„მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ ესმის მედიის ხმა", - აცხადებს „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე და მოსალოდნელ ხმაურიან დაჭერებს აანონსებს!
- ელისო, სოციალურ ქსელში ნაციონალთა პროკურორის მურთაზ ზოდელავას მიერ გავრცელებულ მოსაზრებას დაეთანხმეთ. რატომ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიას ინტერესებიდან გამომდინარე, არ გაახმოვანა სიმართლე?
- სწორედ თქვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, ზურაბ ჟვანიას საქმე არ გაიხსნება-მეთქი. ამ საქმის ბევრი ისეთი დეტალი ვიცოდი, რასაც ხმამღლა ვერ ვამბობდი. საფერფლის ვერსია პირველად ბადრი პატარკაციშვილთან „შემოაგდეს". მეტიც, ის მზად იყო, ვიდეო თუ აუდიომტკიცებულებების მოსაპოვებლად, გარკვეული როდენობის თანხაც გადაეხადა, მაგრამ ბოლო მომენტში მასალა პატარკაციშვილს აღარ მოუტანეს. ამას პირველად თქვენთან ვამბობ. მაქვს კიდევ ერთი კულუარული ინფორმაცია: ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, როცა სიტუაციის გალამაზებას ცდილობდნენ, მერაბიშვილს გამოუთქვამს უაზრი - ჯობს, ვთქვათ, ინფარქტით დაიღუპა და მეორე ადამიანის გვამი საერთოდ არ გამოვაჩინოთო, თუმცა, ამის წინააღმდეგ ადეიშვილი წასულა - ამერიკელები არ დაიჯერებენო. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ უსუპოვის გვამი უკან დაებრუნებინათ და პირველად სცენარში არაფერი შეეცვალათ. კიდევ ერთი ყურადსაღები ინფორმაცია: ბადრი პატარკაციშვილმა მასთან დაახლოებული პირის მეშვეობით შეიტყო, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ამ საქმის პიარზე მუშაობდნენ, აპირებდნენ, შემთხვევის ადგილზე ფოტო და ვიდეომასალა გადაეღოთ და დახურულ შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტისთვის ეჩვენებინათ. პატარკაციშვილმა პირადად დაურეკა სააკაშვილს - როგორც კი მსგავს რამეს გააკეთებთ, ერთი უხერხული კადრი ან ფოტო გახდება ცნობილი რომელიმე ჟურნალისტისთვის, იცოდე, დედას გიტირებთო. ეს ინფორმაცია თავად ბადრი პატარკაციშვილის შტაბიდან მაქვს. გარდა ამისა, პატარკაციშვილი ამის შესახებ ერეკლე კოდუასთან ცნობილ ფარულ ჩანაწერშიც საუბრობს. სხვათაშორის, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო სერიოზული დაპრისპირება პატარკაციშვილსა და სააკაშვილს შორის. მოგეხსენებათ, ზურაბ ჟვანია ბადრი პატარკაციშვილის ახლო მეგობარი იყო.
კატეგორიულად ვემიჯნები იმ ისტერიას, რაც ზურაბ ჟვანიას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით აგორდა, მაგრამ... როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაცვის წევრები ნაფიც მსაჯულებთან ბევრი სხვა დეტალის მოყოლასაც აპირებენ. კითხვები არსებობს იმ ქონებებთან დაკავშირებით, რომელიც ზურაბ ჟვანიას ოჯახმა მიიღო. მის მეუღლეს ეკუთვნის რამდენიმე ლიტერატურული კაფე თბილისსა და ბათუმში, „მოქალაქეთა კავშირის" ყოფილი ოფისის დიდი შენობა. თუ თვლიდნენ, რომ მკვლელი მიხეილ სააკაშვილია, რატომ არ თქვეს უარი მკვლელის მიერ მიცემულ ქონებაზე?!
- თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმ ეჭვებს, რომელიც ჟვანიას უცაბედი გარდაცვალებისთანავე ხელისუფლების მისამართით საზოგადოებაში გაჩნდა. ახლახან ნორლანდმაც აღნიშნა - FBI-მ გამოიკვლია ის მასალა, რომელიც მათ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიაწოდაო...
- სწორედ ამ ეჭვების გასაფანტავად აუცილებელია, ამ ხელისუფლების პირობებში, გვამის ექსჰუმაცია მოხდეს და ახალი ექსპერტიზა ჩატარდეს. თუ FBI-ის ახალი სკანდალური დოკუმენტი სიმართლეს არ შეეფერება, მაშინ გამოძიებამ უნდა გვითხრას არგუმენტირებული, მყარი მტკიცებულებებით გაჯერებული სიმართლე. უკვე 2 წელზე მეტია, რაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია. მოსვლის დღიდანვე გვპირდებოდნენ, საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნებაო, მეტიც, გვეუბნებიან, გამოძიება დასასრულს უახლოვდებაო, მაგრამ, როგორც ვიცი, ზურაბ ჟვანიას საქმე ჯერ გადაკვალიფიცირებული, ანუ მკვლელობის მუხლით აღძრულიც კი არ არის. დღესაც ვფიქრობ, ჟვანიას თემა ნელ-ნელა ჩაიფარცხება და სხვა დეტალებს ვეღარ გავიგებთ. ღმერთმა ქნას, ხელისუფლებამ სხვა ვერსიაში დამარწმუნოს!
- რაც შეეხება ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებებს. გახსოვთ, ალბათ, ბოლო ინტერვიუში დეტალურად ისაუბრეთ ხელისუფლებაში მოკალათებული ნაცზონდერების შესახებ და ხმაურიანი დაჭერები დააანონსეთ...
- უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. მისი მინისტრობის პირველივე დღეებში დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს წმენდა. კვალიფიციური ახალი ხელმძღვანელი ჰყავს გენერალურ ინსპექციასაც - სოსო გოგიშვილი. სამართლიანობის აღდგენის პროცესში მათ ჩემი სრული მხარდაჭერა აქვთ! პირდაპირ ვამბობ, ქვეყანა სწორი კურსით წავიდა და ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა! ჯირყვნაი საკვირველი მომავალშიც გაგრძელდება! წინა კვირას დავაანონსე, ხმაურიანი დაჭერა იქნება-მეთქი. ჩემი განცხადებიდან მეორე დღეს - თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ახლა ვაანონსებ - შემდეგ ხმაურიან დაჭერას ინფრასტრუქტურის სამინისტროში უნდა ველოდოთ! მეტიც, ძალიან ბევრ ჩინოვნიკს უძილო ღამეები აქვს და თუ ასე გაგრძელდა, ხმამაღლა ვამბობ, უპირობოდ ვხდები ბიძინა ივანიშვილის ფანი! ჯერჯერობით თითქმის ყველა ჩემი ინფორმაცია ერთი-ერთში ახდა!
- მაინც, ვის აქვს უძილო ღამეები?!
- ჩემს მიერ დასახელებული ზონდერები - მირზოევი, დალაქიშვილი, მხეიძე, კახიანი, ყავლაშვილი და ბევრი სხვა, თანამდებობაზე აღარ არიან, თუმცა ჯერ ხელისუფლება მათგან სრულად არ გაწმენდილა. ველოდები ირმა ინაშვილის სიას. მას ვენდობი! ვიცი, რომ კარგად გადაამოწმებს და სრულ ინფორმაციას მოგვაწოდებს ხელისუფლებაში დარჩენილი ზონდერების შესახებ. მანამდე კი, ძალიან მაინტერესებს, სად არის მირზა სუბელიანი, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, ახლა კი, ჩემი ინფორმაციით, დევნილების სამინისტროში მუშაობს. ეს არის ადამიანი, რომელმაც 26 მაისს პოლიტპატიმრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეკერა! ვამოწმებ ინფორმაციას ე.წ. „ალისტრახოების" შესახებ, რომლებიც საჯარო სამსახურში არიან მოკალათებულნი. ხელისუფლების პრესტიჟის საქმეა, გაარკვიოს, რა მოხდება, რატომ შეკერა თეთრი ძაფით პროკურორმა დავით ჩხენკელმა გელა ხვედელიძის საქმე?! აუცილებლად უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს გელა ხვედელიძეს შეთქმულება მოუწყვეს. სხვათაშორის, სწორედ გელა ხვედელიძის თავიდან მოცილების შემდეგ დაინიშნენ თანამდებობებზე ის ზონდერები, რომლებიც მოგვიანებით იური ვაზაგაშვილის სიაში აღმოჩნდნენ.
ჩემი ინფორმაციით, კორუფციის ბრძოლის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება და რეგიონებშიც გადაინაცვლებს, სადაც ნამდვილად არ არის სახარბიელო სიტუაცია. პირდაპირ ვამბობ - ქუთაისში ადეიშვილის დრო დაბრუნდა! ჩემი დიდი ხნის მეგობარი, მთავარი ექიმი და მეწარმე დათო კოსტავა „ნაციონალური მოძრაობის" დროს სწორედ იმიტომ დაიჭირეს,რომ სერიოზული ინვესტიციები განახორციელა, ქალაქის ცენტრში მნიშვნელოვანი შენობა ააშენა. ძალიან დიდი სამართლებრივი ბრძოლა გადავიტანეთ იმისათვის, რომ ადეიშვილს წართმეული ქონება დაებრუნებინა. ცოტა ხნის წინათ, ზუსტად იგივე გააკეთა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. ამ ადამიანმა, რომელიც „ოცნების" ხელსუფლების სახეა, დათო კოსტავას ხუთსართულიანი შენობა წაართვა, მეტიც, იმდენად უსინდისო და ცინიკოსია, ჩვენი ბრალდებების საპასუხოდ, ბრიფინგი სწორედ იმ დღეს გამართა, როცა დათო კოსტავას სახლში მამა მიუსვენეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, კარგად წაიკითხოს კანონი! მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და პრემიერი ღარიბაშვილი ბიზნესის ხელშეწყობაზე საუბრობენ, ასეთი ფაქტები ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს! ამის შემდეგ ქუთაისში რომელი ინვესტორი ჩავა და განახორციელებს ინვესტიციებს?!
- ახსენეთ, ბიძინა ივანიშვილის ჯირყვნაი საკვირველი გრძელდებაო... რაიმე კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ, რაც საზოგადოებამ არ იცის?
- ჩემი ინფორმაციით, გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილი პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდა და სასტიკად უსაყვედურა. უმრავლესობაში შიდა დაპირისპირება ყოველთვის იყო, მაგრამ ასე საჯაროდ გამოტანილი ჯერ არ ყოფილა - უმრავლესობის ლიდერები ზაქარია ქუცნაშვილი და დავით საგანელიძე ერთმანეთს ტელევიზიით პასუხობენ. ერთი სიტყვით, იმის გამო, რომ პარტიაში პრაქტიკულად არაფერი ხდება და სრული ქაოსია, ბიძინა ივანიშვილმა სერიოზულად შეუფუცხუნა უმრავლესობას! როგორც ვიცი, მათ სიტუაციის გამოსასწორებლად ვადა თვის ბოლომდე მისცა!
ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ რესპუბლიკელები, კოალიციაში დარჩენის სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე მინისტრის პორთფელზე ევაჭრებიან. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, დავით კირვალიძის დაბრუნებას ითხოვენ, რომელზედაც ნამდვილად ვერ ვიტყვი, უდანაშაულო იყო-მეთქი. თვალი უჭირავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროზეც. აქვე გეტყვით, რესპუბლიკელები მალე დაიწყებენ აქტიურ კამპანიას შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის მოთხოვნით - კრიმინალური პოლიცია მინისტრის დაქვემდებარებაში დარჩეს, ხოლო სპეცსამსახური პარლამენტის კონტროლის ქვეშ გადავიდეს, რითაც შეეცდებიან, კიდევ უფრო გაიმყარონ პოზიციები.
რესპუბლიკელები ბოლო მომენტამდე ივაჭრებენ ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა კრიტიკული მომენტი დადგება, კოალიციას აუცილებლად დატოვებენ. როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში გამოჩნდება, როცა მინისტრთა კაბინეტი შეიცვლება! სავარაუდოდ, მარტში მთავრობაში კარდინალური ცვლილებები დაიწყება!
ბიძინა ივანიშვილს გულწრფელად უნდოდა, გვერდით ჯანსაღი გუნდი ჰყოლოდა. სამწუხაროდ, მის ოცნებებსა და არსებულ რეალობას შორის უფსკრული გაჩნდა. ადამიანებმა, რომლებსაც სრული ნდობა გამოუცხადა, იმედები გაუცრუეს. აღარაფერს ვამბობ ირაკლი ალასანიაზე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ისე, მაინც რაზე უნდა ედებატოს? იმაზე, რომ ქუჩიდან მოიყვანა, გახადა კოალიციისა და პარლამენტის წევრი, თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი?! ალასანიას ყველა პრეტენზიას მივიღებდი იმ შემთხვევაში, მინისტრის პოსტზე ყოფნისას რომ გაეკეთებინა რადიკალური განცხადება. გადაყენებული თავდაცვის მინისტრის პრეტენზიები სასაცილოდ ჟღერს! როგორ, დღეს გახდა ეს ხელისუფლება უვარგისი?! მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა ალასანია პირველივე რაუნდში დაამარცხა. მეტიც, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ადამიანურადაც მოუგო!
უმადური ადამიანების რიცხვშია მარგველაშვილიც. კულუარული ინფორმაციით, საჭირო მომენტში მზად არის, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. რამდენადაც ვიცი, ამაზე უკვე შეთანხმებულებიც არიან! იმედს ვიტოვებ, ივანიშვილის გააქტიურება მათ ხელს შეუშლის იმ სცენარის განხორციელებაში, რის შესახებაც თქვენთან ინტერვიუებში დიდი ხანია, ვსაუბრობ. და მაინც, გიორგი მარგველაშვილს აქვს შანსი, ისტორიაში დადებითი სახელით შევიდეს. ის სერიოზული არჩევანის წინაშე დგას. „ასავალ-დასავალის" საშუალებით ვურჩევდი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ გია მეფარიშვილის კანდიდატურა წარადგინოს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, გია მეფარიშვილი ჩემი ფავორიტია! ის დღეს საქართველოში ყველაზე მაღალი კლასის მქონე იურისტი, პრინციპული და წესიერი ადამიანია! სხვებისგან განსხვავებით, სუფთა წარსული აქვს, ოფშორებში არა აქვს ფული გადამალული. ღმერთმა არ ქნას, პრეზიდენტმა ისეთი კანდიდატურა წარადგინოს, რომელიც, ამა თუ იმ ფორმით, „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებთან იქნება დაკავშირებული ან პარლამენტი არ დაამტკიცებს. მაშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა მეიშვილი შეგვრჩება, იმაზე უარესი ფიგურა, ვიდრე კოტე კუბლაშვილია. მგონი, მარგველაშვილისთვის სულერთი არ უნდა იყოს, როგორ შევა საქართველოს ისტორიაში!
ერთი სიტყვით, დრო ბიძინა ივანიშვილზე მუშაობს, თუმცა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ერთი მიმართულებით არ მუშაობენ.
- რას გულისხმობთ?
- უკრაინა არის პლაცდარმი, საქართველოში არეულობა გამოიწვიონ. პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის დანიშვნა და ადეიშვილის კიევში გამოჩენა დღევანდელი ხელისუფლებისთვის გამოწვევაა. მიხეილ სააკაშვილის მრჩევლის პოსტზე დანიშვნით, ნათელი გახდა, რომ მსოფლიოს გავლენიანი ჯგუფები ყოფილი ხელისუფლების რეანიმაციის პროცესს ლობირებენ. მართალია, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის შიგნის სიტუაცია ხელში აიყვანა, მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სააკაშვილის სცენარს - უკრაინიდან არიოს სიტუაცია, ხელი შეუშალოს! ბატონო ბიძინა, მადლობა, რომ მედიის ხმა გესმით! იმედია, ამასაც წაიკითხავთ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"