როგორც ცნობილი და დადასტურებულია, იური ვაზაგაშვილი, სანამ მას 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქებდნენ, სამი დღით ადრე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ეს აუდიენცია სოლოლაკში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიზნესცენტრში შედგა.
ამ დღეებში კი ჩემთვის ცნობილი გახდა სკანდალური დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა იური ვაზაგაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა და რა საუბარი შედგა მათ შორის.
ძვირფასო მკითხველო, ინფორმაცია, რასაც წინამდებარე წერილით გადმოგცემთ, 100 პროცენტით სანდოა, რადგან იგი ცხონებული იური ვაზაგაშვილის ძალიან ახლო მეგობარმა და თანამებრძოლმა, სერიოზულმა და განათლებულმა კაცმა მომაწოდა, რომელსაც, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისა და საუბრის დეტალები თავად იური ვაზაგაშვილმა უამბო.
ჩემი წყაროს ვინაობას, მისივე თხოვნით, საიდუმლოდ ვტოვებ, მის მონათხრობს კი წვრილ-წვრილად მოგიყვებით.
მაშ, ასე:
იური ვაზაგაშვილის ბოლო პრესკონფერენცია, რომელზეც მან საკუთარი შვილის მკვლელების მფარველობაში დღევანდელი ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები დაანაშაულა და მთლიანად ხელისუფლება ძალიან მწარედ გააკრიტიკა, ინტერნეტში ნახა ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ, ქალბატონმა ეკატერინე ხვედელიძემ და მაშინვე უთხრა ექს-პრემიერს - ბიძინა, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ძალიან ცუდი ამბები ხდება, ასეთი გაცეცხლებული და გამწარებული იური ვაზაგაშვილი მე ჯერ არ მინახავსო!
ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს დაურეკა და იური ვაზაგაშვილის მობილური ტელეფონის ნომერი გამოართვა.
იური ვაზაგაშვილი, მისი პრესკონფერენციის მეორე დღეს, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ბიზნესცენტრში შეხვედრაზე მიიწვია.
ვაზაგაშვილი ივანიშვილს სქელტანიანი საქაღალდეებით ესტუმრა და იმ ადამიანების ძალიან ვრცელი სია წარუდგინა, რომლებსაც თავისი შვილის ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა და რომლებიც დღესაც ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ.
ბატონმა იურიმ ბატონ ბიძინას ისიც უთხრა, რომელ ძალოვან მაღალჩინოსანს ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი აფარებდა ხელს და მფარველობდა!
ბიძინა ივანიშვილი თავიდან არაფრით იჯერებდა იური ვაზაგაშვილის მიერ მისთვის წარდგენილი სიისა და მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს! ამაზე წაკამათებაც კი მოუვიდათ. ივანიშვილი ეუბნებოდა, ვიღაც არასწორ ცნობებს გაწვდისო, ვაზაგაშვილი კი უმტკიცებდა - პირიქით, ბატონო ბიძინა, თქვენ გატყუებენ და ცრუ ინფორმაციას გაწვდიანო!
ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა იური ვაზაგაშვილს უთხრა - თქვენს მიერ მოტანილ სიაში ჩამოთვლილი ადამიანებიდან თუნდაც ერთის შესახებ თუ დამიმტკიცებთ, კონკრეტულად სად მუშაობს დღეს და ვისი მფარველობის ქვეშ არის, ხელებს ავწევ და ყველაფერს დავიჯერებო.
- კონკრეტულად მაინც რომელი ერთი გაინტერესებთ, ბატონო ბიძინა? - ჰკითხა იური ვაზაგაშვილმა.
- აი, მაგალითად, ეს, - უპასუხა ივანიშვილმა და ვაზაგაშვილის წარდგენილ სიაში მალხაზ ჩიკვილაძის სახელსა და გვარს დაადო ხელი.
ძვირფასო მკითხველო, შეგახსენებთ, რომ მალხაზ ჩიკვილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს-ის) ყოფილი თავჯდომარეა, რომელიც ამ თანამდებობას ორიოდე თვის წინათ დაემშვიდობა, როგორც ამბობენ, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებითა და დაჟინებული მოთხოვნით!
მალხაზ ჩიკვილაძე სააკაშვილის რეჟიმის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის მოადგილე იყო და ვიდეოკადრებზეა დაფიქსირებული, 2009 წლის საკნების აქციის დროს როგორ ესროდა მშვიდობიან მომიტინგეებს უშიშროების შენობის აივნიდან არალეტალურ ტყვიებს.
