ძალები არ გეგმავდნენ რუსეთთან ომს, მათ სურდათ საკუთარი და საშინაო საქმეების ცივილიზებურად მოგვარება, მაგრამ ცალკერძ იანუკოვიჩის სიჯიუტემ და ცალკერძ პუტინის უხეშმა ძალისმიერმა ჩარევამ ყველაფერი უკუღმა შეატრიალა და ის სისხლიანი კალო, რომელიც ჯერ თავისუფლების მოედანზე, ხოლმე შემდგომ დონბასში დატრიალდა (და ახლაც ტრიალებს!), გარდაუვალი გახადა.



შეიარაღებული დაპირისპირება, ომი და სისხლისღვრა უკრაინელი ერის არჩევანი არ ყოფილა. ისევე, როგორც ეს არ ყოფილა ქართველი ერის არჩევანი.



- ამასწინათ გაზეთნიუ-იორკ თაიმსში" გამოქვეყნდა ცნობილი მეცენატი-მილიარდერის ჯორჯ სოროსისა და ფრანგი ფილოსოფოსის ბერნარ-ანრი ლევის სტატიადაეხმარეთ ახალ უკრაინას". თქვენი აზრით, როგორია პოროშენკოსახალი უკრაინა" და რითი სჯობია ის ძველს - კრავჩუკის, კუჩმას, იუშენკოსა და იანუკოვიჩის დროინდელს, როცა ქვეყანაში შედარებით მშვიდობა სუფევდა?

 


- ჯერჯერობით საერთოდ ძნელია „პოროშენკოს უკრაინაზე" საუბარი, რადგან აქამდე საქმე გვაქვს იმ უკრაინის ნანგრევებთან, რომელიც თქვენს მიერ ჩამოთვლილი პრეზიდენტების დროს ჩამოყალიბდა და მეტწილად განვითარდა. პოროშენკომ, როგორც პრეზიდენტმა უკრაინა ჩაიბარა, როცა ყირიმი რუსეთის მიერ უკვე უომრად ანექსირებული იყო, ხოლო დონბასის ტერიტორიაზე (ანუ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში) ნახევრად ტერორისტული, ხოლო ნახევრად სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ამჟამად უკრაინის ათ მილიონამდე ყოფილი და ახლანდელი მოქალაქე იმყოფება ან გაქცეულია ოკუპირებული ტერიტორიებიან, მოშლილია ქვეყნის დიდი ინდუსტრიული ცენტრები, ქვეყანას დაკარგული აქვს ეკონომიკის ოცი პროცენტი. აი, ასეთია დღეს „ახალი უკრაინა", რომელსაც დახმარება მართლა სჭირდება. ოღონდ ამაში მე ვერ ვხედავ ვერც პოროშენკოს და ვერც ე.წ. „მაიდანური ხელისუფლების" ბრალს, რადგან, გავიმეორებ: ისინი არ დაპირისპირებიან არც საკუთარ ხალხს და არც მეზობელ რუსეთს.



- ბატონო რაულ, თქვენ დიპლომატი ბრძანდებით, გაქვთ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი... ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ პარადოქსული სიტუაციაა: უკრაინა ოფიციალურად აცხადებს, რომ რუსეთი აგრესორია, მაგრამ იმავდროულად დიპლომატიური ურთიერთობა გრძელდება, საელჩოები და ელჩები კიევში და მოსკოვში მუშაობას აგრძელებენ. როგორ მიგაჩნიათ, უკრაინამ უნდა გაწყვიტოს თუ არა რუსეთთან დიპურთიერთობა? და თუ არ წყვეტს, რატომ? საქართველოს, მაგალითად, რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ ურთიერთობა დღემდე გაწყვეტილი აქვს...

 


- ამ თვალსაზრისით ეს მართლაც უცნაური ომია, რადგან უკრაინას ამ ერთი წლის მანძილზე რუსეთთან არამარტო დიპლომატიური, არამედ არც ეკონომიკური და არც სხვანაირი კავშირები არ გაუწყვეტია. თუ 2008 წლისთვის საქართველო ჩრდილოელი მეზობლისგან ეკონომიკურად თითქმის დამოუკიდებელი იყო, უკრაინაზე ამას ვერ ვიტყვით, რადგან იგი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიბმულია რუსულ სისტემებთან და დამოუკიდებლობის წლებში, სამწუხაროდ, არაფერი გაკეთებულა მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამიტომ, თუ უკრაინა დღეს მთლიანად გაწყვეტს რუსეთთან დიპლომატიურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა ურთიერთობებს, იგი სრული კრახის წინაშე აღმოჩნდება. გასათვალისწინებელია მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორიც: თუ რუსეთი თავისი 58-ე არმიით პირდაპირ შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და ტანკებით მთელი საქართველო მოიჯირითა, რუსეთს უკრაინისთვის ოფიციალურად ომი არ გამოუცხადებია. იგი დღესაც აცხადებს, რომ მისი ჯარისკაცები არ იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა სინამდვილეში ყველამ იცის, რომ ეს ასე არაა. დიპლომატიური კავშირის გაწყვეტა და ელჩის გამოწვევა პრაქტიკულად ომის გამოცხადებას ნიშნავს, რაც საბოლოოდ გაუხსნის ხელ-ფეხს აგრესორს. პირდაპირ ომში კი უკრაინაც სულ მალე გაიზიარებს საქართველოს ბედს. ამიტომაც ჰქვია დონბასში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს ანტიტერორისტული ოპერაცია, თუმცა ასევე ყველასთვის ცხადია, რომ რეალურად ეს არის, მართალია, ლოკალური, მაგრამ მაინც რუსეთ-უკრაინის ომი.



- როგორ ფიქრობთ, სწორად მოქმედებს თუ არა უკრაინის მასმედია საქართველოს ყოფილინაციონალური" ხელისუფლებისმიღწევების" პოპულარიზების საკითხში? საქართველოში მიაჩნიათ, რომ უკრაინული მასმედია ტენდენციურად, ცალმხრივად აშუქებსნაციონალების" ცხრაწლიანი საქმიანობის შედეგს და თვალს შეგნებულად ხუჭავს იმ ნეგატიურ მოვლენებზე, რაც მათი მმართველობის პერიოდში ხდებოდა...

 


- როგორც ქართულ პრესაში, ასევე სოციალურ ქსელებში ხშირად ვხედავ და ვეცნობი მასალებს, სადაც დაახლოებით ასეთივე კითხვებს სვამენ. უნდა გითხრათ, რომ უკრაინული მასმედია თავის საქმეს აკეთებს, იგი ისე გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს, როგორც თვითონ ხედავს და ესმის. თუ იგი აუკუღმართებს ფაქტებს, არასწორად გადმოსცემს და აფასებს მოვლენებს, საქართველოს აქვს (ყოველ შემთხვევაში, უნდა ჰქონდეს) საიმისო ბერკეტები, რომ შეუსწოროს მას, მიაწოდოს საკუთარი თვალსაზრისის გამომხატველი არგუმენტები. ბოლოს და ბოლოს, არსებობს საელჩო, რომლის მეოხებითაც ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია საკუთარი უკმაყოფილება გაუზიაროს უკრაინელ კოლეგებს. მე პირადად ამ კუთხით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საკმაოდ დელიკატური განცხადების გარდა არაფერი წამიკითხავს. საქართველოში ბევრი უკრაინელი ჟურნალისტი და სახელმწიფო მოხელეა ნამყოფი, მათ საკუთარი თვალით უნახავთ ქართული პოლიციის, საგზაო პატრულისა და იუსტიციის სახლების მუშაობა, უნახავთ განახლებული ბათუმი, სიღნაღი, გუდაური, მესტია და ეს მოსწონთ, სურთ, უკრაინაშიც დანერგონ ის კარგი, რაც დღეს საქართველოს გააჩნია. ობიექტურობის გულისთვის გეტყვით, რომ საქართველოდან მოწვეულ კადრებს აქ განიხილავენ არა მაინც და მაინც „ნაცმოძრაობის" წევრებად, არამედ პროფესიონალებად, რომლებმაც თავიანთ სფეროებში წარმატებებს მიაღწიეს.



- ბატონო რაულ, გვაინტერესებს თქვენი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში ქართველი ვოლონტერების მონაწილეობის შესახებ. ისინი ორივე მხარეს არიან - სამთავრობო ძალებშიც და სეპარატისტთა რიგებშიც...

 


- ვოლონტერობა ასეთ კონფლიქტებში ჩვეულებრივი საქმეა. ჩვენ გვახსოვს (თუ არ გვახსოვს, უნდა გვახსოვდეს) უკრაინელთა მხარდაჭერა, როცა ქართველები აფხაზეთს ვიცავდით. ახლა ქართველების ჯერია. რამდენადაც ვიცი, დონბასში მოქმედებს ასკაციანი ქართული ლეგიონი, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაშია და იბრძვის მოძმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. მე პირადად მივესალმები ასეთი ადამიანების თავგანწირვას, რადგან დე-ფაქტო საომარ მდგომარეობაში მყოფ ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, უკრაინაც აუცილებლად გამოადგება. მით უმეტეს, რომ ქართველები დონბასში ებრძვიან ჩვენს საერთო მტერს, რომელმაც ხალხიც გაგვიწყვიტა, მიწებიც წაგვართვა და საერთოდაც დაგვამცირა. რაც შეეხება რუსების მხარეზე მებრძოლ ქართველებს, ისინი უფრო მედიურ პერსონაჟებს წარმოადგენენ, რომლებიც კრემლს სატელევიზიო სურათებისთვის სჭირდება. ასეთებს ჩვენ „ტვინგაყინულებს", რუსები კი „ოტმოროზკებს" ეძახიან. რაც მთავარია, ჩემი მონაცემებით, ისინი საქართველოს მოქალაქეებიც არ არიან, ამიტომ იურიდიულად ჩვენი ქვეყანა მათზე პასუხს არ აგებს.



- უკრაინის სახელისუფლებო სტრუქტურებში ბოლო დროს რამდენიმე ყოფილი ქართველი ჩინოვნიკი დაინიშნა თანამდებობებზე, რომლებიც ადრენაციონალური" ხელისუფლების კადრებს წარმოადგენდნენ. როგორი მოლოდინი გაქვთ, გაართმევენ ქართველები თავს უკრაინის პრობლემებს? რას ფიქრობენ თვითონ უკრაინელები?

 


- სხვათაშორის, ჯერჯერობით, არც თუ იმდენი ქართველია დანიშნული უკრაინაში, რამდენი აჟიოტაჟიც ამ დანიშვნების გარშემო საქართველოშია ატეხილი. თუ რა მოტივებით არიან ქართველები მოწვეული უკრაინაში, ზემოთ უკვე მოგახსენეთ. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა ტერიტორიითა და მოსახლეობით საქართველოზე ათჯერ დიდი ქვეყანაა, ძნელი სათქმელია, როგორ გაართმევენ თავს ჩვენები ამხელა მასშტაბებს. ეკა ზღულაძე, მაგალითად, შეუდგა ავტოინპექციის რეფორმას და უკვე მიიღო განთავისუფლებულთა პირველი საპროტესტო მიტინგი. საკითხავია, სად წავა და ვისთან დადგება ამდენი მოხსნილი და გაბრაზებული მილიციონერი ქვეყანაში, რომელიც უსახელო ომს აწარმოებს! უკრაინელები ჯერ ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რადგან საკუთარი მექრთამე მოხელეების არ სჯერათ. თუ ქართველთა მცდელობამაც ამაოდ ჩაიარა, არ გამოვრიცხავ, პერსონალიები დაივიწყონ და გულისწყრომა საქართველოზე გადმოიტანენ. თუმცა ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველოს თავისი კადრები არავისთვის დაუძალებია. ზოგი პოლიტიკოსი თუ საზოგადოებრივი აქტივისტი დღესაც გამოხატავს უკმაყოფილებას პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართ, რომლიც ინიციატივითაც მოხდა და ხდება ე.წ. „ვარიაგების" უკრაინის მართვის სისტემებში მოწვევა. მათ მიაჩნიათ, რომ მიუხედავად საყოველთაო კორუფციისა, ოციოდე პროფესიონალი, პატიოსანი და პატრიოტი უკრაინელის მოძებნა მრავალმილიონიან ქვეყანაში ძნელი არ უნდა ყოფილიყო. სიმართლე გითხრათ, მეც ასე ვფიქრობ.



- კვლავ თქვენი როგორც დიპლომატის თვალსაზრისი გვაინტერესებს: ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს და ექსპერტს მიაჩნია, რომ 2012 წლის შემდეგ, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, კიევში არსებული საქართველოს საელჩო ორი სახელმწიფოს ურთიერთობის განვითარების საკითხში არასაკმარისად მუშაობდა. ეთანხმებით ამ აზრს? როგორ გესახებათ უკრაინა-საქართველოს სამომავლო ურთიერთობა არსებული რეალიების გათვალისწინებით?

 


- პროფესიული ეთიკის გათვალისწინებით, მე ამ კითხვაზე კონკრეტულ და ამომწურავ პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა ისედაც ცხადია, რომ შექმნილ სიტუაციაში ჩვენს დიპწარმომადგენლობას მეტი აქტიურობა უნდა გამოეჩინა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას და, ეს მთავარია: საელჩო მოქმედებს თავისი საგარეო უწყების დირექტივათა შესაბამისად. თუ თბილისიდან ასეთი დირექტივები არ ყოფილა, საელჩო პირადი ინიციატივით ვერ იმოქმედებდა. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლების მეტად თავდაჭერილ პოზიციას რუსეთ-უკრაინის ომთან (ჩვენ მაინც დავარქვათ მოვლენას თავისი სახელი!) დაკავშირებით, ჩემი ვარაუდით, უკრაინაში საქართველოს საელჩოსთვის ოფიციალურ თბილისს აქტიური მოქმედებები არ დაუვალებია. მე კარგად ვიცნობ ჩვენს ელჩს, ბატონ მიხეილ უკლებას, როგორც გამოცდილ დიპლომატს და მგონია, რომ იგი დირექტივების სრული დაცვით მოქმედებდა. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა დარჩება საქართველოს მეგობარ ქვეყნად და სტრატეგიულ მოკავშირედ, რაც ორივე მხარის ინტერესებში შედის.



- ბატონო რაულ, თქვენ ნაყოფიერად მოღვაწეობთ კიევში, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროში, ეწევით მთარგმნელობით მუშაობას... როგორია თქვენი შემოქმედებითი გეგმები?

 


- სიმართლე გითხრათ, გეგმები გაცილებით მეტია, ვიდრე მათი დროულად რეალიზების შანსი. გამოსაცემად გამზადებული მაქვს საკუთარი ლექსების ოთხი პოეტური კრებული, რომლებიც ამ ბოლო ოთხ წელიწადში დავწერე. ასევე მზადა მაქვს ლატვიური პოეზიის საავტორო ანთოლოგია, რომელზე მუშაობაც ჯერ კიდევ ელჩობისას დავიწყე. ამჟამად, როცა ლატვია, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ევროკავშირში თავმჯდომარეობს, უპრიანი იქნებოდა მისი გამოცემა და თბილისსა და რიგაში წარდგინება. თუ რომელიმე გამომცემელი დაინტერესდება, როგორც იტყვიან, აგერ ვარ. წელს აკაკის დაბადების 175 წლისთავი სრულდება და მინდა, ამ თარიღისთვის მისი ლექსთა კრებული გამოვცე უკრაინულად. სულ ახლახან თბილისში კულტურის სამინისტროს ეგიდით გამოიცა ჩემს მიერ თარგმნილი და შედგენილი სქელტანიანი კრებული „100 უკრაინელი პოეტი" და პუბლიცისტური წიგნი „მაიდანზე, ეკლესიის ახლოს". ეს უკანასკნელი სწორედ უკრაინის მოვლენებს ეხება. სულ მალე, როცა თბილისში ჩამოვალ, ამ წიგნების წარდგინება მინდა მოვაწყო.




- დიდი მადლობა, ბატონო რაულ, საინტერესო საუბრისათვის. გელოდებით თბილისში!



 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016