reportiori.ge - ხათუნა ხოფერია: „მინდა, გითხრათ ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც არასდროს მითქვამს“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:03
ინტერვიუ
ხათუნა ხოფერია: „მინდა, გითხრათ ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც არასდროს მითქვამს“
ავტორი:
04 თებერვალი, 2015. 17:46

 

 

 

„ექსპრემიერი ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი კახეთში, თელავის რაიონში არიან მოკლულები". _ ამის შესახებ ნათქვამია პატიმრობაში მყოფი თეიმურაზ გვარაძის მიერ მოსამართლე დავით მგელიაშვილისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც მოსამართლემ სასამართლო პროცესზე წაიკითხა. როგორც პატიმარი ირწმუნება, ის თავად არის მომსწრე მკვლელობისა და მასთან ერთად კიდევ 11 პირი, რომელთაგან 3 ამჟამად მინისტრია. მსჯავრდადებულის თქმით, მას აქვს ვიდეოჩანაწერი, რომელიც მთავარ პროკურორს გადაეგზავნება. პატიმარი დაკითხვას ითხოვს და ირწმუნება, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრია. ამავე წერილის თანახმად, მომხდარის შესახებ მან ყოფილ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილსაც აცნობა.


საზოგადოებაში გავრცელებულ ხმებს თუ ვენდობით, ზურაბ ვაზაგაშვილის შემდეგ, პროკურატურა ზურაბ ჟვანიას საქმეს გამოაცხადებს გახსნილად.


რა ინფორმაცია აქვს ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელს თელავის ვერსიაზე? რა ჩვენება მისცა პროკურატურას?


„ალიას" ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ჟვანიას თანამებრძოლი, ხათუნა ხოფერია ესაუბრა:

 

- ქალბატონო ხათუნა, როგორც ამბობენ, ბოლო ეტაპზეა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება, თუმცა, ბოლო დროს ახალ-ახალი გარემოებები იკვეთება. მაგალითად, გვარამაძის ნათქვამი რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის?


- როცა ასეთ ფაქტს ასაჯაროებს მოსამართლე, ეს ცხადია, საყურადღებოა. ამ ფაქტზე ბევრი ვიფიქრე. 12  საათს რაღაც წუთები აკლდა, როცა ზურა დედის სახლიდან გავიდა, სადღაც 2-დან 3 საათამდე დაფიქსირდა ხარშილაძისა და ძაძამიას მიერ ნაამბობი მისი მოკითხვისა და სავარძელში ჯდომის ფაქტი. იმისთვის, რომ ეს ფაქტი ყურადსაღები გახდეს, დრო არის გამოსაანგარიშებელი, თელავის სოფლამდე აქეთ-იქით გზა და სცენის დადგმას რა დრო დასჭირდებოდა. სცენა რომ დადგმულია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ის, რომ ზურა იმ სახლში არ არის გარდაცვლილი, სადაც ნახეს, არც ამაში არსებობს ორი აზრი. რამდენადაც მე ვიცი, თელავამდე მანძილი 2 საათია და უკანაც 2 საათი, ამიტომ ეს უნდა გაითვალოს.

 

- კბილაშვილსაც გადავეცი ეს ჩანაწერიო, პატიმარი ამბობს. კბილაშვილი ამაზე არ საუბრობს და ვერსია ძალიან ბევრია. მოწმეებიც ხშირად ცვლიან ჩვენებებს, რა ხდება, ხომ არ იცით?


- ჩემთვის არსებობს მხოლოდ ერთი ვერსია: ზურა მოკლეს! აი, სად მოხდა და როგორ მოხდა, ეს სხვა საკითხია. რამდენადაც ვიცი, ზარი დაფიქსირდა შავნაბადას ტერიტორიიდან, რომელმაც წარმოშვა ეჭვი ზურას მკვლელობის თაობაზე, თითქოსდა იქ მოხდა ეს მკვლელობა. მაშინ იქ სააკაშვილი იმყოფებოდა. ძალიან ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს ის საკითხი, რომელზეც 6 წელია, ვსაუბრობ, რატომ დაურეკა სააკაშვილმა ბარამიძეს, რომელიც ჩამოდიოდა წყნეთიდან. ხარშილაძე ამბობს, რომ, როცა ზურას გვამი ნახა, პირველი შეტყობინება გაუშვა ბარამიძესთან და შემდეგ დაურეკა მერაბიშვილს. ღამის 3 საათზე რომ დაგირეკავენ, დაახლოებით ერთი საათი ხომ გჭირდება ადგილზე გამოსასვლელად? ჩაიცვა, მოემზადა, რომ მისულიყო იქ, სადაც მისი გარდაცვლილი მეგობარი იყო. გზაში ურეკავს სააკაშვილი და ეუბნება, რომ მოხვდა ავარიაში და ბარამიძე სასწრაფოდ უნდა მივიდეს მასთან ბარამიძე მიდის სააკაშვილთან. ამას გარკვეულ ეტაპამდე არ ამბობდნენ, თუმცა ყველამ იცოდა. ბოლო ორი წელია, რაც ბარამიძე ამბობს, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა და ის, რომ მიშა სააკაშვილი იმ ღამეს მოხვდა ავარიაში, ახლა ამას უარყოფს და ავარიის ფაქტი თავის თავზე აიღო მიშას მძღოლმა. ანუ ფაქტი  იმისა, რომ პრეზიდენტის მანქანა ავარიაში  მოხვდა, ამას ვერ უარყოფენ, მაგრამ სხვანაირად ამბობენ. თუნდაც თელავის ვარიანტი რომ ავიღოთ, სადღაც 3 საათზე თუ ბარამიძე მაშინვე წავიდოდა საბურთალოზე, იქ, რა თქმა უნდა, სულ სხვა სურათი დახვდებოდა, რადგან დროში არ ემთხვეოდა. თუ გზიდან „მოხსნიდნენ" გიას, რა თქმა უნდა, საბურთალოს სცენარი   დროში ჩაჯდებოდა. ძალიან დიდ პატივს გცემთ და მინდა, გითხრათ ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც არასდროს მითქვამს აქამდე და თავს ვიკავებდი. მე მაქვს  ერთი ფაქტი მიწოდებული პროკურატურისთვის, რომელიც არ გახმაურებულა და გადავწყვიტე, თქვენ გითხრათ.


- რას გულისხმობთ?

 

- ჩემთვის ცნობილი გახდა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს, რა სცენარიც დაიდგა საბურთალოს ბინაში. ამ პიროვნების სახელი და გვარი ვიცი და პროკურატურას ვუთხარი.


- როდის?

 

- ერთი წლის წინათ, როცა დაკითხვაზე ვიყავი. მე სახელისა და გვარის გარდა, პროკურატურას ასევე ვუთხარი ამ ადამიანის ადგილსამყოფლის შესახებაც.


- მერე როგორ მოიქცა ჩვენი პროკურატურა?


- მან დაიწყო ძიება და დაადგინეს, რომ ამ პიროვნებამ საქართველოს საზღვარი დატოვა სამი დღით ადრე ჟვანიას გარდაცვალებამდე.


- ამ ადამიანმა დაგეგმა ყველაფერი?

 

- არა, ზუსტად გეუბნებით, როგორც იყო: მე მომაწოდეს ინფორინფორმაცია, რომ არსებობს ადამიანი, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს, მათ შორის გვამების სახლში მიტანას, ის პიროვნება გაიყვანეს საქართველოდან ზურას გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ როცა პროკურატურამ მოიძია ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ის ადამიანი ზურას გარდაცვალებამდე იყო გასული საქართველოდან. მე მქონდა თხოვნა პროკურატურის მიმართ, რომ საფუძვლიანად შეესწავლათ, რადგან წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს უამრავი პასპორტი ჰქონდათ და კაცმა არ იცის, როდის შემოდიოდნენ  და გადიოდნენ საზღვარზე. მე მინდოდა, რომ საერთაშორისო კავშირების გამოყენებით დაედგინათ, რეალურად, რომ გავიდა ქვეყნიდან 2005 წლის თებერვალში, მას მერე საქართველოში არ ჩამოსულა და ეს მაეჭვებს. არ ვიცი, დღემდე არაფერი უცნობებიათ. ნებისმიერი საზღვრის გადაკვეთის ფაქტს სააკაშვილის პერიოდში ვუცხადებ უნდობლობას, რადგან რაც უნდოდათ, იმას აფიქსირებდნენ. მე მაინტერესებს, საზღვრის მიღმა როგორ ხდება ამ ადამიანის გადაადგილება. სად არის? რას აკეთებს? როგორ გადავიდა იქით მხარეს? მე მგონი, არ იქნებოდა ცუდი, ცოტა უფრო ღრმად  დაინტერესებულიყვნენ ამ ფაქტით. შეიძლება, გამოძიებულიც აქვთ, ვერ გეტყვით.

 

- გვარამაძემ სამი მოქმედი მინისტრი ახსენა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენო. რამე ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?


- გავიარე ეს საკითხი ჩემში და ვერ წარმომიდგენია, რომელი მინისტრი შეიძლებოდა დასწრებოდა, ერთი ადამიანიც არ მეგულება. გვარამაძე ამბობს, აუდიოჩანაწერი მაქვსო და იმედია, კითხვებზე პასუხებს გასცემს. ამ ხელისუფლების პირობებში ისევე როგორც წინათაც, იყვნენ პიროვნებები, ვინც ბლოკავდნენ სხვადასხვა საქმეების გამოძიებას.

 

- ვის გულისხმობთ?


- ერთ-ერთს ლაშა ნაცვლიშვილს, რომელიც ხელოვნურად აჭიანურებდა ამ საქმის გამოძიებას და მისი წასვლის მერეც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიდნენ საქმის გამოძიებას. ახლა იმ სტადიაში ვართ, ღვთის წყალობით, წმინდება  უწყებები და იმედი გამიჩნდა, რომ საქმეს გამოიძიებენ. მიხარია, რომ „ზემოთ" უსმენენ ხალხს, ხალხში იქმნება განწყობა, მოდის ეს ბობოქარი მუხტი და მომენტალურად პასუხობს ამას ხელისუფლება. ძალიან მსიამოვნებს ეს ამბავი.


- თქვენ ერთ-ერთ სტატიაში გია ბარამიძეს ხმის ამოღებისკენ მოუწოდეთ, თქვენს ყოფილ თანაგუნდელებთან რა კითხვები გაქვთ, გოგორიშვილთან, მაჭავარიანთან, სხვებთან?


- მაჭავარიანთან არანაირი კითხვა არ მაქვს, ზოგადად, არც არავისთან, მე ველოდები პასუხს პროკურატურისგან. კითხვები ამოვწურე, ჩვენებაც მივეცი და ინფორმაციაც, რაც მქონდა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქმე დამთავრდება და პასუხი გაეცემა კითხვას - მოკლეს თუ არა ზურაბ ჟვანია? სხვა ბლა-ბლა არ მაინტერესებს, არც დელიკატური თემების და გმირული განცხადებების მოხმობა. რაც შეეხება ელენე თევდორაძეს, ის იმთავითვე ამბობდა სიმართლეს, არასდროს არ ეგუებოდა იმ აზრს, რომ ზურა გაზით გაიგუდა, მაგრამ მე ვამბობდი, რომ ამ საქმის მონაწილე იყო სააკაშვილი, რაზეც ელენე იყო წინააღმდეგი. დღესაც ჩემს აზრზე ვარ და ვნახოთ, რას გვიჩვენებს ძიება.


„ალია" საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორთან, არჩილ კბილაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, მაგრამ მან არც ზარზე და არც მოკლე ტექსტურ  შეტყობინებაზე არ გვიპასუხა. ისე, სხვათა შორის, „ალიასთან" ერთერთ ინტერვიუში მას ნათქვამიც აქვს, რომ ის მთავარი პროკურორი აღარაა და იმ საქმეებზე საუბარი ეკრძალება, რომელსაც მის დროს იძიებდნენ.

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016