ვესაუბრებით ცნობილ ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან, ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებულ საფრთხეებთან და უზენაესი სასამართლოს მომავალ შესაძლო თავმჯდომარესთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.
- ბატონო შალვა, ფაქტია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ცხელ კვალზე ვერ გაიხსნა. როგორ ფიქრობთ, გაიხსნება კი საერთოდ ეს საქმე?
- ამ საქმის გახსნა საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ არა - შეუძლებელი! ცნობილი ფაქტია, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, დოკუმენტები დაუდო წინ და დაარწმუნა, რომ თავისი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები ძალოვან სტრუქტურებში დღესაც მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. მეტიც, ზოგიერთი მათგანი საერთოდ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაწინაურდა და ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოსტებიც კი დაიკავა.
იური ვაზაგაშვილთან შეხვედრისა და საუბრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად გაუჩნდებოდა განცდა და ეჭვი - თუ ნაციონალური რეჟიმის დამქაშები და სისხლიან დანაშაულებში შემჩნეული პირები ძალოვან სტრუქტურებში დღემდე იკავებენ მნიშვნელოვან თანამდებობებს, რამდენად არის დაცული თავად ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება?!
მეტიც, ბიიძინა ივანიშვილთან შეხვედრიდან 3 დღეში იური ვაზაგაშვილის ასეთმა ვერაგულმა და სასტიკმა მკვლელობამ ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნა, რომ თავად მისი უსაფრთხოებაც დაცული არ არის და შეიძლება, ნებისმიერ წუთში მას რაღაც უბედურება მოუწყონ!
- პირადად თქვენ როგორ ფიქრობთ, მართლა ემუქრება საფრთხე ბიძინა ივანიშვილს?
- დიახ, ვფიქრობ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლე საფრთხეშია!
- კონკრეტულად რა გაძლევთ ამგვარი ვარაუდის საფუძველს?
- ძალოვან სტრუქტურებში ჩაბუდებულნი არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ინტენსიურად ეწევიან საბოტაჟს და მათი საბოლოო მიზანი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაა!
ყველამ ვნახეთ, როგორ მძაფრად განიცადა ბიძინა ივანიშვილმა იური ვაზაგაშვილის სიკვდილი - პანაშვიდზე მოსულს ცრემლებიც კი წამოუვიდა და ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ ბატონმა ბიძინამ კარგად გააცნობიერა ის საფრთხე, რაც თავად მას ემუქრება!
დიახ, არ არის გამორიცხული, ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის მიმართაც განხორციელდეს!
ამიტომაც, ძალოვან სტრუქტურებში სერიოზული წმენდა უნდა ჩატარდეს და ყველა ის ადამიანი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს სისხლიან დანაშაულებთან იყო დაკავშირებული, თანამდებობებს უნდა ჩამოსცილდეს!
- ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი უფროსის ვახტიანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მოტივაცია სწორედ ასეთი წმენდის ჩატარებაა!
- დიახ, შემთხვევითი ნამდვილად არ არის, რომ დღეს უკვე ქვეყანაში ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი თანამდებობები უჭირავთ ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ წარმომადგენლებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს წლების განმავლობაში შესწავლილი და გამოცდილი ჰყავს!
- იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიებას რომ მივუბრუნდეთ, როგორ ფიქრობთ, რა მოქმედებები უნდა განახორციელოს პროკურატურამ დამნაშავეების კვალზე გასასვლელად?
- გამოძიებამ, პირველ რიგში, იმ ადამიანთა კავშირები უნდა შეისწავლოს და დაადგინოს, რომლებსაც იური ვაზაგაშვილი ამხელდა და რომლებიც მის მკვლელობამდე ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდნენ ან დღესაც მუშაობენ. დიახ, დასადგენია ამ ადამიანების სატელეფონო საუბრები, საახლობლო წრე, გადაადგილების გეოგრაფია, პირადი თუ სამსახურებრივი კონტაქტები და ა.შ.
და კიდევ, ძალოვან სტრუქტურებში თანამდებობებზე უნდა იყვნენ მიყვანილნი სანდო, პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონიათ სააკაშვილის რეჟიმთან!
გეტყვით იმასაც, რომ, როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიებას უკვე გააჩნია ინფორმაცია იმ პირთა ჯგუფის შესახებ, რომელსაც, შესაძლოა, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ჰქონდეს ჩადენილი!
- მინიშნებით მაინც შეგიძლიათ, გვითხრათ, რა ჯგუფზეა ლაპარაკი?
- ბუნებრივია, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ, შესაძლოა, საქმე გავაფუჭოთ და გამოძიების მუშაობა წყალში ჩავყაროთ!
პირადად მე, ერთ რჩევას მივცემდი გამოძიებას - ამოიღონ სპეციალური ლიტერატურა, სადაც დეტალურად არის გაშიფრული, რომელი სპეცსამსახური და მეთოდებით მოქმედებს და როგორ ახორციელებს არასასურველი პირების ლიკვიდაციას.
დიახ, არსებობდა საბჭოთა დროინდელი უშიშროების სკოლები, სადაც ადამიანებს ასწავლიდნენ, რომ არასასურველი პიროვნების ლიკვიდაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მისი ახლობლის საფლავის დანაღმვა და ტერაქტის განხორციელება სწორედ სასაფლაოს ტერიტორიაზე, რადგან ახლობლის საფლავზე მყოფი ადამიანი იქ ყველაზე ნაკლებად ელოდება საფრთხეს, ყველაზე ნაკლებად ფრთხილობს და რაც მთავარია, ამ ფორმით ჩადენილი დანაშაულის გახსნა სამართალდამცავ ორგანოებს ყველაზე მეტად უჭირთ! აქედან გამომდინარე, გამოძიებამ აუცილებლად უნდა შეისწავლოს, საქართველოდან ვის აქვს გავლილი უშიშროების ასეთი სკოლა! ასეთი ადამიანები საქართველოში ბევრნი ნამდვილად არ არიან და მათი ვინაობის დადგენა გამოძიებისათვის პრობლემას არ წარმოადგენს!
- ძალიან საინტერესო რამეს ამბობთ, ბატონო შალვა!
- სამართალდამცავ სტრუქტურებს მოვუწოდებ, იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი იმუშაონ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რადგან შეიძლება, სწორედ ციხიდან, პატიმრებისაგან წამოვიდეს ძალზედ ღირებული და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცხონებული იურის მკვლელობასთან დაკავშირებით!
- უცნაურია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ციხიდან რა ინფორმაცია უნდა მიიღოს გამოძიებამ?
- არაფერი უცნაური არ არის, მთელ მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ყველაზე დიდი ინფორმაცია სწორედ საპყრობილეებიდან გამოდის. კრიმინალს თავისი სპეციფიკა აქვს და ამა თუ იმ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ყველაზე სწრაფად საპყრობილეებში შედის და სხვადასხვა კატეგორიის პატიმრებთან იყრის თავს!
ასე რომ, გამოძიებამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ამ კუთხითაც აუცილებლად უნდა გაატაროს!
- ბატონო შალვა, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ რაღაც იცით და არ ამბობთ!
- თქვენი ნებართვით, ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ!
- კარგი, მაშინ იმ სასამართლო პროცესზე გკითხავთ, რომელიც თქვენ ამ დღეებში დავით კეზერაშვილს მოუგეთ. მოუყევით ჩვენს მკითხველს, რას ეხებოდა საქმე და რა მოხდა?
- ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვთხოვდით მთავარ პროკურატურას, რომ გამოეძიებინა, როგორ წაართვა კეზერაშვილმა ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს ფოთის პორტში მთელი რიგი ტერმინალები და ძალიან დიდი ობიექტები.
ამა წლის 30 იანვარს ჩატარდა სასამართლო პროცესი და პირდაპირ გეტყვით, რომ მოსამართლე თეა ხამხაძემ გმირული გადაწყვეტილება გამოიტანა და ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს კეზერაშვილის მიერ წართმეული ქონების ძალიან დიდი ნაწილი დაუბრუნა!
დიახ, მოსამართლემ უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა, ევროპული სამართლის პრეცედენტებს დაეყრდნო და თქვა, რომ ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს ქონება ამორალური გარიგების გზით დაათმობინეს!
მიხარია, რომ დღეს საქართველოს სასამართლო სისტემაში არიან მოსამართლეები, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ, ცივილიზებული სამყაროს სამართლებრივ პრეცედენტებს ეყრდნობიან და ობიექტურ გადაწყვეტილებებს ღებულობენ!
კიდევ ერთხელ ყოჩაღ მოსამართლე თეა ხამხაძეს!
- რადგან სასამართლოს თემას შევეხეთ, არ შეიძლება, არ გკითხოთ უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით. რას ფიქრობთ, ვინ უნდა დაიკავოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი?
- გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მოსაზრებების გამო კონკრეტული კანდიდატურისა და გვარ-სახელების დასახელებას მოვერიდები, მაგრამ ყველაზე მთავარს ვიტყვი - უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთ დიდ შეთქმულებასა და საბოტაჟს უმზადებენ!
- რას გულისხმობთ?
- ხელისუფლების სხვადასხვა ჯგუფი ცდილობს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ისეთი კანდიდატები გაიყვანოს, რომლებიც შევარდნაძისა და სააკაშვილის დროინდელ უფსკრულში დაგვაბრუნებენ!
ერთადერთი თხოვნა მექნება ბატონი ბიძინა ივანიშვილისადმი - პირადად შეამოწმოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ნებისმიერი კანდიდატის განვლილი გზა და არ დაუშვას დიდი საბოტაჟი, რომელიც მარტო მისი კი არა, მთელი ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"