როგორც იცით, ამა წლის 23 თებერვალს კოტე კუბლაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ეწურება და უახლოეს მომავალში ქართული მართლმსაჯულების სისტემას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. თუმცა, სასამართლოდან მხოლოდ კუბლაშვილის წასვლა იქნება თუ არა იმის გარანტია, რომ ამ სისტემიდან სააკაშვილის რეჟიმის კვალი საბოლოოდ წაიშლება? არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელიი, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ქართული სასამართლოსათვის კუბლაშვილზე არანაკლებ დიდ პრობლემას წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დღევანდელი მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც წლების განმავლობაში ადეიშვილის პროკურორი იყო და არაერთ ბინძურ საქმეშია გასვრილი.
- ნიკა, ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე და რა „საქმენი საგმირონი" აქვს ჩადენილი სააკაშვილის რეჟიმის ზეობის დროს?
- მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც დღეს გახლავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავჯდომარე, 2004-2007 წლებში მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი იყო და ისეთი საქმეები აქვს დატრიალებული, ქვეყნად რომ სამართალი იყოს, ახლა ციხეში უნდა იჯდეს.
მოგეხსენებათ, მაშინ პროკურატურებს შორის „სოციალისტური შეჯიბრებები" იმართებოდა, საპროცესო გარიგებების შედეგად თუ ვინ უფრო მეტ თანხას შეიტანდა ბიუჯეტში, შემდგომში კი ეს თანხები ელიტურ კორუფციონერთა ჯიბეებში ილექებოდა.
ამ „სოციალისტურ შეჯიბრებაში" მოწინავე პოზიციები ყოველთვის ეკავა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას და უშუალოდ ჩინჩალაძეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე არის ეჟოვის ტიპის მწვალებელი!
ჩინჩალაძე მცხეთაში, ქუჩაში რომ გაივლიდა, რომელი სახლიც მოეწონებოდა, იმ სახლის მეპატრონეს პროკურატურაში იბარებდა, რაღაცას ამოუჩხრეკდა და პასუხისგებაში აძლევდა!
- კონკრეტული მაგალითების დასახელება შეგიძლიათ?
- პირადად მე, როგორც ადვოკატსა და უფლებადამცველს, ჩინჩალაძისგან დაზარალებულმა არაერთმა ადამიანმა მომმართა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი იყო აღსრულების ბიუროს ყოფილი თანამშრომელი ვეფხია რაზმაძე, რომელიც ჩინჩალაძემ სრულიად უკანონოდ დაიჭირა, იმ მიზეზით, რომ თითქოს, მან არასწორად შეაფასა რაღაც ძველი ავტობუსი. ამ საქმეში გაიყვანეს და, ჩინჩალაძის მითითებით, სრულიად უკანონოდ მისცეს პასუხისგებაში კერძო აუდიტორი გია ჩოხელი. ჩინჩალაძის მხრიდან უკანონო დევნისა და ტერორის მსხვერპლი გახდა სასამართლოს მდივანი ნელი ელიაშვილი.... თქვენ თუ გაინტერესებთ, მე ამ ადამიანებთან დაგაკავშირებთ და ისინი დეტალურად თავად მოგიყვებიან, თუ რა დაატეხა მათ თავს ჩინჩალაძემ!
ჩინჩალაძეს არაერთი ბიზნესმენი ჰყავს დაწიოკებული! ეს არის მანიაკალური პიროვნება!
- რას გულისხმობთ?
- მიხეილ ჩინჩალაძეს იმდენად ეშინოდა ადამიანების, რომ დამლაგებელსაც არ იკარებდა და კაბინეტს საკუთარ დედას ალაგებინებდა!
გარდა ამისა, ჩინჩალაძე არის საქართველოს ისტორიაში ერთადერთი პროკურორი, რომელიც სასამართლო პროცესზე ადგა და თქვა, დუმილის უფლებას ვიყენებო!
- რას ამბობთ? ეს ამბავი გამიგია და ძალიან დიდი ხანი ანეკდოტად დადიოდა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ამ „ისტორიული" სიტყვების ავტორი ჩინჩალაძე იყო!
- დიახ, ნამდვილად ჩინჩალაძე იყო! მთელი ქვეყანა დასცინოდა ამის გამო!
- კი მაგრამ, ასეთი კაცი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხელმძღვანელის პოსტზე როგორ მოხვდა?
- სააკაშვილის რეჟიმს სწორედ ჩინჩალაძისნაირი უვიცი ხალხი სჭირდებოდა, რათა ისინი ნებისმიერი უკანონო ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელნი ყოფილიყვნენ!
ადეიშვილისათვის პროკურატურაში ყველაზე დიდი დასაყრდენი იყო მიხეილ ჩინჩალაძე და ადეიშვილი ყველაზე ხშირად ჩინჩალაძის ხელით აწიოკებდა ბიზნესს!
ჩინჩალაძე პროკურატურაში იმითაც გამოირჩეოდა, რომ საკუთარი თანამშრომლების მიმართაც ძალიან დაუნდობელი იყო და ადამიანებს არაფრის გამო წირავდა!
რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა ჩინჩალაძე უზენაეს სასამართლოში - სააკაშვილმა და ადეიშვილმა ჩინჩალაძე კოტე კუბლაშვილის მაკონტროლებლად ჩასვეს უზენაეს სასამართლოში!
- რატომ, სააკაშვილი და ადეიშვილი კოტე კუბლაშვილს არ ენდობოდნენ?
- კუბლაშვილი, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ყურმოჭრილი მონა იყო, მაგრამ იგი მაინც ინტელექტუალურ კადრად ითვლება, ხოლო ჩინჩალძე ყველაფრის მკადრებელი და ყველაფერზე წამსვლელია!
სააკაშვილის რეჟიმი მოსამართლეებზე ტერორს სწორედ ჩინჩალაძის ხელით ახორციელებდა.
პროკურატურაში მუშაობის პერიოდში, ჩინჩალაძის ქმედებებში მთელი რიგი დანაშაულებები იკვეთება, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უდანაშაულო პირის პასუხისგებაში განზრახ მიცემა და ა.შ.
ერთი სიტყვით, ჩინჩალაძე ახლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის სავარძელში კი არა, საბრალდებო სკამზე უნდა იჯდეს!
ქართული სასამართლოს პრობლემა მარტო კუბლაშვილი არ არის, თუ მეტი არა, არანაკლები პრობლემაა მიხეილ ჩინჩალაძე და მე აქედანვე მოვუწოდებ უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს, ვინც არ უნდა იყოს იგი - პირველ რიგში, სწორედ ჩინჩალაძეს დაემშვიდობეთ!
დიახ, სანამ ჩინჩალაძე და მისნაირები იქნებიან სასამართლო სისტემაში, მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეცვლა მძიმე ვითარებას ვერ გამოასწორებს!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი