საქართველოში მყოფმა ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა ქართველი ჟურნალისტებისთვის დღეს სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასის" ოფისში პრესკონფერენცია გამართა. ოფისში მისულმა ალენ დელონმა წითელ ხალიჩაზე გაიარა. მას გულშემატკივრები ოვაციებით შეხდნენ.
პრესკონფერენციაზე ალენ დელონმა აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნის გამო მოხარულია. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პაატა ბურჭულაძის გამო ჩამოვიდა და აქამდე არავის და არაფერს იცნობდა.
"პირველად ვარ საქართველოში, მაგრამ ეს მე არ უნდა მისაყვედუროთ. ვსაყვედურობ ქართველებს, რომლებმაც საქართველოში არასოდეს მომიწვიეს. ამიტომაც, საქართველოს შესახებ არც არაფერი ვიცოდი. მე მოვედი პაატასთვის, მანამდე არც არავის ვიცნობდი. მხოლოდ 10 წლის წინ შევხვდი პრეზიდენტ შევარდნაძეს სულ ესაა... მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე რომ ქართველებისთვისაც ისეთივე საოცნებო ვყოფილვარ, როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში. დასანანია, რომ ეს ახლა გავიგე", - აღნიშნა ალენ დელონმა.
მსახიობმა გაიხსენა, რომ ათი წლის წინ შეხვდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს მიხეილ გორბაჩოვთან ერთად და სულ ეს იყო, რაც კი აქამდე საქართველოსა და ქართველებთან შეხებია ჰქონია.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ცუდ განწყობაზე ყოფნისას ალენ დელონი ქართველი მწერლის ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას გაეცნო. ალენ დელონმა ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ეს მცდარი ინფორმაციაა.
"ეს არ არის ნამდვილი. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს გამოგონილი ისტორიაა. ეს ასე არ ყოფილა. ასევე თქვეს, რომ სწორედ ვაჟა-ფშაველას წაყლობით ქართულად უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ ქართულად არ ვლაპარაკობ", - აღნიშნა ალენ დელონმა.
ფრანგი მსახიობი საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა. ალენ დელონი ხვალ სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს გაუძღვება.