„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლეს" დამფუძნებლის იური ვაზაგაშვილის მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ 2006 წლის 2 მაისს ჩოგბურთის კორტებთან იური ვაზაგაშვილის ვაჟის ზურაბ ვაზაგაშვილის დახვრეტის ოპერაცია უშუალოდ ვანო მერაბიშვილის ავადმყოფ ტვინში „მოიხარშა"! მჟავანაძე ირწმუნება, რომ მერაბიშვილმა ეს საჯარო დახვრეტა სააკაშვილის კარზე პოზიციების გასამყარებლად და წამოყელყელავებული ახალაიებისა და კოდუების კლანის „ჩასაჩოჩებლად" მოაწყო.
- ბატონო ნიკოლოზ, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის სიცოცხლე სააკაშვილის სასახლის კარის ინტრიგებსა და მიშას ფავორიტობისთვის ბრძოლას შეეწირა?
- 2006 წლის 2 მაისს ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში, რომელსაც ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჩართული იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ელიტა. ჩასაფრება მარტო კორტებთან არ ყოფილა მოწყობილი - ვაზაგაშვილსა და მის მეგობრებს უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ, უკან დაჰყვებოდნენ... კორტები იყო ტრაგიკული ფინალის ადგილი, სადაც საშინელება დატრიალდა. ხომ გეუბნებით, მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს „ტვინები" მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში და ამიტომაც ვერ მოხერხდა დღემდე ამ საქმის გამოძიება. გამოძიება რომ სწორად წარემართათ და დამნაშავეები სისტემიდან გაეყარათ ან დაეპატიმრებინათ, მაშინ სააკაშვილს მთელი სამინისტრო თავზე დაემხობოდა. ვიღაცები გაუშვეს, ვიღაცები სადღაც გადამალეს, მაგრამ, ვინც სისტემაში დატოვეს, ისინი ძალიან აფერხებდნენ ამ საქმის გამოძიებას.
- თქვენ რა იცით, რეალურად რა მოხდა 2006 წლის 2 მაისს?
- ჩემი ინფორმაციით, ე.წ. კორტების სპეცოპერაცია უშუალოდ ვანო მერაბიშვილის მიერ დაიგეგმა. გეხსომებათ, მაშინ კუდ-ის უფროსი გახლდათ დათა ახალაია, ხოლო სოდ-ის უფროსი - ერეკლე კოდუა. კოდუა და ახალაიები სისხლიანი სპეცოპერაციებისა და მკვლელობების მოწყობით ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და სააკაშვილის წინაშე თავს იწონებდნენ. ცხადია, სააკაშვილი თავად გახლდათ ამ სისხლიანი ტერორის მთავარი იდეოლოგი და სწორედ მისი სიტყვებია: „ნულოვანი ტოლერანტობა!", „ყველანი ციხეში!", „ხელი არ აგიკანკალდეთ!" რეალურად სიტუაცია იყო ასეთი - ვინც უფრო მეტ საჩვენებელ დახვრეტას მოაწყობდა, ის ხდებოდა სააკაშვილის ყველაზე უფრო საყვარელი და მისაღები ფავორიტი. 2006 წლის გაზაფხულზე მერაბიშვილს, კოდუასა და ახალაიებს შორის ვითარება ძალიან დაძაბული იყო. ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბიზნესინტერესების, გავლენებისა და კლანების გამო. 2006 წლის 2 მაისამდე ამ ასპიტებმა, რომლებსაც ძირითადად ახალაიებისა და კოდუას დაჯგუფება წარმოადგენდა, ჩაიდინეს შემდეგი გახმაურებული დანაშაულობანი: 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, დიდუბის ეკლესიის წინ დახვრიტეს 19 წლის დედისერთა, ხელებაწეული ბავშვი ამირან (ბუტა) რობაქიძე; 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღში ახალაიებმა დახვრიტეს რომან და მურად ართმელაძეები და შოთა გორგაძე; 2006 წლის 16 თებერვალს დახვრიტეს გია თელია; 2006 წლის 28 ივანვარს „შარდენ-ბარიდან" ოქროყანის სასაფლაოზე ლევან ბუხაიძესთან ერთად გაიტაცეს, აწამეს და მერე მოკლეს ასევე დედისერთა სანდრო გირგვლიანი... ანუ ყველა ეს გახმაურებული მკვლელობა, რომელიც ახლა ჩამოვთვალე, წინ უსწრებდა 2006 წლის 2 მაისს კორტებთან მწყობილ ჩასაფრებასა და სისხლიან სპეცოპერაციას. ეს ყველაფერი ძალიან დამაფიქრებელი იყო ვანო მერაბიშვილისთვის, რადგან მას მინისტრის პორტფელი ეცლებოდა ხელიდან. სწორედ ამის გამო, ვანო მერაბიშვილის ავადმყოფ ტვინში „მოიხარშა" ისეთი მასშტაბური და სისხლიანი სპეცოპერაციის მოწყობა, რომელიც მანამდე ჩატარებულ ყველა უბედურებასა და საშინელებას გადაფარავდა. მთავარი გათვლა იყო იმაზე, რომ სპეცოპერაცია აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო დღისით, მზისით, ხალხმრავალ ადგილას, მთელი ქალაქის დასანახად, რათა მას გამოეწვია დიდი რეზონანსი და საზოგადოება კიდევ უფრო დაშინებულიყო.
