გასული წლის ზაფხულში რედაქციაში დაგვიკავშირდა ქალბატონი თინა სუხაშვილი, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის რაულ უსუპოვის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა, კერძოდ, ის, რომ ჟვანია და უსუპოვი თელავის რაიონის სოფელ სანიორეში მოკლეს. დასახელდა მკვლელის ვინაობაც - აწ გარდაცვლილი ბიზნესმენი ნოდარ საქუაშვილი. ეს ინფორმაცია ძალიან ჰგავს 2 თებერვალს ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესზე მოსამართლის მიერ წაკითხული წერილის შინაარსს, რომელიც მიღებულ იქნა სასჯელაღსრულების № 8 დაწესებულების პატიმარ თეიმურაზ გვარაძისგან.
ამონარიდი თინა სუხაშვილის ინტერვიუდან: „თელავის ყოფილი დეპუტატის თამაზ ხიდაშვილის თქმით, 2005 წლის 3 თებერვალს, საღამოს საათებში, რაულ უსუპოვი გარეთ გაიყვანა ნოდარ საქუაშვილმა, მიაკითხა თავისი მანქანით და წაიყვანა. საქუაშვილი კარგად იცნობდა ჟვანიასაც, სააკაშვილსაც და რაულ უსუპოვსაც. კახეთში, სოფელ სანიორეში საქუაშვილი ითვლებოდა სააკაშვილის, ჟვანიასა და მერაბიშვილის მასპინძლად, იცოდნენ, რომ საქუაშვილი მკვლელი იყო და სჭირდებოდათ. ჟვანია სწორედ საქუაშვილმა მოკლა - რა თქმა უნდა, მოკლა ვიღაცის დავალებით". თინა სუხაშვილმა ისიც განაცხადა, რომ პრემიერის მკვლელობის შემდეგ, საქუაშვილი, როგორც მკვლელობის ჩამდენი და მოწმე, წინა მთავრობამ ხელოვნური სიმსივნით დააავადა და მოიცილა: „საქუაშვილი - ჯანმრთელი და საღ-სალამათი ახალგაზრდა კაცი ხელოვნური სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. ვინ შეყარა ეს უკურნებელი სენი? ვანო მერაბიშვილმა საქუაშვილი გამოკვლევებზე თბილისში ჩაიყვანა, მთავრობის ხალხი ანალიზებს ვიკეთებთ და ჩამოდიო (რაღაც გეგმიურ გამოკვლევებზე). აი, ამ შემოწმების დროს საქუაშვილს ხერხემალში ნემსი გაუკეთეს, რამაც მისი ორგანიზმი ხელოვნური სიმსივნით დააავადა. საქუაშვილი ამერიკაში გაემგზავრა სამკურნალოდ, მაგრამ ხელი არ მოჰკიდეს, ვერ გადარჩებაო. ჩამოვიდა და ერთ თვეში გარდაიცვალა. აი, ასე მოიშორეს მოწმე. ჟვანიასა და უსუპოვის მკვლელობის გამოძიება თუ უნდათ, ამ ფაქტებიდან დაიწყონ და შემკვეთებსაც მიადგებიან".
ახლა გაგაცნობთ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის ყოფილი სნაიპერის, პატიმარ თეიმურაზ გვარაძის წერილს, რომელიც მან მოსამართლე დავით მგელიაშვილს გაუგზავნა: „მოგმართავთ თეიმურაზ გვარაძე სასჯელაღსრულების № 8 დაწესებულებიდან, ვარ სამი შვიდიანის გასაიდუმლოებული დივიზიონის სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცი, მსოფლიოში №1 სნაიპერი. 16 წელი ვიმსახურე ჩემი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, ვიყავი მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის სნაიპერი. თქვენ ბრძანდებით ზურაბ ჟვანიას საქმის მოსამართლე... ეს მოხდა კახეთში, თელავის რაიონში, ერთი ბიზნესმენის ოჯახში 2005 წლის 3 თებერვალს (ამ დროს მე სააკაშვილის პირადი დაცვა ვიყავი). ეს იყო მაღალი თანამდებობის პირთა შეხვედრა, რომელსაც 11 ადამიანი ესწრებოდა. არც ჟვანიაზე და არც უსუპოვზე ფიზიკურ წამებას ადგილი არ ჰქონია, არანაირი ნემსი ან პრეპარატი არ გამოუყენებიათ. ამათი დახოცვა სხვა რამით მოხდა. ვინც ამ ამბავს ვესწრებოდით, სამი კაცი მათგან დღესაც მთავრობის მინისტრები არიან. ისინი მუშაობდნენ სააკაშვილის მთავრობაში, დღეს ამ მთავრობაში მუშაობენ. მე დამაკავეს, რადგან ამ ადამიანების მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულები ვიცი. მეუბნებოდნენ, ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენო. ხარშილაძეს სასამართლო შეცდომაში შეჰყავს, ცრუ ჩვენებას იძლევა, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედარს შეეხო და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა - ხარშილაძეს ცხედართან შეხება არ ჰქონია. სააკაშვილმა მას დაავალა, სასწრაფოდ წასულიყო და ჟვანიას სეიფებიდან ყველა დასაბუთებული დოკუმენტი აეღო. სეიფშიიყო ფულადი თანხაც და ოჯახის ძვირფასეულობაც, რასაც ხარშილაძე არ შეხებია - ეს იყო მისი დავალება. ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრები სააკაშვილის ესკორტის ავტომანქანებში ჩაასვენეს. თავის პირად მძღოლს სააკაშვილმა დავალება მისცა: ცხედრებს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიტანთ, მერე მცხეთასთან მანქანას რამეს დააჯახებ, დაამტვრევ, შემდეგ წადი ბიჭებთან - ხელოსნებთან, ყველა საქმე გადადონ და ჩვენს მანქანაზე იმუშაონ... რაც შეეხება ექსპერტს, ჯობია, სიმართლე თქვას, ექსპერტისთვის ძალიან მარტივი იყო, დაედგინა, რითი გაგუდეს ჟვანია და უსუპოვი, რაც მან არ გააკეთა. ბატონო მოსამართლევ, 9-ჯერ მივმართე წერილობით კბილაშვილს, ბადაშვილს, 11-ჯერ ჭიკაიძეს, 5-ჯერ ღარიბაშვილს, 2-ჯერ პრეზიდენტს, 4-ჯერ ბესელიას, 4-ჯერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სრული ჩვენება უნდა მივცე ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოზე დამკითხონ-მეთქი, მაგრამ უარი მივიღე. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნესტან ლონდარიძემ ტელევიზიით პრესკონფერენცია გააკეთა და სთხოვა, რომ დამკითხონ. მაგრამ, ბოდიში, პროკურატურისა და გამოძიების პასუხია: ფეხებზე მკიდია. მაქვს ვიდეოჩანაწერი, როგორ ხოცავენ მათ (ჟვანიასა და უსუპოვს ქ. ხ.) და ვინ ვესწრებით ამ ინციდენტს. მე ეს ჩანაწერი ანონიმურად გავუგზავნე ჯერაც მოქმედ მთავარ პროკურორ კბილაშვილს, მაგრამ, თურმე, პროკურატურაში ყველაზე დაცული სეიფიდან ვიღაცამ მოიპარა. მივმართე ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილ მინისტრს, მივწერე, რომ ამ მკვლელობას ინტერნეტით და ტელევიზიით გავასაჯაროებდი. 10 ნოემბერს ღარიბაშვილმა ორი გამომძიებელი შემომიგზავნა, მითხრეს, პრემიერმა დაგვაბარა, ხმას თუ ამოიღებ, სასჯელს დაგიმატებთ, ოჯახის წევრებს გვერდით მოგისვამთო. მე ვარ ღარიბაშვილის პირადი პატიმარი. ჩემი საქმე ახლა უზენაეს სასამართლოშია, როდესაც გავთავისუფლდები, მივალ სასამართლოში, მივცემ ჩვენებას და ჩანაწერს სასამართლოში წარვადგენ".
თინა სუხაშვილისგან განსხვავებით, თეიმურაზ გვარაძე არ ასახელებს იმ ბიზნესმენის გვარს, რომლის სახლშიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის მკვლელობა მოხდა, არც კონკრეტულად მკვლელობის იარაღზე უთითებს. ამ ინფორმაციებში საერთოა მკვლელობის ადგილის დასახელება - კახეთი, თელავის რაიონი. სხვათაშორის, ზურაბ ჟვანიას მეგობარმა ხათუნა ხოფერიამაც გაიხსენა, რომ უსუპოვის დაკარგულ ფეხსაცმელზე საუბარი აქტუალური იყო კახეთის ერთ-ერთ რაიონში... თეიმურაზ გვარაძის წერილთან დაკავშირებით პროკურორმა რეზო ნადოიმ აღნიშნა, რომ მსგავსი წერილები პროკურატურაში ხშირად შედის და ამ წერილსაც აუცილებლად გადაამოწმებენ. რაც შეეხება ლევან ჩაჩუას დაცვის მხარეს, ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ წერილში აღწერილი ამბები კატეგორიულად გამორიცხა: „ამ პიროვნების წერილობითი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალება მოხდა შემთხვევის ადგილზე, CO-ს გაჟონვის შედეგად". გვარაძის წერილიდან ერთი რამ დანამდვილებით ცნობილია, რომ ჟვანიას დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ ნამდვილად აიღო იმ ღამეს დოკუმენტაცია პრემიერის სეიფიდან, არც ტუჩზე ნაჭდევი უნდა იყოს ხელოვნური სუნთქვის შედეგი და სინამდვილეა ის ინფორმაციაც, რომ იმ ღამეს პრეზიდენტის ესკორტის მანქანა, რომელსაც სააკაშვილის პირადი მძღოლი მამუკა ქუსიკაშვილი მართავდა, ავარიაში მოყვა. სანამ პროკურატურა დაჰკითხავდა, ქუსიკაშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „დაახლოებით 3 საათზე, ჟვანიას გარდაცვალების ღამეს, პრეზიდენტის მანქანა, რომელსაც მე ვმართავდი, ავარიაში მოყვა თავისუფლების მოედანზე. თუმცა, იქ მიხეილ სააკაშვილი არ მჯდარა. მე პრეზიდენტი დავტოვე სახლში, უკვე სახლში ვიყავი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ მორიგე მანქანამ წაიყვანა პრეზიდენტი კანცელარიაში და იქ უნდა მივსულიყავი. თავისუფლების მოედანზე უმნიშვნელო ავარია შემემთხვა, გზა ზეთიანი იყო და მომისრიალდა, ავარიის დროს მანქანაში, ჩემს გარდა, არავინ იმყოფებოდა".
საოცარია, პრეზიდენტის დაჯავშნილი მანქანა ზეთიან გზაზე ასე იოლად სრიალდებოდა? ამას გარდა, ცნობილია, რომ მთავრობის ხელმძღვანელების მძღოლებს, მათ შორის, ქუსიკაშვილის, „ეფ-ბი-აი"-ს ინსტრუქტორებისგან, მსგავსი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, საგანგებო ინსტრუქტაჟი ჰქონდათ ჩატარებული. უცნობია, იმავე ქუსიკაშვილმა აგო თუ არა პასუხი პრეზიდენტის მანქანის დამტვრევისთვის. რაც შეეხება ვერსიას ჟვანიას მკვლელობის შესახებ სააკაშვილის ესკორტის მანქანაში, ამაზე თავის დროზე ვახო კომახიძემ და ირინა სარიშვილმა ისაუბრეს. ალბათ, პროკურატურა ამ მიმართულებითაც მუშაობს.
2 თებერვალს გამართულ პროცესზე დაცვის მხარემ ძირითად მოწმედ ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია მოიყვანა (დაიკითხა ექსპერტი რუსუდან ბერიაშვილიც, რომელსაც ჟვანიასა და უსუპოვის გვამები არ გამოუკვლევია), რომელმაც დაკითხვის დაწყებამდე განცხადება გააკეთა: „მხოლოდ ჩაჩუას საქმეზე ვილაპარაკებ, მთავარ ჩვენებას ჩემს პროცესზე მივცემ". რატომღაც, ძაძამიას, ხარშილაძესავით, „დელიკატურ საკითხებზე" არ უსაუბრია, მხოლოდ იმ ღამის დეტალები გაიხსენა: „რესტორან „თბილისში" ვიყავი, როდესაც ბატონმა ზურაბმა დამირეკა, მითხრა, რომ ვჭირდებოდი. ჩემი მანქანით მივედი გოთუას ქუჩაზე, ალექსანდრე გოგოხიამ ბატონი ზურაბი გადმომისვა მანქანაში. მივიყვანე აღნიშნულ მისამართზე, შევედი ბინაში, შემომყვა ბატონი ზურაბი, ავანთე გაზის გამათბობელი. ამ პერიოდში კარზე დააზარა რაულ უსუპოვმა. დაახლოებით 11-ის ნახევარი იქნებოდა, დრო არ მახსოვს. ბატონმა ზურამ მითხრა, რომ საჭირო აღარ ვიყავი, როცა დავჭირდებოდი, დამირეკავდა და მივაკითხავდი. დავტოვე რაულ უსუპოვთან ერთად. გარეთ როცა გამოვედი, გავიგონე, რომ ბატონმა ზურამ კარი შიგნიდან დაკეტა. დავბრუნდი ისევ რესტორანში, გარკვეული დრო რომ გავიდა, გადავურეკე, ბატონმა ზურაბმა ტელეფონი არ აიღო. დავურეკე რაულს, მას გამორთული ჰქონდა. მივედი იმ ეზოში, გავაჩერე მანქანა, დავინახე რაულის მანქანაც. ფანჯრებიდან ტელევიზორის სინათლე გამოდიოდა, კიდევ დავრეკე, მაგრამ არ მიპასუხეს".
ძაძამიას თქმით, როდესაც ტელეფონზე არ უპასუხეს, გარედან ფანჯარა ჩაამტვრია, ფარდა გადასწია და სავარძელში უგონოდ მყოფი ზურაბ ჟვანია დაინახა. შემდეგ უკვე კარგად ცნობილი ტექსტი: შემთხვევის ადგილზე მივიდა კობა ხარშილაძე, მისი (ძაძამიას) დახმარებით ფანჯრიდან ბინაში შეძვრა, რომელმაც შემდეგ კარი შიგნიდან გააღო. იატაკზე უგონოდ იწვნენ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი. გარეგანი დათვალიერებით, დაზიანებები ვერ შეამჩნიეს. ძაძამიას თქმით, მოგვიანებით გაიგო, რომ ჟვანიას ტუჩთან ნაკაწრი ხარშილაძის მიერ ჩატარებული ხელოვნური სუნთქვის კვალი იყო. ძაძამიამ აღიარა, რომ რაულ უსუპოვის ცხედარი ბინიდან გაიყვანეს, მანქანაში ჩადეს, შემდეგ კი უკან დააბრუნეს. ისიც განაცხადა, რომ უსუპოვის ტანსაცმელიც ამ დროს დაისვარა.
ერთი საინტერესო დეტალი - ძაძამიას თქმით, როდესაც ფანჯარა ჩაამტვრია, ბინიდან ისეთი დაგუბებული ჰაერი გამოვიდა, თვალები დაეწვა. მაგრამ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ CO უსუნო, უფერო გაზია და, პრაქტიკულად, ადამიანი ვერ გრძნობს მის მოქმედებას, მითუმეტეს, თვალის წვას. ძაძამისავე თქმით, ბინაში შესვლისას გაზის ქშუტუნი გაიგონა და ხარშილაძის მოთხოვნით, გამორთო. ხარშილაძეს არცერთ პროცესზე არ უთქვამს, რომ ბინაში შესვლის დროს თვალები აეწვა, რომ ოთახში ჰაერი იყო დაგუბებული და სუნთქვა გაძნელდა, რომ გაზის ქშუტუნი ისმოდა. გაზის საავარიოს ინფორმაციით, ამ უბანში გაზი ღამის 3 საათზე გადაიკეტა. საინტერესოა, ძაძამიამ 4 საათზე ქშუტუნი როგორ გაიგო? ძაძამიასვე თქმით, უსუპოვის მანქანა ეზოში იდგა. მაგრამ იაშარ უსუპოვი სხვას ამბობს: „რაულის მანქანა ამ კორპუსიდან მოშორებით იდგა, პროზექტურაში მისი გადასვენების შემდეგ, ვითომ მანქანას ეძებდნენ. თითქოს, არც ძაძამიამ იცოდა მისი ადგილსამყოფელი და არც ხარშილაძემ. რაულის თანამშრომლებმა ნახეს, სადაც იდგა". პროცესზე არ გაჟღერებულა ძირითადი დეტალი - სად შეიძინა იმ ღამეს ხარშილაძემ პრემიერისთვის საკვები პროდუქტი - სააკაძის მოედანზე არსებულ მარკეტში თუ საბურთალოს ქუჩაზე?! გოგლა ჟვანიას განცხადებით, პროკურატურაში ძაძამიას ჩვენება მას შემდეგ შეიცვალა, რაც თავად განუცხადა გამომძიებელს, რომ სააკაძის მოედანზე ძაძამია პროდუქტს ვერ შეიძენდა იმ მიზეზით, რომ მაღაზია ღამის 10 საათზე იკეტებოდა. ასე გაჩნდა საქმეში ძაძამიას ორი ჩვენება: პირველი - პროდუქტის შეძენა სააკაძის მოედანზე და მეორე - პროდუქტის შეძენა საბურთალოს ქუჩაზე.
4 თებერვალს პროკურატურამ გამომძიებელ მამუკა გვარამიასა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას ბრალი წაუყენა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში - კერძოდ: „მამუკა გვარამიამ და როსტომ ლაზარიამ იცოდნენ რა, რომ საბურთალოს ქუჩაზე სუპერმარკეტ „ლილეს" კომპიუტერულ ბაზაში არ იყო დაფიქსირებული მიხეილ ძაძამიას ჩვენებაში აღწერილი და შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი სასმელი და საკვები პროდუქტები, ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ ასახეს სუპერმარკეტ „ლილეში" გაყიდული პროდუქციის ამსახველ კომპიუტერულ ბაზაში არსებული რეალური მონაცემები და მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. გაყალბებული ოქმი და ამონაწერი, როგორც საქმის მტკიცებულება, მოათავსეს ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში, რომლის თანახმადაც, ბინაში, სადაც ჟვანიასა და უსუპოვის გვამები იქნა აღმოჩენილი, სუფრაზე მოთავსებული იყო ის სასმელები და პროდუქტები, რომლებიც ჩამოთვლილია სუპერმარკეტ „ლილეს" რეალიზებული პროდუქციის გაყალბებულ ამონაწერში".
ჯერჯერობით გვარამია და ლაზარია 3-ათასლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ, დეტალების დაზუსტება და პროცესები ამ საკითხებზე გრძელდება. 10 თებერვალს დაიკითხება ლევან ჩაჩუა, ჯერჯერობით უცნობია კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას პროცესის თარიღი, ხოლო მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას პროცესი 26 მარტსაა ჩანიშნული.
P. S. 2008 წელს ყოფილმა პარლამენტარმა ლევან პირველმა, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა ზურაბ ჟვანიასა და მისი დაცვის წევრებს, განაცხადა: „ზურაბ ჟვანია იმ ადგილზე არ მომკვდარა. მას ისეთი კარგი დაცვა ჰყავდა, ასე უბრალოდ, ამ მდგომარეობაში ზურა ვერ მოკვდებოდა. ეს მოხდა იქ, სადაც დაცვას მოქმედება არ შეეძლო - ეს იყო ან კანცელარია, ან ის ადგილი, სადაც დაცვა არ შეუშვეს". კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას აქვთ შანსი, თქვან სიმართლე, საზოგადოებისა და გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის წინაშე ვალი მოიხადონ.
მოამზადა ქეთევან ხამიცაშვილმა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"