„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურა ქადაგიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში,
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს
განცხადებას და ქართველ მოქმედ თუ ყოფილ პოლიციელებს უკრაინაში სამუშაოდ მიიწვევს. ქადაგიძის ინფორმაციით, ეს იქნება, დაახლოებით იმავე სახის მოწოდება, რომელიც სააკაშვილმა ქართველი სამხედროების მიმართ გააკეთა.
ქადაგიძე ასევე აცხადებს, რომ იმ ინფორმაციით, რომელიც მას კიევიდან
მიაწოდეს, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ერთგვარი ჰიბრიდული,
ქართულ-უკრაინული საპატრულო ეკიპაჟების ჩამოყალიბების შესახებ.
„ერთ-ერთ საბჭოზე დაისვა საკითხი, იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში, შესაძლოა, ძალიან ძნელად და ნელა დამარცხდეს კორუფცია. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, არის ის, რომ უკრაინა ამჟამად რეფორმების გარდამავალ ეტაპზე იმყოფება. ქართულმა მხარემ ამაში უკრაინელებს თავისი გამოცდილების გაზიარება შესთავაზა და განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას ჰიბრიდული ქართულ-უკრაინული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები", - ამბობს ქადაგიძე.
რა კანონი მიაღებინა ეკა ზღულაძემ უკრაინის ხელისუფლებას? ვის დაპატიჟებს სააკაშვილი უკრაინაში?
კიდევ რა ინფორმაციები მოდის უკრაინიდან, ამასთან დაკავშირებით „ალიას" ზურაბ ქადაგიძე ესაუბრა:
- ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთ შეხვედრაზე შედგა საუბარი, რომ უკრაინა არის 50-მილიონიანი ქვეყანა და ქართული მხრიდან მოხდა შეთავაზება, რომ გამოცდილი, რეფორმაგავლილი სამართალდამცავების იქ ჩაყვანით კორუფცია იქნება გამქრალი. ანუ რომ შეიქმნას ეკიპაჟი ასეთი სტილის - ქართულუკრაინული, სადაც ორი ადამიანიდან ერთი ქართველი იქნება, მეორე უკრაინელი. მე იმაზე არ ვსაუბრობ, ეს ცუდია თუ კარგი, ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა, მე ცუდს არ ვუსურვებ და მალე თავად დარწმუნდებიან, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, მაგრამ, როგორც სამხედროებს მიმართა ჩვენმა დიდმა მხედართმთავარმა, ასევე მიმართავს ის პოლიციასაც.
- რა კატეგორიის პოლიციელებზეა ეს მიმართვა გათვლილი, ვინც ამ ხელისუფლებამ გამოყარა?
- ყოფილი ძალოვნები, ყოფილი მაღალჩინოსნები, შეიძლება მოქმედიც იყოს. ისინი აუცილებლად წავლენ, რადგან ექნებათ კარგი პირობები.
- სამხედროების შემთხვევაში 3 000 და 5 000 ევრო სახელდებოდა. ამათ რა პრივილეგიებს შეჰპირდებიან?
- მაღალ ხელფასს, მოქალაქეობას ერთ დღეში, სოციალური დაზღვევები... მე ერთი გახმაურებული საქმის მონაწილე ვარ, სადაც მომიწია გარკვეული პირების ამოცნობა, მათ მიმართ საქმეებია აღძრული. საქმე ეხება მოქმედ პოლიციელებს. ეს პოლიციელები რომ წამოვლენ სამსახურებიდან, მათზე იქნება, პირველ რიგში, აქცენტი გაკეთებული. სააკაშვილი ასევე მოწოდებას გააკეთებს მოქმედი პოლიციელების მიმართაც, წამობრძანდით, ვიმეგობროთ უკრაინასთან, ხელი შევუწყოთ რეფორმებშიო. აქ თუ ადამიანმა სამსახური დაკარგა და წავიდა სხვა ქვეყანაში სამუშაოდ, ეს არ არის პრობლემა. აქ სხვა რამეზეა საუბარი. როცა სააკაშვილი მიმართვას გააკეთებს მოქმედი თანამშრომლების მიმართ, აი, აქ ვხედავ საფრთხეს. ის გამიზნული კამპანია შსს-ს საწინააღმდეგოდ, რომელსაც „ნაცმოძრაობა" ეწევა და საუბრობს მისი დემორალიზების, არეულობის კუთხით, არაეფექტურობის კუთხით, ესეც იმოქმედებს. მეც მაქვს პრეტენზიები შსს-ს მიმართ, მაგრამ ამ ყველაფრის მერე პოლიციელი თავს იგრძნობს დაუცველად, მასზე მიზანმიმართულად ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ იმყოფება არამყარ სისტემაში, ამიტომ ის დატოვებს თავის სამსახურს და მიეშურება იქ, სადაც მეტი პრივილეგია ექნება. აი, ესაა საფრთხე, თორემ ყველას ხელი მოუმართოს, გინდ უკრაინაში წასულან, გინდ ბანგლადეშში. მე ვითხოვ ერთს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ფიგურირებენ გახმაურებულ საქმეებში, დაისაჯონ სამაგალითოდ. გამოძიებულ იქნას ყველა საქმე, რომ სამართლიანობა აღდგეს.
- როგორ წარმოგიდგენია მათი დასჯა, თუკი უკრაინაში წავლენ?
- მე ვამბობ, სანამ დროა და სიტუაცია იძლევა საშუალებას, მივმართავ შსს-ს და გენინსპექციას, რომ იმოქმედოს. ერთ-ერთ საქმეზე მეც ვთანამშრომლობ გენინსპექციასთან, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ახლაც მუშაობენ სისტემაში. თუ ეს ადამიანები მოახერხებენ უკრაინაში წასვლას და მუშაობას, ეს უკვე ჩემი პრობლემა არ იქნება. ეს გადაიქცევა უკრაინის პრობლემად.
- რას გულისხმობ?
- ვინც დასაჭერია, უნდა დაიჭირონ, თორემ მერე თავს შეაფარებენ უკრაინას. არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არაფერში ფიგურირებენ, ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, მაგრამ მე უფრო მეტად მადარდებს დღეს მოქმედი პოლიციელების ბედი, რომლებიც მატერიალური სიამეების გამო დათმობენ სახელმწიფო ინტერესებს.
- რა ინფორმაცია გაქვთ, სინამდვილეში სააკაშვილი თავისი პოზიციების გასაძლიერებლად ხომ არ ეპატიჟება, რომ რა დროსაც დასჭირდება, მერე საქართველოს წინააღმდეგ რომ გამოიყენოს?
- უკვე დაიწყო რევოლუციაზე საუბარი, რასაც ცდილობს „ნაცმოძრაობა" საქართველოში. ის ცდილობს საფრთხის შექმნას. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება 200-მა კრიმინალმა დაამხო, რომელსაც გაუთვითცნობიერებელი ახალგაზრდა პოლიტიკოსები უწყობდნენ ხელს. არამყარი პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნება ქვეყანაში და რომ ჩამოვიდეს საქართველოში სააკაშვილი, პროკურატურას მოუწევს მისი დაკავება, რადგან ძებნილია, ამას მოჰყვება აჟიოტაჟი. წარმოიდგინეთ, რა პოზიციას დაიკავებს პოლიცია, რომელიც მას უჭერს მხარს, იმ ფონზე, როცა ნახევარ პოლიტელიტას ჩვენს ქვეყანაში სძინავს, უფრო სწორად, ხვრინავს. ასეთ სიტუაციაში დესტაბილიზაციის მოწყობა ადვილია.
- კიდევ ელოდებიან უკრაინაში დესანტებს საქართველოდან?
- დიახ, ჩემი ინფორმაციით, გიორგი გეგეჭკორი გახდება კიევის პოლიციის უფროსი. „ნაცმოძრაობა" როგორი სახითაც არ უნდა წარმოდგეს, იგივე დარჩება, რაც არის. უკრაინა დემოკრატიის დროშას წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და იქ ფეხმოკიდებული ადამიანს აქვს პრეტენზია, იყოს რეფორმატორი. აქედან გამომდინარე, ნაცმოძრაობა" შეეცდება, უფრო მეტი რესურსი გადაქაჩოს აქედან იქით.
რაც გავაჟღერე, ეს ინფორმაცია მივიღე ჩემი ოჯახის ახლობლისგან, რომელიც უკრაინაში მაღალჩინოსანია და სერიოზულ სხდომას ესწრებოდა. სამწუხაროდ, უკრაინაში უკრაინელებს ბევრ რამეს აღარ ეკითხებიან.
აქვე გეტყვით ერთ ამბავსაც. ეკა ზღულაძე რომ დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ, მიიღეს კანონი, რომელიც 1-ლი მარტიდან უნდა ამოქმედდეს, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მოქალაქემ უკრაინაში უნდა წარმოადგინოს დეკლარირებული სახით თავისი ქონება, თუ არ წარმოადგენს, ამ ქონების 30% უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში. ხელწერა იგივეა, ხომ არ გეცნობათ? ამ ადამიანებმა დაიწყეს უკვე ქონების რეკეტი კანონის სახელით. ამ ადამიანებმა შეიძლება სრულიად დააქციონ უკრაინა, ამას ევროპაც მიხვდება მალე და უკრაინაც, ამიტომ აგერ მე და აგერ თქვენ, ერთი წლის თავზე უკრაინაში მასობრივი გამოსვლები დაიწყება.
ჟანა ასანიძე
გაზეთი „ალია"