საქართველოს მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ ორი ლიტერატურული და ერთი საბავშვო ჟურნალის კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა.
1 წლის განმავლობაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ჟურნალებს - „არილს", „ახალ საუნჯეს" და „დილას" დააფინანსებს.
კონკურსი 2 სალიტერატურო და ერთი საბავშვო ჟურნალის გამოსაცემად 24 იანვარს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ ყველა იურიდიულ პირს.
კონკურსის მიზანია სალიტერატურო პროცესის გააქტიურება, ქართული ლიტერატურის ნიმუშების წარმოჩენა, სალიტერატურო და სახელოვნებო კრიტიკის განვითარება, კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ასევე საბავშვო ლიტერატურული ნიმუშების წარმოჩენა, ბავშვებში წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)