reportiori.ge - გოგა ხაინდრავა: ნუ აჰყვებით კაპიტან ეკა გიგაურს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:19
ინტერვიუ
გოგა ხაინდრავა: ნუ აჰყვებით კაპიტან ეკა გიგაურს!
ავტორი:
10 თებერვალი, 2015. 14:02


ორიოდე კვირის წინათ ბიძინა ივანიშვილმა თავის სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა: „აი, ვინც არიან მთავარი, მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები, არასამთავრობოები არა, პიროვნებები - ლომჯარია, გიგაური, კოჟორიძე, ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე და ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს, თვითონ მათზე გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა. ტაბუ დაადეს - არასამთავრობოებს ვერ შეეხებიო!.."


თუმცა, სანამ ბიძინა ივანიშვილი ზემოხსენებული „ენჯეოშნიკების" კრიტიკასა თუ მხილებას ტაბუს ახსნიდა და მათზე კვლევას გამოაქვეყნებდა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დაასწრო და დოკუმენტები ააფრიალა - შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო SIDA საქართველოში სიღარიბის დასაძლევად თანხებს რომ აგზავნიდა, მათი დიდი ნაწილი კოჟორიძე-ლომჯარია-გიგაურის ხელში ხვდებოდაო. ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქოში უკუღმა ჰყარეს და ხაინდრავას ერთობლივი ფრონტი გაუხსნეს, ცრუობ და ბოდიში მოგვიხადეო. უფრო მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური კინორეჟისორს სასამართლოში უჩივის და მისგან 30 თეთრის გადახდას ითხოვს. მოკლედ, დიდი ამბებია ამტყდარი და ვნახოთ, ვინ - ვის? „ასავალ-დასავალის" კითხვებს გოგა ხაინდრავა პასუხობს.

 

- ბატონო გოგა, მოდით, „ასავალ-დასავალის" მრავალრიცხოვან მკითხველს მარტივად და გასაგებად  გაუშიფრეთ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო SIDA-ს მიერ საქართველოში სიღარიბის დასაძლევად გამოყოფილი თანხები როგორ ხვდებოდა ცნობილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ყულაბაში?

 

- თავდაპირველად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ SIDA-მ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ფული გამოყო საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად და ამ ორგანიზაციისადმი, ისევე, როგორც მთლიანად შვედეთის სახელმწიფოსადმი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.


პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ SIDA-ს მიერ საქართველოსთვის სიღარიბის დაძლევის  პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი დიდძალი თანხები თბილისში ხვდებოდა ევრაზიის ფონდის, „ენ-დი-აი"-სა და ავადსახსენებელი ლუის ნავაროს ხელში.


დიახ, სწორედ ევრაზიის ფონდი და „ენ-დი-აი" ანაწილებდნენ თბილისში შვედეთიდან შემოსულ ფულს და მის მნიშვნელოვან ნაწილს გრანტების სახით ურიგებდნენ ძირითადად სამ არასამთავრობო ორგანიზაციას - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", რომლის ხელმძღვანელიც არის ეკა გიგაური, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას", რომელსაც ნინო ლომჯარია ხელმძღვანელობს და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", რომლის თავმჯდომარეც ბოლო დრომდე კახა კოჟორიძე იყო.


- ამ საქმეში რაიმე ფორმით ხომ არ არის გარეული შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სააკაშვილის ცნობილი აპეკუნი კარლ ბილდტი, რომელიც თქვენ, ცოტა ხნის წინათ, შვედური პრესის მეშვეობით პოლიტიკურ კორუფციაში ამხილეთ?

 

- ორგანიზაცია SIDA შვედეთის საერთაშორისო დახმარების პროგრამების მხოლოდ ნახევარს განკარგავს, მეორე ნახევარი კი, ძირითადად, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განკარგულებაშია, რომელსაც 2006 წლიდან სწორედ კარლ ბილდტი ჩაუდგა სათავეში.


უკვე ცნობილი ამბავია, რომ ბილდტის კომპანია „კრეაბმა" სააკაშვილის ხელისუფლებასთან ლობისტური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ ქართველი ხალხის ჯიბიდან, კოლოსალურ თანხებს იღებდა. თუმცა, ბილდტის კომპანიამ რა ლობისტური მომსახურება გაუწია ქართულ სახელმწიფოს, ეს ვერც მე დავადგინე და ვერც შვედმა ჟურნალისტებმა გაიგეს რამე!


სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან ბილდტის კომპანია „კრეაბისათვის" თანხების გადარიცხვა და SIDA-ს მიერ საქართველოში სიღარიბის დაძლევის პროგრამის დაფინანსება დროში ერთმანეთს ემთხვევა. ვფიქრობ, დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ აქ წმინდა წყლის კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე!


- SIDA საქართველოში მხოლოდ სიღარიბის დაძლევის პროგრამას აფინანსებდა თუ ქართული დემოკრატიის განვითარებისთვისაც გამოყოფდა თანხებს?

 

- თუ SIDA-ს პროგრამები საქართველოში დემოკრატიის განვითარებას ემსახურებოდა, მაშინ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროგრამები კრახით დამთავრდა, რადგან ყველამ კარგად ვნახეთ, 2006 წლიდან 2012 წლამდე როგორი დემოკრატიაც ჩამოყალიბდა საქართველოში!


ვეკითხები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ახლა ილაშქრებენ ჩემს წინააღმდეგ - რომელ „დემოკრატიას" მოხმარდა SIDA-ს მიერ გამოყოფილი გრანტები?! იმ „დემოკრატიას", სააკაშვილმა რომ დაამყარა საქართველოში?!

 

- თქვენს მიერ ზემოთ დასახელებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტების სახით რა თანხები აქვთ მიღებული?


- აი, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავრობის საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად 2012 წელს გამოეყო გრანტი - 2 მილიონ 53 ათასი აშშ დოლარი.


ჯერ ერთი, საინტერესოა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2012 წლამდე რატომ არ ახორციელებდა მთავრობის საქმიანობის მონიტორინგს? რა, სააკაშვილის მთავრობის საქმიანობას მონიტორინგი არ სჭირდებოდა? და მეორე - ასეთი რამ მონიტორინგია, 2 მილიონი დოლარი რომ ჯდება?


მე ეს არასამთავრობო ორგანიზაციები კორუფციაში არ დამიდანაშაულებია, მე ვთქვი, რომ ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ, კორუფციულ სქემაში ისხდნენ და იმ თანხებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვის იყო გამოყოფილი, კითხვები ნამდვილად არსებობს.


კიდევ ერთი მაგალითი: პროექტისათვის - „საარჩევნო პროცესის ნდობის გაძლიერება" - „ენ-დი-აიმ" და ნავარომ აარჩიეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - „კავკასიის რესურსცენტრი", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ლომჯარია) და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". ამ სამ ორგანიზაციას გრანტის სახით გამოეყო შვედეთიდან მიღებული 2 მილიონ 76 ათასი აშშ დოლარი.

 

- ე.ი. კოჟორიძე-გიგაური-ლომჯარიას „ენჯეოები" შვედური SIDA-ს მიერ საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილ ფულს ნავაროს ხელიდან ჭამდნენ?

 

- დიახ, ამ ფულს ნავარო ანაწილებდა! ნავარო რომ პირწავარდნილი თაღლითია, ეს მთელმა საქართველომ იცის, რადგან, ყველანი კარგად ვხედავდით, რა სოციოლოგიურ კვლევებს ატარებდა იგი და როგორ ერთგულად ემსახურებოდა „ნაციონალურ მოძრაობას"!


ახლა გეკითხებით - „ნაციონალური მოძრაობის" მსახურ ნავაროს ძირითად დასაყრდენებად კოჟორიძე-ლომჯარია-გიგაური რომ ჰყავდა და მათ მილიონობით გრანტებს ურიცხავდა, ეს ქართველ საზოგადოებას არაფერს ეუბნება?!

 

- თქვენ ახლა კოჟორიძე-ლომჯარია-გიგაურის „ნაცმოძრაობასთან" კავშირზე მიანიშნებთ?

 

- მე არაფერზე მივანიშნებ, მხოლოდ ფაქტებს ვამბობ და დასკვნები საზოგადოებამ თავად გამოიტანოს!


კოჟორიძე-ლომჯარია-გიგაურს, რა თქმა უნდა, სრული უფლება აქვთ, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიმართ გააჩნდეთ სიმპათიები, მაგრამ ნეიტრალურებად და დემოკრატიაზე მოფიქრალებად ნუ გვაჩვენებ თავს! ამას არავინ არ „ჭამს"!


კოჟორიძემ 2012 წელს უარი განაცხადა იმ ადამიანების პოლიტპატიმრებად აღიარებაზე, რომლებიც მთელი საქართველოს თვალში უდანაშაულოები იყვნენ და სააკაშვილის რეჟიმს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ჰყავდა ციხეში გამოკეტილი!


ქალბატონი ლომჯარია თავგამოდებით უჭერდა მხარს ე.წ. მამუკა კაციტაძის კომისიას, რომელიც, ვითომ, საარჩევნო სიებს ადგენდა და რეალურად „ნაციონალური მოძრაობის" კანტორა იყო!


ქალბატონმა გიგაურმა 2008 წლის გაყალბებული არჩევნები ლეგიტიმურად ცნო და სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" „გაპრავებაში" საკუთარი წვლილი შეიტანა!


- არ მახსოვს, ეკა გიგაური 2008 წელს იყო კი არასამთავრობო სექტორში?

 

- დიახ, გიგაური სწორედ 2008 წელს გადმოხტა არასამთავრობო სექტორში, მანამდე კი საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მუშაობდა და 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ მერაბიშვილისაგან კაპიტნის წოდება მიიღო!

 

- სხვათაშორის, გიგაური თქვენ სწორედ ამ საკითხზე გიჩივით სასამართლოში და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 თეთრს გთხოვთ!

 

- დიახ, ეკა გიგაური ჩემგან 30 ვერცხლს ითხოვს! არადა, 30 ვერცხლი ვინ მოითხოვა და ვის რაში გადაუხადეს, ყველამ კარგად ვიცით!


ისე, ქალბატონ გიგაურს მისამართი შეეშალა - 30 ვერცხლს ნავარო არიგებდა და თუ კიდევ ასაღები აქვს, ისევ ნავაროს მიმართოს! მე 30 ვერცხლს არ ვარიგებ!

 

- ბატონო გოგა, სხვათაშორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თქვენგან მათ კრიტიკაში რუსული კვალი დაინახეს. ამასთან დაკავშირებით რას ტყვით?

 

- ჰო, შვედურ გაზეთებში SIDA-ს გრანტებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიები, თურმე, რუსულ პრესას გადაუბეჭდია და ამაში იპოვე „რუსული კვალი". ეს განაცხადეს ლომჯარიამ, გიგაურმა და ნიკა რურუამ!


რუსეთი რომ არ იყოს, რა ეშველებოდათ ამ უბედურ დღეზე გაჩენილებს?! რუსეთზე დგანან, რუსეთზე წვანან და რუსეთით იკვებებიან! რუსეთია მათი მასულდგმულებელი!


კარლ ბილდტის წინააღმდეგ შეტევაც, თურმე, რუსეთის ინტერესებში შედის! არადა, არსებობს ასეთი კომპანია - „ვოსტოკ ნაფტა", რომელიც ოფშორში ფლობს „გაზპრომს" და ბილდტი იყო ამ „ვოსტოკ ნაფტას" დირექტორთა საბჭოს წევრი! რუსეთის ინტერესებს ვინ ემსახურება - რურუა, ლომჯარია, გიგაური, ბილდტი თუ მე, აი, ამ ფაქტიდანაც შეგიძლიათ, დაასკვნათ!


და კიდევ, მინდა, მივმართო იმ წესიერ ადამიანებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში არიან - ნუ აჰყვებით კაპიტან ეკა გიგაურს! მას თქვენი დაცვა არ სჭირდება, ყოველ შემთხვევაში, ჩემგან! თქვენც ჩემგან დასაცავი არაფერი გჭირთ, იმიტომ, რომ არცერთ წესიერ ადამიანს არაფერს გერჩით!


დიახ, მე, სწორედ მე, ვიცავ შვედეთისა და სქარათველოს მეგობრობას, მე ვიცავ SIDA-ს და მე ვარ მადლობელი ამ დიდი დახმარებისათვის, რომელსაც SIDA-ს ხელით შვედი ხალხი უწევს ქართველ ხალხს, ესენი კი, ეს ნავაროები, ლომჯარიები და გიგაურები, ამ დახმარებას თავისთვის ღრღნიან! ამათ მიერ ქვეყნისათვის გაკეთებული ერთი სასარგებლო საქმე მაინც მანახეთ!

 

- ბატონო გოგა, აუცილებლად უნდა გკითხოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ მრავალსერიან ფილმთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან მმართველობას შეეხება და „9+1" ერქმევა. თავიდან ითქვა და დაადასტურეთ კიდეც, რომ ეს ფილმი თქვენ უნდა გადაგეღოთ, მერე გავრცელდა ინფორმაცია, „9+1"-ს ხაინდრავა აღარ გადაიღებსო. რა ხდება?

 

- ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების გავრცელება სიცრუის მანქანის დამსახურებაა! ამ დღეებში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თავის გადაცემაში გამოკითხვაც კი ჩაატარა, თანახმა ხართ თუ არა, გოგა ხაინდრავამ 200-სერიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღოსო? ჯერ ერთი, დოკუმენტურ ფილმს არ ვიღებ, 200 სერიასაც არ ვიღებ და მეორეც - ვისი რა საქმეა, მე რას გადავიღებ? ბიუჯეტის ფულით ხომ არ ვიღებ? ხალხის ფულით ხომ არ ვიღებ? კერძო პირი რომ ფილმის გადაღებას შემიკვეთავს, ამაზე საზოგადოებრივი გამოკითხვები რატომ უნდა ჩაატარო?


კიდევ ერთხელ და ყველას გასაგონად ვიმეორებ: „9+1" - ეს არის მხატვრულ-პოლიტიკური სერიალის პირობითი სახელი. დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სწორედ პოლიტიკურ-დეტექტიური ჟანრის სერიალებია.


„9+1" შეეხება საქართველოს განვლილ 10 წელიწადს, ოღონდ მარტო სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას" კი არა, მთლიანად ეპოქას, ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელი 10-წლეულის განმავლობაში მოხდა!

 

- ე.ი. თქვენ იქნებით ამ ფილმის რეჟისორი?

 

- ვადასტურებ, რომ „ჯი-დი-ეს"-ისგან შემოთავაზება მივიღე, ბატონ ბიძინასთანაც მქონდა საუბარი, ოღონდ ოფიციალური კონტრაქტი ჯერ არ გაგვიფორმებია!


- ფილმის სცენარი უკვე მზად არის?

 

- სცენარი ახლა იწერება! წინასწარ ვერავინ იტყვის, ფილმი 200-სერიანი იქნება, 18-სერიანი, 365-სერიანი თუ 2700-სერიანი, წინდაწინ ამის განსაზღვრა შეუძლებელია!


ერთადერთი, რისი თქმაც ახლავე შემიძლია, ის არის, რომ საპნის ოპერისა და თურქული სერიალის მსგავსი რამის გადაღება არ ვაპირებ, მე შემიძლია, სერიოზული კინო გადავიღო, ეს არის ჩემი პროფესია!

 

-ამა თუ იმ როლზე რომელიმე ცნობილი მსახიობი თუ გყავთ შერჩეული ან შეგულებული?

 

- ერთი მსახიობი ვიცი, ვინც ძალიან მინდა, რომ ამ სერიალში მოვიწვიო!


- ვის გულისხმობთ?

 

- ენტონი ჰოპკინსს!

 

- ოჰო, ჰოლივუდის ლეგენდარული ვარსკვლავი უნდა ჩამოიყვანოთ? და ვის როლს შესთავაზებთ მას?

 

- ედუარდ შევარდნაძის როლს! მოკლე როლი იქნება, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ენტონი ჰოპკინსმა შეასრულოს! ძალიან მიყვარს ეს მსახიობი.


- თუ გამოვიდა, მართლა მაგარი იქნება!

 

- „თუ" შეგიძლიათ მოხსნათ, რადგან, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოვა!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016