reportiori.ge - კულუარები „შუშის სასახლიდან“ - რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრებზე, ნარმანიაზე, პარლამენტსა და ე.წ. ნაციონალურ ოპოზიციაზე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:30
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
კულუარები „შუშის სასახლიდან“ - რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრებზე, ნარმანიაზე, პარლამენტსა და ე.წ. ნაციონალურ ოპოზიციაზე...
ავტორი:
11 თებერვალი, 2015. 16:26

 

 

 

 

ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ოფიციალურად არ არის, არანაირი პოსტი არ უკავია, მაგრამ დღეს ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია. ის განსაზღვრავს ქვეყნის სტრატეგიულ სკითხებს, ან ამ დონის თემებს მას უთანხმებენ. წვრილმანებში კი, ცხადია, არ და ვერ ერევა. ეს უპირველესად კარგად იციან თავად ქვეყნის დე იურე მმართველებმა აღმასრულებელ თუ საპარლამენტო ხელისუფლებაში. მათ მათთვის ბიძინა ივანიშვილის ყველა სატელევიზიო თუ საგაზეთო ინტერვიუ, შეიძლება ითქვას, მის მომდევნო ინტერვიუმდე, სამოქმედო გეგმაა, „შპარგალკაა". მეტიც, ჩვენი ხელისუფლების წარმომდგენლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ყოფილი პრემიერის „შუშის სახლიდან" გამოჟონილ ინფორმაციებს, რომლებიც მედიით ვრცელდება და მერე დიდი თავ-პირის მტვრევა და ტვინის ღრჭიალი აქვთ იმის გასარკვევად, ამ კულუარებიდან რა არის ნაღდი სიმართლე და რა - გაზვიადებული. ცხადია, იმ ხალხს არ ვგულისხმობ, ვისაც მუდმივი კონტაქტი აქვს ივანიშვილთან, მასთან შეხვედრისა და ნებისმიერ საკითხზე საუბრის პრობლემა რომ არ გააჩნიათ. „ქრონიკის" ეს სტატიაც ბევრ მაღალჩინოსანს დაუფრთხობს ძილს, რადგან რასაც ქვემოთ მოგახსენებთ, ის ინფორმაციები ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვასთან დაახლოებულმა ადამიანებმა მომაწოდეს, რომელთაც პირველწყაროსგან, იმ ხალხისგან აქვთ ეს ინფორმაციები, რომელთაც ხშირად ხვდება და ესაუბრება ივანიშვილი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. ეს ადამიანები კი პოლიტიკოსები და საზოგადოების გავლენიანი წარმომადგენლები არიან.


ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილი გამხდარა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ კანდიდატად კოტე კუბლაშვილის „ხელისბიჭს", სანდრო გირგვლიანის საქმის მისამართლეს, ლევან მურუსიძეს განიხილავდა. წყარო აცხადებს, რომ ივანიშვილს ეს რომ გაუგია, ძალიან აღშფოთებულა და აპირებდა გიორგი მარგველაშვილთან დარეკვას. ბოლოს გადაუფიქრებია - მერე, მოვა დრო და იტყვის, რომ ჩემს საქმეებში ერეოდა და ყოფილი პრემიერი მოქმედ პრეზიდენტს მკარნახობდა, ვინ დამენიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და ვინ - არაო. თუმცა, ივანიშვილს უთქვამს, თუ მარგველაშვილმა გაბედა და ლევან მურუსიძის კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს, ჩათვალოს, რომ ჩემს მეტი მტერი აღარ უნდა, მაგას ერთ წელიწადში ბოლომდე პოლიტიკურ გვამად ვაქცევო. გიორგი მარგველაშვილისთვის ცნობილი გამხდარა ბიძინა ივანიშვილის რეაქცია მურუსიძესთან დაკავშირებით და სწორედ ამის შემდეგ გადაუფიქრებია მისი წარდგენა პარლამენტისთვის. არადა, მარგველაშვილს საკუთარი გარემოცვა და არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილი დაჟინებით ურჩევდა, რომ ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს საუკეთესო თავმჯდომარე იქნებოდა. გიორგი მარგველაშვილს ჯერ იმხელა რქები არ ამოსვლია, რომ ბიძინა ივანიშვილს დაეჭიდოს და წააქციოს. ისიც იცის, თუ ივანიშვილი გადაიკიდა, მაშინ მართლა ცუდად წაუვა საქმე და ლევან მურუსიძის კანდიდატურის პარლამენტში წარდგენა გადაიფიქრა. ივანიშვილი კვლავ დიდ საგონებელშია ჩავარდნილი დავით ნარმანიასთან დაკავშირებით. ივანიშვილს, როგორც ახლა იტყვიან ხოლმე, შეზღუდული კომუნიკაცია აქვს ნარმანიასთან და ძირითადად, შუამავლების მეშვეობით ეკონტაქტება. მისთვის ცნობილი გახდა, რომ დავით ნარმანია, მერიის სტრუქტურების უმოქმედობას თავის მოადგილეებსა და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს აბრალებს. წყარო აცხადებს, რომ ივანიშვილი თავს იმშვიდებს, იმედი აქვს, ნარმანია გარემოცვას შეცვლის და მერე უკვე ეფექტურად ამუშავდებაო. შეუთვლია  კიდეც თბილისის მერისთვის, მოიშორე ეგ უსაქმურები და ისეთი ხალხი მოძებნე, ვინც საქმეს გაგიკეთებს, მალე საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდება და შენი უმოქმედობა ამ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას" ცუდად დახვდება წინო. შესაძლოა, ვინმეს ბიძინა ივანიშვილის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუ გაახსენდეს, სადაც მან განცხადა, რომ დავით ნარმანია უნარიანი მერია და მას არ ემდურის. თავის დროზე ივანიშვილი სწორედ ასე ლაპარაკობდა გიორგი მარგველაშვილზე, მასთან დაპირისპირება რომ ჰქონდა, არ ამბობდა და  პირიქით, აქებდა. შემდეგ კი გაირკვა, რომ, როცა აქებდა, იმ დროს პრეზიდენტთან უკვე რამდენიმე კონფლიქტი ჰქონდა გადატანილი, მასთან უბრადაც იყო და უბრალოდ, გუნდი რომ არ დაეზარალებინა, სავარაუდოდ, იმიტომ არ აკრიტიკებდა პრეზიდენტს. თუ წყაროს დავუჯერებთ, დავით ნარმანია მერიაში ატესტაციის დასრულებას ელოდება, ამის მერე კი მერიაში დიდი წმენდა დაიწყება, მერიის არაერთ მაღალი თანამდებობის პირს მოუწევს პოსტის დატოვება, უპირველესად კი, ვიცე-მერებსა და საქალაქო სამსახურების უფროსებსა და მათ მოადგილეებს. ვიწრო წრეში დავით ნარმანიას საკითხის განხილვისას ივანიშვილს თბილისის საკრებულოს მისამართითაც გამოუხატავს უკმაყოფილება. თბილისის მთავრობა მათი დამტკიცებულია და პასუხისმგებლობა საკრებულოს წევრებსაც ეკისრებათ, ისე დაუმტკიცეს ნარმანიას მთელი გუნდი, ზოგიერთის სახელი და გვარიც კი არ იცოდნენ, რაღა „ნაციონალების" დროინდელი საკრებულოს უმრავლესობა და რაღა „ქართული ოცნებისო".


სამართლიანობის აღდგენის პროცესზე, „კორტების სპეცოპერაციის" საქმის გახსნასა და კიდევ მოსალოდნელ დაჭერებზე ბიძინა ივანიშვილს ცალსახა პოზიცია ჰქონია. წყაროს თქმით, ივანიშვილი მთლიანობაში უკმაყოფილოა მთავარი პროკურორისა და ზოგადად, საგამოძიებო ორგანოების მუშაობით, თუმცა, ისიც აღუნიშნავს, ახლა ცოტა გააქტიურდნენ, იმედი მაქვს, რომ ამ ტემპს არ შეანელებენ და „ნაციონალთა" ყველა გახმაურებულ დანაშაულს გახსნიანო, ექსპრემიერი კატეგორიულია იმ საკითხში, რომ ყველა დამნაშავე „ნაციონალი" უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის. განუცხადებია, რომ მას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მაგრამ დამნაშავე „ნაციონალთა" უმკაცრესად დასჯა და ზოგადად, ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება ის თემაა, რაზედაც მე და ირაკლი არასდროს ვდაობთ და ჩემზე მეტად თუ რა, ნაკლებად არ უნდა ამ პროცესის დაჩქარებაო. ივანიშვილს უთქვამს, რომ ამ პროცესს ვეღარაფერი შეაჩერებს, ვერც ამერიკის და ვერც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა პროტესტი, რომ ვითომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა და შერჩევითი მართლმსაჯულებაა. ამ ქვეყნის ბატონპატრონი ქართველი ხალხია, ხალხს კი, დამნაშავეთა დასჯა სურს და მის ნებას წინ ვერავინ დაუდგებაო. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა დამნაშავე „ნაციონალმა" საკადრისი სასჯელი მიიღოს და ხალხის ნება აღსრულდეს, ეს ჩემი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ საქმეს რომც შევეწირო, მაინც არ დავიხევ უკანო, უთქვამს ივანიშვილს.


ივანიშვილთან საზოგადოების ერთი ნაწილის შეხვედრისას, უკვე მერამდენედ წამოწეულა მიხეილ სააკაშვილის გააქტიურების საკითხი. ცოტა ხნის წინ „ქრონიკა" სწერდა, რომ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის უკრაინაში აქტიურობას ზედმეტად სერიოზულად არ უყურებდა, თავს იმით იმშვიდებდა, რომ სააკაშვილზე ინტერპოლი ძებნას გამოაცხადებდა და ამით ის, ფაქტობრივად, განეიტრალებული იქნებოდა, ერთი რომელიმე ქვეყანა მისცემდა პოლიტიკურ თავშესაფარს და ხელისუფლებას სერიოზულ საფრთხეს ვეღარ შეუქმნიდა. თუმცა, ამ საკითხზე ივანიშვილს ახლა სხვა შეხედულება ქვს. მიშა ციხეში უნდა ჩაჯდეს, მას იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე, რომ ეს არამც და არამც არ უნდა ეპატიოსო, განუცხადებია ივანიშვილს. წყარო აცხადებს, რომ სააკაშვილს პოლიტიკური თავშესაფარიც რომ მისცეს რომელიმე ქვეყანამ და თუნდაც ამერიკამ, ივანიშვილი არ აპირებს მის საქართველოში ჩამოსაყვანად და აქ გასასამართლებლად ბრძოლის შეწყვეტას. ივანიშვილს განუცხადებია, რომ ბევრი ფიქრობს, სააკაშვილის დასჯა იმიტომ მინდა, რომ მან ორჯერ სცადა ჩემი ლიკვიდაცია - 2011 და 2012 წლებში, საქართველოში ჩემი ბიზნესის განადგურებაც მოინდომა და შეურაცხყოფაც ბევრი მომაყენა მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ვაპატიე(!). მიშა რა მოსატანია. სხვებისთვის უარესი შემინდვია, მაგრამ რაც ქართველ ხალხს დამართა, რაც კათალიკოს-პატრიარქსა და ეკლესიას აკადრა, ამას არასდროს ვაპატიებო. ივანიშვილს უთქვამს, რომ მისთვის, პრემიერმინისტრობისას ბევრი საიდუმლო გახდა ცნობილი, სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ძალიან ბევრი ნაავკაცარის დეტალები, ასევე, მრავალი ანტიხალხური გეგმის დეტალები, რომელთა განხორციელებასაც სააკაშვილი და „ნაციონალები" ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში აპირებდნენ. ეს ყველაფერი რომ გავიგე, ცუდად გავხდი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ პატარა ქვეყანას ამდენი შინაური მტერი ჰყავდა და თანაც, ყველანი ერთად ხელისუფლებაში მოიყრიდა თავსო, უთქვამს ივანიშვილს. რას და როგორ აპირებდნენ სააკაშვილი და „ნაციონალები", 2012 წლის არჩევნები რომ მოეგოთ, ამის შესახებ წყარო არ საუბრობს, ივანიშვილს არც ის დეტალები გაუმხელია, რა საშინელება ჩაიდინეს და კიდევ რა მზაკვრობას აპირებდნენ პატრიარქისა და ეკლესიის წინაღმდეგ. მხოლოდ ის უთქვამს, რომ ჯანსაღ თავში ასეთი საშინელება ვერ დაიბადება, ასეთი აზრები მხოლოდ მანიაკს, ტვინგამრუდებულ ადამიანს შეიძლება გაუჩნდესო. ექსპრემიერს არ დაუმალავს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მიზანმიმართულად ეწეოდნენ ქართველი ხალხის გენოციდს და მალე ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც იქნებაო... ეს იქნება სამართლებრივი არგუმენტები და უპირველესად იმ ქვეყნების ლიდერებისთვის, ვინც დღესაც ღიად თუ ფარულად უჭერს მხარს სააკაშვილს და მის გადარჩენას ლამობსო.


ივანიშვილი რეგიონების საკითხსაც შეხებია. საქართველოში ყველა მერს და გამგებელს „დავით ნარმანია" დაემართა, რა ხანია, აირჩიეს, მერიები და გამგეობები დააკომპლექტეს და რამდენიმე რაიონის გარდა, არსად ხელშესახები არაფერი გაკეთებულაო. ივანიშვილს უთქვამს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რამდენიმე ქალაქისა და რაიონის მერიებსა და გამგეობებში ტენდერების კანონდარღვევით ჩატარების შესახებ, რომლებშიც კონკრეტული მხარის გუბერნატორების, მათი მოადგილეების, მერებისა და გამგებლების ნათესავებმა და მეგობრებმა გაიმარჯვეს და უთქვამს, რომ ამ საქმეებს ასე არ დავტოვებ და ყველას მკაცრად მოეკითხება ხალხის ფულის უკანონოდ მითვისებაო. „ქრონიკისთვის" სულ სხვა წყაროსგან გახდა ცნობილი, რომ რამდენიმე ქალაქისა და რაიონის მერიებსა და გამგეობებში, ახლო მომავალში, ფინანსური პოლიცია აპირებს შესვლას და სწორედ უკანონოდ ჩატარებული ტენდერების საქმე უნდა შეისწავლოს. სავარაუდოდ, ფინანსური პოლიციის მოსალოდნელი გააქტიურება კავშირში უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის გაწყობასთან. ის უამრავ ინფორმაციას ფლობს და არ არის გამორიცხული, სწორედ მისი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს ფინანსური გამოძიებები. თუმცა, მარტო ეს არ არის. ივანიშვილი რამდენიმე სამინისტროს  უშაობით უკმაყოფილო ყოფილა, წყარო ვერ აკონკრეტებს, თუ რომელი სამინისტროებია ესენი, მაგრამ ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილისთვის მათი საქმიანობის დეტალური შესწავლა მოუთხოვია. სავარაუდოდ პირველ ეტაპზე ამ „შესწავლას" ფინანსური პოლიცია განახორციელებს, შემდეგ კი, პროკურატურაც ჩაერთვება საქმეში.


ივანიშვილი პარლამენტში „ქართული ოცნების" უმრავლესობის მუშაობით უკმაყოფილოა და ამის შესახებ, „ქრონიკა" ადრეც წერდა. უკმაყოფილოა იმით, რომ პარლამენტმა ვერ შეძლო აღმასრულებელ ხელისუფლებზე კონტროლის დამყარება და პირიქით, მთავრობა აკონტროლებს პარლამენტს. ყოფილ პრემიერს განუცხადებია, რომ პარლამენტს მეტი ფხა რომ გამოეჩინა სამართლიანობის აღდგენის პროცესში, მაშინ ამ საქმეში უფრო წინ ვიქნებოდით წაწეულნი, არც იური ვაზაგაშვილი შეეწირებოდა საკუთარი შვილის მკვლელების დასჯის საქმეს და არც „ნაციონალები" იქნებოდნენ ასეთ დიდ გულზეო. მას განუცხადებია, რომ, როცა მე პრემიერი ვიყავი, ის ერთწლიანი კოჰაბიტაცია დაემთხვა და დასავლეთმა ხელ-ფეხი შემიკრა, რაც გავაკეთე, მეტის გაკეთება არ შემეძლო. აი, მე როცა წავედი პრემიერობიდან, მერე უნდა გააქტიურებულიყო ეს პროცესი და აღარ უნდა გაჩერებულიყოო. ივანიშვილი პარლამენტს იმაში ადანაშაულებს, რომ დეპუტატები ყველაფერში მთავრობას უყურებენ, უცდიან, რას და როგორ გააკეთებს და თავად ინიციატივას არ იჩენენ, თუ რომელიმე გახმაურებული საქმე გახსნა პროკურატურამ, ტაშს უკრავენ, მაგრამ, ვიდრე გაიხსნება ეს საქმე, მისი არსებობაც კი აღარ ახსოვთ, მარტო „ნაციონალებთან" სატელევიზიო დებატებისას ახსენდებათ ქუჩაში დახოცილი უდანაშაულო ბიჭები, პოლიტპატიმრები და სააკაშვილის მიერ დაქცეული ბიზნესმენებიო. ივანიშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ ხალხის არჩეული პარლამენტი არ აღასრულებს ხალხის ნებას, ზეწოლას არ ახდენს მთავრობაზე, რომ ქვეყანაში სამართლიანობა დამკვიდრდეს. ივანიშვილისთვის ისიც ცნობილია, რომელი დეპუტატია „ნაციონალთა" მიერ მასზე მოპოვებული კომპრომატების გამო ხმაჩაგდებული, რომელმა „ნაციონალების" ბიზნესის ნაწილი გადაიფორმა და ხმას იმიტომ არ იღებს, ვინ კიდევ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და პარლამენტში „ზრდილობის გამო" დადის. თუმცა, ეს უკვე ჩავლილი მატარებელია, ამ პარლამენტს აღარაფერი ეშველება, სამართლიანობის აღდგენა მათ გარეშე დაიწყო ქვეყანაში, ამ საქმეში პარლამენტის როლი მინიმალურია, მხოლოდ რამდენიმე დეპუტატის გამოყოფა შეიძლება, რომლებიც რაც აირჩიეს, მას აქეთ არ გაჩერებულან და „ნაციონალთა" დასჯას ითხოვენო. ივანიშვილს ისიც უთქვამს, რომ ასეთ უუნარო პარლამენტს თუ მიიღებდა, ნამდვილად არ ელოდა. დღევანდელი დეპუტატებიდან, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართული ოცნებიდან" 15-20 კაცი იყრის კენჭს, მეტი არა და უკვე ვიცი, ვინ იქნებიან ესენიო.


ბიძინა ივანიშვილმა, მართალია, განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს, ღიადაც თქვა, რაღაც დიდი უბედურება უნდა მოხდეს, მე რომ პოლიტიკაში დავბრუნდეო. თუმცა, ისიც უთქვამს, თუ დავინახე, რომ „ნაციონალთა" დაბრუნების შანსები რეალური გახდა, პოლიტიკაშიც დავბრუნდები და რასაც საჭიროდ ჩავთვლი, ყველაფერს გავაკეთებ. ქართველი ხალხი არასდროს მაპატიებს, რომ მათი და ჩემ მიერ გარეკილი „ნაციონალები" და სააკაშვილი დაბრუნდნენ და მე სახლში ვიჯდე, სადაც ყველაზე მძიმე ომი იქნება, მეც იქ დავდგები და თუ ეს პოლიტიკა იქნება, არც მაგას გავექცევიო. ხალხმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე სასწორზე დადო მათთან ბრძოლაში და ხალხს ამ თავდადებას წყალში არ ჩავუყრიო. მოკლედ, „ნაციონალებს" შეუძლიათ, სამარე საკუთარი ხელით გაითხრონ, პირქვე წაწვნენ და თავზე მიწა წაიყარონ. ბიძინა ივანიშვილი იყო, 2012 წელს რომ დაიფრინა მიშა და მისი ბანდა ხელისუფლებიდან და ვინც ამ კაცის ხასიათი იცის, იმასაც მიხვდება, რომ თან გადაჰყვება მაგ საქმეს და „ნაციონალებს" ხელისუფლებაში არ მოუშვებს. ცხადია, არეულობისა და რევოლუციის გზით, თორემ არჩევნებით მათ უკან დაბრუნების არანაირი შანსი არ გააჩნიათ. პატიოსან არჩევნებში „ნაციონალები" ისე სასტიკად დამარცხდებიან, ამას ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არ სჭირდება.


წყარო აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტის თემასაც შეხებია ერთ-ერთი შეხვედრისას და ხაზგასმით უთქვამს, 4 მინისტრი ნამდვილად არ არის საკუთარ ადგილას, დანარჩენები ნორმალურად მუშაობენ და იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი ამ 4 კაცს შეელევა და მათ ადგილას ღირსეულ ადამიანებს მოიყვანსო. თუმცა, იქვე აღუნიშნავს გულდაწყვეტით, რომ საქართველოში უკვე ისეთი პრობლემები გაჩნდა ეკონომიკისა და სოციალურ სფეროში, რომ ჩვეულებრივი მინისტრები ამ საკითხებს იოლად ვერ გადაჭრიან, ასეთი პრობლემების მოგვარებს კრიზისმენეჯერები სჭირდება, ასეთები კი, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავსო..

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"

 

 

 

 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016