„სააკაშვილმა იცოდა, როგორ შეთხზეს ჩემს წინააღმდეგ საქმე"
სიმონ კილაძე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი გახლდათ და მისი საჩვენებელი დაპატიმრება სკანდალურმა ვალერი ზუმბაძემ განახორციელა. მან არ იცის, კონკრეტულად მის სქმეში რა როლი ითამაშა ვალერი ზუმბაძემ, რადგან ამ ე.წ. ჯაშუშობის საქმეს ჯერ კიდევ გრიფი „საიდუმლო" ადევს.
- იმ ადამიანების მიმართ, რომლებზეც საზოგადოებაში საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ისინი მონაწილეობდნენ სხვადასხვა გახმაურებულ საქმეში და, როგორც აბობენ, საგამოძიებო მოქმედებების შესრულების დროს არღვევდნენ კანონებს, ასეთი ადამიანები ლუსტრირებული უნდა იქნენ და, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული წესიდან გამომდინარე, მათ სახელმწიფო სამსახურში თანამდებობებზე დანიშვნას ფრთხილად უნდა მოეკიდონ. ასეთი ადამიანების ბიოგრაფია უნდა გამოიკვლიონ, მათი საქმიანობის ამსახველი ფაქტები უნდა შეისწავლონ, არღვევდნენ თუ არა კანონს, ჰქონდათ თუ არა გადაცდომა. საერთაშორისო პრაქტიკა, კანონები ამას ითვალისწინებს. სახელმწიფო მოსამსახურედ ადამიანი რომ ინიშნება, მის ბიოგრაფიას სწავლობენ. სახელმწიფო სამსახურში ადამიანის მიღების დროს მხოლოდ ე.წ. სივის წარდგენა საკმარისი არ არის, ჩვეულებრივ, უნდა შეისწავლონ მისი ბიოგრაფია. ზოგადად, თუ ისეთ თანამდებობებზე ინიშნებიან, როგორებიცაა ძალოვანი სტრუქტურები - თავდაცვის სამინისტრო, შს სამინისტრო, მათი ბიოგრაფიის შესწავლა ხდება, - აცხადებს სიმონ კილაძე.
- კონკრეტულად, ვალერი ზუმბაძე რომ ამბობს, უდანაშაულო ვარო (და იქით უნდა ვუჩივლო მათ, ვინც ბრალს მდებსო), იმ დროს, როდესაც ის გახლდათ პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებული საქმეების, მაგალითად, ფოტოგრაფიების, მაისაიასა და სხვა კიდევ მრავალი საქმის გამომძიებელი (თქვენც მან დაგაპატიმრათ), ამას როგორ აფასებთ?
- იმ ადამიანებს, რომელთა მიმართაც კანონდარღვევით აწარმოებდნენ გამოძიებას, წამებას მიმართავდნენ, უფლება აქვთ, პასუხი მოითხოვონ, თუ ეს ტყუილია, რასაკვირველია, ამ ადამიანმა უნდა დაამტკიცოს. იმანაც უნდა დაამტკიცოს, თუ ეს ტყუილია. ზუმბაძე იქნება თუ ვინმე სხვა, არ აქვს მნიშვნელობა.
- ზოგადად, როდესაც ამბობენ, რომ კონკრეტული საქმე იყო შეთხზული, თეთრი ძაფით ნაკერი და კონკრეტულ საქმეში ყველა დოკუმენტს აქვს კონკრეტული თანამდებობის პირის ხელმოწერა, ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება?
- მაგალითად, მე შემიძლია ვთქვა, რომ, კონკრეტულად ჩემი საქმე იყო თეთრი ძაფით ნაკერი. ვინც იყო ამ საქმის მოთავე, ცნობილია. ჩემს წინააღმდეგ საქმის შეთხზვის მოთავე იყო ვანო მერაბიშვილი, რომელმაც პრესკონფერენცია გამართა და ჩემი საქმის თაობაზე ისაუბრა, გენერალი შალვა ჟღენტი და თვითონ მიხეილ სააკაშვილიც ჩემს წინააღმდეგ შეთხზულ საქმეში ჩახედული იყვნენ. მან იცოდა, ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე როგორ შეთხზეს და რანაირად განხორციელდა ჩემი დაპატიმრბა.
- იცოდა და ეთანხმებოდა?
- რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილი დაეთანხმა. ამის კადრებიც არსებობს. რასაც ვამბობ, იმის დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს. ვანო მერაბიშვილმა სპეციალური ბრიფინგი მოაწყო და სააკაშვილსაც კომენტარი სთხოვეს ამის თაობაზე. ასე რომ, ჩემი საქმე შეთითხნილია, თეთრი ძაფით ნაკერია, მაგრამ ამ საქმეში უშუალოდ ვისი დაკვეთით შეთხზეს, გასარკვევია. ამიტომ ვითხოვ ჩემი საქმის გამოძიებას.
- თქვენი საქმის გამოძიება საერთოდ არ დაუწყიათ? ერთ-ერთი რეპრესირებულის, მაგალითად, კიღურაძის საქმე გამოიძიეს?
- კიღურაძის საქმე ქონების დაბრუნებასთან იყო დაკავშირებული. მართალია, მას ჯაშუშობა დასწამეს და ძალიან მნიშვნელოვანი კანონდარღვევა იყო ხელისუფლების მხრიდან. ქონების დაბრუნებაზე ჰქონდა სამართლიანი პრეტენზია და ნაწილობრივ დაუბრუნეს. პროცესი კიდევ გრძელდება. თუმცა პოლიტიკურ საქმეებზე, როგორიცაა ჩემი, ფოტოგრაფების, ვახტანგ მაისაიას საქმეები, რეაგირება არ ხდება. რაც ხდებოდა საბჭოთა პერიოდში, ცნობილი 58-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმეების წარმოების დროს, იგივე გადმონაშთია, როცა ყველას ჯაშუშობას აბრალებდნენ, ვისაც კი უცხოეთთან რაიმე კავშირი ჰქონდა. ყველამ ვიცით, რომ ნაციონალთა ხელისუფლების დროს ირღვეოდა კანონები. პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია.
- არაერთ საქმეზე.
- დიახ, არაერთ საქმეზეა საქმე აღძრული. როდესაც სახელმწიფოს მეთაური დანაშაულშია ეჭვმიტანილი და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რაღა უნდა ვილაპარაკოთ იმ სახელმწიფოსა და სახელმწიფოს სტრუქტურებზე. როდესაც სახელმწიფოს შს მინისტრი, რომელიც უკვე დაპატიმრებულია, რა უნდა ვილაპარაკოთ იმ სტრუქტურის საქმიანობაზე.
- მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრიც იყო.
- დიახ. რაღა უნდა ვილაპარაკოთ ასეთ შს სამინისტროზე. შს სამინისტრო რა დემოკრატიის კუნძული და სამოთხე იყო, იქ კანონი არ ირღვეოდა, როცა თვით მინისტრი არღვევდა კანონს?
- ზუმბაძე იყო შს სამინისტროს მაღალჩინოსანი.
- ზუმბაძეზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ავიღოთ, ზოგადად, კონტრდაზვერვა. თუ სახელმწიფოში მთლიანობაში კანონი ირღვეოდა, კონტრდაზვერვა სამოთხე და დემოკრატიის კუნძული იყო? კანონი არ ირღვეოდა?
- ალბათ, უფრო იქიდან იწყებოდა დარღვევები.
- აქედან გამომდინარე, ადამიანებს, რომლებსაც აწინაურებენ ძალოვანი სტრუქტურებიდან - ან ერთი სტრუქტურიდან მეორეში გადაჰყავთ, ან იმავე სტრუქტურაში აწინაურებენ, მათი საქმე უნდა იქნეს შესწავლილი.
- როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ამგვარი პირების დაწინაურება, კადრების ნაკლებობაა, უყურადღებობა თუ სხვა მიზეზებია?
- კონკრეტული პიროვნებების დაწინაურებაზე ვერაფერს გეტყვით. კონკრეტულ პიროვნებებზე მათ უნდა ვკითხოთ, ვინც აწინაურებს. გვარებს არ დავასახელებთ, მაგრამ ვიცით, ვინ ვინ დააწინაურა და ვინ ვისი დაწინაურების რეკომენდაცია გასცა.
- როგორც ცნობილია, მაგალითად, ზუმბაძე, რაზეც სკანდალი წარმოიშვა, თავდაცვის მინისტრმა დააწინაურა.
- გასაგებია. თავდაცვის მინისტრი იყო შს სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი და, ალბათ, ჩათვალა, რომ პროფესიონალია და გადაიყვანა.
- გააჩნია, რაშია პროფესიონალი. თუ გაყალბებაშია პროფესიონალი, მაშინ, მე მგონი, ასეთი „პროფესიონალი" სახელმწიფოს არ გამოადგება.
- აქედან გამომდინარე, როდესაც თანამდებობაზე ნიშნავ ადამიანს, ის უნდა იყოს შემოწმებული, მის მიერ ჩატარებული ოპერაციების ფაქტობრივი მხარე რამდენად შეესაბამებოდა კანონებს. ეს არის, მეტი არაფერი. აქ ცილისწამება არ არის. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და მორალურ-ზნეობრივი მხარე. ეს წერია სახელმწიფო მოსამსახურის შესახებ კანონებშიც, რომ ადამიანი უნდა იყოს უმწიკვლო. ამიტომ კონკრეტული პიროვნების ბიოგრაფია შესწავლილი უნდა იყოს, როცა ძალოვან სტრუქტურებში საქმდება. თავდაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი სტრუქტურა, ხოლო გენერალური ინსპექცია - ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი სტრუქტურათაგანი. სპეცსამსახურს უწოდებენ. ამიტომ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ არის ცილისწამება. ცილისწამება იქნება, სრულიად უდანაშაულო ადამიანზე რომ ვთქვა, ადამიანს კლავდა, ურტყამდა, წიხლით სცემდა-მეთქი, ეს იქნება ცილისწამება. როცა ადამიანის მიმართ არსებობს ეჭვი, რომ ის შეიძლება კარგ საქმეებში არ იყოს გარეული, ამას ფაქტისადმი კრიტიკული მიდგომა ჰქვია. ზოგს ეს ცილისწამება ჰგონია.
- თუ პიროვნება ხელს აწერდა იმ გაყალბებულ საქმეებს, როგორიც იყო, ვთქვათ, მაისაიასა და ფოტოგრაფების წინააღმდეგ? თქვენს საქმეს ხელს არ აწერდა?
- არ ვიცი.
- თუ პროფესიონალი და პრინციპული ხარ, შეთხზულ საქმეებს, თეთრი ძაფით ნაკერს, ხელი რატომ უნდა მოაწერო?
- ბატონმა ვახტანგმა თავისი საქმის უკეთ იცის. ალბათ, მისი ნათქვამი შეესაბამება სინამდვილეს და შეუძლია, თავისი სიმართლე დაიცვას, დაადგინოს ზუმბაძის ქმდება.
- თქვენ მხოლოდ დაპატიმრების დროს ნახეთ ზუმბაძე?
- დიახ.
- თქვენს საქმეში დოკუმენტებს ხელს არ აწერს?
- არ ვიცი.
- თქვენს საქმეს არ იცნობთ?
- ჩემს საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლო". ამიტომ მე ვერ ვამტკიცებ, რომ ეს ადამიანი ჩემს საქმეში მონაწილეობდა. მხოლოდ არის კადრები და ვიცი, რომ ზუმბაძე მონაწილებდა ჩემს დაპატიმრებაში. ახლა წავიკითხე ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, დავალებული მქონდა მხოლოდ დაპატიმრებაში მონაწილეობაო. ჩემს დაპატიმრებაში მის მონაწილეობას კადრებიც ადასტურებს.
- თავიდან აცხადებდნენ, რომ ძალიან ძნელი იყო წართმეული ქონების დაბრუნება. ითქვა ისიც, რომ ნაცრეჟიმის მიერ ადამიანებისთვის წართმეული ქონების დაბრუნებას 1 მილიარდი სჭირდებოდა. უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო მათი საკითხის გარკვევა, ვინც პარლაენტმა პოლიტპატიმრებად აღიარა. როგორ ფიქრობთ, რა აფერხებს ამ საკითხის ადგილიდან დაძვრას?
- ზოგ შემთხვევაში ქონების დაბრუნება უფრო იოლია, ბიუჯეტში რაღაც თანხა შევა და კაცს დაუბრუნებ, მაგრამ პოლიტიკური საქმე მოქმედებს ჩინოვნიკის იმიჯზე. ასეთი საქმეები ადამიანს ხელს უშლის კარიერულ წინსვლაში, თავისი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებაში. წარმოიდგინეთ, როცა ადამიანს პოლიტიკურ ბრალდებას წაუყენებენ, ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობდიო...
- ასევე პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში მონაწილეობაც...
- დიახ, მონაწილეობდი პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში, როგორია?! იმ ადამიანს ურჩევნია, უთხრან, ფული წამართვიო, ამოიღებს ჯიბიდან და დაუბრუნებს, ვიდრე პოლიტიკური ბრალდება წაუყენონ. პოლიტიკური ბრალდება ადამიანს ბოლომდე მიჰყვება. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური საქმეების გასწორება უფრო ძნელია.
- თუმცა, სახელმწიფომ აღიარა ნაცრეჟიმის დროს პოლიტპატიმრების არსებობა.
- სახელმწიფომ აღიარა, მაგრამ აქ ჩვენ გარკვეულ დისონანსს ვხედავთ. პარლამენტმა ადამიანები გამოაცხადა პოლიტიკურ პატიმრებად, მაგრაბ ამ შეფასების შემდგომ პროცესის გაგრძელება არ მოჰყვა. პროცესი შეწყვეტილია. ერთია საკანონმდებლო დონეზე შეფასება და მეორეა - პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება. სამართლებრივი პროცესი უნდა გაგრძელდეს.
გულიკო ბალაძე
გაზეთი „ახალი თაობა"