რა საიდუმლო შეხვედრა შედგა ბათუმში და ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას? რატომ გადაატრიალა ალასანიამ „პლასტინკა"? რა შეცდომას უშვებს ქართული დიპლომატია?
„ალიას" ესაუბრება „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე.
- ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ დღეებში ბათუმში საიდუმლოდ შეხვდნენ ერთმანეთს „თავისუფალი დემოკრატებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელები. კონკრეტულად, ამ შეხვედრაზე იყვნენ „ნაციონალებიდან" გივი თარგამაძე და სხვა დაბალი რანგის წარმომადგენლები.
- რატომ შეხვდნენ, რაზე ილაპარაკეს, იცით?
- შეხვედრა, ჩვენი ინფორმაციით, ამ ორი ძალის მომავალ თანამშრომლობას ეხებოდა, კი კეკლუცობს ალასანია და ამბობს, მე „ნაციონალებთან" დისტანცირებულად ვარო, მაგრამ თუ გახსოვთ, როგორც კი გაემიჯნა კოალიციას, პირველივე განცხადებაში თქვა, არ გამოვრიცხავ „ნაციონალებთან" თანამშრომლობასო, მაგრამ საზოგადოებიდან ამ სიტყვებზე მკვეთრი რეაქცია რომ დაინახა, „პლასტინკა" გადაატრიალა და „პირველი ჩვენება შეცვალა". რასაც ვუყურებთ, ჩამოყალიბდა ასეთი სურათი, რომ, ვინც რეალურად „ნაციონალია", ის თურმე პროდასავლურია და, ვინც თურმე „ოცნებას" თანაუგრძნობს და მის პოზიციას იზიარებს, ის პრორუსული და პუტინისტური ძალაა. ახლა, როცა ალასანია ღია დაპირისპირებაშია „ქართულ ოცნებასთან", აშკარად ჩანს, რომ მზადაა, აიტაცოს „ნაციონალების" იდეები. ამიტომ, ვერ გაარჩევთ, ისეთი ერთიანი ენით დაიწყეს „თავისუფალმა დემოკრატებმა" და „ნაციონალებმა" ლაპარაკი. ამიტომ თქვა ივანიშვილმა, ალასანიამ რომ განცხადება გააკეთა, ასე მეგონა, ბოკერიამ დაუწერა ტექსტიო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თვენახევარ-ერთ თვეში შეიძლება მოხდეს ის, რომგაერთიანდნენ ერთ ბლოკად „ნაციონალები" და ალასანიას პარტია და ამას შემდეგ, როცა ალასანიას ჰკითხავენ, თქვენ როგორ მიუერთდით ამ პარტიასო, ის ამას ახსნის შემდეგნაირად: ქვეყნის მომავლისთვის და შენებისთვის სჯობს, რომ გავერთიანდეთ და, რომ უნდა ვიყუროთ მომავლისკენ და არა წარსულისკენო, და დამერწმუნეთ, სწორედ ეს სიტყვები იქნება წარმოთქმული და შემდგომში სულაც არ არის გამორიცხული, რომ ამ ჯგუფს „რესპუბლიკელებიც"შეუერთდნენ: ყველას კარგად გახსოვთ, როცა „თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა იყო, იქ უსუფაშვილმა თქვა, რომ საგოლე გადაცემას ჩვენ ჩამოგაწვდითო და რომელ გოლზე იყო ლაპარაკი და ვის კარში აპირებენ ამ გოლის დარტყმას, ძნელი მისახვედრი ნამდვილად არაა და გოლის გატანის შემდეგ კი ისინი მშვიდად აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას.
ნამდვილად შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი ფანჯიკიძესა და ალასანიას, როცა აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ" მიხმარება დააკლეს უკრაინას, რომ გარკვეულწილად პრობლემებია დიპლომატიის მხრივ და რომ ჩვენ სათანადოდ არ ვიმუშავეთ უკრაინელებთან და ამას აცხადებს ადამიანი, ამ შემთხვევაში მაია ფანჯიკიძეზე მაქვს ლაპარაკი, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შვიდი თვე ბატონი ქათამაძე რომ ჰყავდა უკრაინაში ელჩად, კაცი, რომელიც, პირადად, სააკაშვილის მეგობარია, რასაც არც ერთი მალავს და არც მეორე, და ძალიანაც გამოირჩევა თავისი „ნაციონალური" შეხედულებებით. ისიც უნდა ვქვა, რომ ამ შვიდი თვის მანძილზე თავდაუზოგავად იმუშავა ბატონმა ქათამაძემ, რომ უკრაინაში საკმაოდ განმტკიცებულიყო „ნაციონალების" პოზიციები და ამის შემდეგ გამოდის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და იმაზე საუბრობს, რომ ჩვენ თურმე უკრაინას რაღაც დავაკელით? ეს ფანჯიკიძის გუნდმა ვერ იმუშავა ამ მიმართულებით და როცა ის წავიდა პოსტიდან, ვნახეთ, რომ არაერთი მინისტრი ჩავიდა უკრაინაში და ყველას გვახსოვს იგივე პრემიერის განცხადება სხვადასხვა ტრიბუნიდან, რომ ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის სწრაფვას ტერიტორიების აღსადგენად, ჯანდაცვის მხრივ დიდი დახმარება გაიგზავნა და ამას არც არავინ უარყოფს, თავად კვიტაშვილმა აღიარა, რომ ყველაზე დიდი დახმარება სწორედ საქართველოდან მივიდა და სირცხვილი არა აქვს ფანჯიკიძეს? კი, მაგრამ ეს ფანჯიკიძე არ იყო, ტუღუში რომ გაგზავნა ელჩად ევროსაბჭოში და ან სხვა ელჩებს რომ გადავხედოთ, მისაღები იყო ქვეყნისთვის?
- ამის გარდა, გაკეთდა ის განცხადებებიც, რომ უკრაინის ელჩი რატომ დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიო?
- ჰოდა, მაგის თქმა მინდა მეც. ამას რომ დიპლომატი ადამიანი განაცხადებ, ესაა უდიდესი სირცხვილი, რადგანაც ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რომელიც ძებნას გამოაცხადებს პირზე და მხედველობაში მყავს წითელი ცირკულარით ძებნილი ადეიშვილი და ამ ადამიანს უკრაინაში უპრაგონოდ შეუშვებენ და არ გადმოსცემენ იმ ქვეყანას, რომლისგანაც იძებნება ესა თუ ის პირი, რომელიც ბრალდებულია, არ უნდა ჰკითხოს სახელმწიფომ ელჩს, რა ხდება? უკრაინა რომ ჩვენთვის ძვირფასი არ იყოს, წესით, დიპლომატიური კავშირი უნდა წყდებოდეს. წარმოიდგინეთ, დღეს ჩვენთან უკრაინისთვის მიუღებელი იანუკოვიჩი რომ ინიშნებოდეს მრჩევლად, რა მოხდებოდა უკრაინაში? არ იქნებოდა ერთი ამბავი, თუ გავიხსენებთ, რა გაუკეთა ამ ადამიანმა უკრაინას? ცხრა წელი იმ კაცმა გააუპატიურა და გააოხრა საქართველო, ტერიტორიები დაკარგა და დღეს გვეუბნება ელჩი, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ და ამას გაგებით მოეკიდეთო. ეს ასე არ არის, ჩემო კარგებო! თუ ქვეყანა ვართ, გვცენ პატივი და ალბათ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის არეალი, რაც არის და ამის გამო ნამდვილად არ უნდა დავკარგოთ უკრაინელები, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ინანებს უკრაინა სააკაშვილის დანიშვნას, მაგრამ თუ ძალიან უნდათ, ხელისუფლებაში ასეთი დამნაშავეები და კრიმინალური წარსულის მქონე ხალხი ჰყავდეთ, შევუდგინოთ სია და ვინც კი ასეთ მძიმე დანაშაულებში ბრალდებულები გვყავს, ავდგეთ და გავუშვათ მაგ ქვეყანაში! ისე, სულ არ გამიკვირდება, მეგის ქარდავა ვნახო უკრაინაში მოწინავე პოზიციის ჩინოვნიკად. ამის გარდა, ამ დღეებში სრული სიცრუის ტირაჟირებას ახდენს „ნაციონალური" პარტია, როცა აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა თქვა, რომ იარაღი არ უნდა მიეწოდოს უკრაინასო! სინამდვილეში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს პრობლემა იარაღით არ გადაიჭრებაო, რადგანაც თუ ეს რეალურად მოხდა, რუსეთი ორჯერ მეტ იარაღს მიაწვდის დონბასსა და ლუგანსკს და შემდეგ უკვე ძალიან დიდი ალბათობით კიევზე მიიტანენ იერიშს. ამ დროს ტერიტორიის აღდგენა შესაძლებელია დიპლომატიური სანქციებით და ამას მარტო ჩვენი პრემიერი კი არ ამბობს, ამას ამბობს მერკელი და იგივე ორლანდიც და ნაციონალებს მარტო ჩვენი ქვეყნის პრემიერის განცხადებები რატომ აღიზიანებთ, ნამდვილად გაუგებარია.
- ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუებში არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის საქმეებში არ ერევა, მაგრამ ისეთ შეფასებას აკეთებს, მშვენივრად ჩანს, რომ აშკარად ჩარეულია. ან ისიც განაცხადა, რომ თუ ძალიან დაიძაბა სიტუაცია, დავბრუნდები პოლიტიკაშიო და მეტი რა უნდა დაიძაბოს? ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი, რას აპირებს ყოფილი პრემიერი? რა გეგმები აქვს?
- ივანიშვილი თუ ვინმეს რჩევას აძლევს და აქვს გარკვეული პოზიციები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ეს სავსებით ბუნებრივია, რადგანაც ცხრა წელი ვიარეთ ქუჩაქუჩა და ვერავინ მოახერხა სააკაშვილის მოშორება, რაც შეძლო ამ კაცმა და მან გასაგებად თქვა, რომ სრულიად არაა გამორიცხული, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და როგორც ინფორმაცია მაქვს, ყველაფერი მიდის სწორედ აქეთკენ, რადგანაც კარგად ვხედავთ, რომ თავად პრობლემებია კოალიციის შიგნით, აგერ აჭარაში „ოცნებამ" დაკარგა უმრავლესობა, აქეთ კოალიციის შიგნით პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ივანიშვილი ხედავს, რომ ეს მისი მოყვანილი გუნდი ვერ ართმევს თავს, მაგრამ ახლა კატასტროფული სიტუაცია ქვეყანაში არ არის.
- კატასტროფას რას ეძახით, არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, სოციალურ ფონს გადახედეთ.
- მესმის, მაგრამ დემოკრატიულობიდან გამომდინარე ევროპელები გვეუბნებიან, რომ სჯობია, ჩავამთავროთ ოფიციალური ვადა, რადგანაც ვადამდელი არჩევნები უფრო ძვირი ჯდება, როგორც წესი, მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ ნამდვილად რეალურია ვადამდელის დანიშვნა. კი, ივანიშვილი თავად ვერ მოახდენს ამ არჩევნების დანიშვნას, მაგრამ ეს კაცი არის არასამთავრობო სექტორში და არასამთავრობო სექტორი იგივე პოლიტიკური პარტიაა, იგივე ფუნქცია აქვს, რაც პოლიტპარტიის წარმომადგენელს და ივანიშვილიც გამოდის, განცხადებებს აკეთებს, ერევა ქვეყნის საქმეებში და რახან განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს, შესაძლოა, ასეც იყოს.
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „ალია"