reportiori.ge - სიტყვა, თქმული მწერალთა კავშირში 1977 წელს ზვიად გამსახურდიას დასაცავად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:44
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სიტყვა, თქმული მწერალთა კავშირში 1977 წელს ზვიად გამსახურდიას დასაცავად
ავტორი:
13 თებერვალი, 2015. 14:44


 

ნოდარ წულეისკირი:


პატივცემულო მწერლებო!


უკვე შვიდი თვე გავიდა, რაც დაპატიმრებულია დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას შვილი, მწერალი და მეცნიერი ზვიად გამსახურდია. ამბობენ, გამსახურდია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჰყავთ და საეჭვო ნემსებს უკეთებენო. ზოგი ამბობს, შიმშილობა გამოაცხადაო, ზოგი დაბეჯითებით ამტკიცებს, მოკვდაო.


ნუთუ ქართველი მწერლები ისე დაკნინდნენ და დაეცნენ, რომ ამბის გაგებაც კი არ სურთ, თუ რა სჭირს მათ კოლეგას. ნუთუ ქართველ მწერლებს იმის ძალა და უნარი არ შესწევთ, გაიგონ მაინც, ცოცხალია თუ მკვდარი მწერალი.


მე, პირადად, ზ. გამსახურდიასა და მისი თანამებრძოლების ბედი ძალზე მაშფოთებს. ამის თაობაზე პროტესტის წერილები გავგზავნე მრავალ დაწესებულებაში, მაგრამ ამაოდ. პასუხი არსაიდან არ მიმიღია. ერთ წერილს ახლა წაგიკითხავთ:


საქართველოს სსრ პროკურორს ლერი თალაკვაძეს


ქართველი ერი შეძრწუნებულია, თავზარდაცემული და გულმოკლული თავისი დიდი მწერლის შვილის ზვიად გამსახურდიას შეპყრობით. ტერორი და შიში სუფევს მწერლობასა და ინტელიგენციაში. სუკის აგენტებმა დააშინეს მწერლები, მეცნიერები, კულტურის მოღვაწენი, ამიტომ ხმას ვერავინ იღებს.


უკვე რამდენიმე თვეა, რაც „კაგებეს" ჯურღმულებში იტანჯებიან ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა. არ ვიცით, რა მოელით, რას უმზადებენ მათ.


ოცდაჩვიდმეტი წლის შემდეგ მსგავსი უსამართლობა მწერლობას თავს არ დასტეხია, დააპატიმრეს მწერალი, თანამოკალმე, მეგობარი და ჩვენ, მწერლებს, ღონე არ შეგვწევს, ვიკითხოთ მაინც, რატომ მოხდა ეს საზარელი ფაქტი, გამოსწორდება თუ არა ოდესმე, რაც მოხდა?!


რამდენიმე ხნის წინათ ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას დასაცავად წერილი გავუგზავნე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცეკას გენერალურ მდივანს ლ. ბრეჟნევს, მაგრამ არავითარი პასუხი იქიდან არ მიმიღია. ალბათ სუკის აგენტებმა ჩაიგდეს ხელში ჩემი წერილი და თბილისს ის არ გასცილებია. სწორედ სუკის მუშაკების არაადამიანური, მუხანათური საქციელის გამოც დავწერე არა ერთი პროტესტის წერილი, მაგრამ კვლავ ამაოდ. როგორც ცნობილია, თვითგამოცემის ჟურნალში „ოქროს საწმისში" ჩემი ნებართვის გარეშე გამოქვეყნდა ჩემი სიტყვა თქმული მწერალთა კავშირში ე. შევარდნაძესთან შეხვედრის დროს.


ამის გამო მე დამიბარეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში და მრისხანედ დამიწყეს დაკითხვა. მე მათ მტკიცედ ვუთხარი: არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის ამ საქმეში, არავითარ ახსნა-განმარტებას არ დავწერ. თუ მაიძულებთ, გავიმეორებ იმას, რაც თავის დროზე გააკეთა პაოლო იაშვილმა. საჯაროდ, სახალხოდ მოვიკლავ თავს. მუქარისა და ტერორის ქვეშ მაინც დამაწერინეს ახსნა-განმარტება. ის არა, რასაკვირველია, რაც მათ უნდოდათ (ავაზაკობას ჩემი კალამი არ წერს). მათი ბრალდებები: ვითომ შეთქმულების მონაწილე ვარ, ვითომ ამ სიტყვის თქმა ვიღაცამ დამავალა, ვითომ ანტისაბჭოთა საქმიანობას ვეწევი, გავაქარწყლე, უარვყავი. თვით ის ფაქტი, რომ უდანაშაულო ადამიანს დაუნდობლად მომექცნენ უშიშროებაში, რაღაცა მაინც რომ დამაწერინეს, ჩემს აღშფოთებას და პროტესტს იწვევს.


„კაგებეს" მუშაკების ამ თავგასულობის შესახებ პროტესტის წერილი გავუგზავნე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს ე. შევარდნაძეს, მაგრამ პასუხი იქიდანაც არ მიმიღია. პირიქით, დამიბარეს ხელმძღვანელმა ამხანაგებმა და დაჟინებით მოითხოვეს ჩემგან, გავმიჯნოდი ზ. გამსახურდიასა და მის თანამებრძოლებს. ასეთი საქციელი არ მივიჩნიე საკადრისად, არ გავაკეთე ეს. მართალია ჩემი წერილი „ოქროს საწმისში" შემთხვევით მოხვდა, მაგრამ რაკი გამოქვეყნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მე და ოქროს საწმისელები თანამოაზრენი ვართ. ძირითად საკითხებში ერთ აზრს ვადგევართ, ერთი იდეა გვაერთიანებს.


რისთვის იბრძვიან ზ. გამსახურდია, მ. კოსტავა, ვ. რცხილაძე, ბ. ბეჟუაშვილი, ჯანელიძე და მათი თანამებრძოლნი?


1. ქართული ენისათვის! საქ. სს რესპუბლიკაში კონსტიტუციით ქართული ენა სახელმწიფო ენაა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყველა დაწესებულება ქართულ ენაზე უნდა მუშაობდეს. ყველა დოკუმენტი ქართულ ენაზე უნდა იწერებოდეს. ამ ენაზე უნდა მეტყველებდეს და წერდეს ყველა პარტიული თუ საბჭოთა მუშაკი, მათ შორის საქ. კპ. ცკ. პირველი მდივანიც ე. შევარდნაძეც და თქვენც, საქ. სსრ პროკურორიც.


ეს უფლება მოგვანიჭა ჩვენ რევოლუციებმა, მამა-პაპათა დაღვრილმა სისხლმა და ბოლოს ორმა კონსტიტუციამ. ამ იდეისთვის ზ. გამსახურდიასთან ერთად ვიბრძოდი და მომავალშიც ვიბრძოლებ, მაშინაც კი, როცა ციხეში ჩამაგდებთ და სულის ამოხდას დამიპირებთ.


2. კულტურის ძეგლთა დაცვა ყოველი ქართველის წმინდათაწმინდა მოვალეობაა. ეს კანონებში გვეწერა და დღესაც გვიწერია, კონსტიტუციაშიც ჩაგვიწერეს, მაგრამ საშველი მაინც არ ჩანს. ზ. გამსახურდია და მისი მეგობრები თავგამეტებით იბრძოდნენ ძეგლების დასაცავად. ამ საქმეში მეც მათთანა ვარ.


3. ადამიანის უფლებების დაცვა ადამიანის მოვალეობაა. პირუტყვი ან მცენარე, ან სხვა რამ ბუნებაში ვერ დაიცავს ადამიანს. ადამიანი ისევ ადამიანმა უნდა დაიცვას, თუ ის უსამართლოდ დაჩაგრეს. ნუთუ შეიძლება ამ დიად იდეაში კრიმინალი იპოვოს პროკურორმა და დააპატიმროს ადამიანის უფლების დამცველი?


ყველა ამ საკითხში მე მათ ვეთანხმები, მხარს ვუჭერ და მომავალშიც მათთან ვიქნები.


არის კიდევ ერთი საკითხი, მთავარი საკითხი. ეს გახლავთ ქართველი ხალხის გაქრობის, გადაშენების პრობლემა, რაც საბედისწეროდ გვაწუხებს გაჩენის დღიდან ყველა ქართველს. ესეც ჩვენი საერთო სატკივარია. შეუძლებელია ამ საკითხებს მწერალი გაემიჯნოს. პირიქით, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია ზ. გამსახურდიასა და მის მეგობრებს მხარში ამოვუდგე და მათთან ერთად ვიბრძოლო ამ პრობლემათა გადასაჭრელად.


ადამიანის გადარწმუნებისათვის ათასი ხერხი და მეთოდი არსებობს. რატომღაც მოხდა ის, რასაც არავინ მოელოდა. ზ. გამსახურდია ერთხელაც კი არ გაუფრთხილებიათ, ერთხელაც არავის უსაუბრია მასთან მშვიდობიანად. მოულოდნელად შეიპყრეს და ციხეში გააქანეს. მას შემდეგ სამარისებური სიჩუმეა. სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე, ცოცხალია თუ მკვდარი, არ უნდა გავიგოთ?


პირდაპირ დაუჯერებელია, წარმოუდგენელია, როგორ, რანაირად, რა სინდისითა და რა შუბლით შეუძლია საქართველოს დღევანდელ მთავრობას ციხეში ქურდებთან, ბანდიტებთან, მექრთამეებთან, ნაძირალებთან და ავაზაკებთან შეაგდოს კონსტანტინე გამსახურდიას ბრწყინვალე ძე ზვიად გამსახურდია.


როგორც მწერალს, მოქალაქეს, მტკიცედ მწამს, რომ ზვიად გამსახურდიას დაპატიმრებით დაშვებულია მძიმე შეცდომა, რომლის გამოსწორება ალბათ ძალზე გაუჭირდება საქართველოს დღევანდელ მთავრობას.


პატივცემულო პროკურორო! თუ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სასამართლო შედგება, გთხოვთ ეს წერილი წაკითხულ იქნეს ამ სასამართლოზე, ან გამოყენებული სამართალდაცვის წესითა და რიგით. ოდნავ დამახინჯებასაც კი მოჰყვება ჩემი სასტიკი პროტესტი.



„საქართველო", 14 სექტემბერი, 1990 წელი



(წყარო: for.ge)


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016