ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელი და მეგობარი ხათუნა ხოფერია დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოკლეს. „ინფო 9"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ხოფერია აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის საქმე ფინალშია და დანაშაულში მონაწილე ყველა პირი აუცილებლად დაისჯება.
- რას უკავშირებთ ზურაბ ჟვანიას საქმის ახალი დეტალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას?
- ამ კამპანიის აგორება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ამ თემით სპეკულაცია წლების მანძილზე გრძელდებოდა - აი, ვიტყვით, აი, დელიკატური და აი, ბოლომდე ვიტყვით და არ გაიხსნა ამ „დელიკატურის" ბრჭყალები, ვიდრე ზურას ძმამ არ თქვა, რას გულისხმობდნენ ამ „დელიკატურის" ქვეშ.
ეს მათთვის თავის გადარჩენის საშუალებაა, რომ თუ ამ სიბინძურეებით დაემუქრებიან ოჯახსა და პროკურატურას, შეიძლება საქმის მსვლელობა შეაჩერონ, რომელიც პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი.
- თქვენი ინფორმაციით, როდის დასრულდება გამოძიება?
- ხედავთ ახლა რა ხდება? პრაქტიკულად ბოლომდე მისულ საქმეში ბრალდებული გაძლევს ჩვენებას, რომ მიცვალებული გაიტანა სახლიდან და მერე ისევ შემიოტანა. ხვდებით ეს როგორ ცვლის არსობრივად ძიების მსვლელობას?! გაიტანა კი ან შემოიტანა კი? თუ სხვაგან მოხდა და იქიდან მოიტანა? - რაში დასჭირდათ ამ ჩვენების მიცემა? ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
გამოძიება თავის გზას მიყვება და ძალიან ცოტა დარჩა ფინალამდე. ეს ფინალი აუცილებლად იქნება და იქნება მაღალი სახელისუფლებო პირების დასჯა ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით.
- მკვლელობა ახსენეთ... FBI-ის დასკვნაში, როგორც ამბობენ საუბარი მკვლელობაზე არ არის, გარდა ამისა, გამოკვეთილია ახალი დეტალები...
- მე მაინტერესებს, ჟურნალისტებისგანაც, „ნაციონალებისგანაც" და იმ უსინდისოებისგანაც ვინც არის ჯერ კიდევ დარჩენილი - „ჰაკიმ ფაშას" ფოტოების ავთენტურობის დადასტურებას რომ ითხოვდნენ, მაინტერესებს ვინ არის ეს გაბუნია, რა დასკვნა აქვს ხელში და რა დოკუმენტს აფრიალებს?
არსებობდა FBI-ის დასკვნა, რომელიც საქართველოს პარლამენტის იმდროინდელ წევრებს დაურიგდა. ამას პირდაპირ პარლამენტში გაეცნენ დეპუტატები. ეს დოკუმენტი ხელმიუწვდომელი არ იყო. რას მიედ-მოედებიან, რა უნდათ თქვან, რომ თავის დროზე ეს დასკვნა გააყალბეს და არასწორი დასკვნა მიაწოდეს საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს? ახლა კი, გამოჩნდა ვიღაც ინკოგნიტო პირი, რომელიც იმხელა სანდოობით სარგებლობს, რომ სრულიად საქართველოს საზოგადოება შეცდომაში უნდა შეიყვანოს?
რისი უფლება აქვს ჟურნალისტს რომ აფრიალებს ამ დასკვნას. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ეს დოკუმენტი არის ნამდვილი დოკუმენტი და ნამდვილად არის FBI-ის დასკვნა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შეხვიდე მასთან დავაში.
- რა წერია დასკვნაში რომელზეც თქვენ საუბრობთ? დასკვნაში, რომელიც პარლამენტარებს დაურიგდა ეწერა სხვა და გუშინ სხვა რამ მოვისმინეთ?
- მე არ ვიცი. ვიცი, რომ საქართველოს პარლანმენტში დარიგდა „ეფ-ბი-აის" მიერ მოწოდებული დასკვნა. ახლა გვეუბნებიან, რომ თურმე არის რაღაც გასაიდუმლოებული ნაწილი. რა დოკუმენტი უკავია გაბუნიას ისეთი ხელში, რომ ეჭვი არ შეაქვს მის ნამდვილობაში და საზოგადოებას უფრიალებს ცხვირწინ. მინდა გითხრათ, რომ არც არაფერი წერია იმ დასკვნაში, რომელსაც გუშინ აფრიალებდნენ.
- თქვენი აზრით, საზოგადოება შეცდომაში გამიზნულად შეჰყავთ?
- მას შემდეგ, რაც მათ პროკურატურაში საყრდენი დაკარგეს, მათი აგენტურა იქნა დათხოვნილი და ისინი ვეღარ ფლობენ ინფორმაციას გამოძიებებთან დაკავშირებით, ახლა უკვე „ეფ-ბი-აის" დასკვნა გახდა ლეღვის ფოთოლი „ნაციონალური მოძრაობისთვის". ცდილობენ, რომ მაქსიმალური გააკეთონ რათა ერთ-ერთ მხარედ ამ დავაში ჩააბან „ეფ-ბი-აი". ხომ ეჭვგარეშეა, რომ პროკურატურას ამ დასკვნასთან დაკავშირებით მიმოწერა ექნება „ეფ-ბი-აის"-თან.ვისგან მიიღეს დაკვეთა, რომ საზოგადოებაზე ზეწოლა მოახდინონ.
- როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ყველაფრის მიზანი?
- ეს საბოლოო დასკვნის გამოტანის წინ, საზოგადოებრივი ფონის მომზადებაა, რომ მათ კიდევ გაიხანგრძლივონ ბრძოლის საშუალება. რა თქმა უნდა, ბევრს დაიჭრენ და რა თქმა უნდა იქნება ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები და ეს არის მზადება მათი მხრიდან, რომ წარმოქმნან კითხვის ნიშნები ამ საქმესთან მიმართებაში. ეს აპრობირებული მეთოდია „ნაციონალური მოძრაობისთვის". ისინი 9 წლის განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას ამ მეთოდებით. თურმე როგორ უფრთხილდებოდნენ ჟვანიას საქმეს და ახლა გახდნენ ასეთი მგრძნობიარეები ამ თემის მიმართ. საწყალი ხარშილაძე და ძაძამია თურმე, 9 წელი უფრთხილდებოდნენ ზურაბ ჟვანიას სახელს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ის ხარშილაძეა, რომელმაც ჟვანიას სიკვდილის შემდეგ მილიონები იშოვა თბილისის გამწვანებაზე.
- თქვენ პირადად რა კითხვები გაქვთ ამ საქმესთან დაკავშირებით?
- პასუხგასაცემია ბევრი კითხვა, მაგრამ უცნაური ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მთავარი პროკურორის მოადგილეს ირაკლი შოთაძეს ვუყურებ, აბსოლუტურად კითხვები არ მიჩნდება იმაზე რასაც ეს პიროვნება ლაპარაკობს.
- თქვენი აზრით, ვინ უნდა დაიკითხოს ამ სისხლის სამართლის საქმეზე?
- დასაკითხი ბევრია ნამდვილად და დარწმუნებული ვარ, ყველას დაკითხავენ. საქმეს როგორც დასჭირდება ისე იქნება ყველაფერი.
- ანუ თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ ყოფილი პრემიერი მოკლეს?
- ახლა კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ზურა მოკლეს და ამ დანაშაულში დაწყებული სააკაშვილიდან, ძალიან მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩათრეული.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან და ამ საკითხზე ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დასკვნასთან დაკავშირებით გუშინ საღამოს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ზე გადაცემა „არჩევანში" იმსჯელეს. „რუსთავის 2"-ის ინფორმაციით, მათ კონფიდენციალურმა წყარომ FBI-ის იმ დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი მიაწოდა, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა. დასკვნებში შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს, დეტალურადაა აღწერილი. დოკუმენტში ასევე მითითიებულია, რომ ჟვანიასა და უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. გადაცემაში შემთხვევის ადგილზე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის სცენის შესახებ მიუთითებდნენ.