სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროექტის - „დანერგე მომავლის" პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში" პრემიერმა გახსნა. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს დახმარებას ფერმერებისთვის ბაღების გაშენებასა და სანერგე მეურნეობების მოწყობაში. საქართველოს მასშტაბით თანადაფინანსებით მოხდება ნერგების შეძენა. ორწლიანი პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„დღეს ვიწყებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს პროექტი მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების მაქსიმალურად ათვისებას და მიზნობრივად გამოყენებას. პროექტი ითავლისწინებს ორ კომპონენტს. ერთი გახლავთ მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენება, ხოლო მეორე - სანერგე მეურნეობების მოწყობა.
სათანადო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინასების პრინციპით დაეხმარება მეწარმეებს ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობის დაფინანსებაში.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში განახორციელა სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
ეს პროექტი საშუალებას მისცემს ჩვენს მეწარმეებს და ფერმერებს, აწარმოონ ისეთი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე თამამად გაუწევს კონკურენციას იმპორტირებულ პროდუქციას.
იმედი მაქვს, ამ პროექტის განხორციელება ახალი საწარმოების შექმნას შეუწყობს ხელს და მნიშვნელოვანია, რომ ეს საწარმოები ადგილობრივ ნედლეულს გამოიყენებენ. რაც შეეხება წარმოებულ პროდუქციას, მისი რეალიზაცია მოხდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ახალი საწარმოების გახსნა ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის ქვეყანაში.