ოფიციალური დოკუმენტები, პირველი:
„საქართველოს მთავრობის განკარგულება N1871 2012 წელი, 10 ოქტომბერი ქ.თბილისი. ქართულ- უცხოური ერთობლივი წარმოების სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი „ეპიკას" შესახებ.
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნაციებიდან განახორციელოს ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების სრულმეტრაჟიანი ფილმის „ეპიკას" თანადაფინანსება 800 000 9 ლარის ოდენობით."
ბრძანებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი.
მეორე:
„სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი
ბრძანება N 190 2012 წელი, 17 ოქტომბერი ქ. თბილისი
ქართულ-ბრიტანული-გერმანულ-რუსული ერთობლივი წარმოების სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის „ეპიკას" თანადაფინანსების თაობაზე
ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტის სსიპ - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების მეოთხე მუხლის მეოთხე პუნქტის „თ" ქვეპუნქტისა და 2012 წლის 10 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის N1871 განკარგულების თანახმად ვბრძანებ:
დაფინანსდეს ქართულ-ბრიტანულ-გერმანულ-რუსული ერთობლივი წარმოების სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „ეპიკა" და გამოიყოს 800 000 ლარი პროექტის პროდიუსერს შპს „20 STEPS PRODUCTIONS" ფილმის "ეპიკას" საწარმოებლად.
ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: 2012 წლის 10 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის N1871 განკარგულება. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ს. სეფაშვილი"
მოკლედ, ჩვენი ქვეყნის „დიდი საზოგადო მოღვაწე" რომელიც დაპატიმრებამდე „ქვეყნის ხერხემალი", შს მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და „კარგი არქიტექტორ-ინჟინერიც" იყო, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს კარგი კინომცოდნე თუ არა, რეჟისორი ან სცენარისტი თუ არა, კარგი კინომოყვარული მაინც ყოფილა და არ ვიცოდით. ივანე-ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის რანგში ერთ-ერთი ბოლო განკარგულება კინოს მიუძღვნა, კინოს, რომელსაც, როგორც რეჟისორები აცხადებენ, დღემდე ნიკა რურუა განაგებს. თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად „კარგი კინოშნიკი" ყოფილა ლევან მაისურაძე, უკაცრავად ვანო, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილიც კი, ვანოს მოწონებულ „ეპიკას" უჭერს მხარს და როგორც ჩანს, „ეპიკა" კინოხელოვნების საუკეთესო გამოხატულებაც იქნებოდა რომ არა....
არავინ კითხულობს და მით უმეტეს არავინ ამოწმებს დოკუმენტაციას, რატომ დაინტერესდა არჩევნების შემდეგ, თანამდებობიდან წასვლამდე ცოტა ხნით ადრე (ის ხომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ორიოდე თვე პრემიერ-მინისტრი იყო) ვანო მერაბიშვილი „ეპიკათი" და რატომ გამოაცხო სასწრაფოდ ზემოთმოყვანილი განკარგულება, სად წავიდა 800 ათასი ლარი? ვინ და რაში დახარჯა? მითუმეტეს, რომ „ეპიკა" გაცილებით ადრინდელი პროექტია და ვანოს თუ არა მის წინამორბედს (ზოგადად სანაციონალეთს) შეეძლოთ უფრო ადრე დაეწყოთ ზრუნვა კინოზე... სხვათაშორის ამ და სხვა პროექტებზე ახალი ხელისუფლების „ამონათების" პირველ ეტაპზე გარკვეული უწყებები დაინტერესდნენ კიდეც, თუმცა ეს ინტერესი „რაღაც მანქანებით" ისე ჩაკვდა, ვერავინ გაიგო თემით დაინტერესების ან „გარდაცვალების" მიზეზი რა იყო.
მაშ ასე: 2012 წლის 19 ოქტომბერს კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ ხელი მოაწერა დადგენილებას ბრიტანული ფილმის კო-პროდუქციის „ეპიკას" 900 000 ლარით დაფინანსების შესახებ. მოგვიანებით, როგორც ჩანს მხოლოდ ბრიტანული „სტატუსი" არასაკმარისი გახდა და დასათაურება გაფართოვდა: „ქართულ-ბრიტანული-გერმანულ-რუსული ერთობლივი წარმოების სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი „ეპიკა". დამეთანხმებით ალბათ, რომ პროექტი უფრო მომხიბვლელად და საინტერესოდ გამოიყურება. სხვა თემაა რუსთმოძულე ხელისუფლების ასევე რუსთმოძულე პრემიერ-მინისტრი რატომ შეხვდა აღშფოთება-შეშფოთების გარეშე პროექტში რუსეთის მონაწილეობას და ისიც სხვა თემაა რუსული წარმოება ქართულ მხარეს რატომ უნდა დაეფინანსებინა, მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტს ვერ გავექცევით - „ეპიკა" რუსული პროექტიცაა. კარგით, ვთქვათ ევროპას უჭირს და ბრიტანეთი ან გერმანია მარტო ვერ გაქაჩავდა „ეპიკას", მაგრამ რუსეთიც თუ გაღლეტილი იქნებოდა ამის წარმოდგენა მართლაც წარმოუდგენელია და თან იმ ფონზე როცა რუსეთი ოკუპანტია 2012 წლის ოქტომბრის მიწურულს, ეროვნულმა კინოცენტრმა დამატებითი 800 000 ლარი გაიღო „ეპიკას" დასაფინანსებლად. დადგენილებას ამჯერად ხელი ახალმა „მეოცნებე" მინისტრმა მოაწერა! „ეპიკას" დასაფინანსებლად ჯამში გაიცა 1 700 000 ლარი.
საქმე ისაა, რომ ეროვნულ კინოცენტრს უკონკურსოდ თანხის გაცემის უფლებას დებულება უკრძალავს. კანონდარღვევა კი მოხდა, მაგრამ ეს რა მოსატანია იმ სიამაყესთან რაც თან ერთვის ევროპული და რუსული „გაღლეტილი" ქვეყნების დაფინანსებას? კიდევ ერთი „უზუსტობა": 1 700 000 ლარი დამატებით გამოიყო იმ ფონზე, როცა ეროვნული კინოცენტრი კინოს გასავითარებლად სახელმწიფოსგან წელიწადში არც მეტი არც ნაკლები 4 მილიონ ლარიან დაფინანსებას იღებს. კინომცოდნეები ამბობენ, რომ თანხის მხოლოდ 40%-50%-ი ხმარდება ფილმწარმოებას, მარტივი გაანგარიშებით, დაახლოებით 1 800 000 ლარი! და ეს თითქმის იგივე თანხაა, რაც მხოლოდ ერთ უცხოურ ფილმს მისცეს ერთი კვირის ვადაში. საინტერესოა არა?! საინტერესოა ისიც, რომ ბრიტანულ კო-პროდუქციაში „ეპიკა" სხვა ქვეყნებმაც მიიღეს მონაწილოება, თუმცა ქართული ფინანსური წვლილი ერთ-ერთი წამყვანია, მიუხედავად იმისა რომ ამ საქმეში არავითარი „კულტურული" ინტერესი ქართულ მხარეს არ გააჩნია! ფილმში არ მონაწილეობს შემოქმედებითი ჯგუფის არცერთი ქართველი წევრი, ან ქართველი მსახიობი, ან ქართველი კინემატოგრაფისტი. ისმის კითხვა, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ეროვნულ კინოცენტრს ასეთი მსხვილბიუჯეტიანი კინოპროექტის დაფინანსებაში? შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ რომ აქ არის კორუფციული სქემა, რომელითაც დაინტერესებულია კინოცენტრი და კომპანია "20 steps Production" ?
საქმე ისაა, რომ სქემა „არ ახალია, ძველია" და ის ჯერ კიდევ 2008 წლიდან „დააგემოვნეს", როდესაც კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი იყო. გაბაშვილს არ გაუჭირდა და სადავეების ხელში ასაღებად სამხატვრო საბჭოს კონტროლის სისტემა გააუქმა, რითაც დირექტორის დანიშვნის უფლება დაიკანონა. ამის შემდეგ ფინანსდებოდა ერთი და იმავე სტუდიები, დარღვეული იყო კონკურსის ყველა პირობა და კომისიის წევრებს დირექტორი ირჩევდა. დირექტორი ესწრებოდა კომისიის წევრების სხდომებს და ჰქონდა უფლება კომისიის საქმიანობაში ჩარეულიყო, იმდენად რომ შედეგების საერთოდ გაუქმების უფლებაც კი ჰქონდა. ასე დამკვიდრდა კინოში ორი კომპანია „დამოუკიდებელი კინოპროექტი" - და მისი ხელმძღვანელი მხედრიონელი ლევან კორინთელი - „კორო", და რჩეულიშვილების სტუდია „სანგუკო". ფილმს ვერც ერთი რეჟისორი ამათ გარეშე ვერ გადაიღებდა. 2008-2011 წლებში კიდევ 2 სტუდია გამოვიდა ასპარეზზე: ელდარ შენგელაიას „სინეტეკი" და „მილიმეტრი", როგორც ამბობენ ამ სტუდიის რეალური მფლობელი დავით კეზერაშვილი იყო. ეს სტუდიებიც იგივე სქემით ღებულობდნენ მონაწილეობას სხვადასხვა გარიგებებში კინოცენტრთან. ახალი ორი კომპანიის გამოჩენით რეჟისორებისთვის სავალდებულო გახდა ამ ორ კომპანიასთან თანამშრომლობა. შეუძლებელი გახდა სხვაგვარად კინოცენტრის დაფინანსების მიღება, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ამ პროექტს მიღებული საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერა ან სხვა დამატებითი დაფინანსება, ყველაზე მთავარი კი დღეს, ამ ახალ არანაციონალურ, მაგრამ მეოცნებე ქართული კინოს საშველად ნიკა რურუას მიერ თავის დროზე კინოცენტრში მივლენილი კადრი თამარ ტატიშვილი დაწინაურებული და ხელშეუხებელია, ეროვნული კინოცენტრის დირექტორობის 3 წლიანი ვადის ამოწურვის შემდგომ „ევრიმაჟის" საქართველოს წარმომადგენლად დანიშნეს 2 წლით და ასევე კინოცენტრის ახალი დირექტორის მრჩევლის ადგილი „ჩაახუტეს". ასეთ ფონზე მთავარი კითხვა რატომ გამოცვალეს კულტურის მინისტრი, ყოფილიყო რურუა! მერე რა რომ წარსულში მხედრიონელი იყო, ხომ მოახერხა და „გაკულტურულდა" ?
საინტერესოა რა კრიტერიუმებით დაინიშნა თავის დროზე ოდიშარია მინისტრად, ან მის მოადგილედ მანანა ბერიკაშვილი? რა დამსახურებით? იმ დროს როცა სამინისტრო წუწუნებს ფინანსები არა გვაქვსო, არც კი იციან „იქ, ზემოთ" როგორ საბუთებს აწერენ ხელს, რომ ამ დოკუმენტებით ასობით ათასი ლარი ჰაერში იკარგება. დავიჯეროთ არც ოდიშარიამ და არც ბერიკაშვილმა არ იცოდნენ, რომ 1 700 000 ლარი ბრიტანული (და რაც მთავარია ოკუპანტების, რუსული) კინოს განვითარებას მოხმარდება და ქართულ მხარეს ამით არაფერი წინსვლა არ ექნება? ჩავთვალოთ რომ ბეცები სხედან „მაღლა"? თუ ვიგულისხმოთ რომ ისინიც გარიგებაში არიან? რომელი უკეთესი ვარიანტია ხელისუფლებისათვის, ნეტავ? ახლა ამბობენ (ამას ამბობდა რურუაც) რომ თამარ ტატიშვილის დამსახურებაა ქართული კინოს „ევრიმაჟის" ფონდში გაწევრიანება. შეიძლება საქმეში ჩაუხედავი ადამიანისათვის ბნელა, მაგრამ კინომცოდნეებმა ძალიან კარგად იციან რომ „ევრიმაჟში" გაწევრიანების იდეით 2006 წელს კინოცენრტის ყოფილი დირექტორს გაგა ჩხეიძე გამოვიდა, საქმეში ჩახედულებმა ისიც იციან რომ მაშინ ჩხეიძეს გასაქანი არ მისცეს, არადა „ევრიმაჟში" გაწევრიანება სულაც არ იყო რთული. ეს არის ერთობლივი ფონდი, რომელიც 37 წევრი ქვეყნის შენატანით ივსება. საქართველოს ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი ევრო შეაქვს ფონდში და ვინ ოხერი ეტყოდა უარს გაწევრიანებაზე?
„ეპიკას" პროექტით ვგებულობთ რომ რუსული კინო, ისევე როგორც ბრიტანული და გერმანული „გაღლეტილია". არადა, აწრიალდა რუსეთი პუტინის „გულმოწყალებით", მან რუსული ეროვნული კინოს განვითარებისთვის მილიარდ ნახევარი დოლარი გამოყო, აგერ ჩვენი მეზობელი ალიევი 20 მილიონით „ზარალდება" აზერბაიჯანული კინოს განვითარებისთვის. რა ღირს ქართველი რეჟისორების კინო? 200 ლარიდან ცოტა ზემოთ და ბევრად ქვემოთ! აი, ეგრე! ჰოდა, ახლა თავად გამოიცანით რა ღირს ქართული ფილმი? ნეტარკურთხეულ ევროპასა და ამერიკაში, ან თუნდაც რუსეთში ფილმებს და რეჟისორებს აფინანსებენ, საქართველოში კი საქმე ასეა, ხდება სახელმწიფო თანხების განაწილება პრივილეგირებულ რეჟისორებზე და სტუდიებზე და ამას ბევრი კინომცოდნე უკვე ხმამაღლა ამბობს. ერთი მაგალითი უნდა მოვიყვანო მტკიცებულებად: როცა „რენე მიდის ჰოლივუდში" დააფინანსეს, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ფილმის დამდგმელი ოპერატორი, დამდგმელი მხატვარი, კომისიის თავმჯდომარე კი იყო არჩილ გელოვანი, პოპულარული დამოუკიდებელი კინოპროექტის დირექტორი. ნიკა რურუას მეგობრის ქეთი მაჭავარიანის ფილმის „მარილივით თეთრი" დაფინანსების კონკურსის კომისიაში იყო ამ ფილმის პროდიუსერი რურუასვე მეგობარი ლევან კორინთელი. ჰოდა, ასეთ ფონზე აბა ვინმეს ამოეღო ხმა... ხშირად კონკურსის გამარჯვებულები ხდებოდნენ რეჟისორები, რომლებსაც არ ჰქონდათ გადაღებული არც ერთი ფილმი (?!) და იმისათვის რომ მათ დაეკმაყოფილებინათ კონკურსისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის ნუსხაში შემავალი მთავარი მოთხოვნა, წარმოედგინათ რეჟისორის წინა ნამუშევარი, ისინი წარადგენდნენ საკურსო სავარჯიშოს. სავარჯიშო იდეაში არ არის ფილმი, მაგრამ როცა მედალს ერთი მხარე აქვს მხოლოდ ფილმადაც შეიძლება ჩაითვალოს! ნაციონალები ხომ საკუთარს ამდიდრებდნენ, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეოცნებეებმა პროდიუსერ კაჭარავას 800 000 ლარი ზედმეტი თავის ტკივილის, კონკურსის გარეშე მიუთვალეს. კაჭარავას როგორც ამბობენ, დავალიანება აქვს და ამის გამო კონკურსში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, ჰოდა, როცა შენ ჭრი და შენვე კერავ, პრობლემა არ არსებობს! „ეპიკას" მთავარი „ღირსებაც" მისი პროდიუსერი კაჭარავაა. კინომცოდნეები ამბობენ, რომ ფილმში წამოჭრილი პრობლემატიკა არ არის ქართული, არც მისი ავტორები არიან საქართველოს მოქალაქეები. თუ არ ჩავთვლით კაჭარავას. თუ ფულს არ დახარჯავს და ფილმს გადაიღებს, რომელი ევროპული ქვეყანა იტყვის ამაზე უარს? ან რუსეთი რატომ „იტირებს"? და კიდევ ერთი, ყველაზე საინტერესო: რატომ ჩათვალა ხელისუფლებამ ვანო მერაბიშვილის ბრძანება ქვის გამხეთქ უტყუარ დოკუმენტად, მაშინ როცა მისი „საზოგადო მოღვაწეობა" ეჭვქვეშ დააყენეს? რატომ არავინ იძიებს რა იდგა ამ ბრძანების უკან? ნუთუ არავის ეეჭვება პრემიერობის ბოლო დღეებში რატომ გაახსენდა მერაბიშვილს კინო?
და ბოლოს, ნაციონალური წარსულის გადმონაშთი - არსებობს მერაბიშვილის განკარგულება, თანხის გაცემის თაობაზე, მთავარი საკითხი - თანხა გაცემულია ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მეოცნებე სინამდვილეში. საინტერესო საკითხი: მანანა ბერიკაშვილი ერთ-ერთ გადაცემაში აცხადებს რომ კინოცენტრიდან თანხის გაცემის შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობს, მაგრამ არ საუბრობს სად არის შესაბამისი დამადასტურებელი საბუთები იმისა რომ კულტურის სამინისტროდან გაიცა მილიონზე მეტი ლარი! ცნობილია მხოლოდ ის რომ ნაციონალურ სინამდვილეში გაიცა 1. 700 000 ლარი, ამას მოყვა დამატებით მერაბიშვილის მიერ გაცემული 800 000, არავინ იცის როდისაა გაცემული ეს თანხა, ანუ იგულისხმება 1 700 000 მინუს 800 000 ლარი. დამეთანხმებით რომ დარჩენილი თანხა არც თუ ისე ხელწამოსაკრავია! და ყველაზე მთავარი „ეპიკა" დღემდე არაა გადაღებული!!!
(წყარო: დარეჯან მეფარიშვილი, მთავარი.ინფო)