ელექტრონულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის შემდეგ, სამართლიანობის აღდგენის ფარგლებში, მორიგი გახსნილი საქმე სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაცია იქნება. მეტიც, გამოითქმება დამაჯერებელი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამ ფაქტზე სულ მალე გამოძიება პარლამენტს მიმართავს გია ბარამიძისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით, ვინაიდან პერსპექტიული ბრალდებულების სიაში ნომერი პირველი სწორედ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად კი დეპუტატი უმცირესობიდან შეიძლება გახდეს.
ამ ფონზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით „პრაიმტაიმი" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს პირთან, რომელიც ე.წ. „აფრასიძეების საქმის" ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო ბრალდებისთვის. ეს გახლავთ ვლადიმერ მურავიოვი, რომლის ჩვენებაზე დაყრდნობითაც ნაციონალების ხელისუფლება ადასტურებდა, რომ ეს ოჯახი მონათმფლობელური წესით ცხოვრობდა და ამ ადამიანს მონასავით ექცეოდნენ - ამუშავებდნენ ისე, რომ საჭმელსაც არ აჭმევდნენ.
ამ ლეგენდის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენს გაოცებას გამოიწვევდა ის ფაქტი, რომ ვლადიმერ მურავიოვი ისევ აფრასიძეების ოჯახში აღმოვაჩინეთ.
რა თქმა უნდა, გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს ვლადიმერ მურავიოვთან, რომელიც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სწორედ „პრაიმტაიმთან" ალაპარაკდა:
- ამბობდნენ, რომ აფრასიძეების ოჯახში თქვენ მონასავით გექცეოდნენ. ამის შესახებ თქვენც კი გაქვთ მიცემული ჩვენება...
- მონად რომ მეგრძნო თავი, პატიმრობის შემდეგ ისევ ამ ოჯახში არ დავბრუნდებოდი. მე ამ ოჯახში სოხუმის ომის შემდეგ მოვხვდი. იქ აფხაზებმა დამჭრეს. ამ ომამდე გულრიფშის სატყეო მეურნეობაში ვმუშაობდი, სადაც ჩემი უფროსი იყო აფრასიძეების ნათესავი. ასე რომ, მე ამ ხალხს დიდი ხნის წინ ვიცნობდი. ომის დასრულების შემდეგ, დევნილებთან ერთად წამოვედი. თვითონ მივედი ამ ხალხთან. ოჯახის წევრივით მექცეოდნენ...
- მაშინ, რატომ მიეცით გამოძიებას სულ სხვა ჩვენება?
- იძულებული გამხადეს. ღმერთმა დაიფაროს ყველა, რაც მე გადავიტანე. 8 საათი დენზე ვყავდი შეერთებული. სავარძელზე „სკოჩით" ვიყავი მიბმული და მთელი ღამე მაწამებდნენ. თავსაც იწონებდნენ, - შენნაირები გაგვიტეხაო?
- ე.ი. წინააღმდეგობას უწევდით
- ვეუბნებოდი, რაც თქვენ გინდათ, იმას ვერ ვიტყვი, მორწმუნე კაცი ვარ და ვიცი, ადამიანის ტყუილად დადანაშაულება ცოდვაა-მეთქი.
- თქვენ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაგიჭირეს, არა?
- დიახ, 2004 წლის 24 მარტს... როდესაც საჰაერო დარტყმები დაიწყეს, ზუსტად იმ დროს აბაზანას ვამზადებდი. ი-ის იყო, მის გასუფთავებას მოვრჩი და დიასახლისთან მივედი, რომ შტურმიც დაიწყო. ვერსად გაქცევა ვერ მოვასწარი და სახლში დავრჩი. ზუსტად იმ დროს მოკლეს ევგენი აფრასიძე.
- ეს თქვენ დაინახეთ?
- სახლში მე შემოვიყვანე გარდაცვლილი. ისეთი სროლები იყო, გარეთ ცხვირის გაყოფაც შეუძლებელი იყო, როდესაც ჩემამდე მოვიდნენ და დამაკავეს, მაშინვე დამიწყეს სასტიკაც ცემა. ვეუბნებოდი, არაფერი ვიცი-მეთქი. დამცინოდნენ, - ყველაფერს გაიგებ, ჩვენ საქართველოს რესპუბლიკის „სპეცნაზი" ვართო. ცხვირი გამიტეხეს. როდესაც ხელები ამომიტრიალეს და ძირს დამაწვინეს, დავინახე, რომ გოჩას ზურგში დაარტყეს „შტიკნოჟი"...
- ამ სპეცოპერაციის დროს მთავრობის წარმომადგენელი ვინმე ნახეთ?
- გიორგი ბარამიძე ვნახე მხოლოდ, როდესაც ხელბორკილებით ვერტმფრენისკენ მივთყავდით, სწორედ მაშინ ჩამოვიდა ბარამიძე ვერტმფრენიდან და სახლისკენ გაემართა. გაბადრული სახე ჰქონდა. ისე დასეირნობდა, თითქოს იქაურობის ბატონ-პატრონი იყო. მერე ჩვენ ჯერ ქუთაისში წაგვიყვანეს, იქიდან - ზუგდიდში. გზადაგზა სიკვდილამდე გვცემდნენ. თბილისში რომ მოვყავდით მანქანით, გაჩერდნენ და გადასვლა მიბძანეს. რომ გადავიდე, ვიცი, მესვრით-მეთქი. მათ კი მიპასუხეს, მადლობა თქვი, რომ აქამდე ცოცხალი ხარ. ბრძანება გვქონდა, ყველა დაგვეხოცაო. მაშინ გავიგე, რა სახის ბრძანება ჰქონდა „სპეცნაზს" მიღებული.
- უკვე პატიმარი იყავით, როდესაც სოფელ ეცერში საფლავები გათხრევინეს, თითქოს იქ კახი კალაძის გატაცებული ძმა იყო დამარხული?
- დიახ, ციხიდან წამიყვანეს. ირაკლი ქადაგიძე იყო იქ და ბერდია ხვისტანი. მესამეს გვარი არ მახსოვს. იმათ შემაერთეს დენზე 8 საათის განმავლობაში. მკარნახობდნენ, ჩვენებაში რა უნდა მეთქვა. მეუბნებოდნენ, შენთვის ჩვენი გენერალი ღმერთია. თუ იმას იტყვი, რაც მას უნდა, ხვალ თავისუფლებაზე იქნებიო. არ მინდოდა ასეთი თავისუფლება.
- გენერალში ვის გულისხმობდნენ?
- ირაკლი ქადაგიძეს. თუ ის იტყოდა, გამიშვებდნენ. ისეთ რამეს აკეთებდნენ, ღმერთმა უწყის. არ ჰქონდათ ჩემი ციხიდან გაყვანის უფლება, მაგრამ მაინც წამიყვანეს ეცერში. იმ საფლავების გათხრას მინისტრის მოადგილე, ლევან გვაზავა ხელმძღვანელობდა.
- ვისი საფლავები გათხრევინეს რეალურად?
- არ ვიცი, მიტოვებული სასაფლაო იყო. მაიძულეს, მეთქვა, რომ აქ დამარხეს აფრასიძეებმა ლევან კალაძე.
- გინდათ თქვათ, რომ თქვენი აღიარებით ჩვენება მხოლოდ და მხოლოდ წამების შედეგ იყო?
- რა თქმა უნდა. ასეთი წამების დროს მეუბნებოდნენ, ვინც არ გვიჯერებს, შემთხცვევით არდება ფანჯრიდანო. იმ დროს კი მეშვიდე სართულზე ვიყავით. ირაკლი ქადაგიძის კაბინეტის წინ. ზუსტად მახსოვს განლაგება, შემიძლია დაზუსტებით აღვწერო, სად რას აკეთებდნენ.
- პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ არ გიფიქრიათ, საჩივარი შეგეტანათ პროკურატურაში?
- არ შემიტანია საჩივარი, დიდი ხანია, ამ ყველაფრის მოყოლა მინდოდა. პირველად თქვენთან ვყვები ამის შესახებ. მახსოვს, როდესაც მეშვიდე საპყრობილეში ვიყავი, იქ ზურაბ ადეიშვილი მოვიდა. ვუთხარი, ბატონო პროკურორო, შეგიძლიათ, მითხრათ, რატომ გყავართ დაპატიმრებული-მეთქი... შენ როგორ ფიქრობო? ალბათ, იმიტომ, რომ რუსი ვარ-მეთქი. ასეთი მუხლი არ არსებობსო. მაშინ რატომ ვარ ციხეში-მეთქი. ე.ი. დაიმსახურეო, - ზუსტად ასე მითხრა. საბოლოოდ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. იყო კიდევ ერთი ასეთი ფაქტი - პატიმრობის დროს ციხიდან წამიყვანა თამაზ გოგინაშვილმა, გეხსომებათ გატაცებული გოგონა, მარიამ გოგინაშვილი. მისი მამა იყო. 4 დღე ვყავდი სახლში გამოკეტილი. ისიც ცდილობდა, გაეგო ჩემგან, აფრასიძეებთან მიიყვანეს თუ არა მისი ქალიშვილი. მასთან ხშირად მოდიოდა ლევან გვაზავა. ორჯერ მერაბიშვილიც იყო. როდესაც ეს ხალხი მოდიოდა, მე ცალკე ოთახში მკეტავდნენ გასაღებით. თვითონ მეორე სართულზე ადიოდნენ. 4 დღის შემდეგ ისევ ციხეში დამაბრუნეს.
- მეუბნებით, რომ აფრასიძეების ოჯახის განადგურებაზე ბრძანება იყო გაცემული. რატომ უნდოდათ მათი განადგურება?
- ჩემი აზრით, სააკაშვილი ვერ იტანდა ავტორიტეტებს. რა დასკვნების გამოტანის საშუალებასაც მე საქართველოში ყოფნის გამოცდილება მაძლევს. ის ასეთი ხალხის გზიდან ჩამოცილებას ცდილობდა მუდმივად. ამ ოჯახს კი სვანეთში მართლაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა.
- ამბობენ, რომ ბოლო დროს ეცერის სპეცოპერაციის შესახებ გამოძიება ინტენსიურად მიდის. თქვენგან ჩვენება არ აუღიათ გამომძიებლებს?
- არა.
- არც ოჯახის წევრებისგან?
- მე როგორც ვიცი, არც მათგან. თუ ძიება მიდის, კარგია. ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამაში ხელი გაისვარა.
- ვინ არის ეს ხალხი?
- უამრავი ადამიანი იყო... მაგრამ ყველაზე მეტად ამ დანაშაულის გამო გია ბარამიძემ და მიხეილ სააკაშვილმა უნდა აგონ პასუხი. სააკაშვილი თვითონ აცხადებდა, რომ ამ ვანდალური ბრძანების ავტორი თავად იყო.
მარიამ ნადირაძე
გაზეთი „პრაიმტაიმი"