გაუბედურებულ და ცეცხლის ალში გახვეულ უკრაინას, ერთი მხრივ, პუტინის ტანკები უტევენ, ხოლო, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილი და მისი კვაზიფაშისტური სექტა.
უკანასკნელ ხანს გავრცელებული ცნობების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრი და ავადსახსენებელი ზურად ადეიშვილის ცნობილი ფავორიტი დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ დაინიშნა, ხოლო მის მოადგილეებად ზურაბ ადეიშვილი და გიზო უგულავა გაამწესეს!
აღარაფერს ვამბობთ იმის შესახებ, რომ თავად ნაცისტური სექტის ლიდერი, დიადი მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს „პარაშაზე" დასვეს და უკრაინის პრეზიდენტის „შტატგარეშე მრჩევლად" დაადგინეს!
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე ირწმუნება, რომ უკრაინაში ნაცისტი კადრების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის საკითხს პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის ზურგსუკან უშუალოდ პრეზიდენტი პოროშენკო და სააკაშვილი წყვეტენ!
- ბატონო პეტრე, ვინ ნიშნავს ნაციონალებს უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე და რას ემსახურება ეს პოლიტიკა?
- ჩემთვის ცნობილია, რომ ამ საკითხს პირადად პოროშენკო წყვეტს, რომელსაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს პრემიერ-მინისტრ იაცენიუკთან. მოგეხსენებათ, სააკაშვილსა და მის შემოგარენს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ უკრაინელ ოლიგარქებთან. ჩვენ გვახსოვს უკრაინიდან შემოტანილი მრავალი ასეული მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის სკანდალი, როცა ამ იარაღმა არ გაამართლა. ამის შესახებ დღემდე არავის არაფერი გამოუძიებია, რაც არის დღევანდელი ქართული სახელმწიფოს სირცხვილი. გადა ამისა, ნაცებს მონოპოლია ჰქონდათ დაწესებული უკრაინიდან შემოზიდულ სამშენებლო მასალებზე, რომელსაც გივი თარგამაძე კურირებდა და კურირებს. გვახსოვს გივი თარგამაძის, იმავე „ვასილიჩის" საუბარი უკრაინაში „კანონიერ ქურდებთან", გვახსოვს სააკაშვილის საუბარი ტიმოშენკოსთან და უკრაინაში 2 ათასი ქართველი პოლიციელის გადასხმა დესანტის სახით, რათა არჩევნები გაეყალბებინათ, ანუ ნაციონალებს უკრაინაში ასეთი კავშირები ჰქონდათ. იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ, ოლიგარქებმა უკრაინაში გავლენებიც შეინარჩუნეს და ნაცებთან კავშირიც. სწორედ ამის შედეგია ის, რაც ხდება. სააკაშვილი გამუდმებით არწმუნებს პოროშენკოს, რომ აი, ამ კავშირებისა და დასავლელი ლობისტების დახმარებით, უკრაინაში განახორციელებს რეფორმებს, რაც არის სისულელე, რადგან იმ ხალხს, ვისაც თანამდებობაზე ნიშნავენ, ცხოვრებაში არასოდეს არაფერი გაუკეთებია! ძალიან კარგი ბიჭია ალექსანდრე კვიტაშვილი, მაგრამ საქართველოში ვინ ეკითხებოდა მაგას ან უნივერსიტეტის მართვას, ან ჯანდაცვის სისტემის გაძღოლას? ყველაფერს მართავდა ბენდუქიძე. იგივე შეიძლება ითქვას დავით საყვარელიძისა და ეკა ზღულაძის შესახებ. ეკა ზღულაძეს, როცა ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო, პრემიებითა და დანამატებით ყოველთვიურად 50 ათას ლარს აძლევდნენ იმისთვის, რომ ვანო მერაბიშვილის ნებისმიერი ბრძანება უსიტყვოდ შეესრულებინა.
- ანუ თქვენ ამბობთ, რომ ამ ხალხს არანაირი რესურსი არა აქვს იმისათვის, რათა უკრაინაში ან კორუფცია დაამარცხონ, ან ძირეული ცვლილებები განახორციელონ?
- ეს გამორიცხულია, რადგან თანამდებობებზე დანიშნული უკლებლივ ყველა ნაციონალი სააკაშვილს უყურებს ხელში. ესენი ხომ დამოუკიდებლად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებულნი არიან? მთელი მათი ცხოვრების პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სააკაშვილს დაუფიქსირონ მონური მორჩილება. რაც შეეხება იმას, რომ ნაცები უკრაინაში კორუფციას დაამარცხებენ, მე შეგახსენებთ ჯორჯ სოროსის სიტყვებს, რომელიც მან სააკაშვილის შესახებ სულ ახალახან წარმოსთქვა - „სააკაშვილი, მართალია, ებრძოდა კორუფციას, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ სააკაშვილმა მოახდინა კორუფციის პრივატიზება!" სწორედ ამ „პრივატიზებულმა კორუფციამ" დააქცია საქართველო, როცა ქართველი ბიზნესმენები ოფიციალური გადასახადების გარდა, სააკაშვილის პარტიას აურაცხელ თანხებს სწირავდნენ!
- ბატონო პეტრე, მერედა, უკრაინელი ხალხი, უკრაინის საზოგადოება ვერ ხვდება, ვის ურიგებს პოროშენკო უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებს?
- უკრაინის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გულწრფელად სჯერა, რომ სააკაშვილი არის რეფორმატორი და რომ ნაცები დაამარცხებენ კორუფციას! ეს არის უკრაინის საზოგადოების ტრაგედია. ის, რომ სააკაშვილი და მისი სექტა უკრაინაში ამდენს ახერხებენ, განაცებული „ქოცების" პირდაპირი დამსახურებაა! ამ ხელისუფლებას 2012 წლის ნოემბრიდან რომ დაეწყო სააკაშვილისა და მისი შემოგარენის სამართლებრივი დევნა, მოეწვიათ უცხოელი ექსპერტები და მათი მონაწილეობით დაეწყოთ იმ ბინძური და სისხლიანი რეჟიმის დემონტაჟი, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ანუ 2013 წლის 17 ნოემბრამდე, როცა მარგველაშვილის ინაუგურაცია მოხდა, სააკაშვილი და მისი გუნდი მსოფლიოს წინაშე ისეთი დემორალიზებული იქნებოდა, მათ ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის, უკრაინაში ჩასვლა გაუჭირდებოდათ! სამწუხაროდ, განაცებულმა„ ქოცებმა" სააკაშვილსა და მის გარემოცვას „სახე შეუნარჩუნეს" და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. წარმოიდგინეთ, უკრაინის უძლიერესი დიასპორა ჰყავს კანადაში და ამ დროს პოროშენკო „რეფორმებს" ატარებინებს სააკაშვილსა და მის ხროვას! აი, ეს მარაზმი არის ჩვენი ხელისუფლების ბრალი. ამ ხელისუფლებამ სააკაშვილსა და მის გუნდს არ დაარქვა თავისი სახელი, რაც არის დიდი პრობლემა საქართველოსთვის.
- დასასრულ, რას იტყვით ბატონი გია მეფარიშვილის შესახებ, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია?
- არ დაგიმალავთ - როცა ჩემთვის სამართლებრივად რაღაც გაურკვეველია, ყოველთვის ბატონ გიას ვაწუხებ, რომელსაც წიგნებში ჩახედვა არ სჭირდება და პასუხი მუდამ მზად აქვს. ბატონი გია უწესიერესი კაცია, წიგნის კაცია.... მახსოვს მისი პრინციპული პოზიცია, მაშინ, როცა პეტრე ცისკარიშვილი გაიტაცეს. ბატონი გია მეფარიშვილი არის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე იურისტი და დიდად გამოცდილი ადამიანი, რომელსაც ვენდობი და მხარს ვუჭერ!
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი“