საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე საქალაქო სასამართლოში მოწმეების დაკითხვა დაიწყო. პირველი მოწმე თავად დეპუტატი იყო, რომელმაც ჩვენება უშუალოდ ინციდენტზე და მანამდე განვითარებულ მოვლენებზე მისცა. მისივე თქმით, ის მთავარი პროკურატურის შენობაში, მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის თანდასწრებით შეხვდა იმ სპეცრაზმელებს, რომლებმაც ის სცემეს და გელაშვილის თქმით, სპეცრაზმელებმა მას ბოდიში მოუხადეს.
„სპეცრაზმელები, რომლებმაც მე სიკვდილის პირამდე მცემეს, სხვა ადგილზე არც შემხვდებოდნენ და არც დასთანხმდებოდნენ, რადგან მე, გამწარებულმა გელაშვილმა, ანგარიშსწორება არ ვცადო. მხოლოდ პროკურატურაში და თანამდებობის პირებთან ერთად შეხვედრაზე დამთანხმდებოდნენ", - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
რით იმართლეს თავი ამ შეხვედრაზე სპეცრაზმელებმა და დეპუტატმა მათ გარდა კიდევ ვის აპატია უმოწყალოდ ცემის ფაქტი? „ალიას" ვალერი გელაშვილი ესაუბრა:
- ამ რაზმელებს სპეცოპერაციის დაწყების წინ ჩემზე მხოლოდ ის უთხრეს, რომ არის პიროვნება, რომელსაც ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი, ასევე უთხრეს წინასწარ, რომ ვითომ ქალაქში გადავადგილდებოდი შეიარაღებული და მათ უნდა შევეჩერებინე, სანამ რამეს ჩავიდენდი.
- სახელი და გვარი არ უთხრეს, ვინ იყავით?
- არა, არა! იმ ბიჭებმა არაფერი არ იცოდნენ. ეს იცოდა იმ პიროვნებამ, ვინც თვალყურს მადევნებდა, ეს იყო მე-7 ოპერატიული განყოფილების უფროსი სირაძე, სახელი არ მახსოვს, იმან. მოკლედ, როგორც გაირკვა, დაუძახეს ბიჭებს, გამოიყვანეს და მათ ძირითადი ბლოკირება უნდა გაეკეთებინათ ჩემი მანქანის, ბლოკირება და ჩემი გაუვნებელყოფა, რადგანაც ვითომ იარაღით დავდიოდი. მიშამ ბრძანება გასცა, ვანო მერაბიშვილმა კი ეს ამბავი დაავალა კოდუას და კოდუამ და სირაძემ შეასრულეს დავალება.
- ის, რომ ამ ბიჭებმა გადაამეტეს დაკავებასა და ბლოკირებას, არაფერი?
- ნუ, გადამეტება იყო.
- ერეკლე კოდუა ამ ამბავს თავად არ ესწრებოდა?
- არა, ეგ იქ ცემის დროს არ იყო, მაგრამ, როგორც გავიგე, თავად სპეცოპერაციის დროს იქ იმყოფებოდა მოშორებით. აუცილებლად წაეყენება სააკაშვილს ბრალი და სასამართლოც გაიმართება. უბრალოდ, სპეცრაზმელები და პრეზიდენტი ერთად სასამართლოზე ვერ დასხდებიან, ის ცალკე იქნება სასამართლოზე. მე სააკაშვილის ინტერესი მაქვს, ეს ბიჭები „პეშკები" იყვნენ ამ საქმეში და სასამართლოზეც დავაფიქსირე, რომ მაგათ ვაპატიე, მაგათაც, მერაბიშვილსაც, სირაძესაც და კოდუასაც. მაგრამ ეს დამგეგმავები გამოცხადდნენ სასამართლოზე და აღიარონ დანაშაული, პროკურატურა უკვე მელაპარაკა საპროცესოზე, მაგრამ არ ვაპატიებ სააკაშვილს, რომელმაც ბრძანება გასცა.
- კი, მაგრამ მერაბიშვილი და კოდუა ნაკლებად დამნაშავეები არიან? ასეთი ბრძანების შესრულება დანაშაული არ არის? მაგათ ხომ ყველაფერი ზუსტად იცოდნენ, რისთვისაც ხდებოდა ანგარიშსწორება?
- ვაპატიებ, თუ აღიარებენ. მიშა ისეთი სულელი და გიჟია და სულიერად დაავადებული პირია, ვიღაცას უარი რომ ეთქვა ოპერაციის შეუსრულებლობაზე, შავ დღეს დააყრიდა.
- საქმე დამთავრებულია და ისედაც მალე გაიგებს ყველაფერს საზოგადოება და სააკაშვილის გარდა, კიდევ ვის წაუყენებენ ბრალს?
- მეტი მართლა არაფერი ვიცი. ჩემს პირად თავდასხმაზე თავიდანვე ვიცოდი, ვინ იყო და რა ხდებოდა. ის სირაძე მახსოვს გარეგნულად, გვარი არ ვიცოდი და ეს სპეცრაზმელები რომ ვნახე, ვიკითხე, მაინტერესებდაის სუსტი აღნაგობის, მაღალი ფეხებით ადამიანი ვინ იყო და დავადგინე, რომ ეს ყოფილა სირაძე, რომელმაც დამირეკა და ცემის დროს მითხრა, შენ ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვეღარაფერს ილაპარაკებო.
- ადვოკატი ოთარ კახიძე ამბობს, რომ დაზარალებულსა და მოწმეს შორის კომუნიკაციის ორგანიზება პროკურატურას არ შეუძლია, გარდა განრიდება-მედიაციისა და ეს იყო ზეწოლა ამ მოწმეებზეო.
- რა ზეწოლა? როგორ გეკადრებათ, მოწმეების ნახვის უფლება რატომ არ მაქვს, ეს ხალხი აპრილის თვეში მივიდა და აღიარა ეს ყველაფერი და დღესაც ამ ბიჭების არც გვარები ვიცი და არც სახელები და არც მაინტერესებს. ხალხი აღიარებს და ამბობენ, ეს სად შევყავით თავიო, მერე ბოდიში მოიხადეს და მთხოვეს, გვაპატიეო და რა არის აქ დარღვევა?
- თქვენ მოგზაურობთ ხშირად და მიშას რომ გადაეყაროთ სადმე, შეიძლება, ეგება მასაც აპატიოთ?
- ვისა, მაგ ნაძირალას? მაგ ქვეყნის დამაქცეველს? ნეტა, შემხვდეს სადმე და მერე ნახავთ, რაც მოხდება.
თამარ ოქრუაშვილი გაზეთი „ალია"