ლარის კურსის ვარდნაზე ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე საუბრობს და აცხადებს, რომ მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და საკუთარი ეკონომიკური პოტენციალი აამოქმედოს. გიორხელიძე განმარტავს, რომ ეროვნული ბანკი რეგულატორის ფუნქციების შესრულების ნაცვლად, ცუდი ბროკერის როლს ასრულებდა.
„სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი ცუდი ბროკერის როლს ასრულებდა იმის ნაცვლად, რომ რეგულატორის ფუნქციები შეესრულებინა და ამ ერთი წლის განმავლობაში უამრავ სპეკულანტს შესანიშნავი თანხები მოაგებინა. ამიტომ პოლიტიკის ნაკლებობა, ეკონომიკური აქტივობის არარსებობა, მწირი ეკონომიკა, ცუდი საგარეო ფაქტორები - ყოველივე ეს განაპირობებს იმას, რომ საკმაოდ სახიფათო მდგომარეობაა", - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
დღეიდან სავალუტო ფონდის წარმომადგენლები, კონსულტაციების მიზნით, თბილისში შეხვედრებს იწყებენ მთავრობის წევრებთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან.