reportiori.ge - პარლამენტარებო, ყურადღებით!!!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:47
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
პარლამენტარებო, ყურადღებით!!!
ავტორი:
09 თებერვალი, 2015. 12:43

 

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატები კანონებს აპრიორშივე არღვევენ?

არ დავუშვათ!


რამდენიმე დღის წინათ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ცხრა კანდიდატურა შესთავაზა. წევრთა შერჩევითობის პროცესში მთავარი და უმნიშვნელოვანესია თითოეული მათგანის ინდივიდუალურ მონაცემთა ბაზის შესაბამისობა კანონის  იმ მოთხოვნებთან, რომელიც კონკრეტულად არის გაწერილი „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში. აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება რედაქციის ინტერესიც კომისიის წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურის მიმართ, რადგან ეს საკითხი მნიშვნელოვნად განაპირობებს ევროპულ სივრცესთან ინტეგრირების სწორ მიმართულებას. საგულისხმოა, რომ მედიის ინტერესი ამ მხრივ საუკეთესო ფილტრი იქნება, რომელიც კეთილმოსურნე კონსულტანტის როლს იკისრებს პრეზიდენტისა და პრემიერის ინსტიტუციების, ასევე საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდე.


„მაუწყებლობის შესახებ" კანონის მე-9 მუხლში აღნიშნულია: „კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლე 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე".


კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის წევრობის კანდიდატის სიმონ ნოზაძის ბიოგრაფიული და ანკეტური მონაცემები კანონთან მიმართებაში პირნათელია, ყველა პარამეტრი იდეალურად უხდება ნებისმიერ მოთხოვნას, მაგრამ, რატომღაც არ უხდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იერსახესა და ავტორიტეტს. განსაკუთრებულ წიაღსვლებს არ გავაკეთებთ, უბრალოდ, გავიხსენებთ მისი ბიოგრაფიიდან ცალკეულ დეტალებს, ხოლო შესაბამისი დასკვნები ელემენტარული ლოგიკური ანალიზის პროდუქტია.


სიმონ ნოზაძე ავტობიოგრაფიაში ჰყვება:


„...1982 წლის დეკემბერში ჩავირიცხე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ოპერრწმუნებულად. სხვადასხვა დროს ვმუშაობდი ქვეგანყოფილების უფროსად, მინისტრის თანაშემწედ, კადრების განყოფილების უფროსის მოადგილედ, კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ქ. თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, დაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ.


1994-98 წ.წ. ვმუშაობდი საქართველოს სამთავრობო დაცვის სამსახურის (1996 წლიდან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური) უფროსის მოადგილედ.


1998 წლის ნოემბრიდან 2001 წლის ნოემბრამდე ვიყავი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე.


1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, მომენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება..."


აი, ასეთია ის მემუარული  ჟანრის დოკუმენტი, რომლითაც გენერალ-მაიორმა ნოზაძემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სთხოვა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წევრობა, თუმაც, ამ ორ ავტორიტეტულ ორგანიზაციას შორის შეხების წერტილების აღმოჩენა, ალბათ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც კი გაუჭირდებათ. ძნელი დასადგენია, სად იწყება ჩეკისტის რთული და ხიფათებით აღსავსე ყოველდღიური რუტინა და სად მთავრდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიებით დახუნძლული სპეციალისტის გზა. კიდევ კარგი, ეს ჩვენი გასარკვევი არ არის და ამაზე გაცილებით უფრო კომპეტენტური ინსტიტუციები იმსჯელებენ.


წევრობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი ინდივიდუალური მონაცემების დეტალურად შესწავლამ ცხადყო, რომ ბევრ მათგანს სწორედ კანონის მე-9 მუხლთან აქვს გარკვეული პრობლემები. მმართველ თანამდებობაზე მუშაობის სამწლიანი გამოცდილება კომისიის წევრობის კანდიდატთა უმრავლესობისთვის ერთგვარ საჯილდაო ქვად არის ქცეული. ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს ისეთი გამოცდილი და ავტორიტეტული სპეციალისტი, როგორიც სერგო შავგულიძეა. მიუხედავად მისი მრავალწლიანი მოღვაწეობისა ამ სფეროში, მას, როგორც ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საპასუხისმგებლო მმართველ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი, სამწუხაროდ, არ გააჩნია, რაც კანონთან შეუსაბამობის საფუძველია (იხ. „საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ", თავი 1, მუხლი 2).