- უკაცრავად, თქვენი ანალიზი კონკრეტულ ინფორმაციას ეყრდნობა?
- ვაცხადებ კატეგორიულად: ეს არ გახლავთ ჩემი ანალიზის ან კვლევის შედეგი. რასაც მოგახსენებთ, ეფუძნება კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი თანამშრომლისგან მივიღე. ეს თანამშრომელი სააკაშვილის დროს მაღალჩინოსანი არ იყო, მაგრამ არც ხელწამოსაკრავი ფიგურა ყოფილა და საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. სწორედ მისგან ვიცი, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან მომხდარი საშინელება გახლდათ ვანო მერაბიშვილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი „ტვინების" მიერ მოწყობილი სისხლიანი პიარაქცია. ცააძე, ჭაია, ფირცხალავა, დალაქიშვილი, მირზოევი, სამარღანიშვილი, ენუქიძე და კიდევ სხვები შეიკრიბნენ და მერაბიშვილის მეთაურობით გადაწყვიტეს, რომ მოეწყოთ საჩვენებელი დახვრეტა.
- ბატონო ნიკოლოზ, ირაკლი ფირცხალავა და კიდევ სხვები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ იმ უბედურებაში, დღემდე ამტკიცებენ, რომ ზურა ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და ფუთურიძე იყვნენ კრიმინალები და მიდიოდნენ რომელიღაც აზერბაიჯანელი ეროვნების პიროვნების დასაყაჩაღებლად... რას იტყვით?
- სპეცოპერაციის დამგეგმავებმა მსხვერპლად საგანგებოდ შეარჩიეს არცთუ ისე სახარბიელო წარსულის მქონე ახალგაზრდები, თუმცა, იმ საშინელ დღეს ახალგაზრდები იყვნენ „სუფთა", არავითარი იარაღი მათ არ ჰქონდათ და არც არავის დასაყაჩაღებლად არ მიდიოდნენ. ეს არის ბინძური ტყუილი, რომლითაც სააკაშვილის სისხლიანი ხროვა დღემდე აპელირებდა და აპელირებს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ და, უპირველეს ყოვლისა, სამართალდამცავთა გასაგონად ვამბობ ამას - ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში სამართლიანად ხელს იშვერენ ფირცხალავას, დალაქიშვილის, მირზოევის, ცააძის, ჭაიასა თუ ხიზანიშვილისკენ, მაგრამ რატომღაც ყველას ავიწყდება ვანო მერაბიშვილი, რომელიც ამ სისხლიან საქმეში ყველაფრის თავი და თავი და დავალების მიმცემია. ირაკლი ფირცხალავამ უშუალოდ აღნიშნა - მე არ შემეძლო სპეცრაზმის გამოყვანა, მინისტრის დირექტივა რომ არ ყოფილიყოო! ორ-სამ წელიწადში მერაბიშვილი ციხიდან გამოვა და ამიტომ ზურაბ ვაზაგაშვილის დახვრეტის ბრალდებით, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე უნდა აღიძრას! უშუალოდ, ვინც ეს სპეცოპერაცია მოამზადა, იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, თორემ, თუ დაბალ რგოლებამდე ჩამოვალთ, მაშინ მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო გახდება დასაჭერი! დასაჭერია ზურაბ ადეიშვილი, რომელიც საკაშვილის შტაბს ხელმძღვანელობს უკრაინაში. თუ ეს შტაბი არ ამოიძირკვა და თუ ეს ხალხი ციხეში არ წავიდა, მაშინ საქართველოში ტერაქტები და უბედურება ისევ მოხდება. „ნაცმოძრაობა" „ეტა"-ს ტიპის ტერორისტულ ორგანიზაციად ყალიბდება. სავალალო და გულდასაწყვეტი ის არის, რომ ნაცისტური ტერორი არასამთავრობოებმა გავაპროტესტეთ და წამყვანმა ტელევიზიებმა აქცია არ გააშუქეს! ალბათ, ესეც ნაცისტური ტერორის შედეგია...
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი"