საქართველოს პროკურატურამ უმოკლეს ვადაში უძნელესი დანაშაული გახსნა.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი - გია სოსანაშვილი დაკავებულია. რა დასახელდება მკვლელობის მოტივად და გავა თუ არა გამოძიება დამკვეთის კვალზე, ეს დროის ამბავია. მამის გახსნილი მკვლელობა და ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველთა ლიგის წევრების დაკავება ხელისუფლებას კარტ-ბლანშს აძლევს. კუდიანებზე ნადირობა დაიწყება და საზოგადოების დიდი ნაწილი მშვიდად შეხვდება „ნაციონალური მოძრაობის" წევრების, ან იდეოლოგების დაკავებას. უახლოეს დღეებში ასევე გაიხსნება აფრასიძეების საქმეც და გამოძიების ბოლო წერტილი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი დეპუტატი, გია ბარამიძე იქნება.
მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ - გასული წლის ნოემბერში „თავისუფალი თაობის" გამგეობის წევრმა ინტერვიუ მისცა გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს" და იმ პირების გვარები დაასახელა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ „სამართალდამცველთა ლიგასთან" და სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნებაში ხელს უწყობენ. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, განცხადებაში ჩამოთვლილ გვარებს შორისაა მოქმედი თანამშრომელი, გიორგი სოსანაშვილი, ანუ სწორედ ის პირი, რომელიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. რაც შეეხება სხვა პირებს, ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია.
გიორგი ყუფარაძის მიხედვით, ამ ორგანიზაციის წევრებთან აქტიურად თანამშრომლობენ შემდეგი პირები:
ირაკლი ყიფშიძე - მეტსახელად „პატარა ვანო", ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომელიც ხშირად ატარებს საიდუმლო შეხვედრებს ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებთან;
გიორგი სოსანაშვილი - პოლიციის მოქმედი თანამშრომელი;
რაჟიკო გურჩიანი - პოლიციის მოქმედი თანამშრომელი;
დავით ბუზალაძე - პოლიციის მოქმედი თანამშრომელი;
სიმონ ყვავიაშვილი - პოლიციის ყოფილი თანამშრომელი;
გიორგი ბიწკინაშვილი - პოლიციის მოქმედი თანამშრომელი;
ლევან ბიწკინაშვილი - პოლიციის მოქმედი თანამშრომელი;
ბესო შარაშენიძე - პოლიციის ყოფილი თანამშრომელი;
მიშა ჯაფარიძე - პოლიციის ყოფილი თანამშრომელი;
ალეკო ბირთველიშვილი - პოლიციის ყოფილი თანამშრომელი;
ნათია მახარაშვილი - პოლიციის მოქმედი თანამშრომელი;
გიორგი გიორგაძე - პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, „ნაციონალური მოძრაობისა" და „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წევრი;
ირაკლი ფხაკაძე - აქტიურად თანამშრომლობს „ნაცმოძრაობასთან";
გია სოსელია - შსს-ს წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი;
კახა ყურაშვილი - პოლიციის მოქმედი თანამშრომელი;
ზურა ჯანელიძე - მეტსახელად „ჯანელა", პოლიციის ყოფილი თანამშრომელი;
შაკო არაბული - პოლიციის ყოფილი თანამშრომელი;
ერეკლე გაგუა - ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელი.
როგორც ჩანს, ეს გვარები კარგად უნდა დავიმახსოვროთ, იმიტომ, რომ გზადაგზა აუცილებლად შეგვხვდება ან აღიარებით ჩვენებებში, ან რომელიმე გახმაურებული საქმის გახსნისას. მეორე საკითხია, როგორ წევრიანდებოდნენ მოქმედი თანამშრომლები „სამართალდამცველთა ლიგაში", რომელიც აშკარად ოპოზიციური განწყობით იყო ხელისუფლების მიმართ და რას აკეთებდა მაშინდელი გენერალური ინსპექცია? ჯერჯერობით ეს კითხვა ღიად დავტოვოთ და ჯაჭვის მეორე რგოლზე - „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ აგორებულ ღია კამპანიაზე გადავიდეთ. ის, რომ მაუწყებელთა კანონში ცვლილებები სწორედ „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგაა მიმართული, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ გაცილებით საინტერესოა მოვლენები, რომელიც წინ უძღოდა ამ პროცესს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ, ახალ წლამდე ამერიკის ელჩთან ტელევიზიების დირექტორების შეხვედრა გამართულა. აღნიშნულ შეხვედრაზე სწორედ მაუწყებელთა კანონში შესატანი ცვლილებები განუხილავთ. გაგიკვირდებათ და ყველაზე რადიკალური ნინო ჯანგირაშვილი ყოფილა, იმდენად რადიკალური, რომ ამერიკის ელჩს უხუმრია კიდეც, - ქ-ნო ნინო, თქვენ სამუშაოდ „რუსთავი 2"-ში ხომ არ გადასულხართო? პარალელურად კულისებში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, აცხადებდა, ეს არის „რუსთავი 2"-ის გაკოტრების სქემა და სანამ მე პარლამენტის თავმჯდომარე ვარ, ამ სქემას პარლამენტში ხმას არ მივცემთო. ამდენად, „რესპუბლიკელების" ხმების გარეშე კანონი პარლამენტში, უბრალოდ, ჩავარდებოდა, მაგრამ მოხდა გასაოცარი რამ - „რესპუბლიკელებმა" ცვლილებების პაკეტს ლამის ერთხმად დაუჭირეს მხარი (თამარ კორძაიას გარდა). რა შეიცვალა?
„ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, „რესპუბლიკელების" ხმებმა კოალიციაში ოქროს ფასი დაიდო, ისინი ივაჭრებენ ბოლომდე და შეეცდებიან, ახალ რეალობაში მაქსიმუმი წამოიღონ.
ახალი რეალობა კი ასეთია - ან ბიძინა ივანიშვილი თანამდებობიდან გადააყენებს პრემიერ-მინისტრს და ამ შემთხვევაში მთავრობის შემადგენლობა სრულად შეიცვლება, „რესპუბლიკელები" შეეცდებიან, მაქსიმუმი მოითხოვონ მომდევნო კოალიციურ მთავრობაში, ყველა წარუმატებლობა კი მარტივად დაბრალდება სახლში გასტუმრებულ მთავრობას და წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება" ბევრ ტვირთს ჩამოირეცხავს; ან პრემიერი ღარიბაშვილი პოსტზე სიმბოლურად დარჩება და პარტიაში დაბრუნებული ივანიშვილი მთავრობაზე კონტროლს გააძლიერებს. ჭიკაიძის გადადგომის მერე პრემიერის შეუცვლელად შესაძლებელია მხოლოდ ორი მინისტრის შეცვლა. „ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, ამ შემთხვევაში, „რესპუბლიკელები" სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით კირვალიძის დაბრუნებას ითხოვენ და მათი ინტერესის სფერო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეიძლება გახდეს. ამავე დროს, ისინი აქტიურად დააყენებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის საკითხს
თებერვალში განსაკუთრებული თემა იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხიც. სხვა კანდიდატებთან ერთად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საინიციატივო ჯგუფმა თინა ხიდაშელის კანდიდატურა დაასახელა. როგორც ჩანს, ეს საკითხი ქ-ნ ხიდაშელთან შეთანხმებული იყო. მართალია მან საჯაროდ განაცხადა, რომ პირის ამოკერვას და აქტიური პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, მაგრამ იქვე ძალიან მკაფიო განმარტება მოაყოლა, - ინტერესთა კონფლიქტში შევდივარ, მეუღლე პარლამენტის თავმჯდომარე მყავსო. ის, რომ უსუფაშვილი პოსტიდან წასვლას აპირებს, მედიაში ეს ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. ითქვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი უსუფაშვილს „რესპუბლიკური პარტიის" დატოვებასა და „ქართულ ოცნებაში" გადასვლას სთავაზობდა. „ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, უსუფაშვილს პარტიიდან წასვლაზე უარი უთქვამს, პოსტიდან წასვლის სანაცვლოდ კი თინა ხიდაშელის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა უთხოვია. გარდა იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რეალურად, პოლიტიკური პოსტიცაა, მას მნიშვნელოვანი გავლენების მოხდენა შეუძლია არჩევნების ბედზეც, რადგან, საბოლოოდ, ყველა საჩივარი სწორედ აღნიშნულ ინსტანციაში მოიყრის თავს.
ამ მომენტისთვის ყველაზე სოლიდურად ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები გამოიყურება: ჯანდაცვის სამინისტრო თებერვალში ჩ ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამის განხორციელებას იწყებს, რაც რეალური შვებაა ამ სენით დაავადებული პაციენტებისათვის, მათი რიცხვი კი საქართველოში, ოფიციალური მონაცემებითაც, საკმაოდ სოლიდურია. შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელს კი ის წმენდა უკავშირდება, რომელიც რეალურად დაიწყო უწყებაში: თანამდებობებს მიყოლებით ჩამოშორდნენ ის პირები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდებოდნენ სხვადასხვა გახმაურებულ მკვლელობას. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, აქტიურ ფაზაში გადავა კორუფციასთან ბრძოლაც და იქნება ხმაურიანი დაჭერები.
გამომდინარე აქედან, მთავრობის სრული შემადგენლობის შეცვლის შემთხვევაშიც, ორივე მინისტრი უპირობოდ შეინარჩუნებს პოსტს.
რას გადაწყვეტს ივანიშვილი, ეს მხოლოდ დროის ამბავია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნის მერე კი დრო ბიძინა ივანიშვილზე მუშაობს.
ელისო კილაძე
გაზეთი „ქრონიკა+"