reportiori.ge - ლია კრიალაშვილი: ჩემს ძმას სააკაშვილის სკანდალური აუდიოჩანაწერი მოასმენინეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:07
ინტერვიუ
ლია კრიალაშვილი: ჩემს ძმას სააკაშვილის სკანდალური აუდიოჩანაწერი მოასმენინეს!
ავტორი:
11 თებერვალი, 2015. 18:37

 

 

 

გასული წლის თებერვალში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ვანო მერაბიშვილი 2 გვამს ითხოვდა და დიდი პრემიების გაცემის პირობას დებდა. ეს ვიდეო 2009 წლის 5 მაისს იყო გადაღებული, ე.წ. მუხროვანის ამბოხების დღეს. არსებული ინფორმაციით, ყოფილი შს მინისტრი გია კრიალაშვილისა და კობა ოთანაძის გვამებს ითხოვდა. კრიალაშვილი მოკლეს. ოთანაძე ძლივს გადაარჩინეს ექიმებმა. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ პროკურატურა საქმის გამოძიებას შეუდგა. რა ეტაპზეა გამოძიება, ვინ მფარველობს დამნაშავეებს? - ამის შესახებ „ახალ თაობას" გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი, ესაუბრება.


ლია კრიალაშვილი:

 

- ჩემი ძმის საქმეზე დღემდე მიმდინარეობს გამოძიება. რამდენადაც ვიცი, იმ ტყვიების ბალისტიკური ექსპერტიზა მიმდინარეობს, რომლებიც გიას მკვლელობის ადგილიდან იქნა ამოღებული. მეუბნებიან, სანამ ექსპერტიზა არ დამთავრდება, დასკვნას ვერ დავდებთო. ამ საქმეზე დაზარალებულად უნდა ვეცნე, მაგრამ პროცესი გაჩერდა.


- რა მიზეზით?

 

- ბოლო დროს პროკურატურა ვაზაგაშვილის საქმეებზე გადაერთო და ამ საქმისთვის ვეღარ მოიცალეს. გასულ კვირას უნდა შევხვედროდი პროკურორ რევაზ ნადოის. ამ საქმეების გამო ჩვენი შეხვედრა გადაიდო და მეც გაურკვევლობაში ვარ, თან - იმედგაცრუებულიც. შარშან რომ დაიწყეს ამ საქმის გამოძიება, 2 თვის თავზე ბოდიში მომიხადეს, გაგვიჭიანურდაო. და აი, ხომ ხედავთ, ერთი წელი გავიდა უკვე...


- თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ ჭიანურდება ამ საქმის გახსნა?

 

- ნამდვილად არ მინდა იმის დაჯერება, რომ ამის პოლიტიკური ნება არ არის. აქამდე მართლაც ასე იყო, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა. იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ ბევრი რამ შეცვალა. გამიჩნდა იმედი, რომ გახმაურებული საქმეების გამოძიება მოხდება. ამასთან, დამნაშავეთა მფარველები ჯერ კიდევ სხედან მაღალ თანამდებობებზეც.


- თქვენი ძმის საქმეშიც ასეთ რამეს აქვს ადგილი?

 

- სამწუხაროდ, ასეა. ეს ადამიანები ყველანაირად შეეცდებიან, გამოძიებას ხელი შეუშალონ.

 

- ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ ბიძინა ივანიშვილამდე არასწორი ინფორმაციები მიდის. რას გულისხმობდით?

 

- საქართველოში ბოლო დროს უცნაური პროცესები ხდება. ამან დამარწმუნა, რომ ივანიშვილამდე არ მიდის სწორი ინფორმაცია. ის ვერ ფლობს სრულ ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. მას სიცრუეში ამყოფებენდა უმტკიცებენ, თითქოს ყველაფერი კარგად არის.

 

- რატომ გგონიათ, რომ სიმართლეს არ ეუბნებიან?

 

- ივანიშვილს დამნაშავეების დაფარვის შესახებ დეტალურად რომ ჰქონდეს ინფორმაცია, აქ ცოტა სხვა პროცესები წავიდოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მას შეხვდა იური ვაზაგაშვილი. ცხონებულმა ყოფილ პრემიერს უთხრა, რომ მკვლელები და მათი მფარველები თანამდებობებზე რჩებოდნენ. ამაზე ბიძინას საშინლად მკვეთრი რეაქცია ჰქონია, გადაირია კინაღამ კაცი. მე როგორც მითხრეს, ექსპრემიერმა ბევრი რამე არ იცის.


- რომც იცოდეს ივანიშვილმა ბევრი რამ, რას შეცვლის? ოფიციალურად ის აღარ არის პრემიერი.


- მესმის, რომ პრემიერი აღარ არის, მაგრამ მის სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, ექსპრემიერი გახმაურებული საქმეების გამოძიებით სერიოზულად დაინტერესდა. ეს მაძლევს იმის იმედს, რომ სიმართლე გაირკვევა და დამნაშავეები დაისჯებიან.


- თქვენ ვერ მოახერხეთ ივანიშვილთან შეხვედრა?


- ვერა. არც მიცდია. ვინ შემიშვებს მასთან, თორემ დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი. ირაკლი ღარიბაშვილთანაც მინდა შეხვედრა. მაგრამ ვერ ვახერხებ. სადღაც გული მწყდება, რომ თავის დროზე ივანიშვილი მე არ შემხვდა. პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება რომ მიიღო, ის შვილმკვდარ მშობლებს შეხვდა. მე არ მიმიწვიეს იმ შეხვედრაზე. არადა, ჩემი ძმა იმ რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით მოკლა, მაგრამ არც იმათ აქვთ ხეირი, ვინც ცოცხლები გადარჩნენ და ციხიდან პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გამოუშვეს. სამსახურს ვერ შოულობენ ეს ბიჭები, არავინ იკარებს მათ. ეს ბიჭები იმასაც კი ამბობენ, ჯობდა, ციხეში ვყოფილიყავით, იმათ ხარჯზე მაინც ვცხოვრობდით. ახლა კი ოჯახს ტვირთად დავაწექითო.

 

- პოლიტპატიმრის სტატუსით 200-მდე ადამიანი გამოვიდა ციხიდან. თქვენ კონკრეტულად ვისზე საუბრობთ?

 

- იმ ბიჭებზე, რომლებიც ე.წ. მუხროვანის ამბოხის ბრალდებით დააკავეს. ისინი ირაკლი ალასანიასთან მივიდნენ, სამსახურის დაწყება სურდათ, მაგრამ მან უარით გამოისტუმრა.


- რატომ უთხრა მათ ალასანიამ უარი?

 

- უთხრა, გადატრიალებაში ხართ შემჩნეული და სამსახურში ვერ მიგიღებთო. არადა, მანაც შესანიშნავად იცის,რომ იქ არანაირი სამხედრო ამბოხება არ ყოფილა. იმედი მაქვს, ეს ე.წ. ამბოხებაც სრულად იქნება შესწავლილი. ისევე როგორც ჩემი ძმის საქმე, რომელშიც ჩახედვის უფლება არა მაქვს.

 

- რატომ არა გაქვთ საქმეში ჩახედვის უფლება?

 

- იმიტომ, რომ დაზარალებულად არ ვუცნივარ. ამის გამო საქმეს ვერ გავეცნობი. იმედია, მალე მცნობენ დაზარალებულად.


- ადვოკატებისგან რა იცით, არის რამე სიახლე გია კრიალაშვილის საქმეში?

 

- ახალი დეტალები, ბუნებრივია, იქნება. საქმეში ჩახედული რაკი არ ვარ, რამის თქმა გამიჭირდება. იმას კი ხმამაღლა ვიტყვი, რომ დამნაშავეები დღემდე მუშაობენ ძალოვან სტრუქტურებში. პროკურატურასთან სასაყვედურო არაფერი მაქვს, ღამეებს ათენებენ და ისე მუშაობენ. ოღონდ ის მიკვირს, რატომ არ ითვლება მტკიცებულებად ვანო მერაბიშვილის სიტყვები.


- რომელი სიტყვები?

 

- ორ გვამს რომ ითხოვს და პრემიების გაცემის პირობას დებს. ამის გარდა, არის კიდევ სხვა მტკიცებულება. საუბარია აუდიოჩანაწერზე.


- რა აუდიოჩანაწერზეა საუბარი?

 

- ეს ჩანაწერი ვანოს გვამების ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი წლით ადრე გამოჩნდა. ის ჩანაწერი პროკურატურას აქვს. იქ სოდის ყოფილი თანამშრომელი ყვება, რომ მერაბიშვილმა გასცა 12-12 ათასი ლარი პრემია. ეს პრემიები მიიღეს იმ პირებმა, რომლებიც „მარშრუტკაში" ისხდნენ და გიას ესროლეს. საუბარია 4 ადამიანზე. პერიმეტრზე მდგარ პირებს 2-2 ათასი ოდენობის პრემიები მისცეს. ვინ აიღო ეს პრემიები, ამის გარკვევა ძალიან მარტივია. ამოიღონ დოკუმენტები და იქ ეწერება, ვინ მიიღო ეს პრემიები.


- პროკურატურამ არ გადაამოწმა ეს ინფორმაცია?

 

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გადაამოწმეს ეს ინფორმაცია. ოღონდ ეს მყარ მტკიცებულებად არ ითვლება.


- რატომ არ ითვლება?

 

- ამ ჩანაწერს სასამართლო არ ჩათვლის მყარ მტკიცეულებად, თორემ პროკურატურას რას ვერჩი. ეს უწყება მართლა მუშაობს. მოსამართლეები კი მართლა სცოდავენ. ალბათ ყველას ახსოვს ლევან ტაბიძის საქმე. ეს ის პიროვნებაა, რომელმაც კობა ოთანაძის 20-მდე ნათესავი მძევლად აიყვანა. მძევლებს შორის იყო ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. არსებობს ინფორმაცია,რომ ეს ბავშვი აწამეს.


- რას ამბობთ, ერთ წლამდე ასაკის ბავშვი აწამეს?

 

- აწამეს, აწამეს. ფეხებით იჭერდნენ და აჩხავლებდნენ. მერე ბავშვისთვის ფეხები გადაუწევიათ და ახლობლებისთვის უთქვამთ, ცოცხლად გავგლეჯთო. ამ ბავშვის დეიდა სცემეს და მუცელი მოუშალეს. ბავშვის ბიძა ისე სცემეს, საკვერცხეები  გაუხეთქეს და მათი ამოჭრა გახდა საჭირო. მძევალთა შორის იყო ბავშვის ბებიაც. მას თავში ურტყეს. ისე და იმდენი ურტყეს, რომ ქალს თავში სიმსივნე განუვითარდა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ამ ლევან ტაბიძის სასამართლო პროცესი რამდენიმე დღის წინ გაიმართა. და იცით, რა ქნა მოსამართლემ? ამ ჯალათს წამების მუხლი მოუხსნა და მარტო 5 წელი მიუსაჯა. გადარეული იყო საქმის გამომძიებელი. სანამ ეს ხალხი იქნება სასამართლოში, არაფერი შეიცვლება.

 

- მოდით, ისევ თქვენი ძმის საქმეს დავუბრუნდეთ. ვრცელდება უამრავი ვერსია, თუ რატომ მოკლეს ის. ტრისტან წითელაშვილის თქმით, გია კრიალაშვილმა ბევრი რამე იცოდა სააკაშვილზე.

 

- ამ საკითხზე მეც მესაუბრა ტრისტანი. ის ვარაუდობს, რომ გია იარაღით ვაჭრობას შეეწირა. ჩემი ძმა წლების მანძილზე უკრაინაში მოღვაწეობდა და იქაური ამბები კარგად იცოდა. ტრისტანი როგორც ამბობს, მან  იცოდა, რა შავბნელ საქმიანობასაც ეწეოდა სააკაშვილი უკრაინაში. ამ შემთხვევაში იარაღით ვაჭრობაზეა საუბარი.


- თქვენ ფიქრობთ რომ მართლა ფლობდა ამ ინფორმაციას?

 

- გიამ ბევრი რამე იცოდა, შესაძლოა, ამაზეც ფლობდა ინფორმაციას. ამ თემაზე გია ჩემთან არასდროს საუბრობდა. ამ საკითხზე ერთი პიროვნება შემხვდა და მითხრა, რომ მეტყოდა, რა ტიპის იარაღით ვაჭრობდა სააკაშვილი.


- გითხრათ ამის შესახებ?

 

- მე ვუთხარი, რომ არ მაინტერესებდა. თან ჩემთვის ჩემი ძმის მკვლელების დაჭერაა მთავარი. ჩემი ძმის მკვლელობის სავარაუდო ვერსიებზე სანდრო კავსაძესაც აქვს საინტერესო განცხადება გაკეთებული. საგაზეთო ინტერვიუში კავსაძე საუბრობს, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტს აგინა.

 

- ამის გამო რატომ უნდა მოეკლათ თქვენი ძმა. მან პირადად ნახა, როგორ აგინებდა სააკაშვილი პუტინს?

 

- პირადად სად ნახავდა! ეს გინება შეხვედრის დასრულების შემდეგ იყო. პირში პუტინს გინებას როგორ გაუბედავდა?! იქედან გამოსულს, თავის გარემოცვაში უგინებია პუტინისთვის. ეს ვიღაცამ ჩაიწერა და შეუტანა პუტინს. ეს ჩანაწერი უკრაინაშიც ჩაიტანეს და გიას მოასმენინეს თურმე.

 

- პუტინის გინების გაჟღერება რატომ არ უნდა ყოფილიყო სააკაშვილის ინტერესებში?

 

- იქ მარტო გინება არ არის. სააკაშვილი იქ იმასაც ყვიროდა, ამას ველოდი მე მისგან? ამას დამპირდაო! აქ ბევრად საინტერესო რამეა, ვიდრე მარტო გინება. არ არის გამორიცხული, ჩემს ძმას კიდევ სხვა ინფორმაციებიც ჰქონოდა. სხვა მხრივ რატომ უნდა მოეშორებინათ ის? საქართველოდან წასული იყო და არც პოლიტიკურ პროცესებში ღებულობდა მონაწილეობას. მაშინაც რამდენიმე დღით იყო მხოლოდ ჩამოსული. ბუნებრივია, მიჩნდება კითხვა, რატომ მოკლეს ჩემი ძმა. ის შემთხვევით არ მოკლავთ, მას გულში ჰქონდა ტყვია ნასროლი. კობა ოთანაძეც სასიკვდილოდ გაიმეტეს, მაგრამ ის ექიმებმა გადაარჩინეს. შარშან გავრცელებულ ვიდეოში ვანო მერაბიშვილი სწორედ გიას და ოთანაძის გვამებს ითხოვდა.


- მერაბიშვილი ამტკიცებს, რომ ის რუსი ინსტრუქტორების გვამების მოძებნას ითხოვდა, რომლებიც, მისივე თქმით, მუხროვანის ამბოხების მონაწილეებმა კვალის დაფარვის მიზნით დახოცეს.

 

- ჯერ ის დაამტკიცოს, რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილში მართლაც ამბოხებას ჰქონდა ადგილი.  საინტერესოა, რატომ ვერ იპოვეს ის გვამები? მაგათ ხელში არ იყო ყველაფერი? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მერაბიშვილი გია კრიალაშვილის და კობა ოთანაძის გვამებს ითხოვდა. მათი დახოცვა რომ უნდოდათ, ამაზე ბევრი რამე მეტყველებს. ასეთი დიდი ინტერესი რომ არ ყოფილიყო, ოპერაციის ადგილას გიგი უგულავა და გივი თარგამაძე არ მივიდოდნენ. ამის უფლება არც ერთს არ ჰქონდა.

 

- გივი თარგამაძე თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა და, შესაძლოა, ამიტომ მივიდა იქ.

 

- კომიტეტის თავმჯდომარეს იქ რა ესაქმებოდა? მაგასაც მოუწევს ამ დანაშაულზე პასუხის გაცემა. დაჭრილ ოთანაძეს მაგან დაახალა მაჯებში ტყვია. ეგონა, რომ მოკვდებოდა, მაგრამ გადარჩა და ყველაფერს მოყვება. ასევე ყველაფერს იტყვის ლევან ამირიძეც. ყველას თავისი პასუხი მოეთხოვება, მათ შორის, გიგი უგულავასაც. როდის იყო, რომ დედაქალაქის მერი სპეცოპერაციაში მონაწილეობდა? მე ამასთან დაკავშირებით ერთხელ დავუსვი იმ საზიზღარს კითხვა.


- სად შეხვდით უგულავას?

 

- ეს მის სასამართლო პროცესზე მოხდა, სანამ დაიჭერდნენ, რამდენიმე დღით ადრე. ეზოში შევხვდი და ვკითხე, რა უნდოდა სპეცოპერაციის ადგილზე.


- რა გიპასუხათ?

 

- არაფერი. უხმოდ წავიდა. მერე ვიღაცა ქალი გამოვარდა და მისი დაცვა დაიწყო. დამცველები და მფარველები მაგათ არასდროს აკლდათ, არც შინ და არც გარეთ. ამიტომაც არის, რომ ბევრი დამნაშავე დღემდე თავისუფლად დადის. ამერიკის და დასავლეთის ჩარევაც საეჭვოა უკვე. გამოდიან და ღიად აფარებენ დამნაშავეებს ხელს. მაინტერესებს, რას იზამდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს მათ ქვეყნებშიც იგივე უკანონობა რომ ჩაედინათ, რაც აქ ჩაიდინეს. რატომ უნდა შერჩეთ ნაციონალებს დანაშაული, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ამერიკელს მოსწონს ისინი? ან ის ხალხი გვანახეთ, რომლებიც კოჰაბიტაციას გვაძალებენ. შეგვხვდნენ ჩვენ და ვეტყვით, რა ჯოჯოხეთიც გამოგვატარეს. იმედი მაქვს, რომ თავსმოხვეული კოჰაბიტაცია დასრულდება და სამართლიანობა აღდგება.


- ამისი გჯერათ თუ მხოლოდ იმედოვნებთ?


- მჯერა. ცხონებული იური ვაზაგაშვილის ტრაგედიამ ბევრი რამე შეცვალა. შვილის საფლავზე მისმა აფეთქებამ საქართველოში კოჰაბიტაციაც დაასრულა. პროურატურა უკვე ამუშავდა. მეც ვიპოვი სამართალს. ჩემი ძმის საქმის გამოძიებასაც მივიყვან ბოლომდე და იმ ბინის დაბრუნებასაც შევეცდები, რომელიც ბანკმა უსამართლოდ წამართვა.

 

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი „ახალი თაობა"


 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016