მართლაც გაუგებარია, როგორ მოხვდა კისტის თოფით ადამიანებზე მონადირე კაცი ახალი ხელისუფლების პირობებში სუს-ის უფროსის თანამდებობაზე, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე თვის წინათ მას ეს თანამდებობა ივანიშვილის მოთხოვნით დაატოვებინეს.
ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სუს-ის უფროსობიდან მოხსნილი მალხაზ ჩიკვილაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რიგით ოპერმუშაკად იქნა გადაყვანილი.
ამიტომაც, როცა იური ვაზაგაშ;ვილმა ბიძინა ივანიშვილს უთხრა - ჩიკვილაძე თქვენ კი გააგდეთ სუს-ის უფროსობიდან, მაგრამ იგი დღესაც მაღალ თანამდებობაზე მუშაობს და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეაო, ბიძინა ივანიშვილი კინაღამ ჭკუიდან გადავიდა და ინფორმაციის გადასამოწმებლად სპეცტელეფონით დაუკავშირდა ჩიკვილაძის შემცვლელს - სუს-ის დღევანდელ უფროსს მირიან მჭედლიშვილს, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილის კადრი და მისი ნდობით აღჭურვილი პირია.
მოკლედ, ივანიშვილმა მჭედლიშვილს ჰკითხა - მახლაზ ჩიკვილაძე დღეს სად არის და რა თანამდებობაზე მუშაობსო? ამაზე სუს-ის უფროსმა ივანიშვილს უპასუხა - ბატონო ბიძინა, ჩვენ აქედან ძალიან ბევრი ადამიანი გადავანაწილეთ სხვადასხვა სამსახურში და ჩიკვილაძე დღეს სად მუშაობს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ 10-15 წუთში დავადგენ და გადმოგირეკავთო.
ივანიშვილი ამაზე მთლად გადაირია და მჭედლიშვილს გაუწყრა - სუს-ის უფროსი ხარ და შენი წინამორბედი დღეს სად მუშაობს, როგორ არ იცი, არავითარი 15 წუთი, ტელეფონი არ გათიშო, ხაზზე გელოდები და ახლავე გაარკვიეო.
მჭედლიშვილმა გაარკვია და... იური ვაზაგაშვილი მართალი აღმოჩნდა - სუს-ის უფროსობიდან მოხსნილი ჩიკვილაძე სამეგრელო-ზემო სვანეთში რიგით ოპერად კი არ გაუშვიათ, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილს უთხრეს, არამედ იგი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ გაუმწესებიათ!
ამის შემდეგ, ალბათ, წარმოგიდგენიათ, რაც მოხდებოდა, ძვირფასო მკითხველო!
ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ გამოვიდა წყობილებიდან და ისე განრისხდა, რომ ტელეფონი, რომლითაც სუს-ის უფროსს მირიან მჭედლიშვილს ელაპარა, იატაკზე დაანარცხა და დაფშვნა!
მოკლედ, ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდა, რომ იური ვაზაგაშვილი არაფერს აჭარბებდა და მას აღუთქვა - ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შენი შვილის მკვლელობის საქმე უსწრაფესად გაიხსნას, ყველა დამნაშავე დაისაჯოს და ვინც ამ უბედურებაში რაიმე ფორმით გარეულია, არცერთი თანამდებობაზე არ დარჩებაო!
ცხონებულმა იური ვაზაგაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი დაიმედებულმა დატოვა და დღე-დღეზე ელოდებოდა, რომ მისი შვილის საქმეს გახსნიდნენ და დამნაშავეებს კი პასუხისგებაში მისცემდნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მხოლოდ სამმა დღემ გაიარა და იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს!
სამების საკათედრო ტაძარში, იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მისულმა ბიძინა ივანიშვილმა ცრემლები ვერ შეიკავა და ტელეკამერების წინ თვალიდან კურცხალი გადმოსცვივდა!
თუმცა, კანონს და სამართალს ცრემლების არ სჯერა!
კანონი და სამართალი მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე რეაგირებს!
იური ვაზაგაშვილის ვერაგული მკვლელობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ის ერთადერთი კაცია, რომელსაც შვილის საფლავზე აფეთქებული უბედური მამის მიერ თითქმის ბოლომდე მიყვანილი საქმისათვის საბოლოო წერტილის დასმა და სამართლის დაპურება შეუძლია!
იური ვაზაგაშვილს ბიძინა ივანიშვილის იმედი სამარეში ჩაჰყვა!
ბიძინა ივანიშვილმა იური ვაზაგაშვილის ეს იმედი აუცილებლად უნდა გაამართლოს!
ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"