დღეს ჭიდაობის ფედერაციის წინ ცნობილი ქართველი ფალავნების - როსტომ აბაშიძისა და ზარბეგ ბერიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე უძღვებოდა. ავადმყოფობის გამო ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს ზარბეგ ბერიაშვილი ვერ დაესწრო.
სპორტის დამსახურებულ ოსტატებს დღევანდელი დღე საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელმა მანუჩარ კვირკველიამ მიულოცეს.
ვეტერან მოჭიდავეებს თავისუფალ ჭიდაობაში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სპორტის რაინდების წოდება მიანიჭა.
როსტომ აბაშიძე მსოფლიოს სამგზის, ევროპის ოთხგზის, საბჭოთა კავშირის სამგზის და ახალგაზრდობის III საერთაშორისო მეგობრულ სპორტულ თამაშობათა ჩემპიონია; ის ასევე საერთაშორისო ტურნირების ოთხგზის გამარჯვებულია; 2001 წელს დასახელდა მსოფლიოს 5 საუკეთესო ფალავანს შორის. დაჯილდოებულია ჭიდაობის მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციის მიერ ოქროს ორდენითა და საპატიო დიპლომით. აბაშიძე ივან პოდუბნის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
სპორტის დამსახურებული ოსტატი ზარბეგ ბერიაშვილი საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონია, ორჯერ პრიზიორი გახდა; ის ევროპის ოთხგზის ჩემპიონია და ერთგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი.