reportiori.ge - მაია ნიკოლეიშვილი: კორტებისა და ზურაბ ჟვანიას საქმე თუ ბოლომდე გაიხსნება, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, საბოლოოდ დასამარდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:16
ინტერვიუ
მაია ნიკოლეიშვილი: კორტებისა და ზურაბ ჟვანიას საქმე თუ ბოლომდე გაიხსნება, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, საბოლოოდ დასამარდება!
ავტორი:
05 თებერვალი, 2015. 16:44

 

 

 

12 იანვარს დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე დასკვნა დადო. ზუსტად ერთ კვირაში იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს! ამ შემზარავი ტრაგედიის შემდეგ მაია ნიკოლეიშვილი თავის ეჭვებსა და მოსაზრებებს „ასავალ-დასავალის" მკითხველს უზიარებს:


- რა საქმეზე არ მიმუშავია, სამეგრელოში, ლამის, სამოქალაქო ომის პირობებში გავაკეთე აკაკი ელიავას ექსპერტიზა, კრიტიკული დამოკიდებულება გამოვხატე ზურაბ ჟვანიას საქმეზეც, მაგრამ ასეთი განცდა არცერთ სხვა საქმეზე არ მქონია - გონებრივადაც და ემოციურადაც ყველზე დაძაბული და შრომატევადი იყო. იმდენად ღრმა და აწეწილი საქმეა, ვერ ვიტყვი, კმაყოფილი ვარ და ყველა ნიუანსი ბოლომდე ამოვწურე-მეთქი, თუმცა, საქმის მასალების, მორფოლოგიური აღწერილობის, სხვადასხვა ექსპერტიზების გამოყენებითა და ანალიზის საფუძველზე დასკვნა მაინც დაიდო, რომლითაც ე.წ. კორტების საქმეში მტკიცებულებითი ნაწილი გამყარდა.

 

- მოკლედ გვითხარით, რა ითქვა ახალ დასკვნაში?


- ზურაბ ვაზაგაშვილს თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიყენებული აქვს მარცხენა მხარეს, ახლო მანძილიდან. ნასროლი იყო ზემოდან ქვემოთ, თითქმის ვერტიკალურად, ანუ ამ დასკვნით ითქვა, რომ კორტების კედელსა და მანქანას შორის ვიღაც იყო, რომელმაც ზურა ვაზაგაშვილს ესროლა. სხვათა შორის, აღმოჩნდა, რომ „მეორე არხის" მიერ გაკეთებულ ფილმში მოწმეებიც იმავეს ადასტურებენ. მანამდე ზურაბ ვაზაგაშვილის თავის მიდამოში სროლის მანძილი საერთოდ არ იყო განსაზღვრული. ეს კითხვა ექსპერტისთვის დასმულიც არ ჰქონდათ. თავად კი ინიციატივა რომ გამოეთქვა, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დასჯიდნენ. მთელი რიგი შეუსაბამობები აღმოჩნდა კრიმინალისტების კვლევებშიც. დიდი ალბათობით, საქმე შეგნებულად იყო აწეწილი. მაგალითად, დასკვნის აღწერილობით ნაწილში ეწერა ერთი რამ, შედეგების ნაწილში - აბსოლუტურად საპირისპირო. მე რომ ლექტორი ვიყო, სტუდენტებს ამ საქმის მიხედვით ვასწავლიდი, თუ როგორი არ უნდა იყოს ექსპერტიზები...

 

- თავის დროზე ოჯახის წევრებს არ მოუმართავთ თქვენთვის ექსპერტიზის ჩასატარებლად?


- ბატონმა იურიმ და ქალბატონმა ციალამ 2006 წელსაც მთხოვეს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ უარის თქმა მომიხდა - ექსპერტიზის ჩასატარებლად დასკვნები მჭირდებოდა, რისი გაცნობაც იმ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელი იყო. როგორც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გაიხსენა, მაშინ დახვრეტილი ზურა ვაზაგაშვილის დედას დასკვნა ხელით გადააწერინეს, ქსეროასლების გადაღების უფლებაც არ მისცეს, რომელ საქმის ნახვაზე და გაცნობაზე იყო საუბარი?! ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პრაქტიკულად, ადვოკატებმა დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარეს. არ დაგიმალავთ, უდიდესი მოწიწება მქონდა იური ვაზაგაშვილის მიმართ და მენანებოდა იმის წასაკითხად, რაც ამ საქმიდან უნდა გაეგო. მახსოვს, როდესაც ბატონ იურის ვუთხარი, დასკვნაში უნდა დავწერო ის, რაც თქვენთვის ძალიან მტკივნეული იქნება-მეთქი, თვალცრემლიანმა მომიგო - უკვე აღარაფერი მაკვირვებსო. მუშაობა რომ დავასრულე, ვერ წარმოიდგენთ, როგორ დამლოცა. კაცისგან ასეთი ლოცვა აქამდე არ მომისმენია - თქვენმა შთამომავლობამ გაიხაროსო...


- დასკვნის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის თავზე იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს...


- ეს უბრალო დამთხვევა არ ყოფილა! სიკვდილის წინა დღებში იური ვაზაგაშვილმა მაგიდაზე მუშტი დაარტყა - რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანო და ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. იური ვაზაგაშვილის შვილის საფლავზე აფეთქება არ არის ორდინარულ ტვინში მოხარშული ბოროტება. კარგმა ანალიტიკურმა სამსახურმა შესაძლოა, გამოთვალოს, ვის ტვინში შეიძლებოდა დაბადებულიყო ასეთი სისასტიკე და ცინიზმი. ჩემი აზრით, ამ მკვლელობას რამდენიმე მესიჯი ჰქონდა.


იური ვაზაგაშვილის აფეთქებით ირაკლი ფირცხალავა თავისიანებმა გაწირეს! დასკვნის დადების შემდეგ ფირცხალავამ და სპეცოპერაციაში მონაწილე სხვა პირებმა თავის დაცვა მარტო დაიწყეს. ამიტომაც იყვნენ არაბუნებრივად აღელვებულები და არაადეკვატურები. ჩემს შეურაცხყოფაზეც კი გადმოვიდნენ - ნათელმხილველივით, სურათებზე დაყრდნობით გააკეთა ექსპერტიზაო. მოკლედ, რა აღარ თქვეს, რომ მტკიცებულებითი ნაწილის წონადობა დაეკნინებინათ. არ მსურს, პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, თუმცა, როგორც რიგითი მოქალაქე, ვფიქრობ, ამ საქმეს იმაზე ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ფირცხალავას სახით, მკვლელებმა მხოლოდ ერთი ბარტყი გადმოაგდეს.


მისტიკაში არ მინდა წავიდე, მაგრამ ჩემში ცუდი ასოციაცია გამოიწვია იური ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქებამ. გამახსენდა სანდრო გირგვლიანის დარბეული საფლავი, ასევე ერთმანეთს დავუკავშირე ვაზაგაშვილისა და ზურაბ ჟვანიას საფლავებიც... გარდა იმისა, რომ ამ ფაქტით საზოგადოება დააშინეს და იური ვაზაგაშვილი სამუდამოდ გააჩუმეს, საფლავზე აფეთქება თითქოს ერთგვარი გაფრთხილება იყო ზურაბ ჟვანიას საქმეზეც. მოგეხსენებათ, ახლო მომავალში ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია იგეგმება! ასევე უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს ვაზაგაშვილის საფლავის აფეთქება და ხარშილაძის „აღიარება!"


- რას გულისხმობთ?

 

- ის, რაც ჟვანიას საქმეში საეჭვო იყო - ტუჩის დაზიანება, უსუპოვის დასვრილი შარვალი და დაკარგული ფეხსაცმელი, ფაქტობრივად, კობა ხარშილაძემ თავისი „აღიარებითი" ჩვენებით „გააპრავა". ფეხაცმლის დაკარგვისა და შარვლის დასვრაზე ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ დღესაც თამამად გავიმეორებ, ტუჩის დაზიანება ხელოვნური სუნთქვის დროს არ წარმოიქმნება! კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა მხოლოდ ნახშირჟანგის საკითხი. ნიშანდობლივია, რომ კობა ხარშილაძის ჩვენების შემდეგ სოციალურ ქსელში ერთმა მოქალაქემ, რომლის სახელს შეგნებულად არ ვიტყვი, წამოსწია თემა - თურმე, CO-ს კონცენტრაცია ორგანიზმში ნელ-ნელა იკლებს და ამიტომაც იყო დაბალიო. არაფერიც არ იკლებს და იშლება, პირიქით, CO ჰემოგლობინთან ძალიან მყარ ნაერთს ქმნის და ადამიანი სწორედ იმიტომ იღუპება, რომ ჰემოგლობინს ჟანგბადი ვეღარ უერთდება. ამ ადამიანთან დავას არ ვაპირებ, მას კომპეტენტურად არ მივიჩნევ, თუმცა, თავად ფაქტია საგულისხმო - ათასი სისულელეებით ცდილობენ იმ მოსაზრებების გაბათილებას, რასაც წლებია, ვამტკიცებ. პირდაპირ ვამბობ, ხარშილაძემ თავისი ე.წ. აღიარებით ნაციონალების საქმე გააკეთა!


მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ - ე.წ. კორტებისა და ზურაბ ჟვანიას საქმე თუ ბოლომდე გაიხსნება, „ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ძალა, საბოლოოდ დასამარდება! ამისთვის კი, აუცილებელია ხელისუფლების პოლიტიკური ნება და ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია! კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: თუ გინდათ, ჟვანიას საქმეზე ლოგიკური შედეგი დადგეს, ჩაატარეთ გვამის ექსჰუმაცია, რითაც ერთხელ და სამუდამოდ დადგინდება, დაზიანებები ტრავმის შედეგად იყო მიღებული თუ არა. რაც უფრო დროულად მოხდება ეს, მით უფრო მალე გაირკვევა სიმართლე!

 

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016