reportiori.ge - რა კითხვები გააჩინა იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმემ და რა პასუხები მოიპოვა „ქრონიკამ“?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:45
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა კითხვები გააჩინა იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმემ და რა პასუხები მოიპოვა „ქრონიკამ“?!
ავტორი:
16 თებერვალი, 2015. 19:56


იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს. ბევრი ახალი და პასუხგაუცემელი გარემოებები გამოჩნდა. მათი ნაწილი მკვლელობაში ბრალდებულის, გია სოსანაშვილის დაცვის მხარის მიერ არის დასმული და აშკარად ეტყობა, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ვერ დავუკარგავ, გია სოსანაშვილის დაცვა ეფექტურად მუშაობს იმ თვალსაზრისით, რომ რაც უკვე დადასტურებულია, იმ ფაქტების ეჭვქვეშ დაყენებასაც ახერხებს და შესაბამისად, საზოგადოების დაბნევასაც. თუმცა, ამ კითხვებსაც უნდა გაეცეს პასუხი და ამ წერილში ამას შევეცდებით.


იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს ააფათქეს საკუთარი შვილის საფლავზე. ცნობილია, რომ ის მშობლიურ სოფელ ყარაფილაში იმყოფებოდა თანასოფლელების, მამუკა და ზაზა მელაძეების დედის გასვენებაში. ვაზაგაშვილმა ძმებს მიუსამძიმრა და მალევე სასაფლაოსკენ გასწია მანქანით. მას წესად ჰქონდა, რომ სოფელში, როცა ვინმეს დაკრძალვას დაესწრებოდა, პროცესიას არ მიჰყვებოდა, ადრე მიდიოდა სასაფლაოზე და იქ, შვილის საფლავთან ხვდებოდა ხალხს. ამჯერადაც ასე მოიქცა. თუმცა, გაკვირვებას იწვევს ერთი ფაქტი. იური ვაზაგაშვილმა იმ დღეს მანქანაში არც მეუღლე ჩაისვა, არც მეგობრები და მარტო წავიდა სასაფლაოზე. გია სოსანაშვილის დაცვის მხარე, ამ შემთხვევას სათავისოდ იყენებს. ავრცელებენ ვერსიას, რომ იური ვაზაგაშვილი მარტო იმიტომ წავიდა შვილის საფლავზე, რომ მან იცოდა, იქ ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული, დაგეგმილი ჰქონდა, რომ თავად აფეთქებულიყო, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ არ დაიღუპებოდა, მხოლოდ რამდენიმე მსუბუქ ჭრილობას მიიღებდა. მარტო იმიტომ წავიდა, აფეთქებას სხვები არ დაეზარალებინაო. ამ ვერსიის მომხრენი ვაზაგაშვილის საქციელს მოტივსაც უძებნიან. აცხადებენ, რომ მას იმიტომ სურდა თავის აფეთქება, რომ ეს დაბრალდებოდა მისი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელებსა და ზოგადად, „ნაცმოძრაობას", საპროტესტო ტალღას ააგორებდა საზოგადოებაში და ვაზაგაშვილი საზღაურად, მინიმუმ, ზურას მკვლელობის სასწრაფოდ გახსნას მიიღებდა, მაქსიმუმ კი, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყებოდა და არა მხოლოდ ზურა ვაზაგაშვილის საქმე, არამედ, „ნაცმოძრაობის" დროს ჩადენილ სხვა სისხლიან დანაშაულებების გამოძიებასაც დააჩქარებდა ხელისუფლება. გია სოსანაშვილის ადვოკატი, სოსო ჯოგლიძე ამ ვერსიის სასარგებლოდ აცხადებს, რომ ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქდა არა ხელყუმბარა, არამედ მხოლოდ დეტონატორი, რომელიც ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაყენებდა სასიკვდილო ჭრილობებს  ვაზაგაშვილს, მეტიც, მისი აფეთქების ტალღა სერიოზულ ფიზიკურ ზიანსაც ვერ მიაყენებდაო. ახლა მივყვეთ ამ ვერსიას და სოსო ჯოგლიძის ნათქვამს. თუ იური ვაზაგაშვილი დარწმუნებული იყო, რომ აფეთქების შედეგად არ დაიღუპებოდა, რატომ დაიღუპა? თუ მხოლოდ დეტონატორი აფეთქდა და მას მსხვერპლი არ უნდა მოჰყოლოდა, რატომ მოკვდა ვაზაგაშვილი? ამ ვერსიას საფუძველს მთავარი პროკურატურის განცხადება აცლის, რომელმაც განაცხადა, რომ სასაფლაოზე საბრძოლო ხელყუმბარა აფეთქდა. „ქრონიკამ" კიდევ ერთხელ გადაამოწმა პროკურატურის ეს განცხადება ვაზაგაშვილების ადვოკატთან, გაგი მოსიაშვილთან და საქმეში ჩართულ ექსპერტ-ბალისტიკოსთან, ზაზა ალთუნაშვილთან. ორივემ განაცხადა, რომ საფლავზე მხოლოდ დეტონატორი არ აფეთქებულა, რომ ამაზე ლაპარაკიც კი აბსურდია, როცა გამოძიებით, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით, უკვე დადგენილია, რომ საფლავზე აფეთქდა საბრძოლო ხელყუმბარა და მისი ტიპიც კი დადგენილია, ეს იყო ფ-1 ტიპის ხელყუმბარა. „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე, მის მიმდებარედ, ხელყუმბარის ნამსხვრევები იქნა აღმოჩენილი და სრულიად უგნურია იმაზე ლაპარაკი, რომ მხოლოდ დეტონატორი აფეთქდა", - განუცხადა „ქრონიკას" ზაზა ალთუნაშვილმა...მელაძეების დედის გასვენება 2 საათზე იყო დაგეგმილი,მაგრამ თითქმის ერთი საათით ადრე გაასვენეს. მამუკა მელაძე აცხადებს, რომ ის დედას დასტიროდა და იმ დროს საათს არ დასცქეროდა. მელაძეების დედის ეს 1 საათით ადრე გასვენება ეჭვების საფუძვლად იქცა. ითქვა, რომ მელაძეებმა ეს შეგნებულად გააკეთეს, რათა იური ვაზაგაშვილის ჩვეულების შესახებ იცოდნენ და დროულად რომ წასულიყო შვილის საფლავზე და სასაფლაოზე ვინმე არ დახვედროდა, ეს იმიტომ გააკეთესო. ამ ვერსიის თანახმად, მელაძეებმა იცოდნენ, რომ იური ვაზაგაშვილის შვილის საფლავზე დეტონატორი უნდა აფეთქებულიყო და სხვა რომ არ დაზარალებულიყო, გასვენება იმიტომ დააჩქარეს, იურის საშუალება მისცეს, მარტო და დროულად ასულიყო შვილის საფლავზე და მოსახდენი მომხდარიყოო. თუმცა, ამ 1 საათს, სხვაგვარი ახსნაც მოუძებნეს. პირიქით, ვაზაგაშვილის საფლავზე უკვე დამონტაჟებული „ლიმონკის შესახებ მამუკა მელაძემ იცოდა", მელაძეების დედა ადრე იმიტომ გამოასვენეს, რომ იური ადრე წასულიყო შვილის საფლავზე, სადაც აფეთქება უნდა მომხდარიყო და ამ დროს, იქ სხვები, დაკრძალვიც ცერემონალიის მონაწილენი არ ყოფილიყვნენო. ამ ვერსიის მომხრენი ერთ ფაქტსაც სათავისოდ იყენებენ. მამუკა მელაძე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელია, შესასბამისად, სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი და რადგან იური ვაზაგაშვილის მკვლელობის კვალი, სავარაუდოდ, „ნაციონალთა" მაღალჩინოსანი პოლიციელებისკენ მიდის, მამუკა მელააძე იოლად დაუკავშირეს სოსანაშვილს და მისი მოკავშირე გახადეს. მოკლედ, მელაძეები ვისაც აწყობს, იური ვაზაგაშვილის მხარედ გამოჰყავს, ვისაც აწყობს, გია სოსანაშვილისა.


თავდაპირველად გავრცელებული ვერსიით, ხელყუმბარა ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე მდებარე საყვავილეში იყო ჩამონტაებული და ის იმ დროს აფეთქდა, როცა იური ვაზაგაშვილი ყვავილებს ცვლიდა, ძველ ყვავილებს ხელი მოჰკიდა, ამოქაჩა, რომ ამოეღო და ნაღმი ეგრევე აფეთქდაო. ახლა კი, აქ მეორე ვერსიაც გაჩნდა, თითქოს ასაფეთქებელი საფლავის გრანიტის ქვის ქვეშ იყო დამონტაჟებული. ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერც გაგი მოსიაშვილი და ვერც ზაზა ალთუნაშვილი ვერ ამბობენ, თუ სად იყო ნაღმი, საყვავილეში თუ გრანიტის ქვის ქვეშ. მათი თქმით, კი, პირველი ვერსიით ასაფეთქებელი საყვავილეში იყო, მაგრამ გამოძიების პროცესში ახალი, მნიშვნელოვანი დეტალები გამოიკვეთა და ამის შემდეგ მეორე ვერსიაც გაჩნდა, რომ ის გრანიტის ფილის ქვეშ იყო. ამის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს და მალე გაირკვევა, ბოლოს და ბოლოს, სად იყო ნაღმი.


სოსო ჯოგლიძე აცხადებს, რომ გია სოსანაშვილმა იური ვაზაგაშვილის სიკვდილი კასპში, სასადილოში შეიტყო, როცა მას დაურეკეს და ამის შესახებ აცნობეს. თუმცა, შემდეგ განაცხადა, რომ სოსანაშვილთან ერთად იყო პოლიციელი მამია ჯანანაშვილი, მას დაურეკა კასპის რაიონის რამდენიმე სოფლის რწმუნებულმა, მარეხ ყამბეგაშვილმა და მან აცნობა ჯანანაშვილს, რომ ვაზაგაშვილი დაიღუპა, შესაბამისად, ჯაჯანაშვილისგან შეიტყო სოსანაშვილმა ეს ამბავი. ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ალიბია სოსანაშვილისთვის, რადგან ის სასადილოში იმყოფებოდა ჯაჯანაშვილთან ერთად იმ დროს, როცა იური ვაზაგაშვილი დაიღუპა. ეს ფაქტი სოსანაშვილისთვის ალიბად ვერ გამოდგება. თუ მან ასაფათქებელი დაამონტაჟა,  აშინ ნამდვილად არ იყო აუცილებელი, რომ აფეთქების მომენტში იური ვაზაგაშვილთან ერთად ყოფილიყო...


გამოძიება ამტკიცებს, რომ გია სოსანაშვილის დნმ-ის კვალი ხელყუმბარის ფალიის სახელურზე აღმოჩნდა. გამოძიება არ ადასტურებს, თუ რა სახის ნივთიერი ნიმუშიდან აიღეს დნმ-ის კვალი, მაგრამ სავარაუდოდ, დნმ-ის ნიმუში სოსანაშვილის ხელიდან დარჩა. ამის შესახებ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატებიც ლაპარაკობენ. ამის შესახებ „ქრონიკა" იმ დღესვე წერდა, როცა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა და გია სოსანაშვილი დააკავა. ლოგიკურად ასეც უნდა იყოს. სოსანაშვილი „ლიმონკას" თუ მის ფალიის სახელურს პირში არ ჩაიდებდა, რომ მასზე ნერწყვის კვალი დარჩენილიყო და არც დააშარდავდა „ლიმონკას", შარდის ნიმუშიდან რომ აიეღოთ მისი დნმ-ი. ადვოკატი სოსო ჯოგლიძე აცხადებს, რომ ფალიის სახელურზე სოსანაშვილის დნმ-ის კვალი არ უნდა იყოს, ეს პროკურატურამ შეთხზა, რადგან გია სოსანაშვილისთვის ერთი შეხედვით, უტყუარი მტკიცებულება დაედოთო. ადვოკატი აცხადებს, რომ სოსანაშვილი პროფესიონალი პოლიციელა, ორ ომშია ნამყოფი და „ლიმონკის" მოხმარებაც კარგად იცოდა, თუ მან დაამონტაჟა საფლავზე, მაშინ ხელთათმანს გამოიყენებდა, რათა „ლიმონკაზე" მისი არანაირი კვალი არ დარჩენილიყო". ადვოკატი არ უნდა იმ ფაქტს, რომ გია სოსანაშვილი პროფესიონალიო ოპერ-მუშაკი იყო, კრიმინალურ პოლიციაში 10 წელი მუშაობდა და მისი საქმე, სხვისი, დამნაშავის დაფარული კვალის ამოცნობა იყო ანუ, ლოგიკურად, დანაშაულის კვალის დაფარვის ხელოვნებას ის ზედმიწევნით კარგად იცნობდა. სოსანაშვილს თუ ამ დანაშაულის ჩადენა ჰქონდა განზრახული, მაშინ კვალის დაფარვას მაქსიმალურად შეეცდებოდა. აქედან გამომდინარე, მართლა ეჭვს აჩენს ის ფაქტი, რომ ფალიის სახელურზე მისი ხელის არა ანაბეჭდი, მეტიც, ისეთი დეტალი აღმოჩნდა, საიდანაც დნმ-ის აღება შესძლეს. ლოგიკურად, პროფესიონალი ასე დაუდევრად არ მოიქცეოდა, ხელთათმანების გარეშე „ლიმონკას" არ შეეხებოდა - არც სახლიდან წამოღებისას, არც, სავარაუდოდ, ქურთუკის ჯიბიდან ამოღებისას და ცხადია, არც მისი დამონტაჟების პროცესში. ვაზაგაშვილების ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ სოსანაშვილს რომ ხელთათმანები გამოეყენებინა, შესაძლოა, ხელთათმანის რაღაც ნაწილი წამოსდებოდა „ლიმონკის" რგოლს, „კოლცოს" და აფეთქებულიყოო. ნება მომეცით, არ დავეთანხმო ადვოკატს. არსებობს რეზინის, სამედიცინო ხელთათმანები, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში შეეძლო სოსანაშვილს შეეძინა. ამ ხელთათმანებით „ლიმონკას" ისე დაამონტაჟებდა სასაფლაოზე, რომ მისი შემთხვევითი აფეთქების არანაირი საფრთხე არ იარსებებდა, რადგან რეზინის ხელთათმანი ხელს ძალიან მჭიდროდ ეკვრება და მცირე ნაოჭიც კი არ რჩება იმის საფრთხედ, რომ ის „ლიმონკას" წამოედება და შემთხვევით აფეთქდება. ბოლოს და ბოლოს, ამ ხელთათმანებით თავის ტვინის და სხვა სახის მიკრიქირურგიულ ოპერაციებს აკეთებენ და თვალით უხილავ, მიკროსკოპული ზომის ნეორონებს აბავენ ერთმანეთს და რეზინის ხელთამანები ქირურგებს ამ საქმეში ხელს არ უშლის. თუ პროკურაატურას დავუჯერებთ, მაშინ გამოდის, რომ გია სოსანაშვილმა კვალის დაფარვაზე არ იზრუნა, „ლიმონკა" შიშველი ხელით დაამონტაჟა. გამოდის, რომ გია სოსანაშვილი მეტად დაუდევარი ადამიანია და ასეთი დავალება, მატად არაპროფესიონალურად შეასრულა. ეს კი მეტად საეჭვოა და ამიტომაც არის, რომ დნმ-ის თემა დიდი განსჯის საგანი გახდა. ბევრს ამით იმის თქმის საშუალებაც მიეცა, რომ გია სოსანაშვილის დნმ-ი წინასწარ აიღო პროკურატურამ, მერე კი, ფალიის სახელურზე გადაიტანესო. ამ ვერსიას გაგრძელებაც აქვს. თუ ასეა, გამოდის, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ხელისუფლების დაგეგმილი და მოწყობილი ყოფილა, ეს კი დაუჯერებელია, ხელისუფლებას არანაირად არ აწყობდა ვაზაგაშვილის სიკვდილი, ნებისმიერი ლოგიკით, მისი მოშორებით დაინტრესებულნი ის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, ვის დაჭერასაც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში და ზოგადად, „კორტების სპეცოპერაციაში" იყო გარეული.


გამოძიება აცხადებს, რომ არსებობენ მოწმეები, რომელთაც გია სოსანაშვილი ყარაფილას სასაფლაოზე დაინახესო, მაგრამ არ აკონკრეტებს, როდის დაინახეს, 19 თუ 20 იანვარს. სოსანაშვილი კასპში ამ ორ დღეს იმყოფებოდა. არადა, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. „ქრონიკის" ინფორმაციით, სოსანაშვილმა 19 იანვარს, ღამით დაამონტაჟა ასაფეთქებელი ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე და რამდენიმე ყარაფილელმა, სახლებიდან, ის საფლავისკენ მიმავალი დაინახა. თუმცა, უშუალოდ სასაფლაოზეც დაინახეს, ეს უკვე ახალი ამბავია. თუ მართლა არსებობენ ასეთი თვითმხილველები, მაშინ ორიდან ერთი ვარიანტია. სოსანაშვილმა თუ „ქრონიკის" ვერსიის თანახმად, ღამით დაამონტაჟა ასაფეთქებელი, მაშინ მას სასაფლაოზე მყოფი საზღვრის დაცვის თანამშრომლები დაინახავდნენ, რომლებიც იქ ყოველდღე მორიგეობენ, რადგან სასაფლაოდან 400 მეტრში კონფლიქტის ზონაა, ყარაფილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას ემიჯნება. გამორიცხული არ არის ასევე, ღამით სასაფლაოზე შემთხვევით მყოფ პიროვნებასაც დაენახა სოსანაშვილი. თუ ის დღისით ავიდა სასაფლაოზე, მაშინ მისი სავარაუდო მნახველთა წრე ფართოვდება, ორ მესაზღვრეს შეგვიძლია სასაფლაოს მომვლელი და ნებისმიერი ყარაფილელი დავამატოთ, რომელსაც იქ ახლობელი ან ოჯახის წევრი ჰყავს დაკრძალული და შესაძლოა, მის საფლავზე იყო გასული.


წეღან მოგახსენეთ, რომ გია სოსანაშვილი დაფარული კვალის ამოცნობის ოსტატი იყო, ეს პროფესია გახლავთ. კარგი, დავუშვათ, რომ მან მართლა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ხელთათმანების გარეშე დაამონტაჟა ასაფეთქებელი. ახლა სხვა დეტალებზე გავამახვილოთ ყურადღება. გამოძიება აცხადებს, რომ დაფიქსირებულია სატელეფონო ზარი, სოსანაშვილმა ყარაფილას სასაფლაოდან ირაკლი ფირცხალავას დაურეკაო. გამოძიების ვერსიით, ფირცხალავას მას შემდეგ დაურეკა, რაც ასაფეთქებელი დაამონტაჟა და სავარაუდოდ, ეს შეატყობინაო. სასაფლაოდან რომ არ დაერეკა სოსანაშვილისთვის და მერე, 3-4 საათის შემდეგ დაერეკა, არ შეიძლებოდა? მართლა ისეთი გულუბრყვილო დეტექტივია გია სოსანაშვილი, იმდენი ვერ განჭვრიტა, რომ მისი სატელეფონო ზარი, შესაძლოა, გაეშიფრათ და ცხადია, ისიც გაირკვეოდა, რომ ფირცხალავას ყარაფილას სასაფლაოდან დაურეკა?


ეს კითხვები არსებობს და მათ პასუხები უნდა გაეცეს. რაც მოგახსენეთ, ცხადია, ეს დაცვის მხარის კოზირებია და ვნახოთ, გაუჭრის თუ არა მას გამოძიება ამ კოზირებს.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016