reportiori.ge - შეჰერეზადა 1001 ღამიდან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:24
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
შეჰერეზადა 1001 ღამიდან
10 თებერვალი, 2015. 17:55

 

 

 

ამ წერილის დაწერა ამ ბოლო დროს ჩემს კლასელსა და მეგობარ მედიკო მებურიშვილზე აგორებულმა ჭორ-მართალის აღრევამ მაიძულა.


 

 

 

მოდით, იმისათვის, რომ მედიკო მებურიშვილი ნათლად წარმოიდგინოს მკითხველმა (იმ თაობამ, რომელიც მას არ იცნობდა),  საუბარი დავიწყოთ იმ დროის, 60-იანი წლების თბილისით. თბილისი იყო ერთი დიდი ოჯახი, სადაც ოთხმოცდაათი პროცენტი ძირძველი თბილისელი ცხოვრობდა. აი, ამ ოთხმოცდაათ პროცენტში შედიოდა ის ელიტა და ინტელიგენცია, რომელიც თბილისში ჩამოვიდა ქუთაისიდან.


რუსთაველის გამზირი ჩვენი და ჩვენი მშობლების თაობების თავშეყრის ადგილი გახლდათ. ყველა ერთმანეთს იცნობდა. თუ ვინმეს ნახვა გინდოდა, რუსთაველზე უნდა გასულიყავი. აქ იკრიბებოდა ჩვენი დედების და მამების თაობა, ადამიანები, რომლებსაც მოწიწებით ვესალმებოდით და რომლებისგანც  მაგალითს ვიღებდით. მე ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ ამათ შემყურე გავიზარდე. ახლა რაც შეეხება მედიკო მებურიშვილს. ყველა თაობაში არიან პიროვნებები, რომლებიც ლეგენდად რჩებიან. მედიკო მებურიშვილს მარტო გარეგნული კი არა, ძალიან დიდი სულიერი სილამაზეც ჰქონდა. ის ჩემი კლასელი იყო. ჩვენთან 53-ე სკოლაში გადმოვიდა მესამე კლასიდან, მანამდე პირველ სკოლაში სწავლობდა. მამა, შალვა მებურიშვილი გამომცემლობაში მუშაობდა, სტამბის  დირექტორი იყო. დედა, ვენერა ნიჟარაძე, ექიმი გახლდათ. მათ ოჯახში იკრიბებოდნენ იმ დროისათვის ცნობილი პიროვნებები, ეს იყო ძალიან სტუმრიანი ოჯახი. ცხოვრობდნენ ზემელზე, მაშინ პაპანინის, დღეს უკვე სარაჯიშვილის ქუჩაზე. მათ მეზობლად, პირველ სართულზე ცხოვრობდა რუსული ენის მასწავლებელი ნინა უჩანეიშვილი, რომელიც 53-ე სკოლაში ასწავლიდა. მედიკო 53-ში გადმოიყვანეს იმიტომ, რომ ნინა მასწავლებელს გააყოლებდნენ და სკოლიდანაც ნინა მასწავლებელთან ერთად დაბრუნდებოდა სახლში.

 

 

 

 

 

მედიკოს ერთი ძალიან კარგი, გამორჩეული თვისება ჰქონდა - უშუალო იყო, კონტაქტში იმწუთასვე შემოდიოდა. ჩვენც ჩვეულებრივად მივიღეთ. ვინც ვიყავით 53-ე სკოლელები, ყველამ ვიცოდით ერთი რამ, ახალგადმოსულ კლასელს ვიღებდით ღირსეულად, ისე, როგორც უნდა მიგვეღო. მედიკო უყვარდა თბილისის ყველა ცნობილ ბიჭს ცნობილი ოჯახებიდან, მაგრამ აქ ერთი მომენტი იყო - მოგწონს? გიყვარს? მოექეცი პატივისცემით. მე მის მიმართ სულ სხვა განწყობა მქონდა, ის იყო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ძმაკაცი. სხვანაირად ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა შემეხედა კლასელი გოგოსთვის. აი, ხომ უკვე დიდები ვიყავით - მეცხრე, მეათე კლასში და რა სილამაზე იყო, მაგრამ რა მაგარი ქალია და რაღაც - ეს მომენტი მასთან არ მქონია. ამისთვის სხვები იყვნენ. 



მედიკოს განათლება და ნაკითხობა არ აკლდა. მახსოვს, მეხუთე კლასში რომ ვიყავით, გვკითხა - თქვენ რას კითხულობთო? იმ პერიოდში გამოდიოდა „სათაგადასავლო ბიბლიოთეკის" ათტომეული. მედიკოს ჩაბულბულებული ჰქონდა თან, რუსულ ენაზე. შეგვრცხვა. რუსული ვიცოდი (რუსულ საბავშო ბაღში ვსწავლობდი), მაგრამ ისე არა, როგორც მან. ჩვენ დროს სირცხვილი იყო, წიგნი არ გქონოდა წაკითხული და ის ისეთ ავტორებზე გვეკითხებოდა - ჯეიმზ ფენიმორ კუპერი, ლუი სტივენსონი, დანიელ დეფო - გვრცხვენოდა, რომ არ ვიცოდით. მე მას მერე დავიწყე კითხვა. საკმაოდ კარგად სწავლობდა და რუსულის გარდა ინგლისურიც კარგად იცოდა. მასთან რომ მისულიყავით სახლში, რა წიგნს არ ნახავდით, თავის ოთახში დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა. გვეამაყებოდა, რომ „არტეკის" პიონერულ ქალაქში, სადაც წარმოუდგენელი იყო მოხვედრა. საქართველოდან მედიკო იყო ერთადერთი, ვინც წავიდა. მერე იყო „მზიური".


 

ამაყი გოგონა იყო, მაგრამ არა ამბიციური. სიამაყე სხვაა, ამბიციურობა - სხვა. ეს გამოიხატებოდა პირველ რიგში იმაში, რომ თავისი თავის ფასი კარგად იცოდა, თუმცა, თანატოლ გოგოებთან ამას არასდროს იმჩნევდა. მისი სიამაყე სხვა რამეში გამოიხატებოდა. თავს არავის დააჩაგვრინებდა. იყო თავისუფალი, იმ დროისთვის და იმ რეჟიმისთვის შეუფერებელი ადამიანი, თუმცა, რასაც დღეს გოგოები აკეთებენ (რა ასაკისაც მედიკო გარდაიცვალა), იმის მესამედსაც არ აკეთებდა. ცხოვრობდა ისე, როგორც სწამდა და მოსწონდა, ჩვენც ასე ვცხოვრობდით, ოღონდ ცოტა შეშინებული და თავშეკავებული, თუმცა რუსთაველზე რომ გავიდოდით, ყველაფერი გვავიწყდებოდა, ერთმანეთს ვეხვეოდით, ვკოცნიდით, იქვე რესტორანში ან კაფეში შევიდოდით... 



„ჩორნი კოფე" (შავი ყავა) ერქვა იმ კაფეს და არა „შავების კაფე", პოპულარული თბილისელი გოგო-ბიჭები იკრიბებოდნენ იქ.  ჩვენთან ერთად ყოველთვის იყო მედიკო. სასტუმრო „თბილისის" კაფეშიც შევდიოდით, რესტორან „დარიალშიც", „გრემშიც" და კაფე „მეტროშიც". სხვათა შორის, კაფე „მეტროში" ოფიციანტად მუშაობდა ჯუნა დავითაშვილი. ერთხელ ბიჭებმა ფანჯრიდან     გადმოაგდეს, ნისიად არ იძლეოდა. მას შემდეგ თავში რაღაც გადაუტრიალდა და ასე გახდა მკურნალი-ექსტრასენსი.



მედიკოს ქცევები, რაც ჩვენთვის მისაღები იყო, ეტყობა, ვიღაცისთვის მიუღებელი იყო, უფრო სწორად, მაშინდელი ნომენკლატურისთვის, ამიტომ რაღაცის ეშინოდა. თუ გავიდოდა, ოჯახის წევრთან ან რომელიმე მეგობართან ერთად. რომ აღარ გამოჩნდა ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, დავრეკე მასთან სახლში. დედამისმა მიპასუხა აღელვებული ხმით - მედიკო ახლახან გაიყვანეს სახლიდანო. ვინ გაიყვანა-მეთქი? მეგობარმა გოგომო. მაშინვე გადავრეკე ბიჭებთან და წავედით საძებნელად იმ ადგილებში სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ბოლოს ვიღაცამ თქვა: ბიჭო,  თერთმეტსართულიანის ლიფტში ვიღაც ნახეს „დაბრედილიო". ჩავედით თერთმეტსართულიანთან, ხალხი მოგროვილიყო, მილიცია იდგა.

 

 

დარწმუნებული ვარ,  მედიკო  მოკლეს. იმასაც  ამბობენ, რომ იმ დროს მასთან ერთად იყო მისი დაქალი იზა გოცაძე, ორივემ გაიკეთეს და ამას ჰაერი შეეპარა წამალშიო. რა შუაშია იზა გოცაძე ან სად იყო ამდენი საშუალება წამლის? ეს ის პერიოდია, როდესაც ახალი შემოსულია „პლანი" და მსგავსი რაღაცეები. მაშინ ყველა მაიმუნობდა, „ბალოვალის", გესმით? მე არ ვამბობ იმას, რომ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზები ვიყავით, მაგრამ ეს არ იყო ნარკომანობა. კი, იყვნენ ნარკომანებიც, როგორ არ იყვნენ, მაგრამ უფრო წინა თაობაში. პროზექტურაში გვითხრეს, რომ თავში ჰქონდა ჩარტყმული. როგორც ჩანს ჯერ თავში ჩაარტყეს და მერე გაუკეთეს. მედიკო ნარკომანი არ ყოფილა. ხომ არ გგონიათ, მაშინ კარგი გოგოები არ დადიოდნენ, ძალიან ბევრი დადიოდა, მაგრამ მედიკო სულ სხვა იყო, იმდენად სხვა, რომ პროზექტურაში ექიმებმა თქვეს - მსგავსი სილამაზე არ გვინახავს, თეთრი მარმარილოსგან ჩამოთლილს ჰგავსო.



სასამართლო თავიდან ბოლომდე იყო ფარსი. ის გოგო დაიჭირეს, მის სახელსაც გეტყვით, ეს გახლდათ მანანა მგელაძე და არა იზა გოცაძე (ნათელში ამყოფოს უფალმა). ოთხი წელი მისცეს, მაგრამ ორ-ნახევარ წელში გამოვიდა. მათთან ერთად ყოფილა ორი ბიჭიც, მაგრამ არცერთი მათგანი სასამართლომდეც არ მიუშვეს, ვინ და რატომ - ამის გარკვევა ჩვენს ძალებს აღემატებოდა... აქ სხვა რაღაც იყო: მანანა გამოვიდა ორწელიწადნახევარში და მუშაობა დაიწყო მაღაზია „ციცინათელაში".



იმ დროს ნასამართლები ასეთ მაღაზიაში ვერ მოხვდებოდა, თუ „შეკრული" არ იყო. დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდია. სასტუმრო „თბილისის" კაფეში ვსხედვართ ბიჭები, შემობრძანდა „ქალბატონი". პირდაპირ მოვიდა - ვაჰ, როგორ ხართ, ბიჭებო, გამოვედიო. წადი შენი ასე და ისე... თბილისში გავლილი არ დაგინახოთ-მეთქი და კინწისკვრით გამოვაგდეთ იქიდან.



შურისძიება არ არის ამოსავალი წერტილი. ის, რომ  ვეღარ გაივლიდა ქუჩაში და საზოგადოებაში ვეღარ გამოჩნდებოდა, შურისძიებაზე მეტი არ იყო? ეს იყო სპეციალურად მოწყობილი, მედიკოს თავიდან მოშორება უნდოდა ნომენკლატურას და ეს ქალი მიუგზავნეს, რომ გარეთ გამოეყვანათ. ან მეორე მომენტი იყო, ქალური შური რასაც ჰქვია, იმიტომ რომ ეს გოგო დაბალი, მსუქანი და ძალიან უშნო  იყო.

 

 

თბილისში ყოველთვის იყვნენ გამორჩეული ბიჭები,  რომლებსაც „ძველ ბიჭებს" ეძახდნენ, უბნებს შორის ჩხუბი და ამბები მოდიოდა, მაგრამ მათთან ურთიერთობა ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობას სულაც არ ნიშნავდა. ისინი იყვნენ ჩვენზე სამი-ოთხი წლით უფროსები, ავტორიტეტები და მედიკოც, ისევე როგორც ჩვენ ყველა, მათ იცნობდა. სწორედ მისი შინაგანი თავისუფლებისა და საოცარი გარეგნობის გამო ამ კატეგორიის ხალხიც მეგობრულად და თბილად ექცეოდა, მაგრამ ბევრმა ეს ან ვერ, ან სხვაგვარად გაიგო  იმ დროს. იარაღი ბევრს  ჰქონდა, მაგრამ მედიკოს ხელში იარაღი მე არ მინახავს, ან რაში სჭირდებოდა? ვინმე რამეს გაუბედავდა? მედიკოსთვის რომ ვინმეს რამე ზედმეტი ეთქვა, დედას ვუტირებდით  ბიჭები, მის უკან მთელი ჩვენი ამალა იდგა და ჩვენზე უფროსი თაობისაც. ხელისგულზე სატარებელი იყო. ლეგენდა იყო და დარჩა ლეგენდად. არ იყო ის, რასაც ლაპარაკობენ, არ იყო რა... ერთი ალალი, სუფთა თავისუფალი გოგო იყო, დამიჯერეთ. ქუჩაში რომ გაივლიდა, დიდი თი პატარა თვალს ვერ წყვეტდა. ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც იმ კომუნისტურ მენტალიტეტს უთხრა - არა. წარმოგიდგენიათ, მაშინდელ რუსთაველზე ცხენით რომ გაიაროთ? ჯირითობდა, სპორტის ოსტატობის კანდიდატი იყო ცურვაში და ბევრი პრიზიც ჰქონდა მიღებული. უკრავდა გიტარაზე, პიანინოზეც, განსაკუთრებით იმ პერიოდის თანამედროვე კომპოზიციებს... საოცარი, დაბალი ხმის ტემბრი ჰქონდა. მედიკომ ჩაიცვა პირველად ჯინსები, თმა შეიჭრა და ფოლადისფრად შეიღება, ძალიან უხდებოდა. მერე, უზომოდ დიდი სიყვარული შეეძლო. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მეგობრულ სიყვარულს. მისი და მერაბ გიგინეიშვილის სიყვარულზე ცალკე ლეგენდები დადიოდა. მერაბი მისი სახლის ფანჯრებთან ღამეებს ათევდა. ასეთი წყვილი არ დადიოდა...


 

 

 

 

12 წლის ბიჭი ვიყავი, შალვა დადიანი და გალაკტიონ ტაბიძე რომ გარდაიცვალნენ. გალაკტიონის დაკრძალვაზე ბიჭები სადღაც ფერდობზე ავედით, მთაწმინდაზე, რომ დაგვენახა, მეორე ასეთი მახსოვს ჟორა შავგულიძის დაკრძალვა და მესამე იყო მედიკო მებურიშვილი. ზემელი გადაჭედილი იყო, ეს ხალხი ფეხით წამოვიდა საბურთალოს სასაფლაომდე. სახურავებიდან თუ ფანჯრებიდან ათასობით ადამიანი დურბინდებით უყურებდა პროცესიის მსვლელობას. 1968 წლის 14 აპრილს 21 წლის უნდა გამხდარიყო. 10 აპრილს დავკრძალეთ საბურთალოს სასაფლაოზე თეთრ სამოსში ჩაცმული, თეთრი სასახლით...  



მე მგონი, ასე თუ ისე, სიცხადე შევიტანე ამ მართლაც ფიზიკურად და სულიერად ლამაზი, ჩემი ბავშვობისა და ყმაწვილკაცობის მეგობრის, ბევრისთვის სათაყვანებელი ადამიანის, 60-იანი წლების თბილისის მშვენებისა და კოლორიტის მედიკო მებურიშვილის პიროვნებაში. იმედია, ჭორ-მართალის აღრევასა და მისთვის ისეთი რაღაცის მიწერასა და გადაბრალებას, რაც მას არ ჩაუდენია, ბოლო მოეღება. 


 

 

 


ჩემს „ფეისბუქ"-გვერდზე გამოქვეყნებულ მედიკოს ფოტოებს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ იმათ კომენტარებს, ვინც მართლა იცნობდა.




რამაზ ურუშაძე, ექიმი: იმ თაობას, 53-ე (მეშვიდე ვაჟთა!) სკოლადამთავრებულს, ყველა ვერელს, ვაკელს, პლეხანოველს და მთაწმინდელს, ყველას გვახსოვს! ....ის არა მარტო გამოირჩეოდა თავისი ფიზიკური კონდენციით, არამედ შინაგანი დაუშრეტელი ენერგიით. ...ის მართლა ვარსკვლავი იყო! შეჰერეზადა 1001 ღამიდან. ...სამწუხაროა, რომ ცხოვრება უკუღმართად წაუვიდა... რაც შეეხება კრიმინალს და სხვა ამგვარ ეპითეტებს, ეს ზღაპარია... იგი შეგნებულად „გააფუჭა" იმ დროინდელმა ნომენკლატურამ... მაგრამ ლეგენდა ლეგენდად დარჩა... ნათელში ამყოფოს ღმერთმა ეს ლამაზი და სულით კეთილი ადამიანი...



პაპუნა ძიძიგური, არქიტექტორი: I და II კლასში ერთად ვსწავლობდით პირველ სკოლაში, მერე 53-ში გადავიდა. მარტო სილამაზით მისი შეფასება ნამდვილად არასაკმარისია. მას ძალიან ძლიერი შინაგანი ენერგია, მომნუსხავი ქარიზმა გააჩნდა, რომელსაც უფრო ასხივებდა, ვიდრე მართავდა. ასეთი იყო მერაბიც (გიგინეიშვილი), ამიტომაც მიაგნეს ერთმანეთს. მაშინდელი სისტემა ასეთ პიროვნებებს თუ გავლენის ქვეშ ვერ მოაქცევდა (უმეტესად ასეც იყო), ან გარიყავდა, ან გაანადგურებდა. ასეთ გარიყულებს იმ სისტემაში ძალიან უჭირდათ შინაგანი ენერგიის სწორედ წარმართვა და, სამწუხაროდ, ისე ამთავრებდნენ, როგორც დაამთავრეს.



რეზო კლდიაშვილი, მწერალი-დრამატურგი: დაკრძალვის დღეს ლენინის (კოსტავას) ქუჩაზე მოასვენებდნენ. ტელევიზიასთან შევესწარი პროცესიას. უამრავი ადამიანი მოაცილებდა, უამრავი... 47 წელი გასულა...  მის სილამაზეზე ლეგენდები დადიოდა...



 

 

 

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016