უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში გარდაცვლილი არასრულწლოვანის - 16 წლის გოგა ძველაიას გარდაცვალების ფაქტზე ობიექტურ გამოძიებას საზოგადოებრივი მონიტორინგის პირობებში ითხოვს.
„პირველ რიგში გვსურს მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატიმარმა საკანში თავი მოიკლა, ამავე ინფორმაციის მიხედვით, წარსულში ნასამართლევი 16 წლის გოგა ძველაია 28 აგვისტოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა მას ამჯერად ქურდობისთვის გირაო ჰქონდა შეფარდებული. თანხის გადახდისთანავე, ის საპატიმროს დატოვებდა. ეს სამწუხარო ფაქტი არ შეიძლება დარჩეს სრულყოფილად ჩატარებული გამოძიების გარეშე, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები, რაც შედის საზოგადოებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყების ინტერესებში. მივმართავთ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს სრულად და ობიექტურად იქნას გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და კანონით დადეგნილ ფარგლებში მოხდეს ინფორმაციის განასჯაროება. ასევე გამოვხატავთ მზადყოფნას განვახორციელოთ ამ პროცესის საზოგადოებრივი მონიტორინგი. ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი უწყებები ხელს შეუწყობენ ამ პროცესზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებას", - ნათქვამია უფლებადამცველ გიორგი თევზაძის განცხადებაში.