3 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვდა. საუბრის თემა გახლდათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის გაშვება და ახალი თავმჯდომარის დანიშვნა. როგორც იქნა, კოალიციაშიც დაასკვნეს, რომ ქვეყნის მთავარი მოსამართლე უნდა იყოს პატიოსანი, პროფესიონალი, კეთილშობილი, არაპარტიული და ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი, ანუ დიმიტრი გელოვანი. თუმცა, რაც უფრო ახლოვდება 9 თებერვალი (პრეზიდენტმა ამ დღეს უნდა დაასახელოს კანდიდატურა), მით უფრო ვიწროვდება ამ სანუკვარი თანამდებობის მაძიებელთა წრე. ბოლო დროს უკვე იმდენი სულელური განცხადება კეთდება, ვეღარც კი ვითვლით. მაგალითად, არასამთავრობოები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მთავარი მოსამართლე არ უნდა იყოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ეს ისედაც ცხადია, თუკი მოსამართლე პოლიტიკურ გავლენას განიცდის, ამისთვის არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი, ანუ სამართლებრივი დევნა.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კონსულტაციები წამოიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საპარლამენტო უმცირესობასთან თუ უმრავლესობასთან, საკითხი უფრო მეტად „გაბაზრდა" და არაჯანსაღი ფორმა მიიღო - ყველა დაჯგუფებამ კულუარებში დაიწყო „ჩალიჩი" თავის კანდიდატურაზე. ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობა თითქოს ჩასაფრებულ პოზიციაშია და მარგველაშვილს ნიშანს აძლევს, წარმოადგინე კანდიდატურა, თუ არ მოგვეწონება, ჩავაგდებთო. არადა, პრეზიდენტი ორჯერ წარადგენს, თუ ჩავარდა, ამის შემდეგ კარგა ხანს სასამართლო ავტომატურად გადავა კოტე კუბლაშვილის პირველი მოადგილის, ზაზა მეიშვილის ხელში, რომელიც 2003-2005 წლებში თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ხოლო 2005-2006 წლებში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სასამართლოს მართვას იქიდან დაიწყებს ლევან მურუსიძე. ორივე მოსამართლე თავის დროზე მონაწილეობდა სულხან მოლაშვილისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებში. ეს უკვე ვიცით, ამაზე არაერთხელ დავწერეთ. გამოდის, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურის ჩავარდნის შემთხვევაში, ქვეყნის სასამართლო ისევ რჩება „ნაციონალების" დიქტატისა და გავლენის ქვეშ. ალბათ, ხვდებით, რა მოხდება, თუკი მიხეილ სააკაშვილს ხელიდან ვერ გავაგდებინებთ სასამართლო ხელისუფლებას - ისევ შეჩერდება ისედაც ადგილზე „მობუქსავე" სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ეს კი თავისთავად დაარტყამს „ქართულ ოცნებას", აღარაფერს ვამბობ დაზარალებული ხალხის ჭკუიდან გადასვლასა და აგრესიაზე.
რატომ მიიღო ამ ყველაფერმა ძალიან მახინჯი ფორმა? როგორც „ალიას" ინკოგნიტო წყარო უყვება, პრეზიდენტის გარემოცვაში უკვე გამოიკვეთა სამი პიროვნება - ლევან მურუსიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გააცნეს, როგორც ქვეყნის ამშენებელი და სამართლიანი ადამიანი. მურუსიძის „მოღვაწეობაზე" ჩვენ არაერთხელ დავწერეთ, მაგრამ ყველა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან დაინტერესებული პირები შედიოდნენ და უმტკიცებდნენ, „ალია" ტყუის, ჭორებს იგონებს, ეს კაცი დემოკრატობითა და პატიოსნებით გახლავთ განთქმულიო. იგივე ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ ივანიშვილი გამოაფხიზლა და მიხვდა, რომ ატყუებდნენ:
„ბატონმა ბიძინამ თავად გამოიკვლია და ნახა, რომ ამ მოსამართლეების უმეტესობა 2012 წლამდე მას ებრძოდა, ზოგი ბანკს უკოტრებდა, ზოგი - კომპანიებს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზის ერთი გეწაძე, რომელმაც მოქალაქეობა ჩამოართვა. თუ კანდიდატურა ჩავარდა, ეს შემდგომში ავტომატურად დაუკავშირდება კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემას - ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში უკვე ლაპარაკია აპრილში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებაზე. სხვათა შორის, „რესპუბლიკელები" უკვე ევაჭრებიან ბიძინა ივანიშვილს, თუ სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას მოგვცემ, ვადამდელ არჩევნებზე დაგთანხმდებითო. გავიხსენოთ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავიდანვე მაგათი იყო, დავით კირვალიძე ვახტანგ ხმალაძის სიძეა. რა თქმა უნდა, ეს „რესპუბლიკელებს" არ დავიწყებიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადიან კოალიციიდან და ალასანიასთან ერთად გამოვლენ არჩევნებში. ბიძინა ივანიშვილს „რესპუბლიკელები" ჰკიდია, მხოლოდ დავით უსუფაშვილის წაყვანა უნდა თავისთან. თვითონ დათოც არ არის ისეთი პიროვნება, რომ ივანიშვილს ჩაუდგეს ოპოზიციაში და ორ წყალს შუაა. მოკლედ, „ნაციონალებს" ჰყავთ ღია და ფარული კანდიდატები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთია მურუსიძე, რომელიც პასუხისგებაშია მისაცემი, მეორე - ლადო ჭანტურია. ამ უკანასკნელზე თქვენს გაზეთში დაიწერა და მას რა წარსული აქვს, მკითხველმა იცის. ვინაიდან ლადო ჭანტურიამ „ალიაში" დასმულ შეკითხვებს წაუყრუა, მე გავცემ პასუხს: როდესაც „ნაციონალები" ვარდების რევოლუციას ვერ „აპრავებდნენ", საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ჯონი ხეცურიანმა სააკაშვილს უარი უთხრა, მე ვერ „გაგიპრავებ", ეს იყო წმინდა წყლის სახელმწიფო გადატრიალებაო. ამის შემდეგ მიუბრუნდნენ ლადო ჭანტურიას, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და ეს საქმე მას გააკეთებინეს. ეს შემდგომში დაუფასა სააკაშვილმა და დანიშნა მრჩევლად. ჩვენ გვეგონა, რომ ის ამ თანამდებობაზე სამი-ოთხი თვე იყო და წავიდა. ნურას უკაცრავად, ფიზიკურად კი წავიდა გერმანიაში, მაგრამ 2008 წლამდე ოფიციალურად გახლდათ გაფორმებული მრჩევლად და ხელფასსაც კი იღებდა. ასეთი უპრინციპო კაცი, რომელიც „ნაციონალებს" წაუწვა, რა თქმა უნდა, სააკაშვილს ძალიან აწყობს მაშინ, როცა ის ემზადება ახალი რევოლუციისთვის. ჭანტურიამ მას ერთხელ უკვე „გაუპრავა" რევოლუცია, თუ დასჭირდება, კიდევ „გაუპრავებს". იმ ფაქტის შემდეგ ჭანტურიას შევარდნაძე არ ელაპარაკებოდა, როცა სერგეი ივანოვთან ერთად მივიდა შევარდნაძესთან და პირდაპირ უთხრა, შენ უნდა გადადგე, სხვა გზა აღარ არსებობსო. არადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა ნუგზარ საჯაიას ხათრით, მეზობლები იყვნენ წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში. საჯაიამ ჩამოიყვანა და შევარდნაძეს უთხრა, კარგი ბიჭია, არ გვიღალატებსო, მაგრამ მაინც უღალატა. ჯერ ირაკლი ალასანიას ცოლისდამ, მაია ფანჯიკიძემ გააცოცხლა ჭანტურია, ელჩად დანიშნა გერმანიაში, ახლა კიდევ მადა მოუვიდა და მთავარი მოსამართლეობა მოუნდა. ვის გაყვანას ცდილობენ „ნაციონალები" მთავარ მოსამართლედ? ფაქტობრივად, ამათ გაკოტრებული ფიგურა გააცოცხლეს".
წესით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვერც მურუსიძის წარდგენა უნდა გაბედოს და ვერც ჭანტურიასი, მაგრამ, როგორც კულუარებში ამბობენ, აქ ჩნდება მესამე მოსამართლე, ევა გოცირიძე, მინდია უგრეხელიძის მეუღლე, რომელიც ასევე „ნაციონალების" პროექტად მოიაზრება. ამ ადამიანზე „ალიას" ინკოგნიტო წყარო ასეთ ინფორმაციას აწვდის:
„ეს ქალბატონი 2000 წლიდან მოყოლებული, მიშას რეჟიმის ბოლომდე იყო უზენაესი სასამართლოს მრჩეველი ადამიანის უფლებების განხრით ევროპულ სასამართლოში. ესე იგი, ის იყო კოტე კუბლაშვილის მრჩეველი. ახლა ბიძინა ივანიშვილს უნდა გავაგებინოთ, რომ შეიძლება თავმჯდომარის პოსტზე წარადგინონ ქალი, რომელის არათუ არ არის პროფესიონალი, ავტორიტეტიც კი არ გააჩნია. ამ ადამიანს სტრასბურგში აქვს წამოჭიმული სახლი, საიდან, რანაირად? რა ურჩია ამ კოტე კუბლაშვილს, რომ სახლი უყიდეს? ჩემი ინფორმაციით, ახლა დადის ევა გოცირიძის სანათესაო ბიძინა ივანიშვილთან და არწმუნებს, მაგარი ქალია, მისი კანდიდატურა წარადგინონო. გადავშალოთ მისი ბიოგრაფია და ვნახოთ, რას წარმოადგენს: კოდიფიკატორი, ინსპექტორი, მოქალაქეთა საჩივრების მიღების კონსულტანტი, სწავლული მდივანი, კოორდინატორი... კი, მაგრამ იურისტობა სად არის? ან რა დამსახურებისთვის ზის ეს ქალი ფუნქციადაკარგულ, შევარდნაძის დროის გადმონაშთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მურუსიძის გვერდით? ბიძინა ივანიშვილი უნდა მიხვდეს, ვისთან აქვს საქმე, ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება".
როგორც ხედავთ, ჩვენ პატიოსან კანდიდატებს ვეძებთ იქ, სადაც პატიოსნების დეფიციტია. ვნახოთ, დაველოდოთ, სულ ცოტაღა დარჩა. მართალია, ზოგიერთმა ბიძინა ივანიშვილს კარი აუტალახა, მაგრამ იმედია, აღარ დაუშვებს ისეთ შეცდომას, როგორიც კოტე კუბლაშვილთან დაუშვა, ანუ მისი „გაპატიოსნება" რომ დაიჯერა.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"