reportiori.ge - იაშარ უსუპოვი: რაულის მანქანა იმ კორპუსიდან მოშორებით იდგა, მანქანა სხვამ გამორთო, ჩაკეტა, მაგრამ რადიო და ანტენა გაუთიშავი დატოვა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 10:11
პრეს-დაიჯესტი
იაშარ უსუპოვი: რაულის მანქანა იმ კორპუსიდან მოშორებით იდგა, მანქანა სხვამ გამორთო, ჩაკეტა, მაგრამ რადიო და ანტენა გაუთიშავი დატოვა!
ავტორი:
06 თებერვალი, 2015. 17:47


ზურაბ ჟვანიასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის რაულ უსუპოვის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებიდან 10 წელი გადის. დღევანდელი მდგომარეობით, გამოძიებას ჯერ დასკვნა არ დაუდია, საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელია. ვესაუბრებით რაულ უსუპოვის მამას იაშარ უსუპოვს, რომელსაც იმედი აქვს, რომ გამოძიება თებერვალში დასრულდება, სამართლიანობა აღდგება და ამ საქმეში მონაწილე პირები კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

 

- ბატონო იაშარ, თქვენთვის სარწმუნოა თუ არა ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის კობა ხარშილაძის ჩვენება თქვენი ვაჟის რაულ უსუპოვის ცხედრისთვის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით?


- რაც ხარშილაძემ სასამართლოზე თქვა, ტყუილია. ესე იგი, რაულის ტანსაცმელი მისი ცხედრის გატანა-შემოტანის დროს დაისვარა? მათი მანქანა სადარბაზოსთან ახლოს იდგა, ასე როგორ დაისვრებოდა ან ამ ყველაფერს აქამდე რატომ არ ამბობდა? ხარშილაძე რომ ამბობს, ფეხსაცმელიც მაშინ დაგვეკარგაო, განა რა მანძილი ჰქონდათ გავლილი - იმ პირველი სართულიდან მანქანამდე დაახლოებით 15 მეტრია. სადარბაზოში ფეხსაცმლის პოვნას რა უნდოდა. ეძებეს და ვერ იპოვეს? ბუჩქები არ ჰქონდათ გასავლელი და ტყე-ღრე. ხარშილაძემ მოატყუა სასამართლოც, ხალხიც და გამოძიებასაც კვალს ურევს.


- თქვენი აზრით, სად დაიკარგა რაულის ფეხსაცმელი?

 

- რაული სხვაგან მოკლეს და მისი ცხედარი მერე მიიტანეს იმ ბინაში. ფეხსაცმელიც სხვაგან დაეკარგათ და არა იმ ბინის სადარბაზოში. იქ რომ ყოფილიყო, აიღებდნენ და შეიტანდნენ. იმ დილით იმ ეზოშიც და სადარბაზოშიც კრიმინალისტებიც მუშაობდნენ და გამომძიებლებიც, ფეხსაცმელს ვიღაც ხომ მაინც იპოვიდა? ვერ იპოვეს. დღემდე გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ამერიკაში ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, რაულის ტანსაცმელთან ერთად ორივე ფეხსაცმელი დაბრუნდა - არადა, აქედან ერთი გაიგზავნა! საიდან? საქმე იმაშია, რომ თავიანთ ჩვენებებში უკვე წინააღმდეგობაში მოდიან, ხარშილაძე რომ აღიარებს, ერთი ფეხსაცმელი დაგვეკარგაო, ამერიკელებმა საიდან მოიტანეს ორი ფეხსაცმელი? ესე იგი, ფაქტებს აყალბებენ. მიპასუხოს ხარშილაძემ, ამერიკიდან ვინ და როგორ დააბრუნა ერთის ნაცვლად, ორი, თან სიგრძით სხვადასხვა ფეხსაცმელი (ერთი გრძელია, მეორე - მოკლე, თან გაკეთებულია სხვადასხვა ყალიბით). ესე იგი, ერთი შემდეგ შეკერეს და ასე დააწყვილეს. ამასთანავე, ერთი ფეხსაცმელი დასვრილია, მეორე - გაპრიალებული. გამოდის, რომ რაული ცალ ფეხზე ხტომით შევიდა იმ ბინაში?


- 10 წლის წინათ, 2005 წლის 3 თებერვალს შემთხვევის ადგილზე მიხვედით?

 

- რა თქმა უნდა... კობა ხარშილაძეს შევახსენებ კიდევ ერთ ტყუილს, ბინაში ფანჯრიდან შევედიო - ექსპერიმენტის დროს მან ბინაში ვერ შეაღწია.

 

- იმ ღამეს რაულის მანქანა იმ კორპუსთან იყო გაჩარებული?

 

- რაულის მანქანა გაჩერებული იყო არა საბურთალოს ქუჩის 53 ა-სთან, არამედ მოშორებით, სულ სხვა კორპუსთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მან არ იცოდა ამ ბინის ადგილმდებარეობა, არ იყო იქ ნამყოფი, ეძებდა ამ კორპუსს, ამიტომაც გააჩერა მანქანა მოშორებით. ამიტომ მგონია, რომ რაულის ფეხსაცმელი დაიკარგა სულ სხვა კორპუსთან და არა იქ, სადაც ხარშილაძე ამბობს.


- თვლით, რომ მკვლელობა ამ კორპუსის სიახლოვეს მოხდა?

 

- შეიძლება, რაული იმ ბინაშიც მოკლეს, არ გაუჭირდებოდათ. გათიშეს და შხამი შეუყვანეს - ყველამ ნახა, რომ მას მკერდის არეში ნაჩხვლეტები ჰქონდა და ეს ნაჩხვლეტები ჰქონდა მანამდე, სანამ პროზექტურაში გადაიყვანდნენ. ეს არ არის ბალზამირების კვალი, რაულის პერანგზე, პროზექტურაში გადასვენებამდე, იყო სისხლის წვეთი.

 

- საბოლოო დასკვნით, რაულის ცხედარს ბალზამირება გაუკეთდა თუ არა?

 

- ჩვენი წესებით, ცხედარს ბალზამირებას არ ვუკეთებთ. შეიძლება, ეს პროცედურა ჩავატაროთ გამონაკლისის სახით - ზაფხულში, თუ ცხედარს უცხოეთიდან ვასვენებთ. ამ შემთხვევაში კი ბალზამირებაზე ლაპარაკი მხოლოდ თავის მართლებაა - ამით ხსნიან ნაჩხვლეტების გაჩენის მიზეზს. როგორ არ რცხვენიათ, დღემდე გაიძახიან, გაზით გაიგუდნენო. თუნდაც პროკურორი მურთაზ ზოდელავა რატომ არ უფრთხილდება თავის ავტორიტეტს, 10 წელი ტყუილის ტყუილზე მიბმა შეიძლება?


- ბატონო იაშარ, რაულის მანქანა საბურთალოს ქუჩიდან ვინ წაიყვანა?

 

- მაშინ მანქანა ვის ახსოვდა... პროზექტურაში რაულის გადასვენების შემდეგ, ვითომ მანქანას ეძებდნენ, თითქოს, არც ძაძამიამ იცოდა მისი ადგილსამყოფელი და არც ხარშილაძემ. მგონი, რაულის თანამშრომლებმა ნახეს, სადაც იდგა. იქიდან ევაკუატორით პროკურატურაში გადაიყვანეს.


- მანქანაში ძალადობის კვალი აღმოჩნდა?

 

- ძალადობის კვალი არა, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია ,ვთქვა, რომ მანქანა რაულის დაკეტილი არ იყო. როდესაც ის მანქანას თიშავდა, ჩართულ რადიოს და გარეთ აღმართულ ანტენას არასოდეს ტოვებდა, გამორიცხულია, რომ გაჩერებულ მანქანაში რადიო ჩართული დაეტოვებინა. თანაც, ორივე - რადიოც და ანტენაც, ძრავის გამორთვისთანავე, ავტომატურად ითიშებოდა (თავის ბუდეში ჩადიოდა). ვიმეორებ, რადგან გარე მხრიდან ანტენა აწეული იყო, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ გათიშულ მანქანაში ვიღაცამ რადიო ჩართული დატოვა. ამ მიზეზების გამო კი მანქანაში აკუმულატორი „დაჯდა" (იქამდე ძალიან კარგად მუშაობდა). დასკვნა ასეთია: რაულის მანქანა სხვამ ჩაკეტა. ჩემი აზრით, რაულს გზაშივე ჩაუსხდნენ მანქანაში, ყელზე რაღაც მოუჭირეს, გათიშეს, მერე კი სადაც უნდოდათ, იქ წაიყვანდნენ. ფეხსაცმელიც მაშინ დაეკარგათ.

 

- სასამართლო პროცესზე ითქვა, რომ მანქანის გასაღები რაულს ჯიბეში ჰქონდა.


- მერე ჯიბეში ჩაუდეს... იმ სახლში ჯერ ზურა მიიყვანეს, მერე -  რაული. მათ ჩემი შვილი სულაც არ აინტერესებდათ, უბრალოდ, სცენარის გასაფორმებლად დასჭირდათ.


- თქვენი ვაჟი ხარშილაძესა და ძაძამიას იცნობდა?

 

- ორივეს ძალიან კარგად იცნობდა, მეგობრობდა მათთან, რესტორანში საქეიფოდ ერთად დადიოდნენ, უკაცრავად და, თურმე, ქალებშიც კი ამ მოღალატეებთან ერთად დადიოდა. ამიტომაც შეცდა და იმ ღამეს ძაძამიას დარეკილზე წავიდა, რა იცოდა, მოსაკლავად თუ მიჰყავდათ. ზუსტად ვიცი, რომ ძაძამიამ დაურეკა, ის ნომერიც ვიცოდი, საიდანაც ძაძამია რეკავდა ხოლმე. რაული მეუბნებოდა, როცა ზურაბ ჟვანია ტელეფონზე არ მპასუხობს, დაცვის წევრთან ამ ნომერზე ვრეკავ და მისი მეშვეობით ვახერხებ დალაპარაკებასო. ამათანავე, ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, იმ ღამეს, კონკრეტულად, ძაძამიამ დარეკა თუ ხარშილაძემ, ფაქტია, რომ ზარი შემოვიდა მათგან და არა ზურასგან.


- თქვენთან სოფელში თუ ჩამოსულან?

 

- არა.


- ამ 10 წლის მანძილზე ხარშილაძესთან ან ძაძამიასთან გისაუბრიათ?

 

- არა. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენებები რამდენჯერმე აქვთ შეცვლილი - ხან ამბობენ, იმ ღამეს დიდუბეში ვიყავით და რაულისთან იქიდან დავრეკეთ, ხან - საბურთალოზე ვიყავითო. მათგან სიმართლეს მაინც ვერ გავიგებდი, რაზე მელაპარაკა? ხარშილაძე და ძაძამია პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრები კი არა, ის მოღალატეები არიან, რომლებმაც პრემიერ-მინისტრი მოაკვლევინეს. გაოცებული ვარ, დაცვაში ყოველთვის ვაჟკაცი ბიჭები მუშაობენ, ყველა სიტუაციისთვის მზად არიან, ესენი ზურამ თავის დაცვაში როგორ აიყვანა? ვთქვი და ვიმეორებ - ზურაბ ჟვანიას მკვლელობა მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის გარეშე არ მოხდებოდა, ვერ გაბედავდნენ. სხვა ვინმეს რომ გაეკეთებინა, სააკაშვილი ამ მკვლელობას მაშინვე გახსნიდა. მგონია, რომ ეს დაცვის წევრები დღესაც მათი დავალებით მოქმედებენ. ტყუილებიდან ვეღარ გამოდიან. მაგალითად, ხარშილაძე რომ ამბობს, პრემიერს ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე და სავარძლიდან იატაკზე ამიტომაც გადავაწვინეო, რატომ არ დააბრუნა ისევ სავარძელზე, რამ შეუშალა ხელი?

 

- „დელიკატური საკითხების" შესახებ რას იტყვით, ან შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი პარიკის შესახებ? ზოგიერთს, მაგალითად, კანცელარის მაშინდელ ხელმძღვანელს პეტრე მამრაძეს, სჯერა გაზით გარდაცვალების ვერსიის.

 

- გამოძიებიდან თავის დაძვრენა უნდათ, ამიტომ ლაპარაკობენ „დელიკატურ საკითხებზე", მოღალატეებს ტყუილის ლაპარაკი არ უჭირთ. რაც შეეხება პარიკს - პირველად გავიგე და, საერთოდ, რისთვის უნდოდათ ეს პარიკი?! სუფრა თვითონ გააწყვეს, სცენარი დადგეს, რასაც უნდოდათ, გააკეთებდნენ. როგორც ჩანს, ნივთებზე გადააქვთ ყურადღება - შარვალზე, ფეხსაცმელზე, ახლა პარიკზე. რაც შეეხება მამრაძეს, ხან სჯერა გაზით გაგუდვის, ხან - არა. ფაქტი სახეზეა, „თბილგაზის" მაშინდელმა დირექტორმაც თქვა, რომ იმ ღამეს იმ შენობაში გაზი არ იყო, ეს დაფიქსირებულია სადისპეტჩეროშიც.


- ლევან ჩაჩუას გათავისუფლების შემდეგ თუ შეხვდით?

 

- რა აზრი აქვს, როცა დაჭერილი იყო, სიმართლე მაშინ არ თქვა და ახლა რას იტყვის, მისი ზღაპრების მოსასმენად ხომ არ ვნახავ?! ჩაჩუამ, ძაძამიამ და ხარშილაძემ უნდა აღიარონ, ვისი დავალება შეასრულეს, მაგრამ მათ ამის ვაჟკაცობა არა აქვთ.


- გირაოთი გათავისუფლდა მიშა ძაძამიაც. გამოძიება ჩიხში შევიდა?

 

- ვფიქრობ, გამოძიება გრძელდება, ველოდები ჯერჯერობით, არც ექსჰუმაციის საკითხია გადაწყვეტილი. თუ მალე ჩატარდება, ბევრი რამ გაირკვევა. უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ჩვენებიც მიიღებენ მონაწილეობას, ყველა პროცესი საჯარო იქნება, ვერ გააყალბებენ. ხომ მოუსმინეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას, თებერვლიდან სამართლიანობას აღვადგენთო, ჩვენც თებერვალს ველოდებით, მისი დაპირება, ალბათ, ჩვენც შეგვეხება, რადგან ეს არის ყველაზე გახმაურებული საქმე.

 

ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016