ეკონომიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული იანვრის თვის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები საბოლოო ტრენდს არ ქმნის.
მისი თქმით, ვითარების შესაფასებლად დაახლოებით სამი თვის ფაქტობრივი მასალებია საჭირო. არჩვაძე საქართველოდან ექსპორტის შემცირებას რამდენიმე მიზეზით, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში დაწესებული თუ დასაწესებელი რეგულაციებით ხსნის. ექსპერტი ძირითად ყურადღებას აზერბაიჯანზე და ევრაზიულ კავშირში სომხეთის შესვლაზე ამახვილებს. როგორც მან აღნიშნა, რეგულაციებით ავტომობილების რეექსპორტი თავის ეკონომიკურ შინაარსს თანდათანობით დაკარგავს.
„იანვარი მთლიანი ტრენდის ჩამომყალიბებელი თვე არაა. დაახლოებით სამი თვის ფაქტობრივი მასალაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ შევაფასოთ, როგორ იცვლება სიტუაცია. რაც არ უნდა დიდი ან მცირე იყოს იანვრის მონაცემები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაიმე დასკვნების გაკეთება ნამდვილად არ შეიძლება. ზოგადად თუ შევხედავთ ჩვენს მდგომარეობას, გამოწვევები და საფრთხეები რამდენიმეა. ერთი არის აზერბაიჯანის მიერ დაწესებული აკრძალვა შედარებით მოძველებული მანქანების მიმართ. სომხეთი კი გახდა ევრაზიული კავშირის წევრი და შესაბამისად ავტომობილზე რეგულაციები ამ გაერთიანების მოთხოვნებს დაექვემდებარება. ანუ მაღალი საბაჟო ტარიფებით შეიზღუდება საქართველოს გავლით ქვეყანაში შესული ავტომანქანები. ბოლო წლებში 200 მილირად დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილი შედიოდა საქართველოდან სომხეთში, კიდევ უფრო მეტი აზერბაიჯანში და ამით, ფაქტობრივად, საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი - ავტომობილების რეექსპორტი თავის ეკონომიკურ შინაარსს თანდათანობით კარგავს. ამიტომ ექსპორტის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის", - განაცხადა არჩვაძემ.
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდას, ექსპერტის თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანას დიდი იმედები არ უნდა ჰქონდეს.
„ევროკავშირში მოსალოდნელია წელს ექსპორტის ზრდის დაბალი ტემპები. ლაპარაკობენ რეცესიის საფრთხეზე, ამიტომ ამ მიმართულებით მაინცდამაინც დიდი იმედები არ უნდა გვქონდეს. შეიძლება, ზრდა იყოს", - განაცხადა არჩვაძემ.