უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, იუსტიციის საბჭოს წევრი ევა გოცირიძე ბეჭდვით მედიაში მის მიმართ გაჟღერებულ, როგორც თავად აღნიშნავს - ცილისმწამებლურ განცხადებებს პასუხობს: „უკიდურესად აღშფოთებული ვარ გავრცელებული ცილისწამებების გამო. ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. თავს არ ვიმართლებ, არ დავიკნინებ თავს აგრერიგად, უბრალოდ, ხაზი მინდა გავუსვა იმას, თუ რა ხდება რეალურად!"
გთავაზობთ მოკლე რეზიუმეს ევა გოცირიძის შესახებ: ბუნებით რეფორმატორი, 51 წლის ევა გოცირიძე - საუკეთესო ასაკშია მოსამართლისა და მაღალი თანამდებობის დასაკავებლად. უპარტიო და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი - არასდროს, ოჯახის არცერთი წევრი არ ჩარეულა პოლიტიკურ საქმიანობებში. ასევე, ბიზნესის გავლენისგან სრულიად თავისუფალია. პროფესიით სამართლის დოქტორი, დაცული აქვს ორი სამეცნიერო ხარისხი. ეროვნებით ქართველი, მართლმადიდებელი. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ფლობს ერთოთახიან ბინას თბილისში, ოროთახიან ბინას სტრასბურგში და ავტომობილ მერსედესს.
„რეპორტიორს" ევა გოცირიძე ესაუბრა:
- ბეჭდვით მედიაში გამოქვეყნდა რამდენიმე პუბლიკაცია, ზოგი ინტერვიუ, ზოგიერთი ვითომდა ჟურნალისტის მოძიებული ინფორმაცია, რამაც ძალიან ცუდ ხასიათზე დამაყენა. მარტო იმიტომ კი არა, რომ მე მეხებოდა, არამედ, იმიტომ, რომ დავფიქრდი, რა დონეზეა მედიის ზოგიერთი სტრუქტურა, ესა თუ ის ჟურნალისტი. როგორ არაფრად აგდებენ ჟურნალსიტის უმთავრეს მოვალეობას-წეროს სიმართლე, რომ გადაამოწმოს ინფორმაცია და ისე გამოაქვეყნოს. ეს არის ელემენტარული წესები, რომელიც ვრცელდება სიტყვის თავისუფლებაზე, პრესის და გამოხატვის თავისუფლებაზე, სწორედ ამ გადმოსახედიდან ვამბობ ამ ყველაფერს.
პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა. მან კი ეს საკითხი გახადა საჯარო ბჭობის საგანი და საზოგადოებას მისცა უფლება, კანდიდატურები წამოეყენებინათ, მაგრამ როგორც კი ეს გავიდა საზოგადოებაში, პრესაში, ამან ძალიან ცუდი სახე მიიღო, არამართო ჩემს მიმართ, არამედ სხვათა მიმართაც.
- რას გედავებიან ქალბატონო ევა, რა თემებზეა საუბარი?
- ამბობენ, რომ მე ვიყავი ჩასმული სააკაშვილის ხელისუფლების მიერ სტრასბურგის სასამართლოში, თავის ემისრად იმ მიზნით, რომ დამებრკოლებინა ამ სასამართლოში გარკვეული საქმეების და დარღვევების აღიარება. მინდა გითხრათ, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე! საერთოდ, ცნობისთვის კი მინდა გითხრათ: ასეთი თანამდებობა, ზოგადად, არც არსებობს. არსებობს პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ცხადდება სასამართლოში, როგორც მხარე და იცავს სახელმწიფოს ინტერესებს, მაგრამ მე არასდროს არ მქონია ასეთი თანამდებობა. მე, უბრალოდ ვცხოვრობდი სტრასბურგში, ოჯახური მდგომარეობის გამო.
- საქმიანი ურთიერთობა არ გქონიათ სტრასბურგის სასამართლოსთან?
- ერთადერთი საქმიანი ურთიერთობა, რაც მქონდა სტრასბურგის სასამართლოსთან, ეს იყო კონტრაქტი, რომელიც გულისხმობდა ევროპის საბჭოს ოფიციალური ენებიდან - ინგლისურიდან და ფრანგულიდან გადაწყვეტილებების თარგმანს. მე ეს კონტრაქტი შევასრულე პირნათლად. თუ შებრძანდებით ჰუდოკის მონაცემთა ბაზაში, იქ ნახავთ უამრავ გადაწყვეტილებას, რომელსაც არის ჩემს თარგმნილი უცხო ენიდან ქართულად.
ასევე, იყო ბრალდება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მე თითქოს ვიყავი იმავდროულად იუსტიციის საბჭოს წევრი. რა თქმა უნდა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. სხვათაშორის ასეთი ინფორმაცია საჯაროა და ნახონ, რა და როგორ იყო. მე საქართველო დავტოვე 2000 წელს, წასული ვიყავი წლების განმავლობაში და აქ არ მეკავა არანაირი თანამდებობა, მით უმეტეს, ისეთი მაღალი თანამდებობა, რასაც ჰქვია იუსტიციის საბჭოს წევრობა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვერ ვიქნებოდი, ვერც ორგანიზატორი და ვერც მონაწილე იმ რეჟიმისა, რასაც მაბრალებენ.
ასევე, იყო ბრალდება, თითქოს მე არასდროს არ გამხსენებია, ბოლო წლების განმავლობაში რა ვითარებაში იყო საქართველოში ადამიანის უფლებები, რა დღეში იყო მართლმსაჯულება და ახლა მომინდა თავმჯდომარეობა. ბევრი მდაბიო სახის გამონათქვამია ჩემს მიმართ გაჟღერებული - ასევე, ცილისწამების შემცველი - მაგალითად - „თქვენი მეუღლის ნათესავი სააკაშვილის მოკითხვა არ დაგავიწყდეთ, ქალბატონო ევა", -ეს ცინიკური, ცრუ განცხადებაა! ასე წერა როგორ შეიძლება? რა ტონია ეს. ცივილური ჟურნალისტიკა ჰქვია ამას? - არ არის სააკაშვილი ჩემი მეუღლის ნათესავი! ასევე წერენ, რომ ჩემი ადგილი არის „კუხნაში", - მე კარგად ვიცი ჩემი ადგილი სად არის, მაგრამ ასეთი ჟურნალისტების ადგილი სად არის, მკითხველმა განსაჯოს. ყოველშემთხვევაში, „კუხნა" ამ შემთხვევაში ძალიან კეთილშობილური ადგილი იქნება.
- თქვენ მოქალაქეობრივი პოზიცია როგორი იყო ან არის?
- მე ხელთ მაქვს ჩემი პუბლიკაციების სია, რომელიც გამოვაქვეყნე სწორედ ამ პერიოდში, სადაც კარგად ჩანს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია. გასათვალისწინებელია, რომ ეს ხდებოდა მაშინ, როცა მე ვცხოვრობდი საზღვარგარეთ, ვგულისხმობ ყოფილი ხელისუფლების პერიოდს და ჩემს პუბლიკაციებშია ნათქვამი, თუ როგორ მტკიოდა ის, რაც ხდებოდა ჩემს ქვეყანაში. ამაზე ხაზგასმა არ მსიამოვნებს, მაგრამ ეს უნდა ითქვას, რადგან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
ევა გოცირიძის პუბლიკაციები:
(არასრული სია)
1997-1999 წლები
1. „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიძლება ითქვას ან კარგი, ან არაფერი" - ჟ. „სამართალი", 1997 წელი:
2. „დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება"- „საქართველოს რესპუბლიკა", 1998 წლის 13 ივნისი;
3. „ეს არის დასანანი" - „დილის გაზეთი", 1998 წლის 25 ნოემბერი;
4. „ღირებულებათა აღიარებიდან მათ რეალურ დამკვიდრებამდე" -სასამართლო რეფორმა - სრულყოფის გზები, ჟ. „სამართალი", 1999 წელი, სექტემბერი;
2009-20013 წლები
1. „ხელისუფლების ნდობის დეფიციტი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა" - „საქართველოს რესპუბლიკა", 2009 წლის 28 ივლისი;
2. „ჩვენი ღირსება და მომავალი ჩვენს ხელშია - ისტორიული ექსკურსი დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად" - „ კვირის პალიტრა", 2009 წლის 13 დეკემბერი;
3. „შორია ევროპამდე, ანუ რატომ გვისმენს ვანო?" - „ქართული სიტყვა" , 2009 წლის 24 თებერვალი";
4. „ნებაყოფლობითი მონობა თავისუფლების სახელით" - „რეზონანსი" , 2010 წლის 3 აპრილი;
5. „ნუთუ პუტინის გზას გავყვებით?" „ საქართველოს რესპუბლიკ"ა, 2010 წლის 28 ივლისი;
6. „დემოკრატიის იძულებისათვის" -ღია წერილი საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიებს; -„ასავალ-დასავალი", 2010 წლის 11-17 იანვარი;
7. „ახლა გამოჩნდება, რანი ვართ (ვარდისფერი ფაშიზმი)"; - საქართველოს რესპუბლიკა" , 20011 წლის 27 სექტემბერი;
8. „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა" - „რეზონანსი", 2011 წლის 29 ოქტომბერი;
9. „" Who is who" არჩევნების წინ" , - საქართველოს რესპუბლიკა 2012 წლის 1 თებერვალი;
10. ღია წერილი საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას (ახალი პოლიტიკური დილემა - კოჰაბიტაცია დამნაშავე პრეზიდენტთან", - რეზონანსი - 2013 წლის 25 თებერვალი.
- როგორ გგონიათ, ვის ინტერესებში შედის თქვენი, როგორც უზენაესი თავმჯდომარეობის კანდიდატის დისკრედიტაცია?
