17 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. კერძოდ იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლება უარს აცხადებს ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობაზე:
„უკრაინასა და საქართველოს შორის ძებნილ პირთა ექსტრადიცია ხორციელდება „ექსტრადიციის შესახებ" 1957 წლის ევროპული კონვენციით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ" მინსკის 1993 წლის კონვენციითა და „სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ" საქართველოსა და უკრაინას შორის 1995 წელს დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით. ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად, განიხილონ და გადასცენ ერთმანეთს ძებნილი პირები.
შესაბამისად, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს საქართველოში წაყენებული აქვთ ბრალდებები და მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ამასთანავე, ადეიშვილი იძებნება წითელი ცირკულარით, და ასევე, ვინაიდან მოპოვებული ინფორმაციით ხსენებული პირები იმყოფებიან უკრაინაში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა ხსენებულ პირთა დადგენა-დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით. მიუხედავად ქვეყნებს შორის ექსტრადიციის სფეროში არსებული ზემოდასახელებული ვალდებულებებისა, უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხზე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან არ უთანამშრომლია და უარს აცხადებს ძებნილი პირების ექსტრადირებაზე".
ამ განცხადების შემდეგ საზოგადოება უფრო აგრესიულად განეწყო მთავარი პროკურატურის მიმართ, სოციალურ ქსელებში ატყდა ერთი ამბავი, ეს ხელისუფლება უნიათოა და ამ მხრივ ვერაფერს აკეთებსო. ბევრმა არ იცის, რომ ჩვენი პროკურატურის მოთხოვნა არ წარმოადგენს ზეკანონს, უკრაინის ხელისუფლებას კი აქვს აღებული ვალდებულება, მაგრამ იგივე კონვენციების მიხედვით, აქვს უფლება, გადმოცემაზე თქვას უარი. როდესაც პროკურატურა აცხადებს, გადმოცემაზე უარს ამბობენო, აქვე უნდა განმარტოს, რა მიზეზით ამბობს უარს უკრაინული მხარე? როგორც სპეციალისტები ამბობენ, ძალიან მნიშვნელოვანია 1957 წლის ევროპულ კონვენცია. მაგალითად, იქ გასაგებად წერია, რომ კონვენცია სცნობს ექსტრადაციაზე უარის თქმის შემდეგ საფუძველს:
„მუხლი 3. პუნქტი პირველი - ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუკი დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, თხოვნის მიმღები მხარის მიერ განიხილება პოლიტიკურ დანაშაულად ან დანაშაულად, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ დანაშაულთან.
პუნქტი მეორე - იგივე წესი გამოიყენება, თუ თხოვნის მიმღებ მხარეს აქვს საკმარისი საფუძველი, ივარაუდოს, რომ ექსტრადაციის მოთხოვნა ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაკეთებულია პირის დევნისა და დასჯის მიზნით მისი რასის, რელიგიის, ეროვნების ან პოლიტიკური მოსაზრების გამო ან იმ მიზნით, რომ ამ პირის მდგომარეობას მიადგეს რაიმე ზიანი რომელიმე აღნიშნული მიზეზის გამო".
ამ განცხადების შემდეგ არ უნდა გამოგვეპაროს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - 17 თებერვალსვე თბილისს ეწვია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი და მდივნის თანაშემწე, ვიქტორია ნულანდი, რომელიც 2012 წელს აქტიურად ადევნებდა თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, აკეთებდა განცხადებებს, ასევე ორგანიზებას უწევდა უკრაინაში „ევრომაიდანს" და რთულ დღეებში „პერაშკებსაც" კი ურიგებდა მომიტინგეებს.
როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს „ალიასთან" საუბარში, მსგავსი დამთხვევები დიპლომატიაში თითქმის არ ხდება:
- როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს ასეთ რაღაცაზე უარს ეუბნება, ეს არ ხდება ქუჩურ დონეზე, აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული. პროკურატურა ამბობს, უარს გვიცხადებენო, მაგრამ მიზეზად რას ასახელებენ, ამას არ მიუთითებენ. სხვათა შორის, სააკაშვილზე დაასაბუთა უკრაინის ელჩმა, რომელიც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მან თქვა, სააკაშვილი თავისუფალია, თქვენი ქვეყნის მოქალაქეა, ევროპაში დადის, პოლიტიკოსები იღებენ, ინტერპოლით ძებნა არ არის გამოცხადებულიო.
- ზურაბ ადეიშვილი ხომ იძებნება წითელი ცირკულარით?
- უკრაინული მხარე ასაბუთებს, რომ დღეს უკრაინაში არის საგანგებო მდგომარეობა, ქვეყანას უჭირს, კადრები არ ჰყავთ და ასე შემდეგ. კი, ბატონო, კრიზისი გაივლის და მერე ვნახოთ.
- უკრაინის ხელისუფლება ხომ ევროპულ კონვენციას არღვევს?
- კარგი, რააა... კონვენცია პირველად დაირღვა? ახლა ნულანდი ჩამოსულია იმისთვის, რომ ამათ გადააფიქრებინოს უკრაინასთან დაპირისპირება. ის პრეზიდენტსაც და პრემიერსაც ეტყოდა: დღეს თქვენ ნუ არღვევთ ერთიან ანტირუსულ ფრონტს. ამაში იგულისხმება ისიც, რომ თავი უნდა დავანებოთ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს. უკრაინა საერთოდ ვერ იგერიებს რუსეთის დარტყმებს და ამერიკელების აზრით, ახლა საქართველოდან წამოსული პრობლემები აღარ არის საჭირო.
- რატომ დასჭირდა მაინცდამაინც ახლა პროკურატურას ამ განცხადების გავრცელება?
- ეს არის ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც არ შეუძლია ცოტა ხნით ლამაზად უკან დახევა. როდესაც ბიძინა ივანიშვილი სამართლიანად აკრიტიკებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეტევაზე უნდა გადახვიდე გაუაზრებლად. თუ დაგავალეს, არც ეს არის გამოსავალი. ახლა ნინო ბურჯანაძემ კი თქვა, ისღა დაგვრჩენია, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა გავწყვიტოთო, მაგრამ ჩვენი ყოველი წინააღმდეგობა დღეს არის მიმართული ევროპისა და ამერიკისკენ. რასაც პოროშენკო აკეთებს, აკეთებს მათი რჩევითა და დახმარებით.
- ხომ არ მიუჩინეს ამერიკელებმა სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები პოროშენკოს აგენტებად?
- რა თქმა უნდა, ამერიკელებს ეშინიათ, რომ პოროშენკომ რაღაც მომენტში რუსეთისკენ არ გაიწიოს და პუტინთან რამე გარიგებაზე არ წავიდეს. აქ არის მეორე მომენტიც - პოროშენკო არ მოიშოროს თავისივე გარემოცვამ. მის გარემოცვაში უნდა იყვნენ ანტირუსული ძალები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ იქცევიან რუსეთის აგენტებად.
- ალბათ, როგორც კი პოროშენკო შეეცდება, გზიდან გადაუხვიოს, ეგრევე მოიშორებენ.
- ჰოდა, ესენი არ მისცემენ ამის საშუალებას. დღეს უკრაინაში ჩასულია 100 ქართველი, როგორც კი ესენი რამეს შეატყობენ, ეგრევე ჩაუშვებენ ამერიკელებთან. ან ამათ იმას გამოაპარებ, პოროშენკოს გარემოცვაში ვინ გადაუხვევს გზიდან? აი, ასეთ სიტუაციაში ჩვენი პროკურატურის გაღიზიანება უკვე იწვევს ვაშინგტონის გაღიზიანებას. ამერიკელები ფიქრობენ, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, როგორმე სააკაშვილი ჩასვას ციხეში. ათჯერ რომ გეტყვიან, უკან ყურებას თავი დაანებეო, ეს რას ნიშნავს? კი, ხალხი პირიქით ითხოვს, მაგრამ აქედან ინფორმაცია არ გააქვთ ჩვენს დიპლომატებს. ეს ელჩები რანაირად, რა ნიშნით ინიშნებიან? მე ვიცი ისეთები, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დარაჯებადაც არ დავაყენებდი. ზოგი ახლობელია, ზოგი ნათესავია, მაგრამ ამას მაინც ვამბობ. ამათ ვერ დააჯერეს ვერავინ იმაში, რომ „ნაციონალები" მართლა დამნაშავეები არიან. გარდა ამისა, უკვე გითხარი, დღეს ამერიკელებს ასე სჭირდებათ. ერთ მაგალითს გეტყვი, რომელიც აღარავის აღარ ახსოვს: როგორც კი არჩილ კბილაშვილი პროკურორი გახდა, ამერიკაში ჩაიტანა გაუხსნელი საქმეები, მათ შორის ჟვანიას საქმეც, სადაც სააკაშვილს ედებოდა ბრალი, იმავე ამერიკელებმა ყველაფერი თავზე დაახიეს. ამაზე ღიად წერდა ამერიკული პრესა. ჩამოვიდა კბილაშვილი და საერთოდ გაჩუმდა, იქ რა მოხდა, ხმა არ ამოუღია. დასავლეთის პოზიცია ასეთია: ჩვენ სააკაშვილს არ მივეცით გაყალბების საშუალება, ვაიძულეთ, რომ დაეთმო ხელისუფლება, ეს იკმარეთ. არ გამოვრიცხავ, იმ პერიოდში რაღაც შეთანხმებაც იყო და ამათ პირობა მისცეს ამერიკელებს, რასაც ახლა აღარ ასრულებენ. ამერიკის ელჩი მიტინგებზე დადიოდა, ასეთი რამ მსოფლიო დიპლომატიას არ ახსოვს. რატომ დადიოდა? იმიტომ, რომ მშვიდობიანად გაეცილებინა „ნაციონალები". აი, ეს არის ამ საქმის მთელი ანატომია.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"