როგორც ჩანს, წევრობის მაძიებელთა უმრავლესობა მხოლოდ ერთ კანონზე შეყოვნდა და აუცილებლად აღარ ჩათვალა, განმარტებებისთვის სხვა კანონისთვისაც გადაევლო თვალი. საფიქრებელია, რომ ზუსტად ამის შედეგია ის ფაქტი, რომ წევრობის კანდიდატთა უმრავლესობას მსგავსი პრობლემები აქვს. მაგალითად, რატი სხირტლაძისა და ელისო ასანიძის შემთხვევაშიც, რომლებიც, ანკეტური მონაცემების მიხედვით, ამჟამადაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სხვადასხვა პროფილის დეპარტამენტებს ხელმძღვანელობენ, მაგრამ მათ მიერ დაკავებული თანამდებობა არ შეესაბამება საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნებს.


ამავე ორგანიზაციის სულ ახალი თანამშრომელი ანა ნაკაშიძე ასევე ვერ აკმაყოფილებს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნებს. იგი 4 თვეა, რაც შპს „სილქნეტიდან" გადაისროლეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. „სილქნეტი" კომისიის რეგულირების სფეროა. ნაკაშიძე კი „სილქნეტთან" დღემდე მჭიდროდ დაკავშირებული პირია, რომელიც ფლობს ამ უკანასკნელის შემდგომი განვითარების კომერციულ ბერკეტებს?!


აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ნაკაშიძე ცნობილი ნაციონალის, სააკაშვილის დროს იუსტიციის მინისტრად დაწინაურებული გია ქავთარაძის მეუღლეა. სწორედ ქავთარაძის დროს, 2006 წლის მარტში მოხდა ციხის ცნობილი ბუნტი, რომელსაც ქავთარაძის ქვემდგომი უწყების, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. ახალაია ამ საქმისთვის იხდის ამჟამად სასჯელს, ხოლო მისი უშუალო უფროსი გია ქავთარაძე, რომელიც ბუნტის მეორე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაბეჯითებით ამართლებს ბაჩო ახალაიას ვანდალურ ქმედებას და ეს მისი ვრცელი ბრიფინგი 2006 წლის 27 მარტს გააშუქა თითქმის ყველა ქართულმა და უცხოურმა მედიამ, სამართალდამცველ ორგანოებში არც კი დაკითხულა. მეტიც, ის ყოველნაირად ცდილობს, ახალ ხელისუფლებასაც მოერგოს, ახალი მანტიით შეიმოსოს და ენერგეტიკის მინისტრის კალაძის „კალაკაპიტალს" ამოფარებულმა, როგორც მისმა პარტნიორმა, საკუთარ მეუღლეს გაუკვალოს გზა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. ანა ნაკაშიძის მეუღლე გია ქავთარაძე 2012 წელს, „ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ინიშნება ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის მოადგილედ, მაგრამ საზოგადოებაში აყალმაყალის ატეხვის შემდგომ გადადგა თანამდებობიდან.


არის სხვა გარემოებებიც, რაც, თუნდაც, ნაკაშიძის კომისიის წევრობის კანდიდატობის შეუთავსებლობაზე მეტყველებს, კერძოდ, ნაკაშიძე მის ბიოგრაფიულ მონაცემებში ამბობს: „2007 წლის ივლისიდან 2010 წლამდე ვმუშაობდი საკონსულტაციო კომპანიის „კერა ჯგუფის" დირექტორად. გაგიკვირდებათ და, ამასვე ამბობს ასევე კომისიის წევრობის კიდევ ერთი კანდიდატი ელისო ასანიძე: „ივლისი/2007 - მაისი/2008 - შპს „კერა ჯგუფი" (საკონსულტაციო კომპანიის) დირექტორი. კომიკურ ვითარებასთან გვაქვს საქმე, ორი სერიოზული ქალბატონი იჩემებს ერთი და იმავე კომპანიის დირექტორობას ერთსა და იმავე დროს. ვითარების კომიკურობა მარტო ამ საკითხში კი არ მდგომარეობს, არამედ იმაშიც, რომ ორივეს ეს პოზიცია (შპს-ს დირექტორის პოსტი) მმართველი თანამდებობა ჰგონიათ. შევახსენებ მკითხველსაც და ერთმანეთის კონკურენტ ქალბატონებსაც - საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონი, მუხლი 2, პუნქტი 1 იმპერატიულად განსაზღვრავს, ვინ შეიძლება ჩაითვალოს მმართველი თანამდებობის პირად.


დოკუმენტაციას გადასინჯვის დროს ძალზე საინტერესო ამბავს წავაწყდით. „მაუწყებლობის შესახებ" კანონში წერია, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობით აღჭურვილი პირი უნდა იყოსო. ეს არც თხოვნაა და არც მითითება. ეს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის ვალდებულებაა. საზოგადოებამ აღიარა, მაგალითად, მერაბ მამარდაშვილი, ნინო ქათამაძე და სხვა მრავალი ცნობილი თუ ცნობადი ადამიანები, მაგრამ საზოგადოებას ჯერ არ უღიარებია რესპუბლიკურ პარტიასთან აფილირებული მერაბ ქათამაძე. იგი არც რადიოფიზიკოსია, არც ჟურნალისტია, არც სამართალმცოდნე და არც ეკონომისტი, როგორც ამას იგივე კანონი ითხოვს. ის მონათესავე დარგში დასპეციალდა თავის დროზე, მაგრამ შემდეგ ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში დაიხარჯა, როგორც ინჟინერ-ენერგეტიკოსი. ეს დარგი ძალზე შორსაა კომუნიკაციებისგან, თუმცა, ქათამაძე მედგარი ადამიანია. მას აქვს სურვილი, იყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, რადგან პოლიტპატიმარია. ეს ამბავი რამდენიმე წლის წინათ მოხდა: ქათამაძე მოულოდნელად დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით (მერაბ ქათამაძეს ორი იარაღი მართლაც აქვს. ამას ოფიციალური რეესტრი ადასტურებს. ერთი შეუძლია ატაროს, მეორე სახლში შეინახოს და მომხვდურ მტერს გაუსწორდეს). ორი დღე დაჰყო საპატიმროში ქათამაძემ  და იქიდან 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოაღწია. მოგვიანებით ამ ფაქტის გამო რესპუბლიკურმა პარტიამ, როგორც გამარჯვებულმა სუბიექტმა, უშუამდგომლა და მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა. ამ სტატუსითა და საგამომცემლო საქმეში შეტანილი წვლილისთვის ქათამაძე რესპუბლიკელებმა ჯერ ახმეტაში წარადგინეს პარლამენტის წევრობის კანდიდატად, შემდეგ - „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად, მაგრამ უშედგოდ. საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება ისევ ნულის ფარგლებში მერყეობდა.


ქათამაძე ხელისუფლების ახალ ტალღას მოჰყვა. ეს არ არის ჰუმანური, არცერთ ხელისუფლებას არ სჭირდება იარაღასხმული კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი. კიდევ ერთი შტრიხი, 2000 წლებში, მერაბ ქათამაძე ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" საგამომცემლო ბეჭდვითი პროექტების შეფასების მენეჯერია. რბილად რომ ითქვას, გონივრულ ეჭვს კი არა, ლოგიკური დასკვნების საშუალებას იძლევა. ეს ის პერიოდია, როცა აღნიშნულ ფონდში „იწრთობოდა და იჭედებოდა" სოროსული ორიენტაციის კადრები, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა მიმართულებიდან ახორციელებდნენ კულტურულ, სულიერ და იდეოლოგიურ რღვევას. ეს ახსოვს საქართველოს საზოგადოებას. ეს ახსოვს თითოეულ მათგანს, ვინც საკუთარ თავზე გადაიტანა ამგვარი ფონდებისა და მის მესვეურთა პოლიტიკური აღვირახსნილობა. ესეც რომ არ იყოს და „ღია საზოგადოება - საქართველოში" წარმატებული მოღვაწეობა სახელმწიფოებრივ გმირობად ჩავუთვალოთ, იგი კანონის რამდენიმე პირობას ვერ აკმაყოფილებს: არც სპეციალობა უწყობს ხელს, არც მმართველ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და არც საზოგადოებრივი ნდობა.


აღსანიშნავია კიდევ ერთი საკითხი: ბოლო დროს დამკვიდრებულმა პრაქტიკამ ცოტა უცნაურ ტენდენციას ჩაუყარა საფუძველი. აპლიკანტი სრულიად თავისუფალია მის მიერ საკუთარი ავტობიოგრაფიული მონაცემების შექმნის პროცესში, ხშირია შემთხვევა, როცა აპლიკანტი თავისი სურვილისამებრ ცვლის, ამძაფრებს ან, პირიქით, ამსუბუქებს გარკვეულ მომენტებს და ამით ცხადია, უკეთეს ელფერს ძლევს მის მიერ წარსულში ნამსახურევის ნუსხას. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წევრობის კიდევ ერთი კანდიდატის - აკაკი სიხარულიძის ანკეტური მონაცემების გაცნობისას. მიუხედავად იმისა, რომ იგი სრულიად აკმაყოფილებს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს, სიხარულიძე თავის ავტობიოგრაფიაში შელამაზებულად წარმოაჩენს მისი კარიერის გარიჟრაჟზე სამსახურის დასახლებას. აი, რას წერს იგი თავის CV-ში: „1983-1986 - ახალგაზრდულ ორგანიზაციათა კომიტეტი, პრესის, ტელე და რადიორედაქციების სექტორის ხელმძღვანელი", ეს ხომ ცენტრალური კომიტეტია. ბიოგრაფიის შელამაზება ასეც შეიძლება, შერბილებით. ასეა ამ შემთხვევაშიც, როცა წარსულის რომელიღაც შტრიხი ახალ გარემოში ცუდ ტონად ითვლება.


წერილის დასაწყისში არაერთხელ მოვიშველიეთ კანონი „მაუწყებლობის შესახებ" მე-9 მუხლი: „კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე". თამარ ალფაიძეს, მიუხედავად  იმისა, რომ სერიოზული სამეცნიერო გზა აქვს გავლილი, კანონში არაფერია ნათქვამი იმაზე, ეთვლება თუ არა კანდიდატს ლექცია-სემინარების წარმართვა, ან თუნდაც რადიოგადაცემის ავტორობა შესაბამის პროფესიად. როგორც იგი თავად აღნიშნავს, მედიასამართლის დარგში სახელმძღვანელოს ავტორიც არის, მაგრამ ეს სრულიადაც არ მოდის შესაბამისობაში კანონის მე-9 მუხლთან.


მას შემდეგ, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა ინდივიდუალური პირადი მონაცემებით დავინტერესდით და მათი ერთგვარი გაანალიზება დავიწყეთ, მოვლენის შემსწრენი გავხდით. ვიდრე დავკონკრეტდებით, აღვნიშნავთ, სამართლიან კონკურსში მონაწილეობა ასევე სამართლიანი მეთოდებით უნდა მიმდინარეობდეს. აქ, წარსულით, ე.წ. CV-ებითა და ავტობიოგრაფიული საანკეტო მონაცემებით მანიპულირება, რბილად რომ ითქვას, ჩვეულებრივ ამბად იქცა.


გიორგი ფრუიძის პირადი მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2002 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფასიანი (დაუსწრებელი) ფაკულტეტის მესამე კურსზე ჩაირიცხა და 2004 წელს, ანუ ორ წელიწადში დაამთავრა. ფრუიძე ამ ფაქტს ამაგრებს დამატებითი დოკუმენტით. კერძოდ, 2004 წელს, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები სახელმწიფო ბერკეტების სათავესთან აღმოჩნდნენ, გამოირკვა, რომ მათი შრომითი წიგნაკი და მიღებული განათლება სავსებით კომიკურ არათავსებადობაში იყო თანამდებობრივ მოთხოვნებთან. ამიტომაც იმდროინდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ სასწრაფოდ მიიღო ცვლილება განათლების შესახებ კანონში, რომლის თანახმადაც 2004-2005 წწ. დამთავრებულ მეორადფაკულტეტიან მაგისტრანტებს აღებული დიპლომი დამაკმაყოფილებელ, სრულყოფილ დოკუმენტად უნდა ჩათვლოდათ. მართალია, ფრუიძემ ეკონომიკის ფაკულტეტი 2004 წელს (ორი წელი) დაამთავრა და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ქონების მართვის მინისტრის პოსტს უმიზნებდა, მაგრამ ნაციონალების შესწორება მის საგანმანათლებლო მანევრებს ე.წ. მხსნელად მოევლინა. მხოლოდ რექტორის შიდა ბრძანება ახლა უკვე სახელმწიფო კანონის ძალით გამაგრდა და ეს ფაქტი ფრუიძეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენილ დოკუმენტებში წვრილად, წლების, თვეებისა და ბრძანების ნომრების მიხედვით აქვს მოყვანილი.


შესაძლოა, ჩვენ ძალზე სკრუპულოზურად ვუდგებით საკითხს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: დიპლომების მოპოვების ცნობილ ეპოქაში მრავალმა „გაიუმჯობესა" პირადი ბიოგრაფია.


როგორც ფაქტებისა და დოკუმენტების ანალიზი ცხადყოფს, მხოლოდ სურვილი არ კმარა მიზნის მისაღწევად, კანონის გათვალისწინებაც საჭიროა ხანდახან, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს ქვეყნის იმიჯი არც შიგნით, სახელმწიფოში და არც გარეთ, საერთაშორისო მიმართულებით. მარეგულირებელი კომისიის წევრთა არჩევნები ასევე ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ქართული საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ტელე-რადიომაუწყებლობის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციებისა და ცალკეული სუბიექტებისთვის, ისე ამ დარგში მოღვაწე სამეცნიერო-შემოქმედებითი წრეების წარმომადგენელთათვის, რათა ქართული საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემდგომი განვითარება არ ჩამორჩეს და, პირიქით, შეესაბამებოდეს მსოფლიოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სტანდარტებს.

 

გიორგი ქართველიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"



 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016