- ვერ ვიტყი და ვერც ამის გამოძიებას დავიწყებ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შედიოდეს რომელიმე ჩემი კონკურენტის ინტერესებში, ან რომელიმე განაწყენებული ადამიანის ინტერსებში. პრინციპში, ველოდი, რომ რამე მსგავსი ინფორმაციები გაიჟღერებდა, თუმცა, ასეთ ბინძურ ცილიწამებებზე არ მიფიქრია.
- რას აპირებთ, სამართლებრივად იდავებთ ამ საკითხზე?
- არ ვაპირებ, არ არის ახლა ამის დრო. თან, თუ მე ამირჩევენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, ძალიან მომგებიან სიტუაციაში აღმოვჩნდები და უხერხული იქნება. ხოლო თუ არ ამირჩევენ, მაშინ შესაძლოა, ვიმეორებ შესაძლოა ვიდავო ერთ-ერთი რესპონდენტის მიმართ.
- ვის გულისხმობთ?
- ეს არის სულხან მოლაშვილი, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ - ამ ამბავს მეორე მხრიდანაც ვუყურებ. ეს ადამიანი ისე დაზარალდა ყოფილი ხელისუფლების პერიოდში, იმდენად დიდი მორალური ზიანი მიადგა მას, რომ მასაც დავზოგავდი. მორალი არ მაძლევს ამის საშუალებას.
_ თქვენი პროფესიული გამოცდილების შესახებ გვიამბეთ, რატომ ევა გოცირიძე?
_ რაც შეეხება კომპეტენტურობას და პროფესიონალიზმს, დაცული მაქვს ორი სამეცნიერო ხარისხი, რომლებიც მოიცავენ სამართლის 4 დარგს. აშშ-ში გავლილი მაქვს ხანგრძლივი სტაჟირება. (უეინის უნივერსიტეტი, მიჩიგანი. ავტ), იქ მოვამზადე საკანდიდატო დისერტაცია, „იმპიჩმენტი აშშ-ში, კონსტიტუციური დილემები, რომელიც გამოცემულია წიგნად. გამოქვეყნებული მაქვს 70-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი 6 ენაზე, 5 ქვეყანაში".
_ თქვენ ხართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი ძირითადი თანაავტორიც...
_ დიახ, ეს არის "დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ", "დანაშაული პატივისა და ღირსების წინააღმდეგ". ასევე, გახლავართ დოქტორანტების ხელმძღვანელი საერთაშორისო სამართალში.
_ რა გამოცდილება გაქვთ ადამიანის უფლებათა სფეროში?
_ პრაქტიკული. ყოფილი ადვოკატი ვარ სტრასბურგის საქმეებზე. ვმუშაობდი სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონტრაქტორად. ჩემი წერილობითი მოსაზრება დისკრიმინაციის ფუძემდებლურ საკითხებზე საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რითაც შეიქმნა ახალი პრეცენდენტი დისკრიმინაციის საქმეებზე. რაც შეეხება თეორიულ გამოცდილებას, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ჩემეული თარგმანი საფუძვლად დაედო კონვენციის ქართულ ოფიციალურ ტექსტს.
_ გამოცდილება მართლმსაჯულების სფეროში?
_ საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმიანობის ხანგრძლივი, 17 წლიანი გამოცდილება მაქვს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. მყავდა ჩინებული მასწავლებელი, არა მარტო უნივერსიტეტში, არამედ აქვე, ამ უმაღლეს სასამართლოში. სწორედ მათ ვუმადლი ჩემს დაოსტატებას. ჩემი შექმნილია „სასამართლო ეთიკის კოდექსი", ასევე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტი. ვარ „მოსამართლთა ფიცის ტექსტის ავტორი". ვიყავი იუსტიციის საბჭოს პირველი შემადგენლობის წევრი და იუსტიციის საბჭოს პირველი ქალი წევრი.
გარდა ამისა, ევა გოცირიძემ გამოსცა 5 კრებული, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა თარგმანები, შესაბამისი კომენტარით, ადამიანის უფლებათა დებულებების ნაწილში საქართველოს კონსტიტუციის კომენტარის ავტორია, ადამიანის უფლებათა სფეროში ელექტრონული სახელმძღვანელოს ავტორი და სხვა მრავალი კვლევის, პუბლიკაციის, თარგმანის, მოხსენებისა და კანონპროექტის ავტორ-ხელმძღვანელი. ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. აქვს საერთაშორისო თანამშრომლობსი დიდი პრაქტიკა. არის ABA, TACIS, ERA, CE< მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო სერთიფიკატების მფლობელი. აქვს სტრასბურგის სასამართლოსთან თანამშრომლობის, საერთაშორისო კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება. ის ერთ-ერთი პირველი გამოვიდა საქართველოში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ, მისი გაუქმების მოთხოვნით. უზენაეს სასამართლოში ჩამოაყალიბა „ადამიანის უფლებათა ცენტრი"ევროპასთან დასაახლოებლად და ევროსაბჭოში გაერთიანების დასაჩქარებლად.
ცნობისთვის: ევა გოცირიძის კანდიდატურა წამოაყენა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა. ასევე, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა და 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც მუშაობენ აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით.