reportiori.ge - გოდერძი ჩოხელი: მოხევის სადღეგრძელო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:40
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გოდერძი ჩოხელი: მოხევის სადღეგრძელო
ავტორი:
15 თებერვალი, 2015. 15:59




აყაყანებულ ქორწილის სუფრაზე შუახნის მოხევემ სუფრის თამადას ერთი სადღეგრძელოს თქმის უფლება სთხოვა და თანხმობა მიიღო. თამადა ფეხზე წამოდგა, ჩანგალი თეფშზე დააწკრიალა, რომ ხალხის ყურადღება მიეპყრო და გამოაცხადა:



- ხალხო, ჩვენ მოხევეს სადღეგრძელოს თქმა სურს, თუ შეიძლება მოვუსმინოთ!



მოხევის გაგონებაზე ახმაურებული მექორწილენი უცებ გაჩუმდნენ და ყველამ იქეთ გაიხედა, სადაც მოხევე წამოდგა და განსხვავებული სასმისი მოითხოვა.



რატომღაც ყველა მოელოდა, რომ მოხევე ხევის მთებივით მაღალი და მხარბეჭიანი იქნებოდა. მათ წინ კი შუახანს მიღწეული, გამხდარი, დაბალი ტანის კაცი იდგა. თუმცა სიგამხდრე და სიდაბლე სიჩიავის შთაბეჭდილებას არ უტოვებდა მოხევეს. პირიქით, ამ ხალხში იგი გამოირჩეოდა კიდეც თავისი დგომით, მზერით, რომელიც მისი მკვირცხლი თვალებიდან გამოკრთოდა, და დაძარღვული სხეულით. იგი ღვედივით მოქნილი ჩანდა და სასმისის მოლოდინში მთის ფოცხვერივით იყო გაყურსული.



კახური ღვინით გავსებული ჯიხვის რქა მოართვეს მოხევეს, რომელმაც ყანწი ჩამოართვა მომწოდებელს და ორივე ხელით მაგრად ჩაბღუჯა. სიტყვის თქმამდე რამდენიმე წამს უფრო დაიძარღვა და გაიყურსა, როგორც ავაზა გაიყურსება ხოლმე ნადირობის ჟამს. თითქოს სადღეგრძელოს თქმისათვის კი არა, ნახტომისათვის ემზადებოდა მოხევე.



ხალხიც უფრო გაისუსა. ისინი მოხევისაგან მოელოდნენ, რაღაც დიდ მჭერმეტყველებას, სადღეგრძელოს, რომელიც სავსე იქნებოდა მთის ყვავილებივით ლამაზი სიტყვებით. მოხევემ კი სულ რამდენიმე სიტყვით წარმოთქვა სადღეგრძელო:



- ხალხნოო! მოდი, მღვრიემდე გაგვიმარჯვას! - თქვა ეს და ყანწის მოყუდება დააპირა.



- თუ შეიძლება, ვერ გავიგეთ?! - მიმართა თამადამ და მოხევემ ყანწი ტუჩებიდან მოიშორა.



- იქნებ გაგვიმარტოთ, რა სადღეგრძელო თქვით, ვერაფერი ვერ გავიგეთ, - ზრდილობიანად, მაგრამ აშკარად დამცინავად მიმართა თამადამ. მოხევემ იმწუთას იგრძნო თამადის დამცინავი ტონი და ხალხს მიმართა:



- ხალხნო, ვერც თქვენ გაიგეთ?



- ვერა, ვერა, ვერ გავიგეთ! - წამოიძახეს აქეთ-იქიდან.



- კარგით, მაშინ გრძლად გეტყვით, რაღა იქნება, - თქვა მოხევემ, ერთ ხანს ისევ გაისუსა და დაიწყო:



- ღმერთის მადლმა და ქვეყნის მადლმა, აი, ამ პურ-ღვინის მადლმა, გული არ მეცინის, ძრიალ მიყორს ჩვენი სამშობლო. იმისი მთაც და იმისი ბარიც. მთა ბარით არის და ბარი - მთით, როგორც კაცი - კაცით. ძრიალ მიყორს ჩვენი ბუნება, მაგრამ ერთ რამეჩი უნდა გამაგიტყდეთ: ხანდახან ვნადირობ, ჯიხვებსა ვხოცავ. ეს იცოდა მთელმა ხევმაც და კაკებეს რომ ეძახდნენ, იმათაც. მაგზავნილიც მყვანდნენ სათვალთვალოდ კაცები, მაგრამ ეგრე იოლად მთაში ნადირს ვინ დაუდგება და თერგჩი კიდევ - კალმახსა. ეგრე ვიყავ მეცა. სახლში თოფს როგორ მოვიტანდი და ნანადირევს კიდავ დღისითა. ვფხიზლობდი, ისე ვხოცდიკე ჯიხვებსა.



ერთხელაც, დილაადრიან, მაშინაი მაადგა ჩემს სახლსა. დამიძახეს. გამოვე გარეთა.



- სანადიროდ უნდა შახვიდე, - მეუბნება ბრძანების კილოთი ერთ-ერთი. მივხვდი, ვინც იყვნენ.



- რაი სანადიროდ, ან თოფი სადა მაქვს, ან ნადირობისა რა გამეგება?! - გავიკვირვე ყასიდად.



- აი თოფი და ნადირობა რო იცი, იმიტომ მოცედით შენთან. სასწრაფო საქმეა, თვითმფრინავი გველოდება თბილისში, რამდენიმე საათში ჯიხვი უნდა ჩამოგვიტანო მთებიდან და სხვა ქვეყანაში უნდა გავგზავნოთ თვითმფრინავით დიდი კაცის დაბადების დღეზე.



მაშინ კომუნისტები რო იყვნენ და აღარ ვიცი, რომელ ქვეყანაჩი აგზავნიდნენ ჯიხვს, მგონი ტიტოს, ან თუ არ ვცდები, ჩაუშესკუს რო ეძახოდნენ, მგონი, ერთ-ერთის დაბადების დღეზე. ეს იმიტომ გამიმხილეს, რომ მე გამეგო, რამდენად სერიოზულ საქმეზე იყვნენ ჩემთან მოსულნი, დავნდობოდი და რაც შეიძლება ჩქარა ჩამამეტანა მთებიდან ჯიხვი.



შავბრუნდი შინა, უცებ გავემზადე. ან რაი გამზადება მინდოდა, წრიაპები ავიღე და გამოვე. ჩავსხედით მაშინაჩი, ჩავედით დარიალას, გავაჩერებინე ხდის ხეობის ასასვლელში, ავიღე იმათ მატანილი თოფი და შაუყევ აღმართსა. ზურგითა ვგრძნობ, რო დურბინდით შამამცქერიან მაშინაიდან. უფრო ავუჩქარე ფეხსა, თან თოფს ვათოლიერებ გზადაგზა. ჩემ სიცოცხლეჩი ესეთი თოფი არ მინახავს, არა მჭერია ხელჩია. სამიზნის ზემოთ დურბინდი ჰქონდა, რო გავხედე, ეგრე გამოჩნდა შიგ ხდის მწვერვალები, როგორც ხელისგულზე - თითები. ერთ ალაგას ჯიხვები შევამჩნიე და იქით ავუყევ აღმართსა. ვჩქარობ, რაკი თავს ვიდევ ეს საქმე, ხალხი არ მინდა გავაწბილო. ჯიხვებმა დამინახეს და დაფრთხნენ, ჭიუხის კანჭახებს აუყვნენ აღმა. გული ამოვარდნასა მაქვს, ისე შავრბივარ. მამწყურდა წყალი, პირი მიშრება. უცებ, ჩემს წინ, კლდეში წვეთ-წვეთად მომავალი სისველე დავინახე. კლდიდან გამომავალი წყლის წვეთები ხელისგულჩი ჩავიგუბე და დავეწაფე. დამიამდა სიგრილით გული. ჩემი ხელისგულიდან კლდეზე ჩამდინარე წყლის წვეთებს თოლი გავაყოლე ქვემოთ და რას ვხედავ? ის წყლის წვეთები სხვა წვეთებს ერთვიან, მრავლდებიან, ნაკადულს ქმნიან და ბროლივით მიიმსხვრევიან კლდეზე. გზადაგზა კიდევ ასეთივე ნაკადულები უერთდებიან და ხდის ხეობაში იყრებიან ერთადა. მყინვარის შუბლივით თეთრი და სუფთა მიდის ქვემოთ ხდის წყალი. მიდის, ისიც ბროლივით მიიმსხვრევა. თოფზე დატანებული დურბინდით ჩავცქირე ამ წყალსა და ელდა მეცა - დავინახე, თითქოს პირველად მენახოს, როგორ უერთდება ეს სუფთა და კამკამა წყალი მღვრიე თერგსა. ერევა და ცოტა ხანს თეთრ ზოლად მისდევს, არ უნდა ამღვრევა, სისუფთავე სწადია, მაგრამ მეტი გზა არა აქვს, ისიც თერგივით იმღვრევა მალედვე.



გული დამწყდა.



ჩამოვჯექ.



რაი ვქნა, არ ვიცი. შამნანდნენ ჯიხვები სასიკვდილოდ. ჩავცქირე დურბინდით და დავინახე მაშინაი.



ავდექი და ხელცარიელი წამოვე ქვემოთა. ჩავაბარე თავის თოფი. მონუსხული მზერით შამამყურებდნენ.



- თუ არ შეგეძლო, გეთქვა და სხვას ვეტყოდით, - მეუბნება ერთ-ერთი.



- უთხარით მერე, მონადირეების მეტი რაია.



- ეხლა რაღა დროსია, დაგვაგვიანდა, - ჩაიბუზღუნა ისრივ იმ კაცმა, ჩასხდნენ მაშინაჩი და წავიდნენ. მე იქვე დამტოვეს, დარიალასა. არც წავყებოდი, ხდის წყალთა ყოფნა მერჩია. ჩავყევი ბროლივით თეთრ ნაკადულსა, მივე იმ ადგილას, სადაც მღვრიე თერგს უერთდებოდა, ჩავიჩოქე და წყალს იმ ადგილას ვაკოცე თეთრ ყელჩი, რომლის იქითაც მღვრიე იწყებოდა. ჩემი ბალღობა გამახსენდა და ტირილი მამინდა. ბალღები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. თანდათან ცოდვებით მღვრიე ცხოვრებას ვუერთდებით და იმადა. იმ ხდის წყალივით მეტი გზა არა გვაქვს. პეშვით შავსვი სუფთა წყალი და წამოვე. იმ დღის მერე ვსვამ ამ სადღეგრძელოს, რაიც იმ გაგებაჩი გამაიხატება, რომ მანამ სული სუფთა გვაქვს, გული სუფთა გვაქვს, სუფთა საქმეებს ვაკეთებთ და ისე არ ავიმღვრევით, რო ვეღარ ვგებულობთ, საით მივდივართ, რატო და რისთვის მივდივართ, მანამდე გაგვიმარჯვას. მღვრიემდე გაგვიმარჯვას! - თქვა მოხევემ და ჯიხვის რქა მოიყუდა.



ერთ წუთს სიჩუმე ჩამოვარდა.



მერე მთელი ხალხი ფეხდაფეხ წამოდგა, დიდიან პატარიანად და თითქმის ერთხმად დაიძახეს:



- მღვრიემდე გაგვიმარჯოს!



იმწუთას ყველამ თვალნათლივ დაინახა, როგორ უერთდებოდა ბროლივით თეთრი ხდის წყალი მღვრიე თერგს და ცდილობდა, არ ამღვრეულიყო.



ეტყობა, უმეტესობას თავის ბავშვობა გაახსენდა და იმ თეთრად მომდინარე ნაკადულს შეადარეს იგი.



მოხევე დიდხანს არ დარჩენილა, რდგან აქეთ-იქიდან თხოვნით შეაწუხეს, კიდევ ეთქვა რაიმე სადღეგრძელო. ეს თამადის შეურაცხყოფად ჩათვალა და წასვლა ამჯობინა.



- მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ, მთაჩი მეჩქარება, აუცილებლივ უნდა წავიდე, - თქვა მოხევემ, ნეფე-პატარძალს პირჯვარი გადასწერა, თვითონაც პირჯვარი გადაიწერა და საქორწილო დარბაზიდან გავიდა.



იმწუთას ნეფე-პატარძალი ხდის ბროლივით თეთრ ნაკადულს ჰგავდა.



წყარო: http://4motivi.com/



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016