რეგიონული ტელეკომპანიები თითქმის არ აშუქებენ საპრეზიდენტო კანდიდატთა წინასააწრჩევნო კამპანიას და საარჩევნო პროგრამებს, ისინი უმთავრესად კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრებისა და საარჩევნო შტაბების გახსნის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას, - აღნიშნულია „ინტერნიუსი-საქართველოს" მიერ ჩატარებულ მედიამონიტორინგის შუალედურ ანგარიშში. მკვლევრები 16-დან 29 სექტემბრამდე საუკეთესო საეთერო დროს (19-24 საათი) 12 რეგიონულ მაუწყებელს აკვირდებოდნენ.
ანგარიშშის თანახმად, ტელეკომპანიათა უმეტესობა დიდ დროს უთმობდა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გაშუქებას და მასალები თითქმის ყოველთვის ნეიტრალური იყო. საინფორმაციო გამოშვებების მთავარ პრობლემად კვლევაში მოვლენების ზედაპირული გაშუქება სახელდება. არხებზე გასულ თოქ-შოუებში ძირითადად სოციალური საკითხები შუქდებოდა, ნაკლები დრო ეთმობოდა პოლიტიკურ თემებს და საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს .
პროექტი 2013 წლის 11 სექტემბერს დაიწყო და 25 ნოემბრამდე გაგრძელდა. მონიტორინგი ჩატარდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი" (ITEP) ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა.